| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 24 დეკემბერი, 2012 |
პადრე ლორენცოს „საიდუმლო მისია”
წინათქმა
მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ცნობილ ისტორიკოსსა და წყაროთმცოდნეს პროფ. ბიძინა ჯ.-ს, რომელმაც ვატიკანის არქივში მუშაობისას აღმოჩენილი ეს უცნობი ხელნაწერი თარგმნა და გადმომიგზავნა როგორც სიძველეთა დამფასებელს. თუ თარგმანის მიხედვით ვიმსჯელებთ, ხელნაწერი საკმაოდ დაზიანებული და ნაკლული ჩანს. ასე, რომ ბევრი რამის აღდგენა თავად მომიხდა. ამასთან ბატონმა ბიძინამ მთხოვა ტექსტის მეცნიერულ დამუშავებამდე, ანუ ავტორის იდენტიფიკაციამდე, იმის გარკვევამდე ორიგინალურია იგი თუ სულაც ნაყალბევი, თავი შემეკავებინა პუბლიკაციისგან. მიუხედავად ჩემი სიფრთხილისა, იმფორმაციამ მაინც გაჟონა და, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ჟურნალისტთა ინტერესის” ობიექტი აღმოვჩნდი. იმისათვის, რომ სხვადასხვა დელიკატური ვერსიების გავრცელებას, რასაც რეალობასთან კავშირი არა აქვს, ხელი დროზე შევუშალო, გადავწყვიტე ეს პიკანტური და შეუსწავვლელი მასალა ამ სახით გამომექვეყნებინა. მასში ბევრია ეთნოგრაფიული დეტალი, კიდევ უფრო მეტი საფიქრალია მათთვის, ვისაც სტრიქონებს შორის კითხვა შეუძლია. ასე, რომ ერთი მხრივ ბოდიშს ვუხდი პატივცემულ პროფესორს და მეორე მხრივ თავიდან ვიცილებ პასუხისმგებლობას შესაძლო შედეგისათვის . ნ.მ.
მის უსამღვდელოესობას მონ სენიორ ბართლომეო პადუელს! პადრე ლორენცო ზანიერი, თქვენი უღირსი მოწაფე და ქვეშევრდომი მოგესალმებათ ათასობით ვერსის სიშორიდან და მაღალ ღმერთს შესთხოვს თქვენი და მისი უავგუსტესობის დღეგრძელობას. ბედნიერი ვარ, გაცნობოთ რომ ღვთის შეწევნითა და წმინდა პაპის ლოცვა კურთხევით მრავალთვიანი მგზავრობის შემდეგ თურქული ფელუკით, რომელსაც ზურგის ქარი არ მოუშალა უზენაესმა, თქვენმა მონამორჩილმა და მასთან ერთად ძმა ჯოვანიმ მივაღწიეთ კოლხეთის უძველეს მიწას, რათა აღვასრულოთ “წმინდა მისიის” ორდენის უზენაესი დავალება, ჩვენი სუსტი მხრებისათვის ეგოდენ მძიმე და საპატიო. მივადექით პატარა სანავსადგურო ქალაქს, რომელსაც აქაურები ,,ფოთს” უწოდებენ, მაგრამ ისევე ჰგავს ქალაქს, როგორც ესპანელთა ხომალდი ვენეციურ გონდოლას. ერთადერთი რაც აქაურობას ვენეციას ამსგავსებს, კოღოებია, რომლებიც აქ ნამდვილად არ გვაკლია უთუოდ ჭაობთა სიმრავლის გამო. ეს ის ქალაქია,სადაც ოცდაათი საუკუნის წინ სახელგანთქმულმა “არგომ” ჩაუშვა თავისი ღუზა და მდიდრული ნადავლით დაბრუნდა უკან. აქაურები, რომელთაც უარი ვერ უთქვამთ აღმოსავლურ ჩვევებზე, თუმცა პირჯვარს კი ბეჯითად ისახავენ, დაუფარავი ინტერესითა და გაოცებით გვათვალიერებდნენ და როგორც მივხვდი, უცხოს მოურიდებელი ჭვრეტა აქ სულაც არ ითვლება საძრახისად. საზოგადოდ სანავსადგურო ქალაქისთვის დამახასიათებელი სიჭრელე და ხმაური ამ პატარა ქალაქს საქმიან იერს ანიჭებს, თუმცა კი პროვინციულს. მის ქუჩებში ინით წვერშეღებილ თურქებსაც შეხვდებით ხელში განუშორებელი კრიალოსნით და მოვაჭრე გლეხის კაცებსაც. (ქალებისათვის ვაჭრობა შეუფერებელ საქმედ ითვლება). პატარა ნავსადგურში გაგვაოცა ქრისტიანი მონებით სავსე თურქულმა გემმა, რომელიც გასასვლელად ემზადებოდა.უფრო უცნაური ის იყო,რომ ასეთი რამ აქ არავის უკვირდა. ამაზე შემდეგ მოგახსენებთ. კითხვა-კითხვით, რაშიც ძლიერ დამეხმარა ასი წლის წინ რომში დასტამბული ქართულ-იტალიური ლექსიკონი და განსაკუთრებით ჩემი სტამბოლის გამოცდილება, (აქაურები კარგად ფლობენ თურქულს, რადგან მათთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვთ), მივაღწიეთ დეპარტამენტებს ქალაქის პრეფექტისა, რომელსაც ისინი “მოურავს უწოდებენ. მან მისი უბადრუკი სასახლის მიუხედავად მედიდურად მიგვიღო. მაგრამ როგორც კი თქვენგან მიძღვნილი ვენეციური ლარნაკი გადავეცი, მისი მედიდურება მყისვე დაჯაბნა პირმოთნეობა. ყველა ქვეყნის მოხელენი ხომ ერთნაირად ხარბები არიან. მაშინვე იხმო ყოლაუზები და მე და ძმა ჯოვანი, რომელიც ახალგაზრდობის მიუხედავად ჩემზე ნაკლებად დაქანცული არ ჩანდა, ჩვენი ავლადიდებით ჯორებზე ამხედრებულნი აქაური ეკლესიის წინამძღვართან გაგვისტუმრა, რომელიც, როგორც გაირკვა, უკვე გველოდა. დავიძარით. ორი ახალგაზრდა კაცი, რომლებიც ნაკლებად ჰგავდნენ ჩვეულებრივ გამცილებლებს, ზედმეტად ინტერესდებოდნენ ჩვენი ქონებითა და გეზით. ჩანს, აქაური ხელისუფლება ნაკლებად ენდობა უცხოელთა სიტყვას. აქ საკმაოდ ცხელი, ნესტიანი ჰავაა, უფრო თბილი, ვიდრე გენუაში, “ფოთი” კი უფრო იმითაა ცნობილი, რომ ამ ნავსადგურით ერეკებიან ტყვეებს სტამბულის ბაზარზე გასასყიდად. საზოგადოდ, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვა კავკასიის მთიელ ტომთა ჩვეული ხელობაა, მაგრამ ქართველნი იმით გამოირჩევიან ამ საქმეში, რომ ისინი მეზობელ ხალხებს კი არა საკუთარ სისხლსა და ხორცს ატყვევებენ და ყიდიან. უფრო მეტად ამ საქმით დიდებულნი არიან დაკავებულნი, თუმცა კანონით ეს დანაშაული თვალთა დათხრით ისჯება.საიდუმლოდ შევიტყვეთ, რომ ამ საჩოთირო საქმეში სამღვდელო პირებიც არიან გარეულნი. უნდა დავაზუსტო, შესაძლოა, ჩვენი მიზნებისათვის სასარგებლო აღმოჩნდეს. გზადაგზა გვხვდებოდა ღარიბული, მაგრამ კოპწია ხის სახლები ლამაზი კოინდარით, ხურმის ხეებით, რომელსაც აქ ასე წყალობენ სპარსეთის მსგავსად. ფეხშიშველა ბავშვები, გასიებული მუცლებით, რაც უთუოდ ციებ-ცხელების ნიშანია. მაშინ გამახსენდა მამა ფრანცისკოს ბრძნული რჩევა ქინა-ქინა მომემარაგებინა. გზადაგზა გვხვდებოდნენ ტანადი ეშხიანი ასულები, რომლებიც მორიდებითა და შეფარული ინტერესით გვიჭვრეტდნენ. მამაკაცები უმთავრესად ამ დროს ყანებში მუშაობენ, რომლებიც სახლიდან მოშორებით აქვთ. ჩემი პირადი შთაბეჭდილებით აქაურები ხმაურიანი და მკვირცხლი ხალხია სამხრეთ იტალიელების მსგავსად. თეკლათის ღვთისმშობლის ეკლესიის სიახლოვეს აქაური მღვდელმთავრები შემოგვეგებნენ.ყოველგვარი ცერემონიების დაცვით. ჩვენც ჩამოვქვეითდით და სათანადო პატივი მივაგეთ. გადავეცით მისი უავგუსტესობის დალოცვა. თუმცა ეს უკანასკნელნი როგორც მომეჩვენა, ეჭვითა და უნდობლობით უყურებენ კაპუცინთა მისიას. განსაკუთრებით აოცებდათ მათთვის უცნაური ჩვენი სამოსი. ბიზანტიის დაცემის შემდეგ ხომ მათ კათოლიკეებთან ურთიერთობა იშვიათად აქვთ. ამ ბერებს იმდენივე გაეგებათ ლათინურისა, რამდენიც თეათინელ ბერთა თხას, მაგრამ რომის პაპის მორიდება კი აქვთ. საერთოდ, ამ ხალხს უცხოდმოყვარეობის სენი სჭირს. აქ ყოველივე უცხო დიდ პატივშია. მცირე ტრაპეზის შემდეგ ეკლესიის წინამძღვარმა მამა თეოდორემ ვითომდა სხვათაშორის მკითხა ჩვენი ჩამოსვლის მიზნის თაობაზე. როცა ვუპასუხე ჩვენი ქრისტიანული ეკლესიების დაახლოება პაპის უზენაესი სურვილია-მეთქი, საუბარში შეფარვით შემახსენა ცნება “არაგული გითქმიდეს ცხოვარისათვის მოყვასისა შენისა”. მე ვუპასუხე, უბედურებაში ჩავარდნილ ძმისათვის ქრისტიანულ ვალზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათი დარწმუნება შევძელი. ყოლაუზებს გასამრჯელო გადავუხადე და გავისტუმრე, თუმცა რატომღაც არ მოეწონათ და სამსახურის გაგრძელება შემომთავაზეს. როცა ავუხსენი, რომ ფულს ვეღარ გადავუხდიდი, უფასოდ მოგემსახურებითო, მითხრეს ისეთი პირმოთნეობით, რომ ეჭვი გამიჩნდა, რაღაც საგანგებო მისია უნდა ჰქონოდათ. მე მადლი მოვახსენე. საერთოდ ამ პატარა ქვეყანაზე ღმერთმა თავისი კალთა დაიბერტყა, მითუმეტეს გასაოცარია მისი ასეთი სიღარიბე, თუმცა განსაკუთრებულობა ხშირად უბედურების მიზეზიც არის. სხვადასხვა დროს ეს წარმტაცი მხარე ხან რომის იმპერიის პროვინცია იყო, ხან ბიზანტიისა, მონღოლთა და არაბთა ურდოს ნაწილი. ამჟამად ოსმალთა და ირანელთა ცილობის საგნად ქცეულა. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს განაგებს მეფე, რომელიც ირანელთა შაჰის რაყამით ინიშნება, ხოლო დასავლეთის (იმერეთის) მეფის ტიტულატურაში წერია: “მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა”. თუმცა იყო დრო, როცა თვითონ ეს ქვეყანა იყო ვრცელი იმპერია და მახლობელ აღმოსავლეთში უპირველეს ქვეყნად ითვლებოდა. ამ ხანას ისინი დიდი სიამაყით იხსენებენ. საერთოდ შევამჩნიე რომ მათი მზერა უფრო წარსულისკენაა მიმართული ვიდრე მომავლისკენ. არ ვიცი როდის შეძლებს ჩემი ბარათი ამხელა სივრცისა და დროის გადალახვას წინასწარ გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს! ქორონიკონით ქრისტეს აქეთ 1728 წელი მარტის 13
მის უსამღვდელოესობას მონსენიორ ბართლომეო პადუელს! პადრე ლორენცო მაღალ ღმერთს შესთხოვს რომის წმინდა ეკლესიის დიდებას და თქვენს ჯანმრთელობას! მივიღე თქვენი ბარათი საჭირო მითითებებით. გარწმუნებთ „წმინდა მისიის” ვალდებულებანი კვლავაც ჩემი საღვთო ვალი იქნება. თეკლათის ღვთისმშობლის ეკლესიიდან მცირე ამალის თანხლებით მთავარ დადიანის სასახლეში მიგვაცილეს, რომელიც აქაურობის ბატონ-პატრონად ითვლება. დადიანი ამ შემთხვევაში დინასტიური გვარიცაა და წოდებაც, როგორც მაგალითად კეისარი. იგი არ ემორჩილება იმერეთის მეფეს და ცდილობს თავად იშოვოს მეფობა. განუწყვეტელი ბრძოლები აქვს მეზობელ აფხაზებთან და გურულებთან. ამ მხარის სიღარიბის ფონზე გამაოცა სასახლის ფუფუნებამ. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლელი უფრო ეთქმით ცდილობენ ევროპულად იცხოვრონ, თუმცა ვერ ვიტყოდი,რომ ეს რიგიანად გამოუდით. რადგან სასურველი ყოველთვის სასარგებლო როდია. დადიანმა და მისმა მეუღლემ დიდი პატივითა და პომპეზურობით მიგვიღეს.ჩემი დაკვირვებით აქ ცერემონიალები ძალიან უყვართ, განსაკუთრებით სტუმრის წინაშე. ჩვენ გადავეცით პაპის სიგელი და მდიდრულად მოოჭვილი ხატი ღვთისმშობლისა, რომელსაც აქ განსაკუთრებულად წყალობენ. ხოლო დადიანმა მე გადმომცა ვერცხლით მოსავადებული ხანჯალი. როგორც მივხვდი ეს საჩუქარი მათში მიღებულია იმდენად, რომ ვერ მიხვდენ ჩემი ბერული სამოსისათვის მის უადგილობას. ჩემდა გასაოცრად დადიანი და მისი მეუღლე კარგად ერკვევიან “დაბადების “ წიგნებში. ჭარმაგ დადიანს ემოსა თეთრი ჩოხა, რომელსაც აქ საზეიმო ვითარებაში იცვამენ და რომელიც კავკასიელთა საერთო სამოსია განსხვავებული ნიუანსებით. ეს ჩოხა უფრო საბრძოლო ფორმაა თავისი ქილებითა და ცხენოსნობისათვის მოსახერხებელი კალთებით, ვიდრე საზეიმო. აქაურები ლხინის დროსაც კი არ იშორებენ იარაღს, უთუოდ თავიანთი ცხოვრების წესის გამო, სუფრაც კი მკაცრ სამხედრო წესზე აქვთ აწყობილი. ქალებს თავი შებურვილი აქვთ, ხოლო ტანთ აცვიათ გრძელი კაბები (აქ კოჭების გამოჩენაც კი დაუშვებელია). გაგვიშალეს დიდებული სუფრა. ჩემი დაკვირვებით ამ მხარეში სუფრა ლამის საკრალური საქმეა. უფრო სერიოზული და მკაცრი ვიდრე ბერძნული ნადიმი. შესაძლოა ეს ტრადიცია სულაც ბიბლიური ისო ზირაქის წიგნიდან მომდინარეობდეს. უპირველეს ყოვლისა ირჩევენ ლხინის უფალს, რომელიც სუფრას წარმართავს დადგენილი წესით. იღებს თასს ღვინით და ილოცება, ანუ წარმოთქვამს ”სადღეგრძელოს”, რომელსაც იმეორებენ სხვები მცირეოდენი ცვლილებით. სუფრაზე აქვთ მერიქიფის (სასმისების შემავსებელის) და მწდის (მისი თანაშემწის) გაუგებარი თანამდებობანი. შიგადაშიგ სადღეგრძელოს შინაარსის შესაბამისად სასმისებს ცვლიან. ეს სასმისები მრავალნაირია თავისი ფორმით: ყანწი (ხარის ან თხის რქა), აზარფეშა, ყარყარა, კულა და სხვა. აქ ღვინის სმა ლამის ღირსების საქმეა. იმდენად რომ მიღებული სითხის რაოდენობა ვაჟკაცობის განმსაზღვრელია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დათრობა სამარცხვინო საქმედ ითვლება. თუ რომელიმე თანამესუფრე სუფრას მიატოვებს ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, შერცხვენილად ითვლება და უკან დაბრუნების უფლება არა აქვს. ღვინო კი უნდა ითქვას, დიდებული აქვთ. არც ბურგუნდიაში და არც კატალონიაში ასეთი რამ მე არ მიგემია. მათი საჭმელი იმდენად მრავალფეროვანია და გემრიელი, რომ უხერხულია ქება ჩემი საქმიანობის ადამიანისგან. ეს კია რომ სანელებლებს უხვად იყენებენ. ახლა ვხვდები ამ სიტყვების ჭეშმარიტებას, რომ ევროპას ამერიკა სანელებლების სიყვარულმა აღმოაჩენინაო. ცხარე სანელებლებს აქ ისე უხვად იყენებენ, ლუკმის გადაყლაპვისას გეჩვენება,რომ ნაკვერჩხალს ყლაპავ.ალბათ იგივეს განიცდიდა ბრუტუსის სასოწარკვეთილი ცოლი, როცა თვითმკვლელობის მიზნით ცხელი ნაკვერჩხალი გადასანსლა. უთუოდ ესააა მიზეზი, რომ ამ ჭაობიან მხარეში მალარეამ მუსრი ვერ გაავლო კოლხებს. ჭამენ ბევრს, დანა-ჩანგლის გარეშე, თუმცა ჭამის წინ ხელის დაბანა კი სჩვევიათ გამაოცა მაგიდის გაწყობის წესმა, რისი მსგავსიც არსად მინახავს. თეფშებს ალაგებენ სართულებად, ერთიმეორეზე.. ძილის წინ ქალები მამაკაცებს ფეხს ბანენ, ხანდახან სტუმრებსაც- ეს მათში პატივისცემათ ითვლება. საზოგადოდ, ნაყროვანება ამ ხალხში ცოდვად არ ითვლება. სადღეგრძელოებს შორის საუბრობენ საქვეყნო საქმეებზე, დროდადრო მღერიან, მღერიან ტკბილად, ხმაშეწყობით. თითოეული ხმა უნისონშია მეორესთან. გეგონება საგანგებოდ მომზადებულანო. ასე ალბათ პადუის სან-პიეტროს მგალობელნიც კი ვერ მოახერხებდნენ. ქალებს სუფრასთან არ სვამენ, თუმცა ქალისადმი მოწიწება კი არ აკლიათ. ამ ხმაურიანმა და მოსაბეზრებელმა პურობამ, რომელიც ასე სახალისო ჩანდა დასაწყისში, ძალზე დაგვღალა. ვფიქრობ მაცხოვარი მომანიჭებს ძალას ვატიკანის წმინდა ტახტის სამსახურად.
18 მაისი 1728წ მის უსამღვდელოესობას მონსენიორ ბართლომეო პადუელს!
დიდად პატივცემულო მეუფეო, მივიღე თქვენი ბარათი. დიდ მადლს მოგიძღვნით თქვენი და როგორც მაუწყებთ,მისი უავგუსტესობის მაღალი ყურადღებისათვის ჩემი მცირედი წვლილის დაფასების გამო. უთუოდ უფალი მიადვილებს ამ რთული მისიის აღსრულებას. 3 თვე შესრულდა, რაც აქ ვიმყოფები. უკვე საკმაოდ რიგიანად მესმის ადგილობრივთა ენა, ცოტას მეც ვახერხებ. დადიანის რჩევით დავბინავდით ერთი აქაური შეძლებული გლეხის ოჯახში. მცირე ჯარგვალში (როგორც აქაურები ეძახიან მორებით ნაშენ ნაგებობას) რომელიც მათი ბინის მოშორებით დგას. ჩვენი მასპინძელი წესიერი, ქრისტიანი კაცია სახელად ჯეგე. ფლობს ხუროს ხელობას, რაც აქ საკმაო შეძლებას მოასწავებს. თავისი მდაბიური წარმოშობის მიუხედავად, მიღებულია დადიანის კარზე. საერთოდ ჩვენგან განსხვავებით აქ სუზერენისა და მისი ვასალის დამოკიდებულება ბევრად თავისებურია. თავადები აზნაურებს აზრდევინებენ ყრმებს, აზნაურები-გლეხებს. ხშირია მათში ნათელმირონობაც.მისი მეუღლე წყნარი, მეოჯახე ქალია შავი თვალებითა და გათქვირული თეძოებით, სახელად ვაკონა, რაც ამათ ენაზე ნიშნავს არ უნდათ; ასე არქმევენ მშობლები მაშინ, როცა მეტი შვილი აღარ სჭირდებათ. ჰყავთ ორი მშვენიერი ვაჟი და ერთიც გოგონა - კაჯია, შუდუ და ცირუნია. მათი სადგომი ერთ დარბაზს წარმოადგენს შუა ცეცხლითა და კედლის გაყოლებით საერთო საწოლით. საჭმელს მიირთმევენ დაბალ მაგიდაზე, რომელსაც ტაბლას ეძახიან. სხედან დაბალ, სამფეხა სკამებზე. მათი ყოველდღიური საკვებია ჩვენებური ფაფის მსგავსი ღუმუ, რომელსაც პირდაპირ ტაბლაზე ისხამენ და საჭმელთან ერთად მიირთმევენ. ქალები ქმრების მორჩილები არიან და მათ მიმართავენ როგორც ,,ბატონს”. რძალს ეკრძალება ქმრის. დედამთილ-მამამთილის, უფროსი მაზლის სახელების წარმოთქმა. ეს მათი აზრით, გათვალვისგან იცავს. თუ მაინცადამაინც აუცილებელი გახდა მათი ხსენება, მოგონილი სახელებით მოიხსენებენ. როგორც ჩვენს საიდუმლო სამსახურში ხდება. საერთოდ აქ ტაბუს (ვაშინერს) ხშირად მიმართავენ. აკრძალულია გველის, ხოკერის და ავსულების ხსენება. ოჯახები ძირითადად მრავალრიცხოვანი აქვთ. ხშირად ერთად ოთხი თაობა თანაარსებობს. ოჯახში მკაცრად იცავენ უმცროს-უფროსობის ადათს. რაც უფრო მრავალრიცხოვანია ოჯახი, მით უფრო ძლიერია, რადგან მეტი მუშა ხელი ჰყავს. ეწევიან ძირითადად მეჯოგეობას (მესაქონლეობას). გამოჰყავთ განსხვავებული ხარისხის ყველი, რომელსაც კარგი ფასი აქვს მეზობელ გურულებში. გურულები მეჯოგეობას სათაკილოდ მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი მოდგმის ხალხი არიან, ერთი მეორის კილვას არ ერიდებიან. აბორიგენები რიგიანი მხედრები არიან. ცხენი აქ ძალიან უყვართ. კარგი ცხენი მამაკაცის თავმოწონების საგანია. ხშირია ცხენის ქურდობა, თუმცა რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ ცხენის ქურდობა აქ უფრო ღირსების საქმეა ვიდრე დანაშაული. ყანაში სამუშაოს ეწევიან ერთობლივად, მთელი უბანი, რასაც ,,ნადს” ეძახიან და რომელსაც პურობა მოსდევს. ნადს მორიგეობით იწვევს თითოეული ოჯახი. უცნაურია მათი დაბადებისა და აღსრულების წესები. მშობიარობის დროს მამაკაცი ცოლის გვერდით წვება დამ მის მიმიკასა და მოძრაობებს იმეორებს. მასავით იჭინთება და კივის, ამით თითქოს ქალს ეხმარება. და იგივე პატივშია როგორც მშობიარე. მიცვალებულის საოცარი დატირება იციან. ასეთ რამეს მხოლოდ სარდინიაში თუ შეხვდები. ქალები თმას იშლიან, ღაწვებს იხოკავენ და გამყინავი ხმით (კრინით,ტიროლური იოდლის მსგავსად) კივიან. ხანაც რეჩიტატივით ურთავენ სიტყვებს. ხშირად ჭირისუფალ ქალებს ფრჩხილებს აჭრიან, რათა თავი ზედმეტად არ დაიზიანონ. ამას დიდი არტისტიზმით აკეთებენ. არიან ადამიანები, რომელთაც მოტირალობა ხელობად აქვთ ქცეული. საფლავს შინაურები თხრიან.ეს ალბათ ერთადერთი მხარეა,სადაც მესაფლავის ხელობა არ არსებობს. როგორც მივხვდი, თავიანთ ტრადიციებს დიდად ერთგულობენ, ისეთსაც კი, რომლის მნიშვნელობა არ ესმით. აქ წარმართობა ქრისტიანობასთანაა აღრეული. ისევე სწამთ ოჩოკოჩი და ტყაშმაფა, როგორც წმინდა გიორგი, რომელიც აქ ლამის ღვთის ტოლია. ჩემი დიასახლისი ახალგაზრდა ქალია შავი თვალებითა და მორჩილი გამოხედვით. მეუღლე მასზე ბევრად უფროსი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, თავის ქმარს დიდი პატივისცემით ექცევა. თავდაპირველად დიდ მორიდებას იჩენდა აქაურთა წესისამებრ, მერედამერე შეგვეჩვია. ნუგბარს მოგვიკითხავს ხოლმე. გვთხოვა ჩვენი სადგომის დალაგების უფლება მიგვეცა. ჩვენ უარი არ გვითქვამს. მას შემდეგ ხშირად გვსტუმრობს ხოლმე და ჩვენი ხატებითაც დაინტერესდა.მე შევეცადე გამომეყენებინა მისი ქალური ცნობისმოყვარეობა და ვესაუბრე ევროპასა და ვატიკანზე, რამდენათაც ამის საშუალებას ჩემი ცოდნა ენისა მაძლევდა.ვუყვებოდი ევროპელი ქალების ყოფაზე, რომელიც ასე განსხვავდება მათი მონური ყოფისაგან. მისი ქალური ცნობისმოყვარეობა ხარბად შთანთქავდა ყოველივეს. მე დავასაჩუქრე ეს ყმაწვილი ქალი ნელსაცხებლებითა და სამშვენისებით, რამაც იგი ძალიან გაახარა. უცნაურია, რომ ეს საჩუქრები მაშინვე გადამალა, ალბათ ქმრის ზედმეტი კითხვებისათვის თავი რომ აერიდებინა. უცნაურია ქალის ბუნება. ის ხომ ამ სამკაულებს ვერასოდეს გამოიყენებს. ერთ დღეს, როცა ძმა ჯოვანი ფოთში გავგზავნე სანოვაგისათვის, ჩვენთან შემოსულს ნაღვლიანობა შევამჩნიე. როცა მიზეზი ვკითხე საბრალო ქალმა თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა. როცა ჩავეძიე ,,ბატონის” მოუხეშაობაზე ალაპარაკდა. მე რათქმაუნდა ნუგეში ვეცი და ქმრისადმი ქრისტიანულ მოვალეობაზე ჩავაგონებდი. საბრალო ქალს ჩემმა თანაგრძნობამ გული უფრო მოუწყლა და გულწასული სავარძელში მიესვენა. მე ვცდილობდი გონზე მომეყვანა ის უბედური. ამ დროს გაიღო კარი და აჭარხლებული მისი ქმარი შემოვარდა. იმდენად დაუფლებოდა სიშმაგის ეშმაკი, რომ განსჯა დაეკარგვინებინა. უშვერად ლანძღავდა ცოლს თავიანთ ბარბაროსულ ენაზე და ცემით ემუქრებოდა. როცა დამშვიდება დავუწყე, არც მე მომრიდებია.უბიდან ამოიღო ჩემგან ქალისათვის ნაბოძები სადაფის ყელსაბამი და გაიძახოდა: „დორვილ, დორვილ!” (მოგკლავ) ძმა ჯოვანი რომ არ შემოგვსწრებოდა, არ ვიცი როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი. ღმერთმა შეუნდოს. განა ქრისტე არ გვასწავლის: „აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა”… პატივისცემით პადრე ლორენცო. ივნისის 20
„საიდუმლო მისიის” ორდენის მოძღვარს მის უსამღვდელოესობას მეუფე ბართლომეოს (სრულიად საიდუმლოდ) თქვენო უსამღვდელოესობავ მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ თქვენი დავალებით შევაგროვე ცნობები ერთი აქაური წარჩინებულის შესახებ, რომელიც ვფიქრობ შეესაბამება ჩვენი ორდენის მიზნებს. ეს გახლავთ თავადი ჩიქვანი. იგი საკმაო გავლენით სარგებლობს. აქვს გართულებული ურთიერთობა დადიანთან. შემომწყრალი ჰყავს იმერეთის მეფეც, რადგან დადის ხმები მის საეჭვო ურთიერთობაზე თურქებთან ტყვეებით ვაჭრობის საქმეში. თავდაპირველად მასთან მივავლინე ძმა ჯოვანი პაპის სიგელით და საჩუქრებით და აუდიენცია ვითხოვე. ერთ კვირას არ გაუვლია რომ შებინდებისას (დრო კარგად იყო შერჩეული) თავისი კაცები გამომიგზავნა და სტუმრობა მთხოვა. ვეახელი. გადავეცი პირადად თქვენი სურვილი ურთიერთსიყვარულისა და თანადგომის შესახებ. პატივით მიმიღო. მისი დიდი შეძლება ნამდვილად ბადებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მემკვიდრეობით ქონდეს მიღებული. მომეჩვენა რომ ძალიან ბაძავდა დადიანს, რომელიც თავის მხრივ იმერეთის მეფის დამსგავსებას ცდილობს. შემომჩივლა, დადიანი მდევნის და მავიწროვებსო. მეფესთან მასმენს თითქოს ტყვეთა ვაჭრობას ვეწეოდე. სინამდვილეში ჩემს მამულებზე უჭირავს თვალიო. ღმერთის გარდა მფარველი არავინ მყავსო. მე საუბარში შევაპარე, რომ რომის წმინდა პაპი ყოველი დევნილისა და დაჩაგრულის შემწეა მეთქი. მანაც გამოთქვა სურვილი ჩვენს ეკლესიასთან დაახლოვებისა. მაშინ მე ფრთხილად ვუთხარი, რომ პაპი გაცილებით უკეთ დაიცავდა მას, თუ იგი მისი სამწყსოს წევრი გახდებოდა. ის საკმაოდ გაქნილი დიპლომატი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ჩემი ნართაულის აზრი გაეგო. აღმითქვა მეც და ჩემი თანამეცხედრეც ვიფიქრებთ ამაზეო. მე ვთხოვე დამხმარებოდა კათოლიკური სამლოცველოს მშენებლობაში და პირობაც მივიღე. ასე, რომ „სამკალი ფრიად არს”. ღმერთი იყოს ჩვენი დიდი საქმის მფარველი.
„საიდუმლო მისიის” ორდენის კავალერი - ლ.ზ.
მის უსამღვდელოესობას მონსენიორ ბართლომეო პადუელს! მოგესალმებით თქვენი უღირსი მოწაფე პადრე ლორენცო. დასრულდა მარიამობა. დიდი სიცხეები დაიჭირა. ზღვის ნოტიო რომ არ ანელებდეს, უთუოდ დავიხრაკებოდით. მაგრამ ეს გაუძლისი ხვატი ხელს ვერ გვიშლის ჩვენი დიადი მისიის აღსრულებაში. მრავალ დაავადებულს ვკურნავთ და ვუვლით მე და ძმა ჯოვანი ჩვენი ეკლესიის სახელით. ახლა უკვე შორეულ სოფლებშიც გვიწევს სიარული. ღვთის წყალობით უნდობლობის ყინული გადნა. აქაურები მადლიერებას, როგორც წესი, ნატურითY გამოხატავენ. ასე, რომ ჩვენი ჰონორარი ხან ხურმის ჩირია, ხან სულგუნი,ხანაც მამალი საზღაურს ყოველთვის თავს ვარიდებთ, მაგრამ ისინი ისე მხურვალედ გვთხოვენ, უარს ვერ ვეუბნებით. რამდენიმე მანდილოსანს მალამოების მომზადებასა და ბორგნეულთა მკურნალობასაც ვასწავლი. ხშირად დაცემულ საქონელსაც ვმკურნალობთ ხოლმე. ამით მრევლის ნდობას ვიმსახურებთ, მოკლედ ყველა გზა მართებულია, რაც ჩვენ მიზანთან გვაახლოვებს, განა მაცხოვარი შაბათს ავადმყოფთა განკურნებას ერიდებოდა? ნორმალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ადგილობრივ სამღვდელოებასთან, თუმცა დაძაბულობას არც ერთი მხარე არ ვიმჩნევთ. ჩვენი სათნო დიასახლისი ყურადღებას არ გვაკლებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა დაუღალავმა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო. თუმცა თავიდან ყოყმანობდა, როგორც ქალებს სჩვევიათ, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა ჭეშმარიტ კათოლიკედ მონათლულიყო. ერთ მშვენიერ დღეს იგი საიდუმლოდ მოინათლა და ტერეზა ეწოდა. მოვნათლე მისი შვილებიც და პაპის სამწყსოს პატარა ანდრია, მათეო და მაგდალენა შეემატათ. წმინდა ნათლობა აღვასრულეთ, როგორც რომის კატაკომბებში ასრულებდნენ ერთ დროს ნეოფიტებთან.ბავშვებმა იციან, რომ ეს საიდუმლო არ უნდა გაამჟღავნონ. ჩემთან ეზიარებიან და აღსარებასაც მაბარებენ. ტერეზაც ბედნიერია, როგორც ამბობს, ხელახლა დაიბადა. თუმცა პირადი ცხოვრება, არა მგონია, ასევე აწყობილი ჰქონდეს. პატივისცემით მამა ლორენცო 4 სექტემბერი. „საიდუმლო მისიის” ორდენის მოძღვარს მეუფე ბართლომეო პადუელს (სრულიად საიდუმლოდ) მონსენიორ ბართლომეო,მინდა გაცნობოთ, რომ ღვთისა და თქვენის შემწეობით, წმინდა პაპის ლოცვაკურთხევითა და ფინანსური შეწევნით აღსრულდა ჩვენი სანუკვარი მიზანი- სოფლის განაპირას, ტყის მახლობლად, რომელსაც აქაურები “ჭენჭყეფს” (ჭაობიანს) ეძახიან, ც.-ს მამულში მისსივე ხელშეწყობით მცირე სამლოცველო ავაგეთ წმ. ფრანცისკო ასიზელის სახელობისა.ეს შენობა გარედან ტყისმცველის სახლს თუ მონადირეთა სადგომსა ჰგავს. აქ მოხვედრა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც მისკენ მიმავალი საიდუმლო ბილიკი იცის. აქაურობა ხომ სავსეა ამგვარი გაუვალი ადგილებით. მინდა მოგილოცოთ და გითხრათ,რომ დღეიდან ყველა აქაურ ჭეშმარიტ კათოლიკეს საშუალება ექნება ილოცოს და წესი აღასრულოს კათოლიკურ ყაიდაზე. უკვე შვიდი ქალი შეემატა წმ. ეკლესიას. ეს ყველაფერი და ტერეზას მეცადინეობით. მათი აღსარებები მეხმარება უკეთ შევისწავლო აქაური მდგომარეობა. თუმცა იძულებულნი ვართ ჯერხნობით ყოველგვარი წესი საიდუმლოდ აღვასრულოთ მეოფიტების მსგავსად. სიფრთხილე გვმართებს. ძმა ჯოვანიმ, რომელიც აქაურ ახალგაზრდებთან განსაკუთრებით დაახლოვებულია, შემატყობინა, რომ ადგილობრივ მღვდელს თავისი მრევლი გაუფრთხილებია მკრეხელთაგან სამსახურს თავი არიდეთო. დაზუსტებული ცნობა მაქვს, რომ წყეული ჯეგე რაღაც დავალებითაა აღჭურვილი, ოღონდ ჯერ არ ვიცი, მთავრისგან თუ ეკლესიის მამათაგან. უფალიმც შეეწევა „საიდუმლო მისიას” თავისი სანუკვარი მიზნის- რომის ეკლესიის გაფართოებისა და მისი სამწყსოს გაზრდის საქმეში!
პატივისცემით- „საიდუმლო მისიის” ორდენის კავალერი ლ.ზ.
მის უსამღვდელოესობას მონსენიორ ბართლომეო პადუელს! თქვენი უღირსი შვილი მაღალ ღმერთს შესთხოვვს წმ. ტახტის დიდებასა და განმტკიცებას. მინდა გითხრათ, რომ კეთილი საქმის გაძლიერებასთან ერთად ბოროტიც ძალას იკრებს თუმცა საქმენი მისნი მოკლეა და დროებითი. ჩემი და პაპის მიმდევრები იდევნებიან.თუმცა მაცხოვარი ღაღადებს: „ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა.” ალბათ გახსოვთ უბედური ქალი, რომელიც პირველად ეზიარა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ამის შემდეგ ის სულ თვალთვალშია ეშმაკის მიმდევარი ქმრისაგან. საშინელ გვემასა და დამცირებას განიცდის. მე ცოდვილი კი უძლური ვარ წინ აღვუდგე მის ტანჯვას, რადგან ოჯახში დაგზნებული ცეცხლის მინელება მოძღვრის საქმე არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქმარი ჩემი მრევლი არ არის. . ერთ დღეს აცრემლებული ქალი ჩემს სენაკში შემოვიდა და სასოწარკვეთილმა საწამლავი მთხოვა. მან, რა თქმა უნდა, კარგად უწყოდა ჩემი მოკრძალებული ცოდნის შესახებ შხამებისა და მალამოების დამზადების საქმეში. გადავეცი, მერე კი დაეჭვებულმა ვკითხე, რისთვის გინდა-მეთქი. მაშინ სასოწარკვეთილმა ქალმა მიპასუხა, მინდა განვეშორო ტანჯულ წუთისოფელსო. როცა მოვაგონე რა გეენიაში იგდებდა თავს, როგორც თვითმკვლელი თანდათან დამშვიდდა. როგორც მის მოძღვარს აღსარება გამანდო, რომელსაც ცხადია, ვერ გავამხელ. დიდხანს ვისაუბრეთ. ბოლოს დამშვიდებული, მოვალეობისEშეგნებით აღსავსე ოჯახს დაუბრუნდა. როგორც ჩანს, მისი ეჭვიანი ქმარი უთვალთვალებდა და როგორც კი ქალი თვალს მიეფარა, კარზე თავაზიანად მომიკაკუნა. მივიღე, მოვიკითხე. შეგუბებულ ბრაზს არ იმჩნევდა, თუმცა მხრები კი უცახცახებდა. დამიწყო საუბარი იმაზე, რომ ხალხი მადლობელი იყო ჩემი და ისიც, როგორც ერთ-ერთი მათგანი კარგად იცნობდა ჩემს საქმიანობას. კარგად უწყოდა ჩემი ყოველი ნაბიჯი.ამის შემდეგ რატომღაც სიტყვა ნადირობაზე ჩამოაგდო. წუხდა, ადრე აქაურობა, ლაქაშები გარეული იხვით იყო სავსეო, ახლა კი გურულებმა გაწყვიტესო. საუბარში “ჭენჭყეფი” ახსენა. ამასწინათ ვიყავი და სულ შეცვლილი დამხვდაო.ამ მიდამოებში ერთი ბილიკიც არ არის, მე რომ არ ვიცოდეო. მოგეხსენებათ მონადირის ამბავიო. ვითომ და შემთხვევით, თავადი ჩ. ახსენა, მიმანიშნა დადიანთან მის ურთიერთობაზე და ფარისევლური სინანული გამოთქვა იმ შემთხვევაში თუ დადიანი შეიტყობდა ჩიქვანის ფარულ კავშირებზე ჩემთან. მე შევეცადე, ეს ეჭვები გამექარწყლებინა, მან კი ვითომ სხვათაშორის მითხრა, რომ ჯარგვალის დანგრევასა და ბოსლის აშენებას აპირებდა, რადგან მეურნეობას აფართოებდა და კარგი იქნებოდა, თუ სხვაგან გადასვლაზე ვიფიქრებდით. ყოველივე ამას ფარისევლური სინანულით გამოთქვამდა. ასე დავშორდით. ორი დღის შემდეგ ტერეზამ საიდუმლოდ მაცნობა, რომ მისი ბატონი ცხენის მოსართავს ამზადებდა. ეს ის მოსართავი იყო, რომელსაც როგორც წესი, წარჩინებულ ოჯახებში სტუმრობის დროს იყენებდა ხოლმე. საზეიმო ჩოხის მომზადება მიბრძანა. ასე მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა მაღალ პირებთან შეხვედრას აპირებსო. თუ ძვირფას საჩუქრებსაც დავუმატებთ,რომელთაც ორი დღეა საგულდაგულოდ მალავს, საგულვებელია, დადიანთან გამგზავრებას აპირებსო. ძალზე ჩამაფიქრა ამ უბირი კაცის ცბიერებამ და სივერაგემ. ტერეზას მოვაგონე, რომ იგი პაპის წმინდა ტახტის ქვეშევრდომი იყო და ეს არ უნდა დავიწყებოდა. ქალი ძალზე გაოგნებული იყო. მისი თვალები მძიმე გადაწყვეტილების მიღების მტანჯველ წამებს გამოხატავდა. თვალი თვალში გამიყარა და მკითხა: „რა არის უპირველესი, მამაო, ამ ქვეყნიური მოვალეობანი თუ წმინდა ეკლესიის ინტერესები?” მე ვუპასუხე რომ, უმთავრესი ღვთის ნებაა, ხოლო მისი მოადგილე მიწაზე- რომის პაპია. ბოლოს წარმოთქვა: „იყოს ნება ღვთისა”! და წავიდა. სასოწარკვეთილება ხშირად ის ბიძგი აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც ჩვემს ნებას გონიერებისაკენ წარმართავს. მე ფოთს გავემგზავრე სხვადასხვა საჭიროებებზე. ორი დღის შემდეგ უკან რომ ვბრუნდებოდი ჩემი ჯორით, სახლთან მიახლოებულს ჩოჩქოლი შემომესმა. გამყინავი კივილი და შიგადაშიგ სასოწარკვეთილი სიტყვები მესმოდა. ჭიშკარი მდუმარედ გამიღეს თავმოყრილმა მეზობლებმა და მასპინძლის სახლისაკენ გზა გამითავისუფლეს. ჩემს დანახვაზე უბედური ქალი, თმაგაშლილი გამოემართაA ჩემსკენ მუხლებში ჩამივარდა და ბატონის სიკვდილის ბრჭყალებისაგან გამოხსნას მევედრებოდა. მე მივაშურე, იქვე ტახტზე დასვენებულ უსიცოცხლო სხეულს. მსურდა, სისხლი გამომეშვა ან სხვა რამ ამ შემთხვევაში საჭირო ზომები მიმეღო, მაგრამ ყველაფერი გვიან იყო. უკვე ღვთისათვის მიებარებინა ცოდვილი სული. ჯვარი გადავსახე მიცვალებულს და წარმოვთქვი: „ყველაფერი ღვთის ნებაა, ღმერთო დაუმკვიდრე სასუფეველი”. საბრალო კაცი! გაშორდა ცოდვილ წუთისოფელს. ეტყობა ციებამ დარია ხელი, როგორც აქაურთა უმრავლესობას. ის უთუოდ თავისი ამპარტავნებისა და იჭვიანობისა გამო თავს შორს იჭერდა ჩემს სამსახურზე, რამაც აქამდე მიიყვანა. ღმერთმა აპატიოს! მის ქვრივსა და ობლებზე, როგორც კათოლიკურ მრევლზე, ზრუნვა ცხადია, მე უნდა ვიკისრო. მარად თქვენი ერთგული პადრე ლორენცო ოქტომბრის 3, 1728 წ.
„საიდუმლო მისიის” ორდენის მოძღვარს მეუფე ბართლომეოს! (სრულიად საიდუმლოდ) თქვენო უსამღვდელოესობავ! უფლება არა მაქვს, ერთ არასასიამოვნო ამბავზე არ მოგახსენოთ. ძმა ჯოვანი უთუოდ თავისი ახალგაზრდობის გამო ხიბლშია ჩავარდნილი. მეტის მეტად დაემონა ხორციელ ცდუნებებს. აქაურ ახალგაზრდებთან ერთად, რომელთაც ქეიფი წესად აქვთ ქცეული, ხშირად ღრეობს და სიღოდას ეძლევა. მე ვამხილე იგი და ეშმაკის გზის დაგმობისაკენ მოუწოდე. მაშინ მას ისე დარია ხელი ამპარტავნებამ, რომ მუქარა მკადრა და მითხრა, რომ გლეხის ქვრივისადმი ჩემი თითქოსდა შეუფერებელი საქციელის გამო ხმას მოგაწვდენდათ. ლაპარაკობდა რაღაც გაუგებარ საგანგებო დავალებაზე თქვენგან, რაც რა თქმა უნდა სერიოზულად არ მიმიღია. უმორჩილესად გთხოვთ, თუ მისმა უღირსმა განზრახვამ ხორცი შეისხა და თქვენი მაღალი ყურადღება მიიპყრო, ჩათვალოთ ეს ბეზღობა, როგორც ნაყოფი შურისძიებისა და არ მიანიჭოთ ამაზე მეტი მნიშვნელობა. ჩემი მცირედი ღვაწლი „საიდუმლო მისიის ორდენის” წინაშე და საგანგებო რწმუნებანი ვფიქრობ ამის თქმის უფლებას მაძლევს.და თუ გონიერებას გაუტანლობამ სძლია, იძულებული შევიქნები მის უავგუსტესობასთან ჩემი პირადი გამსაკუთრებული კავშირები გამოვიყენო,რომელიც, ალბათ კარგად უნდა იყოს ცნობილი თქვენთვის. მაგრამ ვიმედოვნებ ამგვარი უკიდურესი ნაბიჯი არ დამჭირდება. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! ამენ. „წმინდა მისიის” კავალერი ლორენცო ზანიერი
ოქტომბრის 13, ქორონიკონით ქრისტეს აქეთ 1728 წ.-სა 2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომეწონა!
ყოველივე ეს მხატვრულად და დამაჯერებლად არის მოტანილი მკითხველამდე! მომეწონა!
ყოველივე ეს მხატვრულად და დამაჯერებლად არის მოტანილი მკითხველამდე!
7. ამ მოთხრობამ ჩემი საყვარელი ''ანტონიო და დავითი'' გამახსენა, რა თქმა უნდა მსგავსება ზედაპირულია. კარგად არის ამბავი შეკრული, მომწონს, რომ ფინალს დიდი ხნით ადრე გრძნობ და მერე უბრალოდ სიამოვნებისთვის კითხულობ ოღონდ გული გწყდება, რომ სიამოვნება ასე მალე თავდება. ამ მოთხრობამ ჩემი საყვარელი ``ანტონიო და დავითი`` გამახსენა, რა თქმა უნდა მსგავსება ზედაპირულია. კარგად არის ამბავი შეკრული, მომწონს, რომ ფინალს დიდი ხნით ადრე გრძნობ და მერე უბრალოდ სიამოვნებისთვის კითხულობ ოღონდ გული გწყდება, რომ სიამოვნება ასე მალე თავდება.
6. კი...ჯონათან ახლა დავდებ...:-* მაგრამ უკვე ყველაფერი უთქვამთ..:)) მართლაც ძალიან საინტერესო ნაწერია.. ეჭვისაც ვერ შეიტანს მკითხველი, რომ დოკუმენტური არ არის ეს მასალა...ძალიან ობიექტურია ავტორი საკუთარი ხალხის მიმართ..:-* 5555555 მიყვარს აქ მოსვა...:-*
კი...ჯონათან ახლა დავდებ...:-* მაგრამ უკვე ყველაფერი უთქვამთ..:)) მართლაც ძალიან საინტერესო ნაწერია.. ეჭვისაც ვერ შეიტანს მკითხველი, რომ დოკუმენტური არ არის ეს მასალა...ძალიან ობიექტურია ავტორი საკუთარი ხალხის მიმართ..:-* 5555555 მიყვარს აქ მოსვა...:-*
5. კი...ჯონათან ახლა დავდებ...:-* მაგრამ უკვე ყველაფერი უთქვამთ..:)) მართლაც ძალიან საინტერესო ნაწერია.. ეჭვისაც ვერ შეიტანს მკითხველი, რომ დოკუმენტური არ არის ეს მასალა...ძალიან ობიექტურია ავტორი საკუთარი ხალხის მიმართ..:-* 5555555 მიყვარს აქ მოსვა...:-*
კი...ჯონათან ახლა დავდებ...:-* მაგრამ უკვე ყველაფერი უთქვამთ..:)) მართლაც ძალიან საინტერესო ნაწერია.. ეჭვისაც ვერ შეიტანს მკითხველი, რომ დოკუმენტური არ არის ეს მასალა...ძალიან ობიექტურია ავტორი საკუთარი ხალხის მიმართ..:-* 5555555 მიყვარს აქ მოსვა...:-*
4. ისევ მისტიფიკაცია. გაშიფრული "საიდუმლო მისია", დეტექტივის ელემენტებით. და სულაც არაა გამორიცხული, რომ სადღაც მართლაც არსებობდეს ამ ტიპის ხელნაწერები. პატივცემულო ნ.მ.! უაღრესად საინტერესო თხრობაა, როგორც ყოველთვის!
პ.ს. : ჟურნალისტ(ებ)ის ინტერსის ობიექტი მაინც აღმოჩნდით:)
პ.ს.პ.ს: ჭაო, აწი შეგიძლია, დადო კომენტარი:*
ისევ მისტიფიკაცია. გაშიფრული "საიდუმლო მისია", დეტექტივის ელემენტებით. და სულაც არაა გამორიცხული, რომ სადღაც მართლაც არსებობდეს ამ ტიპის ხელნაწერები. პატივცემულო ნ.მ.! უაღრესად საინტერესო თხრობაა, როგორც ყოველთვის!
პ.ს. : ჟურნალისტ(ებ)ის ინტერსის ობიექტი მაინც აღმოჩნდით:)
პ.ს.პ.ს: ჭაო, აწი შეგიძლია, დადო კომენტარი:*
3. მთავარი ლიტერატურული ინნტრიგის აღნიშვნა დამავიწყდა: როგორ საეჭვო ვითარებაში გარდაეცვალა ქმარი მალამოების დაზადების მცოდნე ტერეზას. მოკლედ ეს ძალიან კარგი ნაწარმოებია! მთავარი ლიტერატურული ინნტრიგის აღნიშვნა დამავიწყდა: როგორ საეჭვო ვითარებაში გარდაეცვალა ქმარი მალამოების დაზადების მცოდნე ტერეზას. მოკლედ ეს ძალიან კარგი ნაწარმოებია!
2. თუ წინათქმა მხატვრული ხერხია მკითხველის დასაინტრიგებლად, შესანიშნავია. თუ სინამდვილიდანაა, - მაინც. ყოველთვის საინტერესო და პირუთვნელია უცხო თვალით დანახული ღირსება-ნაკლოვანებანი. ფინალი წმინდა ლიტერატურულია.( ნეტა მართალი იყო თუ ჭორი, რის მიწერასაც ძმა ჯოვანი აპირებდა მეუფისთვის?) "ქართველნი იმით გამოირჩევიან ამ საქმეში, რომ ისინი მეზობელ ხალხებს კი არა საკუთარ სისხლსა და ხორცს ატყვევებენ და ყიდიან" "მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი მოდგმის ხალხი არიან, ერთი მეორის კილვას არ ერიდებიან." "საერთოდ, ამ ხალხს უცხოდმოყვარეობის სენი სჭირს. აქ ყოველივე უცხო დიდ პატივშია." - აი ნაწილი იმ "საფიქრალისა", რასაც ავტორი შესავალში გვპირდება. თუ წინათქმა მხატვრული ხერხია მკითხველის დასაინტრიგებლად, შესანიშნავია. თუ სინამდვილიდანაა, - მაინც. ყოველთვის საინტერესო და პირუთვნელია უცხო თვალით დანახული ღირსება-ნაკლოვანებანი. ფინალი წმინდა ლიტერატურულია.( ნეტა მართალი იყო თუ ჭორი, რის მიწერასაც ძმა ჯოვანი აპირებდა მეუფისთვის?) "ქართველნი იმით გამოირჩევიან ამ საქმეში, რომ ისინი მეზობელ ხალხებს კი არა საკუთარ სისხლსა და ხორცს ატყვევებენ და ყიდიან" "მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი მოდგმის ხალხი არიან, ერთი მეორის კილვას არ ერიდებიან." "საერთოდ, ამ ხალხს უცხოდმოყვარეობის სენი სჭირს. აქ ყოველივე უცხო დიდ პატივშია." - აი ნაწილი იმ "საფიქრალისა", რასაც ავტორი შესავალში გვპირდება.
1. არ ვიცი წავიკითხო თუ ჯონათანს დაველოდო?...:-* წავიკითხავ, მაგრამ კომენტარს ჯერ არ დავდებ....:) არ ვიცი წავიკითხო თუ ჯონათანს დაველოდო?...:-* წავიკითხავ, მაგრამ კომენტარს ჯერ არ დავდებ....:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|