ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველური
ჟანრი: თარგმანი
19 აგვისტო, 2012


ნაწყვეტი წიგნიდან "საოცარის ძიებაში", პ.დ. უსპენსკი

(გიორგი გურჯიევის აზრი ხელოვნებაზე)

“მე არ ვუწოდებ ხელოვნებას იმას, რასაც თქვენ უწოდებთ და რაც არის უბრალოდ მექანიკური რეპროდუქცია, ბუნების ან სხვა ადამიანების მიბაძვა, ან უბრალოდ ფანტაზია, ან ორიგინალობის მცდელობა. ნამდვილი ხელოვნება არის რაღაც სრულიად განსხვავებული. ხელოვნების ნაწარმოებებს შორის, განსაკუთრებით უძველესი ხელოვნების ნაწარმოებებს შორის, ხვდები ბევრ ისეთ რამეს, რაც არ შეგიძლია ახსნა და რაც შეიცავს განსაზღვრულ რაღაცას, რასაც ვერ გრძნობ თანამედროვე ხელოვნების ნაწარმოებებში. მაგრამ რადგან ვერ აცნობიერებ რაა ეს განსხვავება, ძალიან მალე ივიწყებ მას და აგრძელებ აღიქვა ყოველივე, როგორც ხელოვნების ერთი სახეობა. და მაინც არსებობს უზარმაზარი სხვაობა თქვენს ხელოვნებასა და იმ ხელოვნებას შორის, რომელზეც მე ვსაუბრობ. თქვენს ხელოვნებაში ყველაფერი სუბიექტურია – ხელოვანისეული აღქმა ამა თუ იმ გრძნობის, შეგრძნების; ფორმები, რომლითაც ის ცდილობს გამოხატოს ეს გრძნობები და ამ ფორმების აღქმა სხვა ადამიანების მიერ. ერთსა და იმავე მოვლენაში ერთმა ხელოვანმა შეიძლება იგრძნოს ერთი და მეორემ კი სრულიად განსხვავებული რაღაც. ერთი და იგივე დაისმა შეიძლება გამოიწვიოს სიხარულის შეგრძნება ერთ ხელოვანში და სევდა მეორეში. ორი ხელოვანი შეიძლება ცდილობდეს გამოხატოს ზუსტად ერთნაირი აღქმები სრულიად განსხვავებული მეთოდებით, სხვადასხვა ფორმებით; ან სრულიად განსხვავებული აღქმები ერთნაირი ფორმებით – იმის მიხედვით თუ როგორ ასწავლეს მას ან ამის საწინააღმდეგოდ. და მაყურებლები, მსმენელები და მკითხველები აღიქვამენ არა იმას, რაც ხელოვანს სურდა გადმოეცა ან რაც მან იგრძნო, არამედ იმას, რაც ფორმებმა, რომლითაც იგი გამოხატულ იქნა, აგრძნობინეს ასოციაციით. ყველაფერი სუბიექტურია და შემთხვევითი, ასე ვთქვათ, ხელოვანის შთაბეჭდილება და მისი “ქმნილება” (მან ხაზი გაუსვა სიტყვა “ქმნილებას”), მაყურებლების, მსმენელების ან მკითხველების აღქმები დაფუძნებულია შემთხვევით ასოციაციებზე.
ნამდვილ ხელოვნებაში არაფერია შემთხვევითი. იგი მათემატიკაა. ყოველივე, რაც მასშია, შეიძლება გამოვითვალოთ, ყველაფერი შეიძლება ვიცოდეთ წინასწარ. ხელოვანმა იცის და ხელოვანს ესმის, თუ რისი გადმოცემა სურს და შეუძლებელია მისმა ნაწარმოებმა სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა შთაბეჭდილება მოახდინოს, რათქმაუნდა იგულისხმება, რომ ეს ადამიანები ერთ დონეზე არიან. იგი ყოველთვის და მათემატიკური სიზუსტით, მოახდენს ერთსა და იმავე შთაბეჭდილებას.
ამავე დროს, ხელოვნების ერთი და იგივე ნაწარმოები მოახდენს სხვადასხვა შთაბეჭდილებას სხვადასხვა დონის ადამიანზე და დაბალ დონეზე მყოფი ადამიანები ვერასოდეს მიიღებენ მისგან იმასვე, რასაც მაღალ დონეზე მყოფი ადამიანები. ესაა ნამდვილი, ობიექტური ხელოვნება. წარმოიდგინე რაიმე მეცნიერული ნაშრომი – წიგნი ასტრონომიაზე ან ქიმიაზე. შეუძლებელია სხვადასხვა ადამიანმა იგი სხვადასხვანაირად გაიგოს. ყოველი ადამიანი, ვინც საკმარისად მომზადებულია და ვისაც შეუძლია წაიკითხოს ეს წიგნი, გაიგებს რას გულისხმობდა ავტორი და ზუსტად ისე, როგორც ავტორი გულისხმობდა. ობიექტური ხელოვნების ნაწარმოები არის ზუსტად ამ წიგნის მსგავსი, იმ განსხვავებით რომ იგი გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ და არამხოლოდ ინტელექტუალურ მხარეზე.”
“არსებობს ასეთი ობიექტური ხელოვნების ნაწარმოებები დღესდღეობით?” - ვკითხე მე. -“რათქმაუნდა არსებობს” - მიპასუხა გ-მ. - “დიდი სფინქსი ეგვიპტეში არის ხელოვნების ასეთი ნაწარმოები, ისევე როგორც ზოგიერთი ისტორიულად ცნობილი არქიტექტურული ძეგლი, ღმერთების ზოგიერთი ქანდაკება და ბევრი სხვა. არსებობს ღმერთების და სხვადასხვა მითოლოგიური არსებების ფიგურები რომლებიც იკითხება როგორც წიგნი, ოღონდ არა გონებით, არამედ ემოციით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი საკმაოდ განვითარებულია. ცენტრალურ აზიაში მოგზაურობისას, უდაბნოში ჰინდიკუშის ძირას, ჩვენ ვიპოვეთ უცნაური ფიგურა, რომელიც ჯერ რომელიღაც უძველესი ღმერთი ან დემონი გვეგონა. თავდაპირველად მან ჩვენზე უბრალოდ უცნაური ახირებულობის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ შემდეგ ჩვენ დავიწყეთ გაცნობიერება, რომ ფიგურა შეიცავდა უამრავ რამეს, კოსმოლოგიის დიდ, სრულყოფილ და რთულ სისტემას. და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ დავიწყეთ ამ სისტემის გაშიფრვა, იგი იყო ფიგურის სხეულში, მის ფეხებში, მკლავებში, თავში, თვალებში, ყურებში, ყველგან. მთელს ამ ქანდაკებაში არაფერი იყო შემთხვევითი, არაფერი იყო მნიშვნელობის გარეშე. და თანდათანობით ჩვენ გავიგეთ მიზანი იმ ხალხის, ვინც ეს ააშენა. ჩვენ დავიწყეთ მათი აზრების, გძნობების შეგრძნება. ზოგიერთი ჩვენგანი ფიქრობდა, რომ ჩვენ დავინახეთ მათი სახეები, გავიგონეთ მათი ხმა. ყველა მოვლენაში ჩვენ ვიჭერდით აზრს, რომელიც მათ სურდათ გადმოეცათ ჩვენთვის ათასეული წლების შემდეგ და არამხოლოდ აზრს, არამედ მასთან დაკავშირებულ გრძნობებს და ემოციებს ასევე. ის ნამდვილად იყო ხელოვნება!”

წყარო:

http://www.gurdjieff.am/in-search/index.pdf

გვ. 33-34

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები