| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: დრამატურგია 8 თებერვალი, 2013 |
პიკანტური ღამის თავგადასავალი
რადიოპიესა
მოქმედი პირნი:
თეონა- დიასახლისი გეგა- მისი მეუღლე. ლუკა- მათი შვილი რემი- მეზობელი.
თეონა სახლს ალაგებს. ღიღინებს. ზარი კარზე. თეონა: ლუკა, შენ ისწავლე, მე გავაღებ! (აღებს) ო, მობრძანდით, რემი ბიძია, მობრძანდით! რემი: საღამო მშვიდობისა ჩემო თეონა, როგორ ბრძანდებით? თეონა: ისე, რა, შეძლებისდაგვარად. თქვენ როგორ გიკითხოთ? რემი: სამოცდაათს გადაშორებულის პირობაზე არა მიშავს. შენ კვლავ იმდენადვე მომხიბლველი ხარ, რამდენადაც ახალგაზრდა. თეონა: ო, გმადლობთ რემი ბიძია, თქვენ გალანტურობა არასოდეს გაკლდათ. რემი: ოო, ლუკაც აქ ყოფილა, ჩვენი წითელკანიანთა ბელადი. ბატონი გეგა შინ არ ბრძანდება? თეონა: არ გახლავთ, საქმეზეა გასული. რემი: რა საქმეზე, თუ საიდუმლო არარის? თეონა: რა საქმეზე ვერ გეტყვით, ამაზე ლაპარაკი არ უყვარს. რემი: ჭკვიანი ქალები არასოდეს აზუსტებენ, სად დადიან ქმრები. თეონა: არ ვიცი, რამდენად ჭკვიანად მთვლის ჩემი ქმარი. რემი: ისე, სჯობია იფიქროს, რომ თვითონ უფრო ჭკვიანია. ეს მამაკაცებს თვითრწმენას სძენს და კონტროლს უსუსტებს. შესაბამისად უკეთ იმართებიან. (იცინის). თეონა: ვითომ? მე მგონია სულ ტყუილად გვაბრალებთ ქალებს მამაკაცების თავის ჭკუაზე ტრიალის სურვილს. რემი: ეჰ, ჩემო კარგო, მთელი ცხოვრება არარსებულ თავისუფლებას ვუფრთხილდებოდი მეგონა. ამიტომ არ შევირთე ცოლი. ახლა რომ ვუფიქრდები, რა ჯობია ნებაყოფლობით მონობას- ოჯახს რომ ვეძახით. განა ცუდად გვმართავენ ქალები? თეონა: რა გითხრათ, აბა? მაგას კაცი რომ მიხვდეს, ალბათ თქვენი ხნისა უნდა იყოს. რემი: ამ ხნის კაცს პურზე და არაჟანზე ხომ მაინც არ მომიწევდა სირბილი ან შუქის ქვითრების აკინძვა. შუქზე გამახსენდა, თქვენთანაც გაითიშა? ხომ არ იცით რა ხდება? თეონა: წარმოდგენა არა მაქვს, ისევ რემონტი თუა., ალბათ ღამემდე ჩაგვირთავენ. რემი: იმედია, იმედია. ეხ, რა ამაოდ დაშვრა პრომეთე, ჰქონოდათ ეს შუქი ღმერთებს, იქნებ უკეთ გაენაწილებინათ. ლუკა: ცეცხლი. რემი: ჰო, მართალია, ცეცხლი. ცეცხლზე გამახსენდა- რაღაც სიზმრებმა შემაწუხა ამ ბოლო დროს. ჩემს ძველ ჯარგვალში ვარ ვითომ შუა ცეცხლთან, გარეთ ძაღლი ყეფს, შინ კი არავინაა.საშინელი ბოლია ირგვლივ, ვერაფერს ვხედავ. რამე ფარსაგს ხომ არ უნდა ნიშნავდეს. თეონა: მართალი გითხრათ, სიზმრების ბევრი არაფერი გამეგება.მაგრამ ნუ ინერვიულებთ, არ ღირს. რემი: გადავწყვიტე, წავალ რუსთავში ჩემს დასთან ორი-სამი დღით. დავსხდებით მე და ძაბული და გავიხსენებთ წარსულს. ჩვენი ხნის ხალხისათვის ამაზე სასარგებლო საქმეს რას გავაკეთებთ. როგორც განსვენებული ჩემი პროფესორი იტყოდა ,,მოხუცებს ისევე აცოცხლებთ წარსული, როგორც ახალგაზრდებს – მომავალი.” თეონა: ყველა ასაკს თავისი ხიბლი ახლავსო – ამბობენ, რემი ბიძია. , რემი: ეჰ, არ დაიჯერო, ჩემო თეონა, ეგ ისევ მოხუცის მოგონილია, თავის გასამხნევებლად. სიბერე ახალგაზრდობის ირონიაა. თეონა: მაგის აღიარება ყველას მოუწევს ადრე თუ გვიან. რემი: ეჰ, კაია შენთან საუბარი, მარა მეჩქარება. მოკლედ მიხედეთ ჩემს აპარტამენტებს. თუმცა ყოფილ ეკონომისტს ქონება არაფერი დაუგროვებია სიბრძნის გარდა. აბა, თქვენ იცით! ლუკა, შენი იმედი მექნება. ლუკა: მკრთალ სახიანებს აქაურობას არ გავაკარებთ. რემი: ო ჰო, ჰა, ჰა. კარგია! გადის . თეონა: ლუკა, გაკვეთილები მოამზადე? ლუკა: თითქმის. თეონა: რას ნიშნავს- თითქმის. ლუკა: მარტო ქართულიღა დამრჩა, დასაწერი. თეონა: მოასწარი,თორემ ლამპის შუქზე მოგიწევს წერა. ლუკა: სიბნელეში არ სჯობია. მასწავლებელმა გვითხრა: ვაჟა-ფშაველა სულ ჭრაქის შუქზე წერდაო. შემოდის გეგა. გეგა: სინათლე არა გვაქვს? თეონა: ეტყობა ჩათვალეს, რომ ზედმეტად განათლებულები ვართ. გეგა: ლამპა არა გვაქვს? ღამემდე გამოვყრუვდებით. ო, რა ცარიელია ეს ქვეყანა ტელევიზორის გარეშე. ლუკა: ჯიგარი ხარ მა. თეონა: ტელეფონზე მაინც დარეკოს ვინმემ! გეგა: იცით რა იქნებოდა ყველაზე ადექვატური ნაბიჯი ჩვენი მხრიდან? თეონა: მაინც რა? გეგა: რა და დაძინება. ლუკა: კაი რა, მა, იქნებ მოვიდეს მალე. თეონა: რაღაც არ მგონია. ლუკა: არ გახსოვთ ამასწინათ ხუთ წუთში რომ მოვიდა? გეგა: ეხლა მაგას ელოდე კიდე. თეონა: ლუკა, ჯობია შენც დაიძინო, დილით თავი რომ გიკვდება ძილისთვის. (ამთქნარებს). ლუკა: აუ... ძილის მეტი არაფერი გახსოვთ. გეგა: ლუკა, დედამ უკეთ იცის, რა სჯობს. მელოდია. საათის წიკწიკი. იძინებენ. ჩუმი ფშვინვა, რომელსაც ენაცვლება გაურკვეველი, ინტიმური ხმები. თეონა: (ჩურჩულით) გეგა, გეგა, გე!... გეგა: (ძილბურანიდან) რა იყო, რა გინდა? თეონა: გეგა, გძინავს? გეგა: მე მგონი აღარ. თეონა: რაღაც ხმაური არ გესმის? გეგა: არა. თეონა: აბა, კარგად დაუგდე ყური! გეგა: მე მგონი, მარანში მღერიან. თეონა: რა დროს ხუმრობაა. მგონი რემის ბინაში ვიღაცაა. გეგა: მერე ამაში საგანგაშო რა არის? ”ვიღაც” ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით რემი უნდა იყოს. ალბათ ისევ უძილობამ შეაწუხა და თავს მონოლოგით ირთობს. თეონა: არა, გეგა, რემი წასულია. გეგა: როგორ თუ წასული? თეონა: ამ საღამოს დასთან გაემგზავრა სამი დღით. გეგა: მართლა? თეონა: აი, ისევ... ორნი არიან! გეგა: თუ ქურდები არიან, რა საუბრის დრო ნახეს. თეონა: იქნებ თათბირობენ, პატრულს ხომ არ გამოვუძახოთ? გეგა: მოიცა, რა! თეონა: ნახე, მგონი ქალის ხმაა. გეგა: ნაღდად რემია ვიღაც მანდილოსანთან ერთად. თეონა: ხომ გითხარი, სამი დღით გაემგზავრა-მეთქი. გეგა:რა არიფი ხარ, თვალის ასახვევად გეტყოდა, მივდივარო. თეონა: ჩუმად, მოისმინე! ისმის ყრუდ. მამაკაცის ხმა: რა კარგი ხარ, რა საყვარელი. ქალის ხმა: შენც კოკ, შენც კარგი ხარ, ძალიან კარგი! მამაკაცის ხმა: ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ აქ აღმოვჩნდებოდით. ქალის ხმა: ასე, ნუ ძალიან გთხოვ! მამაკაცის ხმა: რატომ, ლილ?! ქალის ხმა: არ შემიძლია, მეშინია. მამაკაცის ხმა: საშიში არაფერია, აი ნახავ. ქალის ხმა: ძალიან გთხოვ, არ გინდა... მამაკაცის ხმა: ნუ გეშინია! ქალის ხმა: რა დიდი და ძლიერია ეს გრძნობა, ასე მგონია წამლეკავს- მეთქი. გეგა: თუ ეს რემია, ყოჩაღ ძმაო. ეგ ყოფილა, რაც ყოფილა. თეონა: კაირა, ვერ ხვდები, როგორი ახალგაზრდის ხმაა. რა ვქნათ, გეგ? გეგა: რა უნდა ვქნათ. თეონა: ბავშვმა რომ გაიღვიძოს? გეგა: არა მგონია ამაზე ინერვიულოს. თეონა: კი მაგრამ, როგორ შეიპარნენ იქ, არ მესმის. გეგა: რა არ გესმის, მაგ ბებერს ნაღდად გაქირავებული აქვს ბინა ხავერად და ფულს აკეთებს. თეონა: ესე იგი მის ჩამოსვლამდე სულ ამათ უნდა ვუსმინოთ? გეგა: რატომ სულ ამათ, ხვალ შეიძლება სხვები მოვიდნენ. თეონა: მოიცა, მოიცა, ჩუმად. ქალის ხმა: პატრონმა რომ შეიტყოს ყველაფერი?... მამაკაცის ხმა: ვინ კითხავს მაგ ბებერს, თავის დროზე მიიღებს თავისას. ქალის ხმა: არა, კოკ, შეეშვი დაგღუპავს, ხომ იცი, ძველი ზვიგენია! მამაკაცის ხმა: აბა ვაპატიო რაც შენ გაგიკეთა? ქალის ხმა: ეს ის არ ყოფილა, რაც შენ გგონია. უბრალოდ წინადადება მომცა და ფულს მთავაზობდა. მამაკაცის ხმა: მერე შენ დათანხმდი? ქალის ხმა: არჩევანი არ მქონდა. მე ისე მჭირდებოდა ფული... მამაკაცის ხმა: როგორ... ქალის ხმა: მაგრამ ის მეტისმეტად დიდი წარმოდგენისა აღმოჩნდა თავის შესაძლებლობებზე. მამაკაცის ხმა: ფინანსურს გულისხმობ? ქალის ხმა: არა, მამაკაცურს. (პაუზა). თეონა: ხედავ, ეს ვინ ყოფილა? გეგა: ძველი ზვიგენიო, აზრზე ხარ? ეტყობა ტყუილად არ უმუშავია ფინანსთა სამინისტროში. თან როგორ ინიღბება, თითქოს პურის ფული უჭირსო. ეს “პატრონი” რემი უნდა იყოს? თეონა: რა თქმა უნდა, ბებერიო- ხომ გაიგონე. გეგა: და წილში გაყვანა მოინდომა? აბა დაბრედა არ ასცდება. თეონა: კაი რა გე, მაინც ცოდოა. გეგა: მე რა ვუშველო, თავის დროზე ეფიქრა. თეონა: არადა, რა ფარისევლურად ლაპარაკობდა ოჯახური ცხოვრების უპირატესობაზე. გეგა: ეჰ, ძნელი ყოფილა ადამიანის გამოცნობა. თეონა: გაჩუმდნენ. გეგა: ალბათ დაამთავრეს... თეონა: რაზე ამბობ? გეგა: დიალოგი. შენ რა იფიქრე? თეონა: არ გაგვათენებინეს... როგორ მეშინია გეგა, გადმოვალ რა შენთან. გეგა: საშიში არაფერია, აი ნახავ! თეონა: კაი რა გეგა... გეგა: როგორ არ გესმის, იფიქრებენ რომ მათი გამოწვევა მივიღეთ, უხერხულია. თეონა: კარგი რა, რაც უნდათ, ის იფიქრონ. გეგა: ხო, კაი... თეონა: რა კარგი ხარ გე, რა ძლიერი, შენთან არაფრის მეშინია! გეგა: ჩემი მშიშარა ბაჭია... ინტიმური მელოდია. ზარი კარზე თეონა: ვაიმე, ვინ არის? გეგა: აი, ხომ გეუბნებოდი. თეონა: ვითომ ისინი იქნებიან?! გეგა: აბა რა, პროტესტს აცხადებენ პლაგიატის გამო. თეონა: კარი არ გავუღოთ! გეგა: უხერხულია, იქნებ სოლიდარობის გამოხატვა უნდათ. ისევ ზარი. თეონა: თავხედები! შენ არ ადგე, მე ვუჩვენებ მაგათ...ბოლოსდაბოლოს ამოვიდა ყელში! გეგა: ხალათი მაინც მოიცვი! თეონა აღებს კარს. რემი: მაპატიეთ, ამ დილაადრიან არ მინდოდა თქვენი გაღვიძება, მაგრამ... თეონა: რემი ბიძია, თქვენ? რემი: ალბათ შეგაწუხათ ხმამ ხომ? თეონა: მართალი გითხრათ, შეწუხება ის სიტყვა არ არის, ჩვენ შოკირებულები ვართ. ასეთი რამ არასოდეს შემმთხვევია. რემი: უნდა მაპატიოთ,გული მიგრძნობდა ასე მოხდებოდა, ამიტომაც გამოვემგზავრე ასე უთენია. თეონა: ესე იგი, თქვენ ეს იცოდით? რემი: უნდა გამიგოთ მოხუცს. თეონა: არ მესმის, რა უნდა გაგიგოთ? რემი: ჩემს მდგომარეობაში არაფერია გასაკვირი. თეონა: კი მაგრამ ყველაფერი ფულიხომ არაა. რემი: ფული არაფერს შუაშია. ადამიანური ურთიერთობის კომფორტს ვერაფრით იყიდი. თეონა: ურთიერთობაცაა და ურთიერთობაც. რემი: ამას რაზე ამბობთ? Yთეონა: როცა საქმე ეხება მახლობელ ადამიანს, რომლისაც გჯეროდათ და რომელსაც სიკვდილით ემუქრებიან. რემი: გასაგებია ვერაფრით ვისწავლეთ გულგრილად შევხედოთ მათ ბედს. თეონა: ვინ მათ? არ მესმის. რემი: ისინი ხომ ჩვენი ყოფის ნაწილებად იქცნენ. თეონა: მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ყოფისა ნამდვილად არა. რემი: მოკლედ ჩემს სიბერეს აპატიეთ ეს გულმავიწყობა. თითქოს ყველაფერი გამოვთიშე, მაინცდამაინც ეს ტელევიზორი დამრჩა. დენი მალე მოვიდა? თეონა: რა? თქვენ გინდათ თქვათ, რომ ეს ყველაფერი… ტელევიზორი იყო? რემი: უკვე გამოვრთე, შეგიძლიათ შეიბრუნოთ ძილი, ჩემი სახლიდან გასვლა არ შეიძლება.
დასასრული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჩემი სტუდენტობა გამახსენა-ყველაფერი უცებ და ერთად რომ გაქრა-დენი, გაზი, წყალი..მხოლოდ რადიო დარჩა(ხაზის) და ხშირად ვუსმენდი რადიოპიესებს.
სიამოვნებით მოვუსმენდი ამ პიკანტური ღამის თავგადასავალსაც:) ჩემი სტუდენტობა გამახსენა-ყველაფერი უცებ და ერთად რომ გაქრა-დენი, გაზი, წყალი..მხოლოდ რადიო დარჩა(ხაზის) და ხშირად ვუსმენდი რადიოპიესებს.
სიამოვნებით მოვუსმენდი ამ პიკანტური ღამის თავგადასავალსაც:)
3. კი ჩავედი ინტერესით ბოლომდე...მაგრამ არა მგონია ტელევიზორის ხმა ვერ გაერჩიათ...:) კი ჩავედი ინტერესით ბოლომდე...მაგრამ არა მგონია ტელევიზორის ხმა ვერ გაერჩიათ...:)
1. კარგია. ინტერესით ველოდებოდი, რა მოხდებოდა.+++++ კარგია. ინტერესით ველოდებოდი, რა მოხდებოდა.+++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|