ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: დრამატურგია
20 ნოემბერი, 2012


სხვისი სიკვდილის მიმთვისებელი

სხვისი სიკვდილის მიმთვისებელი
    რადიოპიესა

პერსონაჟები:
კახა- ოცდარვა წლის მამაკაცი
ანი- მისი ცოლი
ბანკის თანამშრომელი
ტელეწამყვანი



  ჟღერს ფსევდოდრამატული მელოდია,ირონიული ინტონაციებით.
  ანი: (ღიღინებს) სული  საზღვარს გადასცილდა ფრენით
                ახლაც მახსოვს მისამართი შენი.(კარის დახურვის ხმა)  შენ უკვე დაბრუნდი?
  კახა: როგორც ხედავ.
  ანი: ასე ადრე არ გელოდი, ხომ არ გვესადილა? 
კახა: რა მესადილება, დანა პირს არ მიხსნის.
  ანი: რა გითხრეს ასეთი იმ პოლიციის განყოფილებაში?
კახა: გულზე ვარ გასიებული.
  ანი: მაინც?
  კახა: ორ კვირაში  გამოიარეთო. მაცდის ეხლა მე ის პარტნიორი ორ კვირას?
  ანი: რატომ ორ კვირაში?
  კახა: იქნებ გამოჩნდესო- ასეთი წესი ყოფილა თურმე. ზის ვიღაც გაპრანჭული  ტიპშა, თავს მაღლა არ სწევს, რომ გაგრძნობინოს, როგორი მაგარია.  მომიგდო ანკეტა-შეავსეო. ვავსებ: კახაბერ ოთარის-ძე ჩიხლაძე, 28წლის, მცხოვრები აქა-და-აქ. მერე მოდის გრაფა - “პირადობის მოწმობის ნომერი”. ჩავაბარე. უყურებს- ეს გრაფა რატომ არ შეავსეო? როგორ შევავსებდი, როცა მოწმობა დავკარგე-მეთქი, აზრზე არ არის ანკეტას რისთვის მავსებინებს. სად დაკარგეო-მეკითხება. ეგ რომ  ვიცოდე, აქ ხომ არ მოვიდოდი-მეთქი. ასე არ გამოვა, უნდა მოიტანოთ რაიმე საბუთი საქართველოს მოქალაქეობას მაინც რო აგრძელებთო. საიდან-მეთქი? და რას მეუბნება: ჩვენ ვალდებულები არა ვართ, სემინარები ჩავუტაროთ მოქალაქეებსო.
  ანი: დეგენერატი!ისე სიმპატიური თუ იყო?
  კახა: მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ამგვარი დეგენერატების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით.
  ანი: აბა, რა უნდა ქნა?
  კახა: არ ვიცი, ეტყობა, თუ არსებობის დამადასტურებელი საბუთი არა გაქვს, არსებობასაც ვერ დაამტკიცებ. თუ სადმე დოკუმენტურად არ დაფიქსირდი, ტყუილად გგონია, სიცოცხლის უფლება გქონდეს. ჩვენ ხო საბუთების დამატება ვართ მარტო. მომიწევს ალბათ, სხვა განზომილებაში გადაბარგება.
  ანი: (მოჩვენებითი სიანჩხლით) ისე, რა ბოთე ხარ, სად უნდა დაგეკარგა?
  კახა: ეხლა შენც დამიწყე. მე რა ვიცი, აზრზე არა ვარ. გუშინ ბანკში რომ შევედი,ტელეფონის დავალიანების გადასახდელად, ჩავიყავი ჯიბეში ხელი და სად არის.
  ანი: იქნებ “მარშუტკაში” ამოგაცალეს?
  კახა: არ არსებობს, კარმანჩიკობა მოკვდა.
  ანი: შეიძლება იპოვოს ვინმე ღვთისნიერმა და მისამართზე მოგვიტანოს.
  კახა: მაგისი ბედი ვინ მომცა.
  ანი: ტელევიზორში რომ გამოგვეცხადებინა, მპოვნელი დასაჩუქრდება!
  კახა: ეხლა საჩუქარი მაყიდინე კიდე.
  ანი: ნუ იცი შენ ეგრე წყლის გადაწურვა. რაღაც საშველი იქნება. მაცალე. (ტელევიზორს რთავს).
  კახა:  აუწიე ერთი, გავიგოთ რა ხდება.
  ტელევიზორის წამყვანი: გუშინ დღის 3საათზე თბილისის ზღვის მიდამოებში ნაპოვნია ახალგაზრდა მამაკაცის გვამი. სხეულზე ძალადობის  კვალი არ აღენიშნება. დათვალიერების შედეგად  ჯიბეზე აღმოაჩნდა პირადობის მოწმობა, რომლის მიხედვითაც კახაბერ ჩიხლაძედ ფიქსირდება. გვამი გადასვენებულია პროზექტურაში.
  კახა: (შეშფოთებული) ანი, გესმის?!
  ანი: ესე იგი ვიპოვეთ?
  კახა: რა ვიპოვეთ...ეხლა ჩემი თავი მყავს მოსაძებნი პროზექტურაში.
  ანი: კაი, რა დროს ხუმრობაა. ალბათ, ეს ის ქურდია, მოწმობა რომ ამოგაცალა მარშუტკაში.
კახა: შენ უკვე გადაწყვიტე, რომ მომპარეს? სხვათა შორის, ქურდები პასპორტებს არ ინახავენ, მინდა გითხრათ.
ანი: მაშინ ის ღვთისნიერი კაცია, შენი მოწმობა რომ იპოვა და ჩვენთან მოქონდა, საწყალი!
  კახა: მერე ზღვაზე რა უნდოდა?
 
ანი: ალბათ შეიარა გასაგრილებლად.
  კახა: მაგრა გაგრილებულა. კაი რაა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. ეს რა თარსი კვირაა. ჯერ იყო და  ჯინსები დამეკარგა, მერე ის როლინგი... …
ანი:კახა, მოიცა. შეამჩნიე, რა ეცვა?
  კახა: არა.
  ანი: ჯინსებიც და როლინგიც შენნაირი ეცვა, თითქოს.
  კახა: ეხლა არ გამაგიჟო, შენ არ მითხარი, როლინგი ქარმა მომტაცაო.
  ანი: (დაბნეული) ხოო, გასაშრობად რომ დავკიდე აივანზე, იქ აღარ დამხვდა.
  კახა: ეს რა პონტი იჩითება!
  ანი: კახა, შენი ორეული ხომ არ იქნებოდა?
  კახა: კაი რა, გჯერა შენ ეს სისულელეები?
  ანი: მართლა გეუბნები, თავისი ორეული ყველას ყავს. დედას გეფიცები, ტელევიზორში ვუყურე. მათ შორის მაგიური კავშირი არსებობს თურმე.
  კახა: მერე?
  ანი: ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი, ოღონდ მისტიური კავშირით. ეს კავშირი…
  კახა: ოოო, დაიწყე რა....
  ანი: იცი რა ვიფიქრე, იქნებ ეს ის შემთხვევაა, როცა სული სხეულს ტოვებს, და გადის ტრანსში ხოლო სხეული კი გარეგნულად აგრძელებს მოძრაობას.
  კახა: რა?
  ანი: არ გახსოვს სერიალი როა “სხვისი სულით”. ისეც ხდება, როცა სხეული მიდის ამ ქვეყნიდან, სული კი ერთხანს ოჯახში რჩება. ოჯახის წევრებს სხვადასხვა მინიშნებებით აგრძნობინებს თავის იქ ყოფნას. ხანაც რაღაც გაურკვეველი ხმები ესმით.
  კახა: (შემცბარი) რა სისულელეა, მაგ სერიალებით ხარ გამოსერიალებული.
  ანი: არა, უბრალოდ გამახსენდა.
  კახა: არ იცი, რა უნდა თქვა. ისედაც ვერა ვარ კარგად. თავი პროზექტურაში მგონია.ვაიმე დედა!
  ანი: მართლა, რაღაც ფერი არ მომწონს შენი, ხომ არ დაწვებოდი? 
კახა: შემეშვი, რა!
  ანი: თუ გინდა, ვალიდოლს მოგიტან.
  კახა: არ მინდა, ცოტა ხანს წამოვწვები.
  ანი: შენც კიდე, რას ნერვიულობ იმ გაქექილ ჯინსებზე, როლინგიც არ მოგწონდა, როგორც მახსოვს. რაღაც დამთხვევაა რა.
  კახა: ასეთი რამეები შემთხვევით არ ხდება. ამ ბოლო დროს სიზმრებში სულ რაღაც გვირაბი მესიზმრება. მივდივარ, მივდივარ და არ მთავრდება. იქით რაღაც მინდორია საოცარი სილამაზისა.
  ანი: (არ აცლის) თეთრ სამოსში გამოწყობილი ადამიანებიც ხომ არ არიან?
  კახა: (დაეჭვებული) შენ საიდან იცი?
  ანი: (დაბნეული) არა... მე რა ვიცი... ისე...
  კახა: აზრზე ხარ, ვიღაც კვდება შენი სახელით, ესე იგი, სიკვდილს გართმევს. ან იქნებ შენ ცხოვრობ იმისი სიცოცხლის ხარჯზე. რამდენი რამაა ისეთი რის აზრზეც არა ვართ. ან შეიძლება უკვე გარდავიცვალე კიდეც და ახლა  ილუზორულ სამყაროში ვარ ჩარჩენილი. კაცმა არ იცის რა არის ნამდვილი და რა მოჩვენებითი.
  ანი: კაი რა კახა, ნუ მაშინებ!
  კახა: ხელები მიცივდება, ნახე!  ჭირის ოფლი მასხამს.
ანი: სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო?
  კახა: არა, რა საჭიროა, განგებას წინ ვერ აღვუდგები.
  ანი: ისა... იქნებ მღვდელი...
  კახა: ვშიშობ, რომ უკვე გვიანაა.
ანი ტირის
  კახა: ნუ ტირიხარ. რომ იცოდე, აქ ისე კარგია, მსუბუქი; ყველაფერი მარტივია და უბრალო. მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კინოკადრებივით თვალწინ ჩამიარა. რა უაზროდ მიცხოვრია! მაინც რა ძნელი ყოფილა მაქაურობასთან გამოთხოვება.
ანი: ხომ ილოცებ ,,მაქედან’’ ჩემი სულისათვის?
  კახა: სადღაც წამიკითხავს, ადამიანი თავის დაკარგულ სულს რომ დაეძებს, საშინელი ტანჯვა ყოფილა თურმე. მოიტანე სანთელი.
  ანი: სანთელი რად გინდა?
  კახა: მოიტანე, თავთან დამინთე, იქნებ ჩემს გზააბნეულ სულს გზა გაუკვლიო. ვინ იცის, რასაც ჩვენ სიკვდილს ვეძახით სინამდვილეში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. ამიტომაა, იქიდან დაბრუნებული, რომ არავის უნახავს.
  ანი: არ გინდა რა ეგეთი ლაპარაკი!
  კახა: უბრალოდ აქ დარჩენილებთან  განშორება ჭირს. მაგრამ ოდესმე ხომ ყველა ერთად ვიქნებით.
  ანი: კაი რა, კახ! (ტირის)
  კახა: (ირთვება სამგლოვიარო მელოდია) რამდენი რამ ვერ მოვასწარი, ვერ განვიცადე. როგორ გიბრაზდებოდი რაღაც წვრილმანებზე. მაპატიე ბაჭი, ვიცი არ ვიმსახურებ, მაგრამ ორი წელი მაინც ნუ გათხოვდები... (ხმა ებზარება.)
  ანი: (ზლუქუნით) ორი წელი რა არის, სამი მაინც გეთქვა.
  კახა: არ მინდა ბოლომდე უნუგეშო ქვრივად დარჩე!
  ანი: რა კეთილი ხარ, რაც უნდა მოხდეს, იცოდე ყოველთვის მემახსოვრები!
  კახა: თურმე ასეთ დროს ხვდება ადამიანი ბევრ რამეს. სიკვდილის სიახლოვე სულ სხვანაირად გააზრებინებს ყველაფერს. რა ამაოდ მოჩანს აქედან თქვენი მიწიერი ფუსფუსი.
  ანი: არ წახვიდე, კახ, არ დამტოვო! იცოდე, მე შენ მარტო არ გაგიშვებ!
  კახა: შენ საჭირო ხარ აქ, კერა არ უნდა გააციო. მე სულ შენთან ვიქნები.  (ირთვება სევდიანი მელოდია). იცოდე, მზეში გათანგულს სახეზე
ნიავი რო მოგელამუნება ნაზად, ის მე ვიქნები. , , მინდორში ნამიანი ბალახი შენს კანჭებს რომ შეეხება, ისიც მე ვიქნები. მე ყოველთვის მჯეროდა შენი. არ დამიმალო, თუ რამ გქონია ჩემგან დაფარული... ხინჯად ნუ გამატან, არ მინდა, მოტყუებული ქმარი ვიყო.
  ანი: არასოდეს კახ, გეფიცები. ფიქრშიაც კი... მხოლოდ ერთხელ, ისიც შემთხვევით...
  კახა: რა მოხდა?!
  ანი: ისეთი არაფერი, მრცხვენია ამაზე.
  კახა: მითხარი, გთხოვ!
  ანი: ერთხელ ზაფხულში აგარაკზე რომ ვიყავით, ბარაბაძეებთან...
  კახა: მერე?
  ანი: ღამით…  შენ და თამაზი ხეივანში რომ სვამდით...
  კახა: მერე რა მოხდა?
  ანი: სავარძელში  ჩამეძინა და სიზმარში ბრედ პიტთან…
  კახა: თქვი!
  ანი: ბრედ პიტთან  ვცეკვავდი ჰოლივუდის რომელიღაც ფეშენ ბარში. მაგრამ გეფიცები, სხვა არაფერი მომხდარა.
  კახა: ნომერშიც ხომ არ აყევი, მართალი მითხარი?
  ანი: რას ამბობ... გეფიცები,  იმის მერე მაგის სიფათს რომ მოვკრავ თვალს, მაშინვე გადავრთავ ხოლმე, დანახვაც არ მინდა.
  კახა: მოდი ჩემთან, მოდი აქ!
  ანი: (ვნებიანად) თუ შენ ასე გსურს...
  კახა: რას შვრები,გაგიჟდი? რადროს ეგ არი! მოდი, ჩამოჯექი ჩემს სასთუმალთან.
  ანი: მეგონა... გამოთხოვება გინდოდა ჩემთან. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, შენი სული მშვიდად რომ იყოს ,,მანდ’’. 
  კახა: ზაფხულში ზღვაზე, ბულვარში რომ სურათი გადავიღე, ის გაადიდებინე.
  ანი: (გამოცოცხლდება) კარგი რა, ის რას ჰგავს, ორიგინალურია, მაგრამ ძალიან არასოლიდურად გამოიყურები, უფრო კაბინეტური სჯობია, აი ის, ოფისში რომ ზიხარ მაგიდასთან.
  კახა: ის ძალიან ასაკოვანს მაჩენს, უფრო ახალგაზრდული მოძებნე. ვინმეს ხომ უნდა აუჩუყდეს გული.
  ანი: კაი, ვნახავ რამეს.
  კახა: შენი ყავისფერი კაბა ჩაიცვი, მე რომ მომწონდა.
  ანი: კაი რა, ეგ რა ჩასაცმელია,გოიმს მაჩენს, ახალს შევუკვეთავ, უფრო შესაფერისს. ხალხი ხომ არ უნდა ვალაპარაკოთ. 
ზარი კარებზე.
  ანი: მოიცა, გავაღებ.
  კახა: დიდხანს არ დამტოვო.
  ანი: ეხლავე, რა დაგემართა!
კარს აღებს.
  ანი: ვინ გნებავთ?
  უცნობი: უკაცრავად, კახა ჩიხლაძე აქ ცხოვრობს?
  ანი: დიახ... უფრო სწორად ცხოვრობდა. სამწუხაროდ ის საერთოდ აღარ ცხოვრობს.
უცნობი: კი მაგრამ, კარზე რომ წერია?
  ანი: ახლა ამ წარწერას ისეთივე აზრი  აქვს, როგორც საფლავის ქვაზე.
  უცნობი:  რა საწყენია რომ ვერ მოვუსწარი. ხომ ვერ მეტყვით, როგორ შეიძლება მისი ნახვა?
  ანი:აზრი არა აქვს. .
  უცნობი: იცით, მე ბანკში ვმუშაობ
  ანი: რა მნიშვნელობა აქვს ფული ამ შემთხვევაში უძლურია.
  უცნობი: თქვენ ვერ გამიგეთ. ლაპარაკია ელემენტარულ რამეზე, თუმცა შესაძლოა მას უსიამოვნო შედეგიც მოჰყვეს.
  ანი: იტყვით, თუ არა ბოლოსდაბოლოს?
  უცნობი:  გუშინ ერთმა კლიენტმა ნაპოვნი პირადობის მოწმობა გადმომცა, იქნებ პატრონმა მოაკითხოსო.  საღამომდე ველოდი მერე პოლიციაში მინდოდა ჩაბარება.
  ანი: (აწყვეტინებს) არ მესმის, ჩვენ რა კავშირში ვართ თქვენს სამსახურებრივ საქმიანობასთან.
  უცნობი: როცა მისამართს  დავხედე, გადავიფიქრე. მეც ხომ აქვე ვცხოვრობ- მეზობელ სადარბაზოში. ვიფიქრე ვინ იცის,  როგორ სჭირდება-მეთქი.
  ანი: სამწუხაროდ დაგაგვიანდათ.
  უცნობი: იქნებ მაინც დაგეტოვებინათ.
  ანი: (დაბნეული) კი ბატონო, დავიტოვებ. თქვენ თუ ასე გნებავთ.
  უცნობი: მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ!
  ანი: რა შეწუხებაა. შემოიარეთ ხოლმე. (კარს კეტავს). რა დაბნეული ვიღაც იყო.გადაგრევენ ადამიანს უაზრო კითხვებით. (ხმამაღლა) კახა, შენი პირადობის მოწმობა მოიტანეს, ნახავ?
  კახა: რა მოწმობა, მაგის დროა  ეხლა?
  ანი: რა ვიცი, უხერხული არ იყოს, შეწუხდა ის კაცი და.
  კახა: მაჩვენე ერთი, რა არის. (პაუზა, ამთქნარებს, სანთელს აქრობს).  ისე, რა სისულელეებს არ იტყვის კაცი ხანდახან. შენა და, საჭმელი რა გვაქვს?!
მხიარული მელოდია ჯერ ძლიერდება შემდეგ იკარგება.


                      დასასრული



                 












კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები