ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2013


* * *

* * *

წარმოიდგინე,
ცხოვრება, როგორც
მაღლა გაჭიმულ თოკზე მუდმივი
გასვლა-გამოსვლა,
ისე, სულ რომ ქვემოთ ვარდები
და მრავალთა გაოცებაში,
მოლოდინში,
დიდ სიჩუმეში,
მოისინჯავ უვნებელ სხეულს,
ბატუტზე და რბილ ლეიბებზე, -
რაზეც დაეცი, -
მიუთითებ და იმეორებ:
- ამათ გარეშე, ამათ გარეშე!..



* * *

მე გადავყურებ სულს, -
არც მთებია,
აღარც კლდეები, თუ ნაპრალები,
ან ცოდვა-მადლი, -
მხოლოდ სველი და შორი ტყეები
წვებიან ნისლში.

თუ დაგინახავს და გსმენია სოფლის შარაზე
ძაღლის თამაში,
ხოლო პატრონის შეყმუვლება საკუთარ
სახლ-კარს,
ბალახგადავლილს, სანახევროდ დანგრეულს,
დაშლილს?!.

ჰე, ღამის ცაში
გაჩენილ ვარსკვლავს,
მოძრავს, მოწყვეტილს,
თვალებთან ერთად,
სხეულს თითქმის რომ გააყოლებ -
წამოიწევი -
და ისევ უკან დაგაგდებს ფიქრი:

თუნდაც ერთს,
ვიდრე ვიღაცას ჰყავხარ,
რჩები იმ ბავშვად,
უფლება რომ არ აქვს წავიდეს
შორს და, მითუფრო,
სიკვდილისაკენ.



* * *

თუ ისევ მღერი,
რომ გეპატიოს,
განწირულის ხმით მაინც იმღერე;
ვიღაც ამ წუთშიც ტოვებს სიცოცხლეს.




* * *


გზაზე დამდგარს რომ სახლში მისულთა
ყოფა გადარდებს,
რა უნდა იყოს უფრო ძვირფასი?!.

დილის სიზმრიდან გამოსვლას ჰგავს
მთელი ცხოვრება,
რაღაც მაინც რომ შემოგრჩება;
სურნელი, ან სიტყვა, კადრები.

ისეც კი ხდება,
ცხადში ბრუნდები
და მთელი დღის მანძილზე გრჩება
შეგრძნება, რომ შენი სიზმრიდან
ვიღაც ძვირფასი გამოგყვა უკან.

გტკენია გული გაღვიძებისას?..

ჩემი კლასელი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა,
ბავშვობისას, სკოლის ასაკში,
ტბაში დაიხრჩო.

მხოლოდ სახელი მახსოვს მისი;
გურამი ერქვა.
ვეღარ ვიგონებ,
რა უყვარდა, როგორ სწავლობდა,
ერთხელ მაინც, თუ გვიჩხუბია...
იქნებ ჩემი ძმაკაციც იყო.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები