ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია არგანაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 დეკემბერი, 2012


პატრიარქის საიუბილეოდ

           
                ***
თქვენო უწმინდესობავ!
ქორონიკონი აღმავალ კიბეზე ჰგავს, ხოლო ყოველი საიუბილეო თარიღი, იმ მცირე მოედანს, სადაც ადამიანი აუცილებლად უნდა გაჩერდეს, რათა თვალი გადაავლოს გამოვლილ გზას და გასავლელიც დაგეგმოს.
ახლა, ამ კიბის უჯრედში  ჩვენც თქვენთან ერთად ვდგავართ, რადგან უფლის ნებით ჩვენ, თქვენი სამწყსო, აქამდისაც განუყრელად თქვენთან ერთად ვიყავით.
ღვთის ნება იყო, რომ ამ უკიდეგანო სამყაროში, მილიონი და მილიარდი წლებისა და ალბათობის პირობებში  ჩვენ ერთ დროში, ერთ მამულში, ერთ ენაში  და ერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გავჩნდით. თქვენ ჩვენს სულიერ მოძღვრად, ხოლო ჩვენ თქვენს მრევლად და სულიერ შვილებად.
კადნიერებაში თუ არ ჩამომერთმევა ვიტყვი, რომ , რომ ჩვენ ერთმანერთის თანადგომისთვის გაგვაჩინა  ღმერთმა.
    ***
მე ახლა ჩემი თაობის, პირობითად 50- 60 -იანელთა სახელით ვლაპარაკობ და გილოცავთ საიუბილეო თარიღებს.
ამ ოცდათხუთმეტი წლის უკან ჩვენ  მხოლოდ 19-20 წლისანი ვიყავით და სიხარულით შევხვდით თქვენს აღსაყდრებას.
მას შემდეგ, თქვენს მიერ განვლილი წლები ჩვენი წლებიც იყო.
ეს  ჩვენ ვიყავით, 70 წლების მიწურულს ჯერ კანტი-კუნტად რომ გამოვჩნდით სამლოცველოებში, ხოლო შემდეგ ,  უფრო თამამად რომ გავავსეთ ტაძრები.
მაშინ ჩვენ გვქონდა სულიერიერებისადმი ლტოლვა, მაგრამ  ჩვენ შორის ძალიან ცოტამ თუ იცოდა როგორი უნდა ყოფილიყო მორწმუნის ცხოვრება.
სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ,  ჩვენ  მშობლიური ენის გადასარჩენად  ქუჩაში გამოვედით.
1989 წლის 9 აპრილს, ჩვენ უკვე  სიკეთის ასაკისანი ვიყავით და უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება შეგვეძლო საკუთარ თავზე.
ამ მოვლენასთან დაკავშირებით ჩვენ ხშირად გვახსენებენ და გვსაყვედურობენ, რომ იმ ღამეს თქვენი რჩევა არ გავიგონეთ და ამით გაუთვალიწინებელ პროცესებს მივეცით  გასაქანი...
მე, ჩემი სახელით, მაშინაც და ახლაც  ვითხოვდით შენდობას (ალბათ, ბევრი შემომიერთდება ამაში) და ვაღიარებდი, რომ პატრიარქი  ყოველთვის უფრო შორს ხედავს საშიშროებას  და წინასწარ აფრთხილებს ამის შესახებ მრევლს.
თუმცა, დღეს თავის გასამართლებლად სრულიად სხვა შემთხვევას გავიხსენებ, რომელზეც აქამდე ცოტა გვისაუბრია.
არის დეტალები, რომლებმაც შესაძლოა 9 აპრილის ტრაგედიის შეფასებასაც ოდნავ  სხვა მიმართულება მისცეს.
10 აპრილს, დილით,  საოკუპაციო სამხედრო მანქანისგან დევნილმა და თავშესაფარის მძებნელმა მთელმა ქალაქმა სრულიად შეუთანხმებლად, სიონის ეზოში მოვიყარეთ თავი, მაშინ მივხვდით,  რომ ეს იყო პირველი თვალსაჩინო შედეგი თქვენი მაშინ უკვე ათწლიანი მოღვაწეობისა.
პირველად გამოჩნდა ერისა და ეკლესიის შინაგანი თანხმობა და სრული ერთიანობა.სწორედ, აქ დაიგეგმა ჩვენი  იმდღევანდელი მოქმედების  შემდგომი სტრატეგიაც.
სწორედ მაშინ გავცნობიერეთ, რომ თუ კი მტრისთვისაც არსებობდა „აკრძალული ტერიტორია“, სადაც მისი იარაღი „არ მუშაობდა“. გადარჩენის იმედიც იქ უნდა გვეძებნა...
ერთი წლის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებლობა ვიზეიმეთ, ხოლო სულ მალე დაირღვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დამარცხებულნი გამოვედით როგორც  სამოქალაქო, ისე სამამულო ომიდან.
    ***
ჩემმა თაობამ თქვენ პატრიარქობასთან  ერთად გამოიარა ეს წლები და ახლა შეგვიძლია პირობით რუკაზე ზუსტად მოვინიშნოთ ის წერტილები სად ვიყავით, რა გზებით ვიარეთ  და სად მოვედით.
რას ველოდით და რა დაგვხვდა.
რა შევიძინეთ და რა დავკარგეთ.
მოლოდინი, რა თქმა უნდა უფრო სხვაგვარი გვქონდა. გვეგონა, რომ თუ საბჭოთა კავშირის დანგრევას მოვესწრებოდით და ე.წ. რკინის ფარდის მიღმა გახედვას შევძლებდით, ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა ბედნიერებისთვის.  გაჩნდებოდა თვითრეალიზაციის ახალი შესაძლებლობები და ჩვენი ცხოვრებაც უფრო მეტ მადლს და სულიერებას  შეიძენდა.
გვეგონა, რომ თუ ათეისტურ მსოფლმხედველობას  ეპოქას გადავრჩებოდით, ჩვენს ქვეყანაში მაინც  აღარაფერი დაემუქრებოდა ჩვენს აღმსარებლობის თავისუფლებას....
განვლილმა წლებმა სწავლითაც  ბევრი რამ გვასწავლა:
უპირველესად, ჩვენ შევძელით მოვლენების შეფასება. დავრწმუნდით, რომ თუ  70 წლიანი ტოტალიტარული მმართველობის პერიოდს, ერის მრავალსაუკუნოვან ცხოვრებაში, მხოლოდამხოლოდ ინციდენტად ჩავთვლიდით, მოგვეცემოდა  რწმენა გადარჩენისა და ძალა იმისა რომ ოდესმე შვებით ამოგვესუნთქა  და გვეთქვა: ინციდენტი ამოწურულია.
ჩვენ ისიც ვიცით, რომ  ახლა თუ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასაც (მიუხედავად ამდენი უბედურებისა) მხოლოდ ტრაგიკულ შემთხვევად და გაუგებრობად ჩავთვლით,  ესეც ისევე  მოგვარდება და ერთ დღეს, ჩვენ,საქრთველოს მოქალაქენი შვებით ამოვისუნთქავთ და ვიტყვით: უსიამოვნო შემთხვევა დასრულდა, გაუგებრობას ნათელი მოეფინა.
***
რადგან მე აქ ლიტერატორთა გარკვეულ წრესაც წარმოვადგენ,  მინდა ვისაუბრო  ეკლესიის და თქვენს  ღვაწლზე საერო კულტურის წინაშე.
თუმცა კულტურის სასულიერო და საერო ნაწილებად დაყოფა ძალზე პირობითია, რადგან როგორც წმიდა ილია მართალი მოძღვარს ათქმევინებს:
„- ყველაფერი საღმრთოა, ჩემო ძმაო, რაც კაცის გულს გაუთბია, თითონ დამწვარა, ზღაპრისა არ იყოს, სანთელსავით და სხვისთვის კი გაუნათებია. კაცი ის არის, ჩემო ძმაო, რომელიც თავის გონების ნამუშავარს, გულის სიკეთეს, ხიდად გასდებს, რომ, თუ არ თვითონ, სხვამ მაინც მშვიდობით გაიაროს. იმ ხიდს ზედ ამჩნევია ყოველთვის ღვთის მადლი, მაშინ ყველაფერი საღმრთოა. მაგრამ რას გეუბნები? აქ ერთგანა სწერია:


„უნდა კაცი კაცისათვის

სიცოცხლისა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის,

სიყვარული გზად და ხიდად”.

მგონია, ეგრე სწერია, თუ ხსოვნამ არ მიღალატა. საღმრთო არ არის, მაშ რა არის?
ქრისტე-ღმერთმაც ეგ არ გვიბძანა?..“
ეს იყო ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობიდან“
  ***
პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ჩვენმა საერო ლიტერატურამ ათეისტური მსოფლმხედველობის პირობებში და გარემოში,  მაინც ქრისტიანული კულტურის ნიშან-თვისებები შეინარჩუნა.
ამავე დროს, თითქმის, არასოდეს ყოფილა დავიწყებული ლიტერატურის უმთავრესი ფუნქცია, რომ  დროის ენაზე ეთარგმნა ღვთის სიტყვა.
ჩვენში  ყოველთვის ცოცხლობდა, აზრი იმის შესახებ,  საერო ლიტერატურისთვის ყველაზე აუცილებელია  შეგნება იმისა, რომ ღვთის სიტყვა ყოველთვის ახალია.
რომ, ლიტერატურისთვის ყველაზე მთავარია სახელი ანუ მეტაფორა მოუძებნოს დროის  ყველა მოვლენას და ყველა ტკივილს, რადგან ზუსტი სახელდების შემთხვევაში ადამიანი, არათუ ტკივილს, არამედ მხეცსაც კი დაიურვებს.
და რომ ლიტერატურაც არის და ლიტერატურაც. რომ  დასავლეთში დიდი ხანია ანსხვავებენ  სასარგებლო და მავნე ლიტერატურას და ამ მხრივ ჩვენც შეგვიძლია ამ გამოცდილების გაზიარება.
ზოგადად კი, უკეთესია თუ შემოქმედი  ცხოვრებას ამჯობინებს წარმოსახვით რეალობას და ამით ორივე - ცხოვრებაც და შემოქმედებაც მოგებული დარჩება.
ცალ-ცალკე არც მხოლოდ ცხოვრება აღმოჩნდა  საინტერესო და არც შემოქმედება.
***
და ახლა, სულ ცოტა რამ ისტორიისთვის:
აღსარებასავით შემიძლია ვთქვა, რომ სულ თავიდან  არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ჩვენი პატრიარქიც სხვანაირი წარმოგვედგინა, რადგან როდესაც ცხოვრებას ვიწყებდით, ჩვენ ვგავდით იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ  ახალ ტანსაცმელსაც საკერებელი დააკერონ.
ვგულისმობ, რომ ჩვენ ხშირად არასწორი წარმოდგენა გვქონდა აწმყოზე და მომავალზე, რადგან მომავალსაც წარსულიდან ველოდით.
გვეგონა, რომ ისევ ძველი გმირები და მოღვაწენი აღდგებოდნენ ძველი სახელებით და ჩვეული საქმიანობით.
ამიტომ არც ჩვენ გაგვემტყუნება, რომ ხშირად „სხვაგან“ ვიყურებოდით და სხვა მხრიდან ველოდით თავგანწირვის მაგალითებს.
ამიტომ, ხშირად ჩვენ არ გვესმოდა თქვენი  გადაწყვეტილების მიზანი და მიზეზი, მაგრამ ჩვენ გვქონდა მოთმინების და რაც მთავარია მოჩილების უნარი, რაც საშუალებას გვაძლევდა, რომ მუდმივად გვერწმუნა, არაფერი არ ხდება ცისქვეშეთში უფლის ნების გარეშე.
                  ***
თქვენო უწმინდესობავ, ამ დღეებში თქვენ უამრავი ადამიანი მოგილოცავთ, მათ შორის იქნება თქვენი თაობის ბევრი ცნობილი მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე, რომელთაც ეყოთ გონიერება და შესაბამისი მოქნილობაც აღმოაჩნდათ, რომ შედარებით უდანაკარგოთ გამოეღწიათ იმ წლებიდან...
თქვენ მომლოცველთა შორის, ასევე მრავლად იქნებიან ახალგაზრდები. მომავალი მწერლები და მომავალი საზოგადო მოღვაწენი, რომელნიც  ჯერ უცნობნი არიან საზოგადოებისთვის, მაგრამ მათი შემართება და მოშურნეობა იმედს იძლევა, რომ მალე ისინიც სახელმოხვეჭილი ადამიანები გახდებიან.
თქვენ უწმინდესობავ, თქვენ ალბათ შეამჩნევთ, რომ ამ სხვადასხვა ასაკის და თაობის ლიტერატორთა და მოღვაწეთა შორის ისევე ისევე კანტიკუნტად გამოერევა 50-60 წლების თაობა, როგორც კანტიკუნტად გამოვჩნდით ამ 35 წლის უკან თქვენი აღსაყდრების ჟამს ტაძრებსა და სამლოცველოებში.
უმრავლესობამ ჩვენგან ვერ გამოაღწია იმ წლებს... ჩვენ  დავრჩით რეპრესიებში და ციხეებში, დავრჩით სამოქალაქო თუ სამამულო ომებში, დავრჩით უცხოეთში, და რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენ ყველგან დავრჩით წარსულ დროში, რადგან ვერაფრით ვერ გამოვაღწიეთ სამშვიდობოს...
უკეთეს შემთხვევში ჩვენ ვიქეცით ხიდად, რომ შედარებით მშვიდობიანად და შედარებით უდანაკარგოთ გადაევლო ჩვენზე მომავალ თაობას.
დაგვლოცეთ თქვენო უწმინდესობავ, დაგვლოცეთ როგოც გვარებს ლოცავთ ხოლმე , რადგან ჩვენი თაობა, რომელიც არაერთ განსაცდელში  გამოგვატარა ისტორიამ ისეთივე ახლობლები ვართ ერთმანერთისთვის როგორც სისხლით ნათესავები. 
                    ***                                     
და ბოლოს, აქ სიტყვა დავუთმობდი იმ  ადამიანს, რომელსაც ჩემზე მეტად გაახარებდა ეს დღე, რომ მიცემოდა შესაძლებლობა თავისი პატრიარქისთვის მიელოცა ეს საიუბილეო თარიღები.
ეს კაცი იყო  ჩვენი ეკლესიის შვილი, მოწრმუნე ქრისტიანი, მწერლი და საზოგადო მოღვაწე აწ გარდაცვლილი ერლომ ახლედიანი.
მე წაგიკითხავთ მცირე ამონარიდს მისი წიგნიდან „ძველი და ახალი“, სადაც ერლომი წერილს წერს თავის ადრე გარდაცვლილ მეგობარს  ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედს გურამ რჩეულიშვილს.
საყურადღებოა რომ ერლომის ეს წერილი გურამის გარდაცვალებიდან თითქმის 40 წლის შემდეგ 1999 წლის შობის ღამეს, ათასწლეულთა და საუკუნეთა მიჯნაზე დაიწერა.
  ჩემო გურამ!
შობის ღამეს ეკლესიაში ვიყავი. ტაძარში მხოლოდ თაფლის სანთლები ენთო და მათი შუქი აჩენდა ჩვენი ეკლესიის მლოცველთა მშობლიურ სახეებს. ერთმანერთს ენაცვლებოდა გალობა, ლოცვა, ფსალმუნები და საკურთხევლიდან ჩვენი მოძღვრის ნაცნობი ხმა. არაფერი არ ადასტურებდა, რომ ეს ჩვენი დროა, მეოცე საუკუნის დასასრული: სანთლის იგივე შუქი, იგივე ფსალმუნები, იგივე ლოცვა-გალობანი, იგივე სიტყვები აგერ უკვე რამდენი საუკუნეა უცვლელად მეორდება. მეუფლება უდროობის განცდა. ასევე იდგნენ ჩვენი წინაპრები, ასე ვდგავართ ჩვენც და ასევე იდგებიან ჩვენი შთამომავლნიც სამყაროს აღსასრულამდე. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ ამ უკვდავ წამში მეც მარგუნა ადგილი. მხოლოდ აქ, ამ გარემოში არის შესაძლებელი, ეზიარო ცხოვრების ნამდვილ აზრს _შეიყვარო და შეიწყნარო სხვისი სიცოცხლე და საკუთარი სიკვდილი.“
ეს იყო ნაწყვეტი ერლომ ახვლედიანის წიგნიდან „ძველი და ახალი“
და ჩვენც, ცოცხლებისა და მიცვალებულების სახელით, ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის სახელით,  მადლობას ვწირავთ უფალს და უფლის სახელით მადლობას გწირავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს, ათასწლეულთა და საუკუნეთა მიჯნაზე, ცივილიზაციისა და ტექნოკრატიის არნახული წინსვლის პირობებში, უცხო იდეებისა და იდეოლოგიების გარემოში,  ომებით,შიმშილითა და შიშით ლამის შუაზე გახლეჩილი სამყაროს ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე მშვიდობიანად გადატარეთ  თქვენი ერი...
და ბოლოს, თქვენო უწმინდესობავ, ყველა თავის ენაზე საუბრობს. ყველა თავის გარემოში დაეძებს ასეთი დღეებისთვის აუცილებელ  სადღესასწაულო სიტყვებს. ქართული ლიტერატურა კი თქვენი ღვაწლის შესაფასებლად ვაჟა-ფშაველას ამ სტრიქონებზე  უკეთესი სიტყვები ალბათ ვერ მოძებნის:
„მადლობელი ვარ, დამბადებელო,
ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა,
როგორიც ამ დღეს საჭირო არი,
სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა.
ეკლებზე ვწევარ, არაფერს ვიმჩნევ,
მაინც ღმერთს ვმადლობ, - ეშმაკს შეჰშურდა.“
                                                                                                      გია არგანაშვილი



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები