ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
30 ოქტომბერი, 2012


წითელი მოხელის ვნებანი

წითელი მოხელის ვნებანი


  უცნაური ამბავი დაემართა ერთ მშვენიერ (თუმცა რაღა „მშვენიერ") დღეს ერთერთი რაიონული აღმასკომის ძალიან განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს, გამოცდილ მუშაკსა და პარტიის ერთგულ მოღვაწეს- (ასე იხსენიებდნენ ზევით ოფიციალურ შეკრებებზე) ამხანაგ ბუხუტი ჭიღლაძეს. უბედურება ის იყო,რომ ამ საჯაყ საქმეს ვერც ვინმეს გაუმხელდა და ვერც ვინმეს სთხოვდა დახმარებას. იმიტომ კი არა, რომ ეშინოდა, (ბოლოსდაბოლოს  ვინ შეიტყობდა  მისი ნების  გარეშე), უბრალოდ ავისმომასწავებლად მიაჩნდა, ( თავი რომ დავანებოთ იმას, რომ შეუფერებელი იყო იმგვარი თანამდებობის პირისათვის, თავად რომ ბრძანდებოდა). მართალია აქამდე არც ჯადოსი, არც წინასწარგრძნობის და ამგვარი ცრურწმენების არაფერი სწამდა, მაგრამ მაინც შეშფოთებული იყო. თავდაპირველად იფიქრა, უბრალო აკვიატება არის და მალე გამივლისო, მაგრამ როცა შუაღამის ღრმა ძილის გარდა ხანგრძლივი თათბირების დროს წამიერად ჩათვლემილსაც არ მოეშვა, უკვე სერიოზულად შეშინდა.
  საქმე ის იყო, რომ ამხანაგი ბუხუტი (უკაცრაული პასუხია და) ანტისაბჭოთა სიზმრებს ხედავდა. ეს არაფერი, ამ სიზმრებში თავადაც ხალხის  მტრების მოკავშირედ გამოდიოდა.
პირველად ასეთი სიზმარი ქველიძეების ქორწილში თამადად რომ ბრძანდებოდა,შინ დაბრუნებულს ესიზმრა სავარძელში ჩათვლემილს.
  მაღრანის ტყეში ტყის ძმებს კოცონი გაეჩაღებინათ. ფეხებდაბორკილი  ცხენები საძოვრად გაეშვათ. ნაბადმოსხმული ქაქუცა კუნძზე ჩამომჯდარი ცეცხლის ალს მიშტერებოდა. ვალიკო ჯუღელისგან ინსტრუქცია იგვიანებდა. უცებ სქელი ულვაშები აუთამაშდა და მას მიაპყრო გამჭოლი მზერა: -რაღაც იმერლები ჩვეულ სიმარდეს ვერ იჩენენო და გამომცდელად შეაჩერდა.ბუხუტიმ თავი ჩაქინდრა (ასე სჩვეოდა  ზემდგომთა საყვედურებზე). 
  ცუდ გუნებაზე გამოეღვიძა. ყველაფერი ნასმურევზე გამოყოლილ უჟმურს დააბრალა და ალბათ არც გაახსენდებოდა, ანალოგიური სულისკვეთების (მავნე იდეოლოგიური) სიზმარი რომ არ ზმანებოდა ისევ. ეს სიზმარი ტელევიზორის წინ ჩაძინებულმა ნახა. (პირი ქვისკენ მიქნია) და ვითომ ტროცკისტების ცენტრიდან დაშიფრული ბარათი მიიღო. წერილს ვინმე ლიდია აწერდა ხელს. ცენტრი გვირაბის გათხრას ავალებდა სტამბულამდე. ჭიათურიდან სანდო მაღაროელთა მობილიზაციას სთხოვდნენ. ამავე დროს 12 ტონა სათესლე ლობიოს მოხარშვას ავალებდნენ, რათა მოსავალი არ მიეღოთ. წერილი დახია და სასწრაფოდ გადაყლაპა.
  გამოღვიძებულს პირში უსიამო გემო გამოჰყვა. ტანში გააჟრჟოლა. ერთიპირობა იფიქრა, წყალს მოვუყვებიო, (ეს ხერხი ბებიასგან ჰქონდა გაგონილი). მაგრამ ეს ცრურწმენა მალე ამოიგდო თავიდან.
მესამე სიზმარი გაერთიანებული პარტიული აქტივის შეკრებაზე ნახა, სავარძელში ჩაფლულს ხელი რომ ამოედო ნიკაპის ქვეშ და ჩუმად თვლემდა. ჰელსინგის ჯგუფის რწმუნებული პროკლამაციების გავრცელებას ავალებდა იმერეთის რეგიონში. თან ქაღალდების სქელ დასტას სჩრიდა ხელში. პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ხელმოწერები უნდა შეგვიგროვოო, ამუნათებდა. უნდოდა ეთქვაL: აბა მე რომელი ხალხის მტერი ვარ, პატივცემულოო, მაგრამ პირში ენა ვერ მოიბრუნა. 
  ჩუმად მოავლო აქეთ-იქით თვალი, ვინმემ ხომ არ შეამჩნიაო, (ჩაძინება არა, რასაკვირველია, სიზმარი) და როცა დარწმუნდა, მისთვის არავის სცხელოდა, ცოტა დამშვიდდა, თუმცა დანაშაულის გრძნობა არ სტოვებდა. მართალია, თავად ამ სიზმრებში არაფერს პირდებოდა პარტიის მტრებს, ასე ვთქვათ, ჩათრეული არ იყო, მაგრამ ვის დაუმტკიცებდა, (თუ, რა თქმა უნდა, აქამდე მივიდოდა საქმე), რომ გულში არ უთანაგრძნობდა.
  მალე ეს სიზმრები ყოველდღიურ (უფრო სწორად, ყოველღამიერ) კოშმარად გადაექცა. ხან „თეთრი გიორგის" გამოგზავნილი კაცი მოაკითხავდა ემიგრაციიდან საიმედო მებრძოლთა რაზმის შესადგენად- შენი იმედი გვაქსო, ხან „სამანელები" სთხოვდნენ იარაღის გადამალვას, ხანაც გერმანელი ფაშისტების შემოსვლის ხელშეწყობას ავალებდნენ.
  ეს უკვე აღარ გავდა შემთხვევით მოვლენას. რაღაც უნდა ეღონა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გაბეზრებულმა გადაწყვიტა ფსიქოლოგთან მისულიყო. რაიონში ერთი გაკრEEEეჭილი გოგო ეგულებოდა, ადგილობრივი ინტელიგენტის შვილი. ქალაქში განსწავლული ფსიქოლოგი. ბუხუტის არ მოსწონდა ასეთი აქტიური ახლადგამომცხვარი ჭკუისდამრიგებლები, მაგრამ სხვა არჩევანი არა ჰქონდა. ჯერ მის შესახებ მასალა შეისწავლა და მერე კაბინეტში დაიბარა, ვითომდა მისი საქმიანობის უკეთ წარმართვის მიზნით. მდივანი, რომელსაც აქამდე სულ ცხელი ჩაისა ან ცივი ბორჯომის შემოტანას ავალებდა, გააფრთხილა, ყავა მოგვიდუღეო. (უფრო თანამედროვე რომ გამოჩენილიყო). მთელი თავისი დიპლომატია (თავად ასე მიაჩნდა) გამოიყენა. ილაპარაკეს აქეთურ-იქეთურზე და ბოლოს სიზმრებზე ჩამოუგდო სიტყვა.
  -ჩვენ (ასე მოიხსენიებდა საკუთარ თავს) სწორედ ისეთი ახალგაზრდობა გვჭირია გვერდში, თქვენ რომ ხართ, განათლებულები, თანამედროვეები, დადებითები. ბოდიში მამითხოვია, ერთი თქვენი პროფესია შემახსენეთ!
  -ფსიქოლოგი.
  -ოო,- გააგრძელა ბუხუტიმ. -კარგი საგანია ფსიქოლოგია, დიდებული!.
  -რა თქმა უნდა, თანამედროვე ცხოვრება , მისი ნებისმიერი დარგი წარმოუდგენელია ფსიქოლოგიის გარეშე.- ხალისით დაუკრა კვერი სტუმარმა.
  -და რატომ არ უნდა დავნერგოYთ ეს მოწინავე სიახლე ჩვენს რაიონში?- რიტორიკულად იკითხა ახალგაზრდებზე მზრუნველის ნიღაბმორგებულმა მუშაკმა.
  -იცით, თანამედროვე გამოწვევები მას სოციოლოგიის ხერხემლად განიხილავს.
  ბუხუტიმ,გამოცდილმა დიპლომატმა იფიქრა, ახლა კი დროა ჩემს ძირითად თემაზე გადავიდეო და:
  -უფრო ვარესსაც ვიტყოდი, მე მგონია, ცხადშიც და ძილშიც ფსიქოლოგია ჩვენი დასაყრდენი უნდა იყოს. დიახ, ჩვენ  ასე ვთქვათ, სიზმრების, როგორც ასეთის როლიც გვაინტერესებს.
  ახლადგამომცხვარ ფსიქოლოგს ესიამოვნა საკუთარი პროფესიული ცოდნის გამომჟღავნების საშუალება რომ მიეცა და სიჩქარე აკრიფა.
  -იცით რაშია საქმე, ფსიქოანალიზის მეთოდის მიხედვით, რომლის ავტორიც, მოგეხსენებათ, ფროიდი გახლავთ, სიზმარი ჩვენს არაცნობიერში დალექილი , ანუ შინაგანი ცენზორის მიერ ტაბუირებული შეგრძნებების მატერიალიზების ცდაა , ანუ ლიბიდოს სუბლიმაცია...- კიდევ დიდხანს ილაპარაკა ვიღაც იუნგსა და კოლექტიურ მეხსიერებაზე. რაიაღმასკომის ძალიან განსაკუთრებულ საქმეთა უფროსი დინჯად უკრავდა თავს, აქაოდა, ეს ხომ ცნობილი ამბებიაო. სინამდვილეში ამდენი ტერმინებისა და თეორიების გროვიდან ის დასკვნა გააკეთა, რომ ვიღაც ავსტრიელი გიჟის ნაბჟუტურევით ადამიანს რაღაც ტვინის  კუნჭულში ის ესიზმრებოდა, რაც გულში ედო და ცხადში ვერ გაებედა. მოკლედ, ადამიანურად რომ ვთქვათ, მელას რაც ენატრებოდა, ის ესიზმრებოდაო. ამ დასკვნამ  დამშვიდების ნაცვლად მთლად გადარია. რა გამოდიოდა, პარტიის ერთგული მოღვაწე გულში მავნე ოცნებას ატარებდა სახელმწიფო გადატრიალებაზე. წახდა კაცი, მოსვენება დაკარგა. პარტიულ ბოსებს თვალს ვეღარ უსწორებდა. სულ ეჩვენებოდა, რომ ყველამ რაღაც იცოდა მისი სიზმრების თაობაზე.
  მაშინ იყო, თავში რომ მოუვიდა, ვინმე მღვდლისთვის ხომ არ მიმეკითხაო. იმდროისათვის პარტია რელიგიასთან ურთიერთობას აწესრიგებდა, თავად პარტიული ბოსები ხვდებოდნენ უმაღლეს საეკლესიო პირებს საჯაროდ. არ ვიცი, ღვთის ნებითა , თუ შემთხვევის წყალობით ერთ დღესაც მარჯვე შემთხვევა მიეცა საამისოდ. ახლობლის დაკრძალვაზე, სასაფლაოს რომ ტოვებდა, პატარა ეკლესია შენიშნა, რამდენჯერ ყოფილა აქ და არასოდეს შეუმჩნევია. რაღაც მოიმიზეზა, თავისიანებს ჩამორჩა და გულისფანცქალით გადააბიჯა  სამლოცველოს ზღურბლს.  ბინდდებოდა და ეკლესიაში არავინ ჩანდა.არ იცოდა, რა ექნა.გამობრუნებას აპირებდა რომ ახალგაზრდა მღვდლის  სილუეტი შეამჩნია. მას ხელში სანთელი ეჭირა და მის მკრთალ შუქზე როგორღაც დამაჯერებლად, საიმედოდ გამოიყურებოდა.
  -გამარჯობა, მამაო! ბოდიში, რა საკვირველია.- (არ იცოდა, როგორ მიემართა) რაღაც სხვისი ხმით უთხრა მღვდელს. 
  -ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო!- რაღაც ეხამუშა ამ ახალგაზრდა კაცის შვილობა.
  -რაზე შეწუხებულხართ?
  ბუხუტიმ არ იცოდა, რა ეპასუხა. იმ წუთში რაც გაიფიქრა,  ხომ არ მიცნოო. მაგრამ ბოლოს გადალახა ეს შიში და თქვა:
  -შეიძლება თქვენთან, ასე ვთქვათ, გასაუბრება საჭირბოროტო საკითხებზე?
  -რა საკვირველია, შვილო ჩემო!ეს ჩვენი მოვალეობაა.
  -არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მამაო, მარა...ძალიან მერიდება.
  -ბრძანეთ, შვილო ჩემო, არაფერია დაფარული ღვთისათვის.
  ამ სიტყვებმა ბუხუტი გაათამამა.
  -ისა, დავიტანჯე, ნორმალური ძილი არ მღირსებია დიდიხანია, ჩემო ბატონო.
  -უძილობა გაწუხებთ?
  -პირიქით- ძილი.
  -ეგ როგორ?- ვერ გაიგო მღვდელმა.
  -აი, სიზმრები-თქვა.
  -ღმერთი მოწყალეა, რა სიზმრები, შვილო, ჩემო?
  -არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, უფრო სწორად, ფარსაგი სიზმრები არ მასვენებენ.
  -მაინც როგორი?- ჩაეძია მღვდელი.
  -რა ვიცი, აი, პირი ქვისკენ მიქნია და კრიმინალური, ასე ვთქვათ. უნაირო.
  -სიზმარი ეშმაკისაა, შვილო ჩემო!ნუ მიანიჭებთ ამდენ მნიშვნელობას.
  -კი მარა... რატომ ამეკვიატა ასე, მე ხომ არასდროს მიფიქრია მაგისთანებზე?
  -ყველაფრის მიზეზი ჩვენი ცოდვებია, შვილო ჩემო. ადამიანის გვამი ცოდვების ბუდეა, ყოველი ფიქრი, ჩვენს გონებაში გამკრთალი, კვალს ტოვებს სულში. ჩვენდაუნებურად უამრავ ცოდვას ჩავდივართ ყოველდღიურად ფიქრით , სიტყვითა და საქმით. ევედრე უფალს ცოდვათა შენდობისათვის.
  -კი მარა, რომელი ცოდვებისათვის?
  -ეგ თქვენ უნდა იცოდეთ, უცოდველი არავინაა მზის ქვეშეთში. მხოლოდ მონანულნი დაიმკვიდრებენ სასუფეველს.
  -მაპატიეთ ,მამაო, შეწუხებისათვის... კარგად ბრძანდებოდეთ!- მოჭრა უცებ.
  -მშვიდობა მოგცეთ, შვილო ჩემო!
  არ შემობრუნებულა, უკუსვლით გამოვიდა იქიდან. თითქოს უნდა დამშვიდებულიყო, მაგრამ ეს ეშმაკეული რაღას ნიშნავდა, ვერ გაეგო.რა საქმე უნდა  ჰქონოდათ მასთან (უმწიკლო პარტიულ მუშაკთან) ეშმაკებს.ან ეს „გვამი" და „სასუფეველი" რა მოსატანი იყო?
  ბუხუტის რაღაც ჭკუაში არ დაუჯდა ეს თვალით უხილავი ძალის ნუგეში, როგორ უნდა ეხვეწოს და ევედროს იმას, ვისაც ვერ ხედავს და არც არასოდეს უნახავს. ან თუ ასეთი ყოვლისმხილველი და კეთილია, ხვეწნა რატომ უნდა სჭირდებოდესო.  რამ გამასულელა ამხელა კაცი, ბნელეთის მოციქულებთან რამ მიმიყვანაო. არ სჯობდა ვინმე უფროს პარტიულ ამხანაგთან ეძებნა გამოსავალი. ბევრი ფიქრის შემდეგ რაიონის იდეოლოგიის წარმმართველ დუშიკო, იგივე დიმიტრი ბრეგვაძეზე  შეაჩერა არჩევანი. რაც არ უნდა იყოს, ერთად გაიზარდნენ, ერთად იჭერდნენ ღორჯოებს ბუჯისწყალში. სამსახურში ამაზე ლაპარაკს ვერ გაბედავდა და სახლში მიაკითხა გვიან ღამით.(მაშინ ამგვარი მოხელეები გვიან ღამემდე მუშაობდნენ).
  დუშიკო, იგივე დიმიტრი გაოცებული უყურებდა მის შეწუხებულ სახეს და ცდილობდა გამოეცნო, რაზე უნდა მოსულიყო ასე საგანგებო ვიზიტით და თანაც ასე გვიან.
  -დუშიკო, ჩემიანი რომ ხარ და შინაური, იმიტო გადავწყვიტე შენთან მოსვლა თვარა...- დაიწყო ბუხუტიმ. მასპინძელი მოიღუშა, რაღაც უსიამოს მოსასმენად მოემზადა. ალბათ, რამე სამსახურებრივი ინტრიგის შესახებ უნდა მომიყვესო.
  -მაინც რა მოხდა, შე კაცო, მითხარი.
  -ძალიან რო გამიჭირდა, იმისი არ იყოს...- ენა დაება ბუხუტის.
  -აღარ იტყვი?!- მოთმინების მარაგი შემოელია  დუშიკო, იგივე დიმიტრის.
  -ხოდა იმას ვამბობდი, იმისთანა ხალხს ვნახულობ ყოველდღე,აქამდე რომ ვიჭირავდი.
  -ახლა ვინმეს დაჭერა სარისკოა, ხომ იცი, რა დრო დადგა.აცნობე სათანადო ორგანოებს და იმათ იციან, რავა მე გასწავლო ამხელა გამოცდილების კაცს?- მასპინძელი შეეცადა  სტუმრისათვის შეეხსენებინა, ყველაფრის მიუხედავად მაინც თანამდებობრივი სუბორდინაცია რომ არ უნდა დაევიწყებინა.
  -საქმეც ის არის, რომ ვერც მე დავიჭერ და ვერც ვერავინ.- თავისმართლებაზე გადავიდა ბუხუტი.
  -ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია.- კატეგორიულ ტონს მიმართა დუშიკო, იგივე დიმიტრიმ, -მართლა ეგრე კი არ არის, ზოგზოგებს რომ ჰგონიათ. ბუხუტი ვერ მიხვდა, ეს "ზოგზოგები"  თვითონ იყო, თუ სხვას გულისხმობდა.
  -სინამდვილეში რომ იყოს,კი ბატონო, მარა, რაფრა გინდა, სიზმარში კაცის დაჭერა.- მეტი სინათლის შეტანას შეეცადა მოსული.
  -რაო, ვერ გავიგე, რა სიზმარშიო.
  -მეც რო ვერ გავიგე, იმიტო მოვედი შენთან, ამაგდარ კაცთან.
  -რაღაც არეულად ლაპარაკობ , შე კაცო.-დაეჭვდა მასპინძელი.
  -სულ რო არ გადავირიე, არ გიკვირს? ლაფს ასხამენ ჩემს უმწიკლო ავტორიტეტს. ვიგინდარების ამხანაგად გამხადეს. ღამე დაძინების მეშინია.- გული აუჩუყდა მოსულს.
-შენი ვერაფერი გავიგე, ხან უძილობა მაწუხებს ხან სიზმრებიო. უსიზმრო ძილი კი გამიგია,  მარა უძილო სიზმარი- არა.
  -ჩემს ერთგულებაში, იმისი არ იყოს, ვიცი, ეჭვი არ შეგაქვს, მარა, ჩემ პარტიულ სინდისს რა პასუხი გავცე.
  -აბა რას გეტყვი იცი, ერთი პოლიტრა ძილისწინ და გათავებულია საქმე.- უცბად გადაუწყვიტა პრობლემა დუშიკო, იგივე დიმიტრი ბრეგვაძემ. გულში კი გაიფიქრა: „გაურეკია ამ უბედურს და ეგ არი”. „ეჰ,ჩემი საშველი არ არის.”- გაიფიქრა ბუხუტიმ. გადაწყვიტა, არავისთან სიტყვა აღარ დასცდენოდა ამაზე.
  ამასობაში ეს ამდენი წვალებით აწყობილი, დალაგებული ქვეყანაც აირია. ქუჩებში წვეროსანი ახალგაზრდები (გაუგებარი სახელწოდებით- არაფორმალები) მომრავლდნენ. საჯაროობასა და ადამიანის უფლებებზე დაიწყეს ხმამაღლა საუბარი. მიტინგებიც ქუჩის ყოველდღიურ ანტურაჟად იქცა. ბუხუტისთანებს უკვე ამრეზით უყურებდნენ. ის კი არა, საერთოდ უსაქმოდ დარჩნენ. მანაც იდროვა და დამსახურებულ (ეს სიტყვის მასალად) პენსიაზე გავიდა. რაიონული თათბირები, უფროსი ამხანაგების (რომლებიც სულაც არ იყვნენ ამხანაგები) კუშტი გამოხედვები, მაგიდაზე თითის კაკუნი, ქვეშევრდომთა ქლესური თვალებში შეციცინებანი წარსულს ჩაბარდა. ახლა მთელ დროს ნახევრადთვლემაში ატარებდა ტელევიზორის წინ ამოჩემებულ სავარძელში. 
ერთ ასეთ თვლემის პროცესში ეზმანა, (თუ ტელევიზორში გადმოსცეს , ვერ გაარკვია), რომ საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. აქ უკვე დაიბნა ბუხუტი. მალე მოეჩვენა, რომ ყველას მის გარშემო ზუსტად იგივე კოლექტიური სიზმარი დასიზმრებოდა.იქნებ აქამდეც ასე იყო და მე ვერ ვხვდებოდიო- ფიქრობდა. ალბათ, ისინიც მალავდნენ ჩემსავითო. ან რატომ უნდა ჰქონოდა მაინცდამაინც მას ვინმესგან განსხვავებული სიზმრები, მაშინ, როცა ცხოვრების წესი ერთი ჰქონდათ. გონებაში ამოუტივტივდა ოდესღაც გაკრეჭილი გოგოს ნათქვამი რაღაც „კოლექტიური მეხსიერების" თაობაზე. ამ აზრმა სინდისის ქენჯნა მიუყუჩა. ეჭვი გაუჩნდა, რომ რასაც ცხოვრებას ეძახდა აქამდე, სიზმარი სწორედაც ის იყო.ანდა უფრო კარგი- სიზმარ-ცხადი ერთიან ზღვარწაშლილ სივრცედ ქცეულიყო. თავად კი ამ სივრცეში დალივლივებდა.
  ყოფილი წითელი ჩინოვნიკის ვნებები სიზმარ-ცხადის ირეალურ სანახებში განქარდა.

              2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს