ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელნისფერი
ჟანრი: პროზა
19 დეკემბერი, 2012


ლილი ისევ ბავშვია.

...დარამ დარამ დამ დამ...
– რას შვრება?
– ვერ ხედავ? ცეკვავს და ბოდიშებს იხდის.
– რისთვის?
– რა ვიცი, ფეხს აბიჯებს ალბათ ანიტას.
– აჰჰ, ისევ ანიტა.
– ჰო, არადა ერთ ისეთ კარგ გოგოს უყვარს, კარგი ოჯახის შვილია, ლამაზია. მაგრამ რად გინდა?!
  ოთახი იყო მკრთალი შუქით განათებული, მოყავისფრო კედლებზე მუქ ფერებში შესრულებული ნახატები ეკიდა. ბარის მაგიდასთან მოვლილი ქალები ისხდნენ.
  მალე ალბათ საკუთარ სიგარეტის კვამლში დაიხრჩობოდნენ.
  მაგიდაზე მხოლოდ ერთი ბოთლი ''Remy Martin''–ი და სამი გამოცლილი ჭიქა ეწყო.
– ჰო, მერე ლეო რას ამბობს?
– ანიტა უფრო ლამაზიაო.
– მაინც როგორიაო?
– ოჰ, ლილი, რაში მაინტერესებს. ნერვები მაქვს დაწყვეტაზე, ანიტას ეძინება, ანიტას არ მოსწონს, ანიტას ასე უფრო უყვარს.
– ნამდვილად არ არსებობს?
– ნამდვილად.
– როგორ გაიზარდა, ჩემზე მაღალია უკვე. სამი წელი...
  შიგადაშიგ ლილის თვალები უშეშდებოდა მოცეკვავე ბიჭზე, ამ დროს ქალიც წყვეტდა ლაპარაკს.
  სიჩუმეს კვამლი ამძაფრებდა.
– იქნებ გიმალავს?
– კი მაგრამ რატომ? პირიქით, სულ იმას ვეკითხები, ვინმე ხომ არ მოგწონს, შეყვარებული ხომ არ გყავს-მეთქი?
  ლილის ბოლმა თვალები აუწვა. კარგა ხანს ასე, თვალებდაწვრილებული უყურებდა ბიჭს, რომელიც გატაცებით ეცეკვებოდა ჰაერის მასას, რომელსაც, ალბათ, გოგონას სილუეტის მოხაზულობის ფორმა უნდა ჰქონოდა.
    წამდაუწუმ იხდიდა ბოდიშებს.
    ლილი ადგა, ხელში საფერფლე აიღო, არეული ნაბიჯით გავიდა გვერდზე ოთახში და ბიჭის წინ, მუქ სავარძელში ჩაეფლო.
    ლეომ ცეკვა შეწყვიტა და გვერდზე მიუჯდა.
– ლილი, მომაწევინე, რა. მადლობა.
– კიდევ ანიტა, ბიჭო?
– ჰო, შემოვრჩით (გაეცინა).
– არსებობს?
– კი, ლამაზია.
– აჰჰ, ანუ არსებობს.
– ხო, ფეხი ვატკინე.
– მე არასოდეს მეცეკვებოდი ხოლმე (უღიმის).
– ვიცეკვოთ?
  უმუსიკოდ, უნიჭოდ ცეკვავდნენ და ეცინებოდათ სიხარულისგან თვალებაცრემლიანებულ, სიგარეტის კვამლში გახვეულ დედას რომ გახედავდნენ ხოლმე.
– მართლა არსებობს?
– გვიყურებს ახლა.
– როგორია?
– ჟღალი, ჭორფლებიანი.
– ჟღალი? ჭორფლებიანი?
– ჰო. არ გინდა ახლა სენტიმენტები. ვიცი, რატომაც აგიციმციმდა თვალები. დედამ ადრე მითხრა, რომ ბავშვობაში შენც გყავდა მე რომ ანიტა მყავს ისეთი.
– ნემო.
  ლილიმ გაიღიმა, ბიჭს ხელი გაუშვა და ბარბაცით წავიდა.
  საფერფლე არც ახლა დავიწყებია.
  ძველ მეგობარს მიუჯდა, ვინ იცის, მერამდენე ღერს მოუკიდა და ლეოს დაუძახა.
  ლეო არ იყო ძალიან მთვრალი, ფეხი ერეოდა.
– შენთვის უკითხავს  დედაშენს როგორია ანიტა? დამისხი ჯერ და მერე მიპასუხე.
– არა...
– არც ჩემთვის უკითხავს, როგორი იყო ნემო. არადა, ხუთი წლის განმავლობაში სადაც მე და დედაშენი ვიყავით, ყველგან იყო ნემოც. და მაინც არასოდეს უკითხავს.
– კარგი ახლა, ლილი, ნუ ბავშვობ. გწყინდა? (იცინის).
– რა ვიცი, უნდა გეკითხა. ლეო, ჩემი ნემო შენს ანიტას გავდა.
– როგორი იყო ლილი შენი ნემო?
– ჟღალი, ჭორფლებიანი.





                                                                                  გავლენა  –  ჯ. სელენჯერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები