ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

სომნოლენცია

იყო შეგრძნებები შენთან შეხებისას,
რომელთაც სახელი არ ჰქონდათ
და რომც ჰქონოდათ, არ გამახსენდებოდა!

სახლი,რომლიდან გამოსვლისას სულ არ გაღელვებს
უკან რა გრჩება , დასარჩენი არც არის რამე.
ფრთხილმა კადრებმა ჩაირბინეს ქუჩა დაღლამდე,
როგორც სველ მინდორს დასერავდა ცხენების რემა;
და წლები,რომლის მეოთხედიც უქმად დახარჯე
და გზები ,რომლის ნახევარიც არასდროს შეგხვდა -
შენ შეგიძლია შეადარო რამე უბრალოს,
რამე ბუნებრივს, სველ თითებს, ან ქარების ცეკვას.

ვერაფერს იტყვი ამ სევდიან შემოდგომისპირს
ისეთს, რომ ქარი არ იყოს , ან ფოთოლთა ცვენა,
ისეთს, რომ გამვლელს დაავიწყდეს თბილ სახლში პურის
ატანა,რამე გაუხარდეს,მოჰგვაროს შვება,
როგორც ტკბილი დღის დასასრული და როგორც მშრალი
სიტყვების - რომლის მესამედიც არ იყო შენთან.

ვერაფერს იზამ ისეთ თბილს და ისეთ უწყინარს:
როგორიც ბავშვის ღიმილია პირველთოვლობას,
როგორც ტუჩებთან შეწყვეტილი მიყვარხარაა,
როგორიცაა დარდიანი,რძისფერი თვლემა,
და არ ყოფილხარ ღმერთთან მაღლა და არ გინახავს
და არ გინახავს ღმერთიც თითქმის არასდროს შენთან.

წლები კი, რომლის მეოთხედიც უქმად დახარჯე
გზები კი, რომლის ნახევარიც არასდროს შეგხვდა
შენ შეგიძლია შეადარო რამე უბრალოს,
რამე ბუნებრივს, სველ თითებს ან ქარების ცეკვას.
ფრთხილმა კადრებმა ჩაირბინეს ქუჩა დაღლამდე,
როგორც, სველ მინდორს დასერავდა ცხენების რემა;
სახლში, რომლიდან გამოსვლისას სულ არ გაღელვებს
უკან რა გრჩება, და ფაქტია,რომ გული გრჩება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები