ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბაჟური
ჟანრი: პროზა
8 იანვარი, 2013


კოლექციონერი

  მთის ფერდობზე საცალფეხო ბილიკით მიმავალმა საათს დახედა. უკვე ორი საათი გასულიყო მას შემდეგ, რაც მანქანა გააჩერა და გზა ფეხით განაგრძო. ცოტაც და ფერდობის ბოლოს უწევდა, იქიდან კი, მოპირდაპირე მთის ქარაფებზე მდგომ ჯიხვებთან რამდენიმე ათეული მეტრიღა დააშორებდა. ამ წუთის მოლოდინი სასიამოვნოდ უთრთოლებდა გულს. მართალია, უკვე წლებია სხვადასხვა ცხოველსა და ფრინველს ეპარებოდა და უსაფრთებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე გული ისე უცემდა, თითქოს ამას პირველად აკეთებდა.
  არასდროს უფიქრია, ეს საქმე შემოსავლის წყაროდ ექცია. ეს მისთვის არც ჰობი ყოფილა არასდროს. ეს მისი ცხოვრების წესი იყო. შეეძლო, ტყეში საათობით მჯდარიყო წყნარად ერთ ადგილას, სრულიად მარტო და შემთხვევით ჩავლილ კურდღელს ან მელიას დალოდებოდა. ზოგჯერ საწადელისათვის მარტივად მიუღწევია, ზოგჯერაც დიდი ჯაფა დასდგომია, მაგრამ შედეგით ყოველთვის ერთნაირად ბედნიერი იყო.
  კარგად ახსოვდა, თუ რა ძლიერ გაუჭირდა რაჭაში. ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დათვთან მიახლოებას. ამ ორი დღის განმავლობაში ორჯერ გაიგონა გაქცეული დათვის მიერ ატეხილი ხმაური. მეორე დღის ბოლოს კი მისმა მონდომებამ შედეგი გამოიღო. არასდროს ავიწყდებოდა იმ საღამოს განცდილი სიხარული.
  მას არც ყველაზე დიდი იმედგაცრუება ავიწყდებოდა დიდხანს. ერთი კვირა უშედეგოდ დაეხეტებოდა ტყეში იმ იმედით, რომ მგელს წააწყდებოდა. ერთი კვირის შემდეგ საგზლად წაღებული ორცხობილის მარაგი ამოეწურა და გულგატეხილი დაბრუნდა უკან. ორი წლის განმავლობაში განიცდიდა იმედგაცრუებას, თუმცა, ორი წლის შემდეგ მაინც მიუახლოვდა მგელს საჭირო მანძილზე.
  არასდროს გასჩენია სურვილი, აფრიკისა და აზიის ტყეებში ეხეტიალა და ლომი ან ვეფხვი მოეხელთებინა. არა იმიტომ, რომ ეშინოდა. უბრალოდ, მას მხოლოდ საქართველოს ბინადარი არსებები აინტერესებდა.
  ძალიან ცოტამ იცოდა მისი გატაცების შესახებ. თავისი კოლექცია საკუთარი ოთახის კედლებზე ჰქონდა გამოფენილი და მას მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი ნახულობდა.
  ხანდახან აცნობიერებდა, რომ ბუნების არსება მხოლოდ ბუნების წიაღშია ნამდვილი და მშვენიერი. ამ დროს მძაფრად გრძნობდა, რომ მისი საქციელი უბადრუკი მცდელობა იყო იმისა, რომ მას ბუნებაში ეგრძნო თავი. ქარაფზე ქანდაკებასავით შეყინული ჯიხვის ცქერა იმიტომ არის კარგი, რომ იცი, ის ნებისმიერი ჩქამის გაგონებისას მზადაა მოსწყდეს ქარაფს. როდესაც ჯიხვს კედელზე უყურებ, აცნობიერებ, რომ ის აღარ არის ნამდვილი. თუმცა, თავის ოთახში ყოველთვის ისე ფრთხილად შედიოდა, თითქოს ეშინოდა ტყის რომელიმე ბინადარს მისი ფეხის სმა არ გაეგო და უკანმოუხედავად არ გაქცეულიყო ან გაფრენილიყო.
  ერთი ოცნებაც ჰქონდა. როგორმე ფრინველთა მეფე, არწივი მოეხელთებინა. სწამდა, რომ ოდესმე ამას შეძლებდა.
  თუმცა, ახლა მხოლოდ ჯიხვებზე ფიქრობდა. ფიქრობდა იმაზე, თუ რა გრძნობა დაეუფლებოდა მათი ხილვისას ან რას მოიმოქმედებდა სიხარულისგან აღტყინებული.
  ფეხს ფრთხილად ადგამდა ბილიკზე. ეშინოდა, მახვილი სმენის მქონე ჯიხვებს მისი ფეხის ხმა არ გაეგოთ. ფრთხილად აათავა ბილიკი და მთის იმ ნაპირისაკენ გაემართა, საიდანაც მოპირდაპირე შიშველი კლდე კარგად გამოჩნდებოდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ თვალებგაფართოებული შედგა. კლდის ქარაფებზე ათამდე ჯიხვი იდგა და თითოეული მათგანი ამაყად იმზირებოდა შორეთში. ქარაფზე შეყინულთ თითქოს მზერაც გაჰყინვოდათ. დიდებული სანახაობა იყო.
  ერთი ჯიხვი სილამაზითა და სიდიადით აშკარად აღემატებოდა თანამოძმეთ. ყველაზე მაღალ ქარაფზე იდგა, ყველაზე მაღალი რქები და ყველაზე იდუმალი მზერა ჰქონდა. სწორედ ის გამოარჩია სხვათაგან, ფრთხილად ჩაიმუხლა და მიზანში ამოიღო. ასეთ დროს აღტაცება მაშინვე გადაუვლიდა და ძალიან მშვიდი ხდებოდა. ჩამუხლულმა გონებაში სამამდე დაითვალა და ღილაკს თითი დააჭირა...

  ფოტოაპარატის თითქოს შეუმჩნეველი ხმიანობა საკმარისი აღმოჩნდა ჯიხვების დასაფრთხობად. ქარაფებს უმალ მოსწყდნენ, ქვევით დაეშვნენ და ათიოდ წამში სამშვიდობოს იყვნენ.
  კიდევ ცოტა ხანს უყურა კლდეს, სადაც რამდენიმე წამის წინ ცოცხალი ქანდაკებები იდგნენ, შემდეგ ფოტოაპარატი ჩანთაში ჩადო და ბილიკით ქვევით დაიწყო დაშვება. ახლახანს მის მდიდარ კოლექციას კიდევ ერთი შედევრი შეემატა.

                                                                                                                                                                                                            ოქტომბერი 2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს