ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 ოქტომბერი, 2012


მინაწერები არშიებზე

მინაწერები არშიებზე


  სწორხაზოვნება პრიმიტივთა ერთადერთი ტრაექტორიაა.

იმედი ტანჯვად იქცევა, როცა ნიადაგს სწყდება.

  ოპტიმიზმი ზერელე ადამიანების ფუფუნებას წარმოადგენს.

  უშუალობა უმოკლესი მანძილია ორ სუბიექტს შორის.

ახალგაზრდობა სიბერის ირონიაა.

  თვითკმაყოფილება სიმაძღრეა სულისა.

  პათეტიკა უღიმღამო ადამიანების ფერ-უმარილია.

  შეუვალი თავდაჯერება სიბრიყვის ნიშანია, ისევე როგორც ეჭვი- გონიერებისა.

  ზოგჯერ უსაზღვრო მოთმინება უსუსურობის თავშესაფარია.

  ადამიანი, როგორც წესი, თავისი სისუსტეებით უფროა საინტერესო.

  ფულის სიყვარულის აღიარებას ისევე გაურბიან, როგორც ქალისას.

  მონობა არასოდესაა მისაღები, თუნდაც საკუთარი პრინციპებისა.

  ბედისწერა საუკეთესო გამოგონებაა საკუთარი წარუმატებლობის გადასაბრალებლად.

  ცინიზმი საკუთარ თავში დაეჭვებული კაცის ჯავშანია.

  სიკვდილი- აი ყველაზე დიდი, ფარული იმედი.

  დავიწყება ხსნაა, ხსოვნა- სასჯელი.

  ვინც მრავალმნიშვნელოვნად დუმს, მაინცდამაინც ბრძენი როდია.

  ბრბოსგან განდგომა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მასზე მაღლა დგომას.

  სხვის მიმართ წაყენებულ ბრალდებებში ყველაზე უკეთ ამჟღავნებს თავს ადამიანი.

  მოლოდინები ჩვენს მიმართ იმდენად დამთრგუნველია, რომ ჩვენი მოქმედების მოტივადაც იქცევა ხოლმე.

  ჯუჯა ადამიანები დიდებზე უკეთ ახერხებენ მიწამდე თავის დახრას.

  ბაყაყისთვის ჭაობი არ ყარს.

  მასხარის ჩაჩიც შეიძლება მძიმე გახდეს, თუ მონომახის თავზე აღმოჩნდება.

  წამებულის გვირგვინით სპეკულაცია ყველაზე მსხვილმანი სპეკულაციაა.

ცხოველი მშიერია საშიში, ადამიანი- მაძღარი.

  მეფეთა უბედურების სათავე, ძალაუფლებისა არ იყოს, მათივე გვირგვინია.

  სიკეთესაც შეიძლება მოჰყვეს სავალალო შედეგი, თუ წრეგადასული იქნება.

  აწმყო აბსტრაქციაა- წარსულისა და მომავლის გზათშესაყარი. წარსულში მყოფობა ისევე შეუძლებელია, როგორც მომავალში. არსებობაც შესაბამისად ან ხსოვნაა, ან წარმოსახვა.

  ხაზგასმული თავმდაბლობაც ქედმაღლობის ტოლფასია.

  ცოდნა, რომელსაც ვფლობთ, დასაზღვრულია, ე.ი. კნინი; უმეცრება- უსაზღვრო, ე.ი. სრულყოფილი.

  როგორ პატარავდება დიდი ადამიანი მასთან მიახლოებისას.ფიზიკის კანონი კი სულ სხვას ქადაგებს.

  ბედნიერება ცხოვრებით ტკბობა კი არა, მის (ბედნიერების) მისაღებად მზაობაა.

  კანონი ბორკილია, რომელსაც კანონმდებელი ხალხისათვის სჭედავს, რათა თავად იყოს ხელგახსნილი.

     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები