საით მიდიხარ, ფეხქვეშ მიწა სკდება ვაშლივით და ორთქლი ასდით პირდაღებულ მრუმე ნაპრალებს, ბორგავს ლირიკა - უნაზესი და ოაზისი. საით მიდიხარ, ამ ნგრევაში საით მიდიხარ... სად ჩაგაცმევენ ოქროს ქალამნებს!
ფეთქვა ძარღვების - სისხლში ლექსის ფიცხი კივილი და მაგიდაზე თავმოკლული ლურჯი ფრინველი... ტყდება მირაჟი - ასხლეტილი ბაგეს ღიმილი. საით მიდიხარ ამ ნგრევაში ხელში კელაპტრით, როცა ძაღლები შეჰყმუიან მთვარეს და რითმებს.
საით მიდიხარ, შემოგადნა სამოსი თოვლის და გაზაფხული, დასეტყვილი, მოდის ლანდებად. ბორგავს ლირიკა - უნაზესი და ოაზისი, ბორგავს ლირიკა - დამსხვრეული ბროლის ყვავილი...