| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 20 სექტემბერი, 2012 |
ერთი მოთხრობის პროექტი
რაღაც თარსად დაიწყო ის კვირა. ჯერ იყო და ორშაბათს, ღამეულშფოთგამოვლილი, ახლად ჩაძინებული ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. (მობილური გამორთული მაქვს) ვინ უნდა იყოს? ამ დილაადრიან უცხო არ დამირეკავდა. ბოლო დროს მოსაკითხად არავის ვახსენდები. უფრო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებიან ხოლმე, როგორც წესი, ფარისევლურშეპარვით. წავიდნენ ერთი, ვითომ ძალიან აინტერესებთ. ისევ რეკავს. როგორღაც ცივი, ჯიუტადმიზანსწრაფული ხმაა. ვწევარ, არ ვიღებ. იქნებ დაიღალოს და გაჩერდეს. ხომ უნდა მიხვდეს, როცა ტელეფონს არ იღებენ, ან სახლში არ არიან , ან უბრალოდ ლაპარაკი არ სურთ. ორივე შემთხვევაში მიზეზი მოტივირებულია. ისევ რეკავს. როგორ მაინტერესებს ამ ხალხის ტვინში ჩახედვა. ხედავ, არ უნდათ შენთან საუბარი. რისი იმედით რეკავს? ბრიყვები მუდამ შეუპოვრები არიან. ამიტომაც აღწევენ მიზანს. ზარი არ წყდება. საინტერესოა, ვინ უნდა იყოს. უნდა დავუფასო სიმტკიცე. ყურმილს ვიღებ. ვცდილობ მიამიტი განწყობით ვუპასუხო. თითქოს ესესაა გავიგონე. -გისმენთ! -ოჰო, როგორც იქნა.(აქეთ მადებს ვალს) -ხომ არ გაგაღვიძე?- ვიცანი. ოღონდ ეს არ ყოფილიყო. ქალბატონი ხათუნა- ჩემი რედაქტორი. ტელეფონშიც კი გაიძულებს ცერემონიალური იყო: -ო, მაპატიეთ,ჩამძინებია.რით შემიძლია გემსახუროთ? -იქნებ გაისარჯოთ და პროზაში მოგვეხმაროთ! შეპირებულმა ავტორმა დაგვაღალატა და ნომერი გვიგვიანდება! აჰა, ესეც ასე. ვიღაცამ ვერ შეძლო და შენ უნდა გააკეთო. ყოველთვის თადარიგში ვეგულებით. ნუთუ ვერ ხვდება, რომ აქ “ვიღაც” უხერხულად ჯდება. უარსაც რომ ვერ იტყვი, რაც უნდა იყოს, საჭირო ხალხია. თუ რიგიანი დონორი ჩაიგდეს საწველად, ჰონორარებში არ ძუნწობენ. ეგეც არ იყოს, მთელი ზეპური საზოგადოების ჭორები ზეპირად იცის, (რას იზამ, პროფესია აქვს ასეთი) ქალბატონ ბოლოქანქარას- (ასე ეძახიან ერთი ნაწილის სისხარტის გამო.) იმასაც ამბობენ, პოლიტიკურ ბოსებში კუდი (ბოლო არ გეგონოთ) აქვს გაბარებულიო. მოკლედ, სახიფათო ვინმეა. ვცდილობ გავიღიმო, იქნებ სატელეფონო კაბელს გაყოლილმა ემოციის ნამსხვრევმა უჟმური განწყობა გადაფაროს. -გვიმსახურეთ, ბატონო!მაინც რა თემაზე? -ეგ შენ გადაწყვიტე. ოღონდ კი დროზე.ძალიან გთხოვ!- (თავმდაბლობს). -არის. თქვენი თხოვნა ბრძანებას უდრის. -ვითომ? იცინის. არადა ესიამოვნა. (პატივმოყვარეა). -იცოდე, თავშესაფრის ბინადრების ყოფა არ გამაგონო, ისედაც დაზაფრულია ხალხი. რამე უფრო “ლაითი”, თრილერის მსგავსი. -გასაგებია.- აკი, შენ გადაწყვიტეო. მოკლედ, დავალებაც მივიღე. სიგარეტს ვუკიდებ. ბოლი ზანტად მიიწევს ზევით, ნელ-ნელა განზავდება და უჩინარდება. ვმშვიდდები. ესეც ასე. ეხლა რა ვქნა? სულ ასეა- დაწყება მიჭირს. ღმერთო, რა მეწერება! იმ ამბის შემდეგ სტრიქონიც არ დამიწერია. კოშმარებს თავს ვერ ვაღწევ. სულ მეწამულბლანტი სითხე მელანდება, ხელიდან რომ ვერ ვიშორებ. დროდადრო დანახშირებულხსოვნიდან სავადმყოფოს გაუძლისადმწვანე ფარდები ამოტივტივდება. უნდა დავწერო, იმას მაინც დავამტკიცებ, რომ არც ისეა საქმე, ჩასაფრებულებს რომ ჰგონიათ. პრობლემის განსაზღვრა ჰო, მოთხრობა ძველმოდური არ უნდა იყოს, ე. ი. ბუნდოვანუცნაურად უნდა წერო. ეპიზოდები არამცდარამც თანმიმდევრულად არ შეიძლება დაალაგო, (გოიმობაა). სიუჟეტიც მკვეთრი არ გვინდა, უხერხულია,რას იტყვიან. (მეცხრამეტე საუკუნეა)? ხასიათები გაორებული,ექსცენტრიული. სისულელეა, მაგის დამწერი მე არა ვარ. ჯობია, დეტექტივივით დავიწყო. მიზანი: ჯერ ერთი მკითხველს დააბამ, მერე თანამედროვეცაა. თუმცა რა “ოიდიპოსიც” დეტექტივი არ არის?მეფე იძიებს უბედურების მიზეზს. დაკითხვებსაც აწარმოებს. სჯის კიდეც. “ვეფხისტყაოსანიც”. მოულოდნელად გამოჩენილი უცნაური მხედარი. ექსცენტრიული. პრინცესა ნიშნავს გამოძიებას. ავალებს მოხელეს. მოხელე გადაცმული მოგზაურობს, და ა.შ. აუ, სად წავედი! ცოტაოდენი ლირიზმი,არამცდარამც სემტიმენტალიზმში გადასული - (რადროს გულის აჩუყებაა). ირონია აუცილებლად, სლენგით შეზავებული. მიზანი: ჯერ ერთი თინეიჯერების გულს მოიგებ და მეორეც, საკუთარ გრამატიკულ შეცდომებს გადააბრალებ. მისტიციზმი. ცნობიერების ნაკადი. სიზმარეული ხილვები. (გემოვნებით შეზავებული), ინტერტექსტები, ჰიპერტექსტები და ამგვარი რაღაც-რაღაცეები. რაც მთავარია, გაურკვეველი ფინალი.მკითხველის დასაბნევად. თუ წყლის ამღვრევას შესძლებ, ფსკერიც უფრო ღრმა მოეჩვენებათ. ასე, რომ უნდა ვიცუღლოტო. მწერლობაც ხომ ავანტურაა. მოიცა, ვინა თქვა ? აუ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინმე აუცილებლად იტყოდა. ნაწარმოების ავტობიოგრაფიულობა უხამსობააო.- მგონი მორუას ეკუთნის ეს სიტყვები. რა სისულელეა.
მოქმედების ადგილი და განხორციელების დრო: დაბა წყნეთი, გასული საუკუნის ბოლო. ამბავი იწყება წყნეთის აგარაკზე. ახლა ხშირად ხდება რაღაცეები წყნეთში, თანაც უფრო “სვეცკია”. მაღალ ფენას დააინტრიგებს, დაბალს- გააღიზიანებს. ორივე შემთხვევაში შედეგი სასურველი იქნება. მაშ, ასე.
სამიზნე ჯგუფი: 7 პერსონაჟი და თანაპერსონაჟები.
Aაქტივობა 1. “მობილურის ზარი: “ჰო მარი! ხო მშვიდობაა? -რა გითხრა, აბა. ნათკას დავალებით გირეკავ. -რა ხდება? -ნათკა წყნეთშია, ჯანგოს აგარაკზე. მეტი არაფერი ვიცი. -ალო! ალო!...” საუბარი წყდება. ინტრიგა ირთვება. Aაქტივობა 2. ლევანჩოს და ნატკას (მოდური სახელებია) უყვართ ერთმანეთი. ასე ვთქვათ- დადიან. ეს ამბავი გახმაურებულია მათ წრეში.დიალოგები- “-აუ, ნათ, გელოდებით შენ და ლევანჩოს!” “-ლევანჩოს გოგოა, უბანი იცნობს.”და სხვა ამგვარები. აქ იჭრება მესამე- რამაზა- (იგივე ჯანგო). მოძველბიჭო ტიპი. სამკუთხედიც იკვრება. მოტივი: რამაზას ქუჩური ამბიცია ვერ უშვებს, რომ უბნის თვალი ვიღაც სხვას ეკუთვნოდეს. იწყებს დაკერვას. ქალი ლევანს ატყობინებს, მაწუხებსო. ლევანჩო ქუჩის ავტორიტეტს რევს და ჯანგოს მუქარას უთვლის. კონფლიკტი მწიფდება აქტივობა 3. რამაზა თავის ძმაკაცებთან ერთად “იტაცებს” ნატკას და აგარაკზე აჰყავს წყნეთში. ამბავი ვითარდება თბილისურად. ლევანჩო მობილურზე ზარის შემდეგ თავის ბავშვობის მეგობარ სანდროსთან ერთად რომელიც ასევე ავტორიტეტია (ვითომ) ადის წყნეთში. სანდრო შედის სახლში , სადაც სუფრაა გაშლილი და რამაზას გარეთ იწვევს სალაპარაკოდ,სადაც ლევანჩო ელოდება. საუბარი მიდის დერეფამში,სხვა ვერსიით შესასვლელში. ამ გარემოებას პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ტყვიის ტრაექტორიის განსაზღვრასთან არის დაკავშირებული. ექსპერტიზის დასკვნა ბუნდოვანი და ორაზროვანია. მაგრამ ჯერ დიალოგი. “ -შემოდი, დაილოცე! -სამაგისოდ არა ვართ მოსული. სალაპარაკო გვაქვს. -რაზე? -კარგად იცი, რაზეც. -მე საბაზრო და გასარჩევი არაფერი მაქვს. -ეგრე არ არი, ძმაო, კაცს საცოლე დააწერე.ქვეყანამ გაიგო. აზრზე მოდი! -ვინ რას ამბობს, მკიდია. ქალი არავის მოუტაცია თავისი ნებით ჩაჯდა მანქანაში. -ატვეჩაი ხარ მაგ სიტყვაზე? -ჯანგოს ჯერ უკან არ დაუხევია, არც სიტყვიდან გადავარდნილა. -მაშინ გოგომ გააიასნოს.” ამ დროს ზალიდან ქეიფის ხმა ისმის, დაძაბული. ეტყყობა, უსმენენ. გამოდის ნატკა, არის მოსაზრება, რომ დაუძახეს. “-რამაზ, რა ხდება? სანდრო, შენა?... -შენ შედი, აქ შენი საქმე არ არის! -რატომ, არ მესმის , ყველაფერი უნდა ითქვას”... საუბრის გაგრძელება ცნობილი არ არის. აქ ხდება გასროლა. ნატკა ეცემა. საიდან გავარდა ტყვია? ეს არის ინტრიგა, რაც უნდა გათამაშდეს “რასემონულად”, ასე ვთქვათ. აკუტაგავას პრინციპით. ყველა მხარე თავის ვერსიას აწვება. ვერსიები ჩნდება ხან დაკითხვის ოქმებით, ხან სასამართლო პროცესიდან: “ჯონი სანოძე: (მოწმე) -მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ დღეს მე ვიმყოფებოდი ჩემი მეგობრის რამაზ ჯანგირაშვილის აგარაკზე, სადაც აღვნიშნეთ მისი და ნათკას გაბედნიერების დღე. ზემოხსენებული სუფრის პროცესში, მოულოდნელად ჯანგო გარეთ გავიდა, დაუძახეს, როგორც შემდეგ გავიგე, ორი შეიარაღებული დასხმია თავს. ვინ იყვნენ, ვერ გეტყვით. ამ მომენტში ჩვენ- ძმაკაცები ზალაში ვიმყოფებოდით. ნათკას შევატყვე, ნერვიულობდა. ზედიზედ ცლიდა შამპანიურს. მოულოდნელად სუფრა დატოვა. შიგნიდან, სადაც ჩვენ- ზემოაღნიშნული პიროვნებები ვიმყოფებოდით, არ ჩანდა, რას ლაპარაკობდნენ და ვინ. არც იყო ჩვენი საქმე. უცებ გაისმა სროლა. ერთხელ. ყველანი გავვარდით. ნატკა ძირს ეგდო. ჯანგო ჩაკუზული დაჰყურებდა დაზარალებულს. ვიღაცეები გარბოდნენ ეზოს მიმართულებით. ვინ ისროლა, ა ნ რატომ, ვერ გეტყვით. სანდრო ქვლივიძე: (ლევანის მეგობარი) -ჩემმა მეგობარმა ლევან ნაკანმა მთხოვა გავყოლოდი მისი გატაცებული საცოლის მოსაძებნად, რომელიც მოტყუებით წაეყვანათ. ავედით წყნეთში. ბატონო? ვერ გეტყვით, ეტყობა ვიღაცისგან გაიგო. მივედით. ლევანს ვთხოვე, გარეთ მოეცადა, რადგან ძალიან ნერვიულობდა. მე შევედი. ჯანგოს დავუძახე და საუბარი დავიწყეთ.არა, სხვა არავინ ესწრებოდა. შიგნიდან მთვრალების ხმა ისმოდა. მე ლევანისა და ნატოს შეხვედრა ვთხოვე. გოგო გამოიყვანეს, თუ თვითონ გამოვარდა, ვერ გეტყვით. კამათი მოუვიდათ ერთმანეთში. რა მიზეზით, არ ვიცი. უცბად გოგომ იკივლა… რა მოხდა ვერ მივხვდი. არაფერი მახსოვს. გავიქეცით. არა, მერე აღარ უსვრიათ . ლევან ნაკანი: (ნატოს საქმრო) -ნატკას დავალებით მისმა დაქალმა მარიმ დამირეკა და იმან მითხრა ეს ამბავი. ნატკა რომ გაიტაცეს. ჩემი საცოლე იყო, ეს ყველამ იცოდა.შემოდგომაზე ხელი უნდა მოგვეწერა. მე და ჩემი მეგობარი სანდრო ავედით წყნეთში საქმის გასარკვევად. ჯანგირაშვილის ძმაკაცებს გოგო ჩაკეტილი ჰყავდათ. არ უშვებდნენ, რაიმე რომ მეკითხა. ჩემი ხმა რომ გაიგო, ეტყობა თავი დააღწია და ჩემსკენ გამოიქცა. სწორედ მაშინ ესროლეს შიგნიდან. კარებში ჩაიკეცა, ჯერ ცალ ფეხზე, მერე პირქვე დაემხო, უხმოდ, უჩუმრად. მივვარდი, მაგრამ გარეთ გამოცვივდნენ და ჩვენს მიმართულებითაც დაიწყეს სროლა. გამოვასწარით. არა, ეგ მერე გავიგე, სახლში რომ დავბრუნდი. ნატკას ამბავი. იქ ვის ესროდნენ, ძნელი გასარკვევი იყო. ზაქარია პაპალაშვილი: (ჯიხურის მეპატრონე) -გეტყვით პატივცემულო, რაც ვიცი, რაც არ დამინახავს, აბა იმას როგორ მოგახსენებთ. ეგრე ნაშუადღევი იქნებოდა, ბავშვები სკოლიდან რომ ბრუნდებიან, ის დრო; შავი ჯიპით ამოვიდნენ, ხუთი ბიჭი და ერთიც გოგო. ეგ სახლი სუ დაკეტილი იყო მანამდე. იმიტომაც გამიკვირდა. შამპანიურები ეჭირათ. ჯერ ეზოში ტრიალებდნენ, რავი, გოგო-ბიჭებმა რომ იციან.ეგეთი გოგო იყო ის უბედური, შოლტივით. მემრე შავიდნენ. ხმაური ისმოდა. ერთიც ვნახოთ, შავი ბეემვე ამოვიდა ნასამხრალს. ორი ბიჭი გადმოვიდა. ერთი მომიახლოვდა, მაღალმაღალი- ჯანგირაშვილების სახლი რომელიაო. ანდე, ეგ არი-მეთქვი. მემრე ის, სახლი რომ იკითხა, გარეთ დარჩა, მეორე შინ შევიდა იქ რა ილაპარაკეს, რა მოხდა, აბა რა ვიცი. ამან, ჩემთან რომ დარჩა, სიგარეტი მთხოვა. მივეცი, უფილტრო მქონდა. არ მოუწევია, ეგრე დასრისა თითებით, არ ვიცი, არ მოეწონა, თუ რა. უცებ გასროლა გავიგე და ქალის კივილი. რომელი უფრო უწინ იყო, ვერ გეტყვით. ეგ ბიჭი შინ რომ შავიდა, ამ ჩემ ბიჭისკენ გამოიქცა. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, აბა რა უნდა მექნა და დახლის ქვეშ დავიმალე ეგრევე. ესენი ესროდნენ, თუ ისინი , ვერ გეტყვით, ჩემი გამჭირვებოდა, სროლა კი ნამდვილად იყო, როგორ არ იყო. მემრე მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.ეგენი გამოვარდნენ გარეთ. ეგენი რა, ვინც შინ იყვნენ. ადრე რომ ამოვიდნენ. მემრე ეგ იყო, სასწრაფოც მოვიდა. წაასვენეს ეგ უბედური. მარი ბროძელი: (ნატკას მეგობარი) -კაი რა! რა სისულელეა, ჩემზე კარგად არავინ იცის მაგათი ამბავი. ლევანჩო მეტის ღირსი იყო მაგისგან. კაცი რომ ჩვენს დროში ეჭვიანობის სცენებს მოგიწყობს- ღამის ბარში რა გინდოდაო, მაგარი გოიმია, აბა რაა. ის ნაგიჟარი სანდროც რომ აუყვანია- ძალადმწერალი. არა, რა. არ იყო ეგ ნატკას ღირსი. მართალი თუ გინდა, ნატკას ყველაზე მაგრა სუხო ევასებოდა, მაგათ სხვა მუღამი ჰქონდათ. მაგრამ ერთ ამბავში ისიც ჩაიჭრა მაგასთან. ნატკამ არ აპატია, მარა მაინც ვერ დაიკიდა ბოლომდე. რა ვიცი და ვატყობდი. ჯანგოს პატივს სცემდა, მაგრამ ასი წელი, თავს დავდებ, არ გაჰყვებოდა. ეგ თუ გააკეთა, ნაღდად ლევანჩოს ჯიბრზე. ვიცი ალბათ, რო ვამბობ. არა, იქ არ ვყოფილვარ, ჯანგოსთან პრობლემები მქონდა, იცოდა მაგან, მე რო ნატკას არ ვურჩევდი მაგაზე, მარა ასიანი ვიცი, ჯანგოს გაკეთებული პონტი ეგარ არი. მაგას რაზე უნდა ესროლა. ვითომ ლევანჩო რომ დაინახა, გამოექცათო. რა სირობაა, ეგ არ იყო ნატკას სტილი. ვაფშე, მაგას ჩემთვის რო დაეჯერებინა... მაგას ვერ გეტყვი, მარა პერესტრელკა რო ატეხეს, აბა რა ეგონათ. ეგეთ დროს რა უნდა მოტვინო, ვისი ვისშია.“. შეიძლება პირდაპირ სასამართლოს სცენით დავიწყო. არა, არ ივარგებს. მართლა დეტექტივი ხომ არ არის. უფრო დამაინტრიგებლად სჯობს, მაგალითად ასე: “იმ საბედისწერო გასროლას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა თბილისის პროვინციულ “ბომონდში””. შიგადაშიგ გამოვიყენო მარკესისებური: “გავა დრო და სასამართლო სკამზე მჯდომი იტყვის... მაგრამ ეს მერე მოხდება, უფრო გვიან...” და ა.შ. მესამე ვერსია უფრო აბსურდული უნდა იყოს. სანდროსგან გასროლის ვერსია. მაგრამ მოტივაციაა მოსაფიქრებელი. მიზანი: რაც უფრო აბსურდული იქნება ვერსია, მით უფრო სარწმუნოა. ასეთია ლიტერატურის პარადოქსი. ცხოვრებისაც. ის, რაც უბრალო და ბანალურია, ნაკლებ დამაჯერებელია, რადგან ადამიანის ფანტაზია, სიცრუის მოგონების დროს ყოველთვის ტიპიურ ვერსიას ამჯობინებს. მოტივაცია: სანდრო ეჭვით უყურებს ლევანისა და ნატკას ურთიერთობას. თვლის, რომ ქალი თამაშობს, გულწრფელი არ არის ლევანთან. იცის მისი რამოდენიმე ადრინდელი ფლირტის ისტორია. მაგრამ ამაზე ლაპარაკს ერიდება დრომდე. წყნეთში მიჰყვება იმ იმედით, რომ ნატკას ქარაფშუტობა გაირკვევა და ლევანი აზრზე მოვა. თვლის, რომ რამაზაც ისეთივე მსხვერპლია, როგორც მისი მეგობარი. სანდროს არც ნატოს განაზებული საუბარი მოსწონს მასთან. ეჭვი აქვს, რომ ქალი მასა და ლევანს შორის წყალს ამღვრევს. ამისი დამტკიცება სურს. ერთი პირობა მათი მეგობრობა კინაღამ გაიბზარა, როცა სანდრომ გადაკვრით უთხრა თავის დამოკიდებულებაზე. ლევანს მოეჩვენა, რომ სანდრო მთლად გულგრილი არ იყო ნატკას მიმართ.ასეთი რამეები ხშირად ხდება, როცა კაცი შეყვარებულია. “-სანდრიკ, დღეს რას აკეთებ, ბიჭო? -რა არი, რო? -მაგარი პონტია. -ვა, მართლა? მერე მაგას მიმალავდი! -კაროჩე, ნატკასთან ვიკრიბებით, გოგოებიც ამოვლენ.მაგრა გაასწორებს. -რა არის, იცი? დღეს თემურას უნდა მივეხმარო, დავპირდი. -მაიცა მაბოლებ, წეღან მაგრა დაგევასა. -პროსტა ვერ ვასწრებ, გაიგე. -არ გინდა რა სიაბანდი ბაზარი პროსტა ნატკას პომტში არ გევასება, ხო ვიცი! -ნატკა რა შუაშია. არ მცალია, კაცს დავპირდი და... -კაროჩე, რას გეტყვი, იცი, თუ ძმაკაცი ხარ, ბარემ პირდაპირ თქვი. -ძმობას გეფიცები, არ მცალია. იმ პონტში კიდე მე ჩემი შეხედულება მაქვს, არ შეიძლება? -მერე არ უნდა თქვა, ძმაო! -გეტყვი, რა პრობლემაა. გეგელას ამბავში კარგად იცი, რაც იყო. -მაგ კაცთან ეგ სუფთა იყო, თითონ ქალმა გამიასნა და გეგელასაც ველაპარაკე. -კი ბატონო, სუხოს ამბავი? -ეგ სულ სუხოს ნაბოზვარი ნაშის დაყრილი ჭორები იყო. არაფერი ყოფილა მაგათ შორის. მე არ ვიცი. ნატკამ გაურჩია საქმე, მარიც იქ ესწრებოდა- ნატკას დაქალი. -ეგ ჩემი საქმე არ არი, ჩვენი ძმობა სხვა პონტია. -ესე იგი, მოდიხარ? -არა, წამოსვლით ვერ წამოვალ. არ გეწყინოს! -შენი საქმისა შენ იცი.”
ქვე ვერსია- სანდროს შემთხვევით გაუვარდა. ბედისწერა… ავი ბედისწერა პიკანტური თემაა. რამაზასგან თავდასხმას იგერიებდა და… ან გოგოს უტიფრობამ გააღიზიანა. რა სისულელეა, მაზოხისტი ვარ. რისთვის ვიწეწავ აჭრილ სულს ბაბუაწვერას ფურცლებივით, რომ მერე ამღვრეულ ქარს გავატანო. ქარი კი ისეთი ცივია, როგორც მაშინ… მაგრამ “მაშინ” აღარ არსებობს. მე დავასამარე. თუმცა მაინც რომ მოძვრება საფლავიდან ჯიუტი ფესვებივით. გველს რომ წააგავს. გველივით უნდა ყელზე შემოგეჭდოს ზიზღით ვიშორებ მის ცივსლიპინა სხეულს. ისევ ღიად დარჩენილი თვალების გამჭოლი კითხვა… დამიჯერეთ, არა, გესმით, არა. ღმერთო, შენ ხომ მაინც უწყი ყველაფერი, მაშ რატომ დუმხარ? ისევ დუმილი, ბლანტწებოვანი… სიგარეტს ვეძებ. რას ვამბობდი? ჰო, ეს ვერსია უფრო ბანალური იქნება. ყველაფერს სჯობია ღიად დავტოვო, უფრო სწორად გაუგებრად.
მოსალოდნელი შედეგი: დაე მკითხველმა იტეხოს თავი. ასე ვთქვათ, პროვოცირება მოვახდინოთ. ლიტერატურაში მინიშნებები უფრო მუშაობს, ვიდრე პირდაპირი ნათქვამი. მრავალწერტილი თავის საქმეს აკეთებს. წერტილის თავის დროზე დასმაც ნიჭია. შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც. რა არ წერო, იმის ცოდნა უფრო სასარგებლოა , ვიდრე იმისა, რა დაწერო. სიგარეტის ბოლით ივსება ოთახი. კვამლში ვიძირები. ისევ ტივტივდება მოუცილებელი მწვანე ფარდა. ჯანიანი სანიტრების მრუმე სილუეტები. წამლის სუნი.შედედებული ბურუსი. ნელ-ნელა იცრიცება. ღმერთო!... ტელეფონით დარეკვა არ ღირს. მაგათი თავი არა მაქვს. მეილზე გავუგზავნი. რეზულტატი: მესამე დღე. იგივე დეკორაცია. ისევ ზარი. ისევ ისეთი სიჯიუტით. ვინ უნდა იყოს? ალბათ ის. მაგრამ რაღა უნდა? აი ხომ ვამბობდი. -მყუდროება ხომ არ დაგირღვიეთ, ბატონო მწერალო? -რას ბრძანებთ, სწორედ რომ თქვენი ზარი აკლდა ჩემს იდილიას. (იცინის). -დაა. ვაფასებ ენამახვილობას. მივიღეთ თქვენი შემონაქმედი. -მერე?- მარტო ამისთვის არ დამირეკავდა. -ნორმალურია. ცოტა კონკრეტიკა აკლია.- მეჩვენება, რომ რაღაც სხვა აქვს სათქმელი, მაგრამ მოიარებით ცდილობს. -რა საჭიროა, დოკუმენტური პროზა ხომ არ არის. -პრინციპში არც უმაგისობაა. რაღა აკლია. ერთ-ერთი პერსონაჟი, (იცი, რომელზეც ვამბობ), უფრო მკვეთრი ჯობდა, ცოტა ბუნდოვანია. მაგრამ ჩვენ ბუნდოვანებაშიც შეგვიძლია რაღაც-რაღაცეების კითხვა. თუმცა შენ იცი შენი საქმისა ჩემო “სანდრო” ბოდიში,სანდრო რა შუაშია, გიგი! აზრზე ხარ, რა მაჯახა მაგ ახვარმა! 2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. " ირონია აუცილებლად, სლენგით შეზავებული. მიზანი: ჯერ ერთი თინეიჯერების გულს მოიგებ და მეორეც, საკუთარ გრამატიკულ შეცდომებს გადააბრალებ" " თუ წყლის ამღვრევას შესძლებ, ფსკერიც უფრო ღრმა მოეჩვენებათ. " "რა არ წერო, იმის ცოდნა უფრო სასარგებლოა , ვიდრე იმისა, რა დაწერო." ვისიაოვნე. " ირონია აუცილებლად, სლენგით შეზავებული. მიზანი: ჯერ ერთი თინეიჯერების გულს მოიგებ და მეორეც, საკუთარ გრამატიკულ შეცდომებს გადააბრალებ" " თუ წყლის ამღვრევას შესძლებ, ფსკერიც უფრო ღრმა მოეჩვენებათ. " "რა არ წერო, იმის ცოდნა უფრო სასარგებლოა , ვიდრე იმისა, რა დაწერო." ვისიაოვნე.
4. მადლობთ რომ კითხულობთ და რომ შეფასებებსაც არ იშურებთ. მადლობთ რომ კითხულობთ და რომ შეფასებებსაც არ იშურებთ.
3. არ ვიცი ეს რატომ გამომრჩენია?...:( მართლაც ძალიან მაგარია... და საერთოდ რამდენი რამეც წავიკითხე ამ ავტორის, ყველა კარგია.... ერთმანეთისგან განსხვავებული სტილით წერს... ძალიან საინტერესო ავტორია... ეს კი მგონი ყველაზე მეტად მომეწონა...555555 სულ რო არაფერი, მთელი რიგი მიზეზებია ჩამოთვლილი...:)) თუ როგორ შეიძლება კარგი პროზის დაწერა...:-* ჩემი დიდი სიმპატიები და პირობა ავტორს...ვიქნები ერთგული მკითხველი...:) არ ვიცი ეს რატომ გამომრჩენია?...:( მართლაც ძალიან მაგარია... და საერთოდ რამდენი რამეც წავიკითხე ამ ავტორის, ყველა კარგია.... ერთმანეთისგან განსხვავებული სტილით წერს... ძალიან საინტერესო ავტორია... ეს კი მგონი ყველაზე მეტად მომეწონა...555555 სულ რო არაფერი, მთელი რიგი მიზეზებია ჩამოთვლილი...:)) თუ როგორ შეიძლება კარგი პროზის დაწერა...:-* ჩემი დიდი სიმპატიები და პირობა ავტორს...ვიქნები ერთგული მკითხველი...:)
2. არც დებს ტავს არაბანალურიაო, სამაგიეროდ კარგად ნაწერია და გაუგებარია მკიტხველი რომ არ ყავს მითუმეტეს კარგად საერთიდაც კარგად წერს ეს კაცი.
არც დებს ტავს არაბანალურიაო, სამაგიეროდ კარგად ნაწერია და გაუგებარია მკიტხველი რომ არ ყავს მითუმეტეს კარგად საერთიდაც კარგად წერს ეს კაცი.
1. ძალიან ბანალური სიუჟეტის "პროექტია", ჩემი აზრით. ძალიან ბანალური სიუჟეტის "პროექტია", ჩემი აზრით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|