ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2012


ლოცვა

თავისუფლების მირონს მიხარშავს დედა,
შიგნით ჩავათლი ფიც–ვერცხლს
ჩამოქნილს სანთლად,
დიახ,
ჩაკრულოს ჩამომღერებას ვბედავ,
ქართველი ვარ და გვერდში
ვუდგავარ მართალს.

ხმები გაისმის,
ხმები გაისმის ციდან,
ჯვარი ასვია გულის
საფიცარ ფიცარს,
ჩემი მამულის შიში
გაუჩნდა მისანს,
აი, ეს მინდა,
აი, ეს მომდგამს ჯიშად.

არა, არ დავთმობ,
არა, არ მოგცემ ხანძთას,
ვერ დამავიწყებ,
ვერ ჩამომაჭრი ჭუბერს,
ცხრა მთას იქითაც
ტკბილ კვერს მივაწვდი
ხიზანს,
და გინდაც დამწვან –
შენია ბოლო ჭიქა.

ვერ დამამარცხებ,
მე ვუფრთხილდები ბეჭებს,
ჩემი ნამუსი _
ჩემი ქუდი და მიწა,
ხალიბაური ახალ ორლესულს ჭედავს,
ომი იქნება!
პირი ეგეთი უჩანს.

ამ ერთ სიცოცხლეს
ასიათასჯერ დავთმობ,
ჯანი გავარდეს,
ვინ შემაშინოს სისხლით,
ჩემი სულია –
რომ გააწითლებს ტატნობს,
ჩემი გულია –
უფლის ლამაზი სახლი

თავისუფლების მირონს მიხარშავს დედა,
შიგნით ჩავათლი ფიც–ვერცხლს
ჩამოქნილს სანთლად,
დიახ,
ჩაკრულოს ჩამომღერებას ვბედავ,
ქართველი ვარ და გვერდში
ვუდგევარ მართალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები