ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
8 სექტემბერი, 2012


ცრუტერორისტის შეუმდგარი მისია

ცრუტერორისტის შეუმდგარი მისია


  იმ საგანთა არსენალში, რომელთაც ლამის ეროვნული იდენტობის სიმბოლოს მნიშვნელობას ვანიჭებთ, საკვები, ანუ კვების კულტურის ნიმუშები არცთუ იშვიათად გვხვდება. ქართველთათვის ამგვარ საკრალურ სიამაყეს, (რა თქმა უნდა, ღვინოსთან ერთად) საწებელი წარმოადგენს, რომელსაც სრულიად უსამართლოდ ხანდახან ვიწრო სახელწოდებით- ტყემლით ვანაცვლებთ, რაც სინამდვილეში მისი კერძო სახეობაა მხოლოდ. ბოლო დროს საზღვრების გამჭვირვალობის ზრდის კვალობაზე ჩვენებურმა საწებელმა ადგილობრივ სამანებს დააღწია თავი და მსოფლიო მასშტაბებს შეეჭიდა.
ყოფილ სოლოლაკელს, ამჟამად ვარკეთილის მკვიდრს, (ტიპიურ მიზეზთა გამო),- ნიკუშა ციცაგს თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ ოდესმე ამ მნიშვნელოვანი გლობალური პროცესის უნებლიე ხელშემწყობი გახდებოდა. მაგრამ, მოგეხსენებათ, ცხოვრება იმ ახირებულ რეჟისორს ჰგავს, აქტიორის ამპლუას რომ არ სცნობს. თუმცა, მოდი, ჩვენ მაინც ვუერთგულოთ თხრობის კლასიკურ წესს და მოვლენების ჯაჭვის თანამიმდევრობას  ნუ დავარღვევთ!
  ყველაფერი ძალზე ბანალურად დაიწყო, როგორც მრავალი უჩვეულო რამ ამქვეყნად. ევროპაში გამგზავრების სნობური წადილით შეპყრობილ ერთ თბილისელ ახალგაზრდა კაცს,  საბუთებზე სირბილის, საელჩოში ყურყუტისა და ხანგრძლივი ნერვიული ლოდინის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, გერმანიის საელჩოში ვიზაზე ბეჭედი დაურტყეს. თუ რას ნიშნავს ეს ფაქტი ღატაკი ქვეყნის დროებით უმუშევრის მუდმივი სტატუსის მქონე ახალგაზრდისათვის, ამაზე საუბრით დროს არ დავკარგავთ. ნიკუშა ნაცნობ-მეგობართა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მას ულოცავდნენ, აძლევდნენ რჩევებს, აბარებდნენ ამბებს; უბრალოდ შურდათ მისი.
  ინტერესთა სულ სხვა სფეროდან და სხვა მიზანდასახულობისა  აღმოჩნდა კითხვები, რამაც ამ მოთხრობის ფაბულას მისცა დასაბამი.
  მეზობლის ქალი, დეიდა ფაცია, რომლის ქალიშვილი აგერ უკვე ცხრა წელი გერმანიაში ცხოვრობდა, რატომღაც მისი გეოგრაფიული მარშრუტით დაინტერესდა.
  -ფრაიბურგში მიხვალ, დედა? ეე, მანდვეა შტუტგარდიც ყურისძირში, ჩემი მანანა როა. მიაკითხე, პატივისცემას არ მოგაკლებს. ფირმის აგენტად მუშაობს. უბრალო კურიერობიდან დეიწყო და ისთე მოეწონათ მის უფროსებს, რომე მაშინათვე დააწინაურეს. ხომ იცი? ნიკუშა ამ ამბავს ვინიცის მერამდენედ ისმენდა.მანანა არ ახსოვდა, მაგრამ ამის აღიარებას შიშისა და თავაზიანობის გრძნობები უშლიდა ხელს. -როის მიემგზავრები, დედა, იცოდე, არ გამომაპარო, თან  რაცხა პატარა პრავეზიას გაგატან, ბევრიზა არ შეგაწუხებ!
  როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს "პატარა" ექვსიოდე ლიმონათის ბოთლში განთავსებული წითელი შეფერილობის სოუსი,ანუ  საწებელი იყო, რომელიც საგანგებოდ შეეფუთათ და ასევე საგანგებო, ძველმოდურ ჩანთაში ჩაეწყოთ. მკითხველს ვთხოვთ ამ ფაქტის შეძლებისდაგვარად დამახსოვრებას, რადგან ჩვენი სიუჟეტის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
  ფრაიბურგის აეროპორტის მოხელემ, რომლის გაქსუებული ფაქტურა სრულ შესაბამისობაში იყო მის პროფესიულ ღირსებასთან, ეჭვით შეათვალიერა უცნაური დიზაინის ხელჩანთა, არც მისი უჩვეულო წონა მოუვიდა თვალში, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ეტყობა თავისი უცხოელი კოლეგების პროფესიულ ალღოს მინდობილმა შემოწმებაზე დროის დაკარგვა საჭიროდ არ ჩათვალა. პირველი უსიამო იმფორმაცია, გერმანულ პროვინციულ ქალაქში ჩასულმა ბედისმაძიებელმა მასპინძლის- სოლოლაკელი ბებურა, იგივე "შუსტრისგან" რომ  მიიღო, ის გახლდათ, რომ ქალბატონ ფაციასი და მისი წარმოდგენები სიტყვა "იქვე"-ზე საკმაოდ სცილდებოდა ერთმანეთს, ანუ ფრაიბურგის ყურისძირში არსებული შტუტგარდი კაი ორასი კილომეტრით იყო დაშორებული და ესბანით (ჩვენებური ელექტრიჩკით) მგზავრობა ვერ ასცდებოდა. მაგრამ ჩვენი გმირი იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, პასუხისმგებლობა რომ სძლევს ხოლმე ცრუპენტელური მიზეზების მოგონების ცდუნებას.
ვინაიდან შუსტრი სერიოზული კომერციული საქმით იყო დაკავებული,  (გაჭედილში- როგორც თავად ამბობდა), ნიკუშას სხვა არჩევანი არ დარჩენოდა იმის გარდა, რომ თავად ეზრუნა ბარგის პატრონისათვის გადაცემაზე.
  ესბანის ვაგონში კარგად მოკალათდა და თავისი მოთმინების მარაგი ორ საათზე გადაანაწილა. საწებლიანი ჩანთა ფეხებსშუა ჩაიდგა, ასე უფრო მშობლიურად ჩათვალა. მის წინ სავარძელში ჩაფლული მსუქანი გერმანელი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ამ სავარძელთანაა შეზრდილიო. ის გაზეთს კითხულობდა და დროდადრო თვალს იჭვით გამოაპარებდა ხოლმე მისი შავგვრემანი ფიზიონომიისკენ.ნაცრისფერი სანახების ცქერამ ნიკუშას თვლემა მოჰგვარა და ის იყო,ღრმად უნდა ჩაეყვინთა ნეტარ მოთენთილობაში, რომ იგრძნო ფეხქვეშ რაღაც აუფეთქდა. შიშით მიმოიხედა ირგვლივ.ახლოს მჯდომთა შეშფოთებული მზერის ისრები მისი ფეხებისაკენ მიმართულიყო. მანაც ძირს დაიხედა და ყველაფერს მიხვდა. როგორც ჩანდა, რყევას საწებლის ქიმიურ შემადგენლობაში რეაქცია გამოეწვია და დუღილს საცობი აეხადა. ამ აღმოჩენამ ვერაფერი შვება ვერ მოჰგვარა.პირიქით, ამგვარი აფეთქების გამეორების კიდევ ხუთი პოტენციური შანსი არსებობდა. ნიკუშა ავის მოლოდინში დაიძაბა. მალე მეორე საცობის გავარდნამ მგზავრთა მისდამი სახიფათო ყურადღება ორჯერ გაზარდა. მისმა მსუქანმა თანამგზავრმა კონტროლიორს უხმო და ისიც გერმანული პუნქტუალობით გაჩნდა საიდანღაც. ნიკუშა ციცაგმა საქმეში სატრანსპორტო პოლიციის ჩარევის პერსპექტივა იყნოსა.
"-ო, მაინ გოთ, ვას ისთ დენნ დას, შაიზე, ვარ დას აინე ბომბე ოდერ!"- სეტყვასავით ატყდებოდა სიტყვები, რომელთა მნიშვნელობას უფრო წარმომთქმელთა სახის გამომეტყველებით ხვდებოდა.
  მისი ტვინის მექანიზმმა ექსტრემალურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა, რითაც  აზრი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობის უსაზღვროების შესახებ კიდევ ერთი არგუმენტით გაამყარა. რაიმეს ახსნას აზრი არა ჰქონდა დიდი ალბათობით, ჯერ ერთი- საამისო დრო არ იყო, და მეორე- გერმანული ლექსიკის მისეული მარაგის ამარად სერიოზული ეჭვი იყო, ეს მოეხერხებინა. ნიკუშამ მყისვე მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სწრაფად გახსნა ჩანთის ელვა შესაკრავი და ბოთლების გამოჩენას შეეცადა, რათა მგზავრებისათვის დაემტკიცებინა, რომ მის უწყინარ ტვირთს არაფერი ჰქონდა საერთო ტერორისტთა ატრიბუტებთან. მაგრამ ეს არც ისე იოლი  საქმე აღმოჩნდა, რადგან ბოთლები მეტი დაცულობისათვის გულმოდგინედ შეეფუთათ დამატებით ნაჭერში. გამწარებული ტერორიზმში ეჭვმიტანილი კბილებით ეცა ბამბაზიის კაბის ნაფლეთს და რღვევას შეუდგა,  საიდანაც მალე სისხლისფერი სითხე და ცხარე სურნელი ამოიფრქვა. ესბანის მგზავრთა სახეზე გაურკვეველმა მოლოდინმა დაისადგურა. და სწორედ ამ დროს ჩამოწოლილი დუმილის ბლანტი ნაკადი ერთმა სიტყვამ გაჰკვეთა, რომელმაც სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით შეცვალა სიტუაცია და მოვლენის შემსწრეთა ბაგეთაგან ნერვიული, ისტერიული სიცილი ამოაფრქვია. ეს მაგიური სიტყვა იყო "კეჩუბი" და იქვე მდგომ თურქული გარეგნობის კაცს ეკუთვნოდა. თუ სხვა სიტუაციაში ეს დამამცირებელი ასოციაცია ქართული თავმოყვარეობის შელახვად აღიქმებოდა, ახლა ხსნად ქცეულიყო.
  ხანგრძლივი ძიების შემდეგ, რომლის ბანალური პერიპეტიების აღწერა, დიდი ეჭვი მაქვს, ვერავითარ ღირსებას შემატებდა ჩვენს მოთხრობას, დანიშნულების ადგილზე მისულ ჩვენს გმირს კიდევ ერთი სურპრიზი ელოდა. ამ ეჭვის წყარო კარზე გაკეთებული წარწერა იყო. ნიკუშა ციცაგის მწირი ცოდნა გერმანულ ენაში საკმარისი აღმოჩნდა იმ აზრის ამოსაკითხად, სავარაუდოდ ფოსტალიონისათვის რომ იყო განკუთვნილი. დიასახლისი ექვსამდე არ დაბრუნდებოდა. იძულებული სტუმრის დაღლილ სახეზე ახალი უსიამოვნების გამომხატველი შესაბამისი გრიმასა აისახა. მისმა მოულოდნელ უსიამოვნებებს შეგუებულმა გონებამ მყისვე იაზრა, რომ პროტესტის გამოხატვა სრულიად უსარგებლო საქმე იქნებოდა. გადაწყვიტა, არამკითხე ბედის ეს ნაჩუქარი თავისუფალი დრო საქმიანად- ქალაქის დასათვალიერებლად გამოეყენებინა.
  ნაძალადევი ექსკურსიიდან მობრუნებულს, რაც ძირითადად მარკეტების ვიტრინების თვალიერებას არ გასცილებია, გატანჯული ემიგრანტის ბედნიერი სახის წარმოდგენა დაღლილობას უქარწყლებდა.
  კარი უხმაუროდ გაიღო. ნახევრადღია კარს შიგნიდან ცივი, გერმანული, უფრო სწორად , მისი გერმანელებზე არსებული შეხედულების შესაბამისი სიფათი შეჰყურებდა კითხვის შემცველი გამომეტყველებით.
  -თქვენ, ალბათ, მანანა ხართ, არა?-  გაღიმება სცადა (თუმცა ამაოდ) სტუმარმა.
  -მეც ასე მგონია.-  კითხვის დამსმელს ეს ენამახვილობა სრულიად უადგილოდ მოეჩვენა და მაშინვე საქმეზე გადავიდა:
  -მე თბილისიდან ვარ და დედათქვენის, ქალბატონი ფაციას საჩუქარი ჩამოგიტანეთ.- ამ სიტყვების ადრესატისაგან მათი ავტორი აღტაცებასა თუ არა, სულ ცოტა, დაუნაწევრებელი შორისდებულის წამოძახებას მაინც ელოდა და ის იყო მობოდიშებისთვის მოემზადა, რომ გამოტანებულს სრული სახით ვერ აბარებდა. მისდა მოულოდნელად მასპინძლის სახეზე ხშირი წარბები აიზიდნენ და ერთმანეთს მიუახლოვდნენ.
  -არ მითხრათ ახლა, ისევ საწებელი გამოგიგზავნაო!
  ნიკუშა ციცაგს ეგზომი წვალებით შეკოწიწებული ღიმილი სახეზე შეაშრა..

        2012


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს