ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარო
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2012


იასამნის კიბე

მე არასოდეს არ მოვალ თქვენთან,
ნუ მიწვდით ხელებს -
თუთის ფოთლებს, მკრთალად დაძარღვულს,
ნურც გულჩატეულ ბარათებს მომწერთ,
იასამნის ჩაშლილა კიბე,
გაურისხდაო მარტი გაზაფხულს.
თავსაბურავი,
იმ სასახლის ბანზე რომ დამრჩა,
ბოლოქანქარამ მოგპარათ იქნებ.
ის თოვლისფერი ხელთათმანიც
თეთრი მაქმანით,
ბუდეებამდე უთრევიათ სამოთხის ჩიტებს.
ახლა მკლავებზე ცხედარივით მიწევს საღამო -
ჭერმისფერი და ვარდისეკლება,
ბროლის თვალებით შემომცქერის
მთვარე თიბათვის.
შორსაა ჩემგან, ლამისაა ფეხი აიდგას,
სათქმელი რჩება,
რარიგ მწამდით, რარიგ მიყვარდით!

მე არასოდეს არ მოვალ თქვენთან,
ნუ მიწვდით ხელებს,
გველისნაკბენ ხელებს ნუ მიწვდით...
მერე რა, რომ
აუხსნელი მრჩება სიზმარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები