ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2012


საბრალო ბეღურას ბარტყი

საბრალო ბეღურას ბარტყი


როგორღაც მოწყენილი შენობის სევდიანი დერეფანი. დერეფნის ბოლოს დამტვრეული მერხები და მაგიდებია მიყრილი. ამ უწესრიგო გროვის წინ პატარა ბიჭი ჩაცუცქულა დამნაშავის დაძაბული გამომეტყველებით. ირგვლივ მიმოიხედავს და ფეხსაცმლის ყუთს გამოაცურებს. დახვრეტილ სახურავს ახდის და მარჯვენათი გამხმარი პურის ნამცეცებს ყრის.
პატიკო: ჩიტო, ჩიტო ჭამე, ჭამე! დედა გენატრება? ცოტა მოიცადე, გაიზრდები, ფრენას ისწავლი და გაგიშვებ. ხო, ჩიტო? ჭამე! (ჩურჩულებს).
დერეფანში მეორე ბიჭი გამოჩნდება, აქოშინებული, სხვისთვის გასახარი, უჩვეულო ამბავი რომ იცის, ისეთი გამომეტყველებით. ხმაურზე პატიკო ყუთს სახურავს ახურავს და მალავს.
ბიჭი: სადა ხარ, ბიჭო?, ჩქარა წამო, დედაშენი მოვიდა!
პატიკო: (უჟმურად) დედაჩემი არა!
ბიჭი: მართლა მოვიდა, დედას გეფიცები, კარებთან გელოდება!
პატიკო: კაი, ვიცი რა!
მძიმედ, ფეხათრევით ჩადის კიბეზე. კიბეებს ჩაათავებს და თავდახრილი, მდუმარედ უახლოვდება დაუდევრად ჩაცმულ ქალს.
დედა: ბიჭო პაატა, როგორა ხარ? არ უნდა აკოცო დედას?
ბიჭი ეგრე უჩუმრად აგრძელებს გზას, ბაღის ბოლოსაკენ, ქალიც უნდილად, ფეხაჩქარებით მისდევს, ბიჭი ბაღის ბოლოს, მაგიდასთან  ჩერდება.
დედა: აქ სად მომიყვანე ბიჭო? იქ ვერ ვიყავი?
პატიკო: (კუშტად) აქ ჯობია.
დედა: თუ გესირცხვილება დედაშენის გამოჩენა? ჰა, მამაილა... როგორა ხარ, ბიჭო, რას შვრები?
პატიკო: რა ვიცი.
დედა: სწავლით როგორა სწავლობ, ხო იღებ კარგ ნიშნებს, თუ ზარმაცობ?
პატიკო: რა ვიცი.
დედა: ხმა ამოიღე, ბიჭო, რა კლიტე დაიდე პირზე! ჰა, გაბრაზებული ხომ არა ხარ ჩემზე, ამდენ ხანს რომ არ მოგაკითხე?
პატიკო: არა, რა გაბრაზებული...
დედა: აჰა, ქადა, ხო გიყვარს, გამომართვი, დაიჭი! არა გშია?
პატიკო: არა.
დედა: რა ვქნა,
შვილო, მეც ოფსილა აღარა მაქვს. თუ სახლში, თუ გარეთ. ჯერ ხაზეიკის ვალები, დღე ერთია და ორჯერ გვაფრთხილებს - გაგყრით, თუ ქირა დამიგვიანეთო! მერე მარტო იმ კაცს რამდენი უნდა. გათენდება და, ვერ ისვენებს, აბა სად რა ჩახეთქოს, იმაზე ფიქრობს. გავა სახლიდან, დაიკარგება, მოვა საღამოთი გალეშილი. მიზეზს ეძებს. ნეტაი ისე დაიკარგოს, რო... არა, შენ კი ძაან პატივსა გცემს, სულ გახსენებს ხოლმე. ერთი იმ ბიჭს პატივი ვერ ვეცითო. ელოც სულ გკითხულობს. იმ დღეს შენი გაქუცული კურდღელი ენახა სადღაც და „პატა, პატაო” სუ გულში იხუტებდა. შენ არ გენატრება? მეც ორი კაპიკი ვერ მოვაქუჩე, რო წაგიყვანო, ხო წამოხვალ?
პატიკო: არ მინდა.
დედა: რათა ბიჭო, შენც მამაშენივით უჯიგრო ხარ, არ გამოჩენილა კიდე?
პატიკო: არა.
დედა: იმას შვილი სად ახსოვს, სუ იმ ქვეყნის ნათრევს გადაჰყვა. იმიტომაა, თავზე რომ აზის, როგორც ლაპარაკობენ.
ბიჭი უნდილად ილუკმება. სადღაც შორს გაიცქირება. ვერ გაიგებთ, უსმენს თუ არა. დარჩენილ ქადას ჩუმად იდებს ჯიბეში.
დედა: რატო არ ამთავრებ, ბიჭო?
პატიკო: ჩიორას უნდა ვაჭამო.
დედა: ჩიორა ვინღაა?
პატიკო: ბარტყი.
დედა: სად იპოვე ბარტყი, ბიჭო?
პატიკო: კნაჭომ გამიცვალა შურდულის ტარში.
დედა: აბა უყურე, რაში გჭირდება ეგ ჩიტი, ჰა? ყველა შენ როგორ უნდა გატყუებდეს, შე ბოთე, შენა?! ისე კაი ძმაკაცები ხო გყავს?
პატიკო: კი, რა ვიცი.
დედა: უხეირო ბიჭებს არ აჰყვე, თავი არავის დააჩაგვრინო, გაიგე?
ბიჭი უგემურად იღიმება. ერთი სული აქვს, როდის დაამთავრებს ეს ქალი მის დამოძღვრას.
დედა: საჭმელს ხო კარგად გაჭმევენ, თუ ყველაფერი სახში მიაქვთ მაგ ღორებს? ერთი თუ თავი მოვიგიჟიანე, ისეთ დღეში ჩავყრი, იქნება...
პატიკო: თავი დაანებე, რა გინდა?
დედა: ისა, რო ეგენი სუ თავის მუცელზე ფიქრობენ, რაც მაგათ დახმარებებს აძლევენ. მუქთადა აქვთ ყველაფერი. თან თქვენს ხარჯზე ცხოვრობენ, თან კაი ხალხის სახელიცა აქვთ. მე კიდე, დილაცისმარე გარეთა ვგდივარ. კაი ადგილს ხო ძაღლები არ გაგაკარებენ. ფული უნდათ. ხალხიც გამაიმუნდა, არც ბავშვს უყურებენ, არც დიდს. ხან ღილებს გიყრიან, ხან გახეულ ფულს, ეგეც ხო ზარალია. ეს კენჭები თუ რაღაცა უფრო ხშირად მახსენებს თავს. ასე გამიხდა საქმე, ხან ციგნის ნატაშას ვატან ხოლმე ელოს, ხუთ ლარს მაძლევს დღეში. მა რა ვქნა? ეხ, ჭირიც მომჭამოს, რაც მალე მოვრჩები  ამ გაძაღლებულ ცხოვრებას, უკეთესი. გულიც არაფერზე დამწყდება.
პატიკო: ის კიდე გეჩხუბება? (მუშტებს ნერვიულად კუმშავს).
დედა: ნეტა იმის ჩხუბს ვინ უგდებს ყურს. მოვიხვევ ხოლმე თავშალს თავზე და იმისი ჯანი. რაც უნდა მომხვდეს... ხო იცი, რა ძაღლის სისხლისა ვარ. შენ ეგრე დიდგულა ნუ ხარ მამასავით.
პატიკო: იცოდე, რო გავიზრდები (ხმა ებზარება) არ ვაპატიებ!
ბიჭი მობრუნდება და გარბის. ჯერ ნელა, მერე აჩქარებით და ჯიუტად. დედა რაღაცას დაადევნებს. ბიჭი არ იხედება. არბის კიბეებზე. გაივლის პირქუშ დერეფანს. დამტვრეული მერხების ქვევიდან ფეხსაცმელების ყუთს გამოაძვრენს და... ფეხის გამეტებული, მკვეთრი მოძრაობა. ბარტყის უმწეო, საწყალობელი ჭყივილი დერეფნის კედლებს შეემსხვრევა.
სიჩუმე.
    2004












                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები