ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2013


* * *

* * *



სახლები - ტყეში,
ქალაქისკენ რომ აქვთ ფანჯრები,

ქალაქში კი ხეები მიყვარს,
ტყისკენ გაწვდილი ტანით, ტოტებით,

ბავშვი რომ მიწას უტოვებს მზერას,
ზეცას - მოხუცი,

მკვდრის წინ რომ უცბად სიცილს დაიწყებ
და ცოცხლებთან აგეტირება...

რა უცნაურად მიდის ცხოვრება,
ახირებულად,
აუხდენელი სურვილებით, ისიც ხომ არის;

როგორც ძაღლი, უყეფ ამ დღეებს
და წყლულებსაც თვითონ ილოკავ.



* * *



ჩვენ როგორ ცუდად ვიცით ცხოვრება;
ან გვაცილებენ,
ან პირიქით - გველოდებიან,
შეიძლება ორივეც იყოს.
იმათ კი რა გზებს აჩვენებ, ღმერთო,
მაღალ ბალახში,
სადგურებს შორის რომ ჩადიან
მატარებლიდან?!.




* * *



წამოსვლის შემდეგ, ვფიქრობ,
ჩემ ნაცვლად,
ვიღაც სხვა რომ გაემგზავრება
საზღვრისპირა, მთიან სოფელში
და სკოლის ბოლო გაკვეთილიდან
ერთად გაპარულ მოსწავლეებს არ გაყვება უკან,
მაღალ ბალახში, წყლის წისქვილთან
დამალულები,
რას იფიქრებენ მაშინ, ნეტავ,
ბავშვები ჩემზე?!.




* * *



ჩემი სულ ახლო წინაპარი ოჯახისათვის,
ქვეყნისთვის, ღვთისთვის,
სიყვარულისთვის წერდა, რაც მახსოვს.
მიწას, როგორც ძველ ფურცელს, დღემდე
ემჩნევა გუთნის ღრმა კვალი, როგორც
ლექსის სტროფები.

ჩემგან კი რა გსურს,
შემთხვევითო სამშობლო ჩემო?!.
მე ის ბავშვი ვარ,
იმ ხვნის დროს რომ მინდორში იდგა
დასახმარებლად;
ხარების წყალთან ჩასაყვანად,
მათ წინ გამყოლად,
მაგრამ იქიდან გაპარვაზე ფიქრობდა მხოლოდ...

და შორს, შორს მინდვრის
ერთ დასასრულთან
რომ შედგებოდა
და ღიმილით გასწევდა ტყისკენ,
კიდევ ესმოდა პაპამისის:
- ეჰე-ჰე-ჰეი!..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები