ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე კივილაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 ნოემბერი, 2012


სახელმწიფო

                                                                                      სახელმწიფო
პირველად იყო სიტყვა... სოციოლინგვისტიკა არის ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს საზოგადოების ერთი რომელიმე, ან ზოგადად, ყველა ასპექტის გავლენას მეტყველების გამოყენებაზე. ამ მხრივ სოციოლინგვისტიკას ბევრი საერთო აქვს პრაგმატიკასთან. უწინარეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ რიტორიკის ერთ-ერთი უმთავრესი დოგმა და საკითხის განხილვა უნდა დავიწყოთ კონცეპტუალური დატვირთვის მქონე სიტყვის გააზრებით. თანამედროვე დეფინიციის თანახმად, სახელმწიფო, ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც განსაკუთრებული აპარატისა და საჯარო ხელისუფლების მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას; უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობას; ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს; სამართალს ანიჭებს საყოველთაო სავალდებულო მნიშვნელობას, რომელიც არის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართლწესრიგის გარანტი. ბუნებრივია, რომ ასეთი დეტალებით დახუნძლული განმარტება არ ჰქონია სიტყვა ,,სახელმწიფო’’-ს, როდესაც იგი პირველად დამკვიდრდა ადამიანის ლექსიკაში. იცვლებოდა ისტორიული რეალიები. ფასეულობათა სისტემა გამუდმებით ტრანსფორმირდებოდა ამა თუ იმ ეპოქაში. ამრიგად, ნელ-ნელა გამოიძერწა ის განმარტება, რომელმაც სიღრმისეულად ასახა სახელმწიფოს დანიშნულება, მიზანი და განვითარების მონახაზი. ჩემი ღრმა რწმენით, ქართულ ენაში სიტყვა ,,სახელმწიფო’’ წარმოაჩენს ხელმწიფის ძალმოსილებას. ხელმწიფეს ხელეწიფება, ანუ სძალუძს კონკრეტული განკარგულებების გაცემა და მათ აღსრულებაზე ზრუნვა. მაშასადამე, სახელმწიფო, თავდაპირველი გაგებით, ნიშნავდა ზემდგომი პირის, ამ შემთხვევაში, მონარქის ძლევამოსილებასა და მის გარშემო შემოკრებილი ხალხის ერთიანობას. მმართველი პირისა და ერის ურთიერთჰარმონიული დამოკიდებულების ნათელი გამოხატულება იყო ქვეყნის ძლიერება.
,,ეროვნება არ აქვს პირუტყვს’’. ადამიანი გონიერი არსებაა. მის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს საკუთარი ფიზიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზება. მაგრამ მიუხედავად ამ მოცემულობის შესრულებისა, თუკი იგი შრომობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაცავად, იღწვის რა – პიროვნული განდიდებისათვის, მის მიერ გაწეული ღვაწლი არ იქნება საყოველთაო. ამრიგად, ჰომო საპიენსის, ანუ მოაზროვნე ადამიანის უმთავრეს სამიზნეს წარმოადგენს საკუთარი საზოგადოების მსახურება. რასაკვირველია, თუკი ის რელიგიურ მსოფლმხედველობაზე აფუძნებს საკუთარი აზროვნების წესს, მის ამოცანებს ემატება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მისია: ღმერთის მსახურება. სანამ უშუალოდ იმ რელიგიურ დოგმათა ჩარჩოების განხილვაზე გადავიდოდეთ, რომლებიც ფართოდ მიმოიხილავენ სახელმწიფოსა და ინდივიდის შესისხლხორცებას ერთმანეთთან, მატერიალისტურ ჭრილში გავიაზროთ მამულიშვილის ვალი. ჩემი აზრით, სახელმწიფო არის ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს განსხვავებული ფუნქციების მქონე ორგანოებს. ამ თვალსაზრისით, ყოველი მოქალაქე არის ამ დიდი, მრავალფეროვანი სისტემის განუყოფელი ნაწილი. მატერიალისტის მიზანი საკუთარი შრომითი მონაპოვრის შეძენა და მისით ტკბობაა. მართალია, რომ თითოეულ ჩვენგანში არის ჩადებული ეგოისტური საწყისი, მაგრამ ცივი გონებით მოაზროვნე, ცივსისხლიანი მატერიალისტისთვისაც კი, მნიშვნელოვანია ის დიდი ოჯახი, რომელიც სახელმწიფოა. მისთვის ეს მხოლოდ გულის ფიცარზე ამოქარგული იდეალისტური წმინდა მცნება კი არ არის, არამედ ეს არის საშუალება იმისათვის, რათა მოახერხოს მეტად რთული ამოცანის შესრულება – დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. ფსიქოლოგები და ფილოსოფოსები თანხმდებიან, რომ ადამიანი არის სოციალური არსება. მაშასადამე, სახელმწიფო გვაძლევს შანსს, რათა ერთი მიზნით გავერთიანდეთ, ვიგემოთ ტკბილი ნაყოფი ჩვენ შორის დამყარებული ურთიერთობებისა და საკუთარი ასპარეზი კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ!
სახელმწიფოს რაობის ნათელსაყოფად, არაერთ ფასეულ განმარტებას გვაძლევს მსოფლიო რელიგიები. მე კონკრეტულად 4 მრწამსს განვიხილავ, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ამა თუ იმ კულტურულ წიაღში აღმოცენებული ერების ისტორიული განვითარების პროცესში. მაგალითად, ანტიკურ რომსა და საბერძნეთში, საზოგადოების შეხედულებები მეტწილად დაფუძნებული იყო იმ მითოპოეტურ მეტაფიზიკურ ცნებებზე, რომლებიც მათ ამცნობდათ, რომ არსებობს მრავალი ღმერთი; თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი მოღვაწეობის სფერო და ამოცანა. თავდაპირველად ხალხი დოგმებს ბრმად მისდევდა. ომში გამაჯრვებას ომის ღმერთის არესის წყალობას მიაწერდნენ. ისეთი დიდების შარავანდედით შემოსილი რომაელი, როგორიც გნეუს პომპეუსი იყო, უხვად სწირავდა ზვარაკს მამა-პაპათა კერპ-ღმერთებს. აგრეთვე ცნობილია, რომ მტრისადმი პატივისცემა ხშირად გამოწვეული იყო ღმერთების გულის მოგების მოტივით. მაგალითად, ისეთი დიდებული მითოლოგიური პერსონაჟი, როგორიც აქილევსი იყო, ცნობდა მიცვალებულის დაკრძალვის წეს-ადათებს. მიუხედავად ნარცისიზმისა, მან ტროას მეფე პრიამოსს გაატანა მისი შვილის, ჰექტორის ცხედარი, რომელიც თავისი დაუძინებელი მტერი იყო. ამით მან ჰექტორის სულს საშუალება მისცა იმქვეყნიურ სამყოფელში განსვენებისა. თუკი გარდაცვლილს თვალებზე არ დაადებდნენ მონეტებს, მენავე ქარონი მას საიქიოში არ მიაცილებდა და ა.შ
მეტად საინტერესოა გერმანიკული მითოლოგია. მაგალითად, ვიკინგები ეთაყვანებოდნენ ომის ღმერთებს. ვალჰალა, ვიკინგთა წარმოდგენით, იყო სამოთხე, რომელშიც მხოლოდ გმირი მეომრები და ღირსეული დედები იმკვიდრებდნენ ადგილს. ამრიგად, ისინი გამუდმებით ცეცხლსა და მახვილს ეძებდნენ, რათა თავიანთი საარაკო სიმამაცით შეეღოთ ვალჰალას კარიბჭე. რა თქმა უნდა, ამ მითების შემთხზველს, მშვენივრად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ის სიბრძნის მარცვლები, რომლებიც ჩადებული იყო ნახევრად ჯადოსნურსა და ნახევრად მართალ ამბებში, უნდა მოხმარებოდა სახელმწიფოს გაძლიერებას. გერმანიკული ტომებისათვის სახელმწიფოებრიობის დასაბამად, სწორედ წარმართული რელიგია იქცა. საერთო ღმერთების პანთეონმა ისინი ერთ მუშტად შეკრა. თემებმა თავი მოიყარეს და იქცნენ სახელმწიფოდ.
ისლამური სახელმწიფოების ძლევამოსილების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად იქცა ის რელიგიური მოცემულობა, რომელიც მათ პოლიგამიას, ანუ მრავალცოლიანობას უქადაგებდა. დემოგრაფიული პოლიტიკა სწორად წარიმართა, რაც გახდა გარანტი იმისა, რომ ისლამის მიმდევრებს აურაცხელი არმიები ჰყავდათ და დღემდე ჰყავთ! გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ მუსულმანთათვის უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს სამშობლოსათვის თავგანწირვა. მუჰამედის ქადაგებების თანახმად, ის ვინც ქვეყნისათვის გაიღებს მსხვერპლად საკუთარ თავს, ზეციურ სასუფეველს დაიმკვიდრებს.
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ყოველი ქრისტიანი ვალდებულია ემსახუროს ღმერთს, სამშობლოსა და მოყვასს. ქრისტიანულმა რელიგიურმა მსოფლმხედველობამ, სახელმწიფოებრიობა შეუნარჩუნა ისეთ რიცხობრივად პატარა ერებს, როგორებიც საქართველო, რუმინეთი, უკრაინა და სხვა ქვეყნები არიან. ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებულმა საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ქვეყნის მართვის ხელოვნებამ აღმართა დედა-ბოძი სახელმწიფოებრიობისა.
ზემოთხსენებული მსჯელობის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რელიგია მუდმივად მნიშვნელოვან ძვრებს ახორციელებდა თითოეულ სახელმწიფოში.
როგორია სახელმწიფო დღეს? მრავალგვარი სოციალურ-პოლიტიკური ფორმაცია არსებობს. საქართველოში, დღეს კაპიტალისტური წყობის დამყარებას ცდილობენ. იმისათვის, რათა ამ ტიპის ეკონომიკურ-პოლიტიკურმა წყობამ ფეხი მოიკიდოს, აუცილებელია, კანონის ზეობა, თავისუფალი ბიზნეს გარემოს შექმნა და კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდა. ჩემი ღრმა რწმენით, კაპიტალიზმი, მართლაც საინტერესო ფილოსოფიური იდეის გამტარებელია, მაგრამ უნდა არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელიც შექმნის წინაპირობას საიმისოდ, რათა კლანური პრინციპით კი არ ხდებოდეს ქვეყნის მართვა-გადანაწილება, არამედ დარეგულირდეს ეს პროცესები და შეიქმნას ბაზისი საშუალო ფენის აღმოსაცენებლად. მე პირადად სოციალიზმსა და კაპიტალიზმს თანაბრად დავნერგავდი ჩვენს ქვეყანაში, რათა ერთი-მეორეს ერთმანეთი დაებალანსებინათ. სამართავი ბერკეტები არ უნდა იყოს მხოლოდ წარჩინებულ პირთა ხელში. სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში მონაწილეობას უნდა ღებულობდეს მთელი ერი.
გლობალიზაციის დიდმა ტალღამ გადაუარა მთელ მსოფლიოს. თითოეული ქვეყნის ვალია შეინარჩუნოს თვითმყოფადობა. ჩემი ღრმა რწმენით, ქართველი ერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იზოლირებული, მაგრამ მან უნდა განსაზღვროს იმ მთავარ პოლიტიკურ ღირებულებათა სისტემა, რომლებიც ჩვენს 3 000 –წლოვანი ისტორიის მქონე ერს იერსახეს გამოუკვეთს. ჩვენ არ უნდა ჩავეშვათ მულტიკულტურულ მორევში!
დაბოლოს... ძლიერი სახელმწიფო არის ის, რომელიც მისი ყოველი შემადგენელი ნაწილის კეთილდღეობაზე ზრუნავს. პატრიოტია ის, ვინც გულზე მჯიღის ცემას ამჯობინებს მუხლჩაუხრელ, კეთილსინდისიერ შრომასა და საკუთარი ღირსების დაცვას! ერთი - მეორის გარეშე ვერ იარსებებს! ქართული სახელმწიფო იწყება ჩვენი გულებიდან, ჩვენი გონებებიდან!














კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები