ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რჰაეგარი
ჟანრი: პროზა
22 ივლისი, 2012


როცა პეპლები გარდაიცვლებიან

ნოემბრის შუადღეს მხოლოდ ათასობით ჩიტის შემაწუხებელი ჭიკჭიკი არღვევდა ჩამდგარ სიმშვიდეს, თბილ ქვეყნებში მიფრინავდნენ (მე ასე მეგონა); შემოდგომა იყო, მაგრამ თბილოდა. უცნაური სიჩუმე თითქოს მიბინდავდა ისედაც არეულ გონებას, და შეუმჩნევლად მახვევდა თავბრუს; ტელევიზია არ მუშაობდა, ვინ იცის, რატომ. არც რადიო, არც ხალხი ამბობდა რამეს. ალბათ ყველას ჩვეულებრივი ამბავი ეგონა კატების შეუჩერებელი კნავილი და ძაღლების ყეფა; შემდეგ მოულოდნელად გაისმა ხალხის ხმაურიც და განწირული ხმები ერთმანეთში აირია...  კარგად მახსოვს, როგორ იმსხვერპლა სამყარო იმ უთავბოლო ტალღამ, დედამიწას რომ გადაუფრინა თავზე. მახსოვს რომ თვალის დაუხამხამებლად შევყურებდი ზეცას და ისე ვნებდებოდი ჭერამდე აწვდენილ ტალღებს; ახლა ღრმად ვწევარ მოლურჯო წყალში და ვაკვირდები ცარიელ სივრცეს, ვგრძნობ, როგორ შემორბის ძლიერი ტალღა ჩემში და რა უხმაუროდ ეცემა მკლავებს, და მე მეორედ ვჩურჩულებ ჩუმად, რომ რაღაც შეიცვალა! - აქეთ-იქით ვაცეცებ თვალებს და ვხვდები, რომ ერთმანეთში აბურდული ხმების და პეპლების გარდა, არავინ და არაფერი არსებობს ირგვლივ...
ეს პირველი საღამოა ჩემთვის, როგორც დამბალი გვამისთვის; ისევ წყალში ვარ წამოწოლილი. ვცდილობ გავცურო, თუმცა ვერაფრით ვძრავ ამ გაკვანძულ ფეხებს; მალევე ვამჩნევ, რომ კიდურების უმოძრაოდ, ზღვის სიღმეს ვწყდები და ვხვდები, რომ კი არ მივცურავ - მივფრინავ ცისკენ. მალევე ვუახლოვდები მოფარფატე პეპლებს და გაურკვეველი დროით ვაშტერდები შავად დაკოპლილ ფრთებზე; ვგრძნობ, როგორ მავიწყდება ჩემი სახელიც კი...
მეორე დღეა. ვხედავ, რომ ჩემი სხეულის უფუნქციო ნაწილებიც წყალწაღებული დედამიწის არსებებივით მკრთალდება; ვიწყებ დავიწყებას, კარგა ხნით ვჩუმდები; დაძინებას ვცდილობ, თუმცა თვალებს ვერ ვპოულობ, რომ დავხუჭო. მაღალი ტალღები პატარა სივრცეს ლოდებად მადებენ მხრებზე. ვგრძნობ, როგორ ვნებდები ნელ-ნელა...
,,რატომ დაფრინავს ათასი პეპელა ერთად, ამ უცნაურად მოწმენდილ ცაზე?” - ვკითხულობ ჩემთვის, როცა ვიცი, რომ ხმის გამცემი არა მყავს, - ,,იქ, სადაც არც ჩიტები ჩანან, არც ხმელეთზე - ძაღლები და არც წყალში - თევზები?” - და მერე მახსენდება, რომ როდესღაც მიყვარდა პეპლები...
არც კი ვიცი, რამდენი ხანი გავიდა კატაკლიზმების შემდეგ, და არც მინდა, რომ ვიცოდე. იმას კი ვხედავ, რომ მხოლოდ აღელვებულ წყალში და ჩემში მიმავალ-მომავალი, უგრძნობი ტალღები დაძრწიან გარშემო; მახსენდება ძველი ფიქრები, და ვხვდები, რომ მხოლოდ მაშინ მოვრჩი მარტოობაზე წუწუნს, როცა მართლა ეწვია ის ჩემს ცხოვრებას. გონებაში ვიწერ პატარ-პატარა ფრაზებს და ჩემ თავს ვუყვები, შეღამებისას. წლები გადის, მაგრამ მე ვერ ვბერდები; ყველაფერი უცვლელია ირგვლივ, მხოლოდ გონებით თუ ვუმატებ სიცარიელეს რაღაც დეტალებს. ვგრძნობ, როგორ დაფრინავენ სულები წყალში, მაღლა თუ დაბლა. მესმის მათი ნერვიული ოხვრა და ჩურჩული... მეშინია, რომ როდესღაც გავქრები, ამიტომაც ყოველ დღე ვფიქრობ განვლილი ცხოვრების შესახებ; როცა პეპლები გარდაიცვლებიან და სულებიც გვამევით დაიწყებენ დნობას, სიმძიმეს მოკლებულ სივრცეში, ალბათ მეც ნაცრისფრად გავუჩინარდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები