ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Бездомный возвращается
ჟანრი: პროზა
25 თებერვალი, 2013


სლავიკა

ქუჩაში ბნელოდა, ასფალტი იყო ნაცრისფერი და იყო ზამთარი.
ქუჩაზე იყო პატარა კაფე, სადაც იჯდა ორი ტიპი და სვამდა, დალევის იმ გაგებით, როდესაც თავად ალკოჰოლის დალევა არაა მიზანი, არამედ იგი მხოლოდ საბაბია ჯდომის და საუბრის.
- უძილობა მჭირს. ასევე მჭირს ნევროზი თუ ნერვოზი, არც ის ვიცი, რომელია სწორი. ყველაფერზე ვღიზიანდები, ადვილად ვირევი და ვხდები ფეთქებადი. მერე უცებ რაღაც წვრილმანზე აღარ გეყოფა ნერვი, აირევი დაირევი და ყველაფერს აფუჭებ. მერე ზიხარ და დარდობ.
- რა დღეში გაქვს ნერვები.
- რა ვიცი. არა, შენ არ იფიქრო, რომ სულ ვფეთქდები. ზოგჯერ არის, რომ აი როგორ გითხრა.. მაგარ ხასიათზე ხარ. მოდიხარ შუა ქუჩაში და ხმამაღლა ყვირი, რომ ყველაზე ლამაზი ცოლი გყავს, ან შეხვალ მარკეტში, იყიდი სიგარეტს და იქვე სალაროსთან რო ათასი კანფეტი და მაიმუნობაა, ერთ ცალს აარჩევ იქიდან, გაატარებინებ გამყიდველს, მერე იქვე გახსნი და აჩუქებ. კი, კი. ხდება ასეც. ზოგჯერ არი, აი ტაქსში ჩაჯდები, 5 ლარად მოურიგდები სახლში წაყვანაზე, მერე გააჩერებ პირველივე ქუჩის კუთხეში, მისცემ 5 ლარს და ფეხით წახვალ.
- დონ კიხოტი ხარ?
- არ გესმის, სლავიკ. ან დონ კიხოტი რა შუაშია. აღარაა დღეს ქარის წისქვილები. ის კიდე ქარის წისქვილებს ებრძოდა. ან რა ვიცი, იქნებ არის კიდეც და არ ვიცი.
- რა, დონ კიხოტი თუ წისქვილები?
- ერთიც, მეორეც. შეიძლება ორივე.. ან არცერთი.
- არ დავასხა?
- დაასხი, ხო. მარა სლავიკ,  რაშია იცი, საქმე?.. აი დალევ, კაი ხასიათზე ხარ, გავიწყდება, რომ ვინც კი ირგვლივ გყავს, თითქმის ყველას ვალი გაქვს, გავიწყდება, რომ შენი გასავალი შემოსავალზე მეტია და ერთი იმაზე ფიქრობ მარტო, რომ დალეული სასმელის რაოდენობაა დასალევზე ნაკლები. და სულ გკიდია. გკიდია რა. ხო ხვდები. მერე გიმყარდება ასეთი სახელი, რო ფხიზელი ცუდი ტიპი ხარ და დალევ და ჰოპა. ხო ხვდები, თუ ვერ ხვდები.
- კი.
- ხო. ხოდა თენდება მერე დილა და გახსენდება ყველაფერი. ვალიც, საქმეც, მოვალეობაც და პასუხისმგებლობაც. იცი რა წავიკითხე იმ დღეს? აი სიბრძნეები რო დევს ხოლმე ინტერნეტში, ხო იცი, ვიღაცეების დაწერილი რა. ზოგი ვითომ სასაცილო, ზოგი ვითომ რაღაცნაირი და რამე. ხოდა სიზარმაცე მოდაში რო იყოსო.. აი ჩემზე სტილნი თუ ვინმე იყოს საერთოდ დედამიწაზეო და ვიღაც თავგასიებული მასტი ეხატა გვერდით. გამეცინა, მეთქი ჩემზე წერია.
- კაცი რო იხრჩობა, ხო იცი ეგ?
- კი.
- ხოდა ქენი რამე.
- ვიზამ. ხვალიდან აღარ დავლიოთ. კარგი იყო ეგ.
- რა იყო კარგი?
- რა და ეგ. კაი, არაფერი. გავიდეთ.
კაფედან, რომელიც იყო ბნელი და ნაცრისფერი ქუჩის კუთხეში, გამოვიდა ორი ტიპი, ორივემ სიგარეტს მოუკიდა და მოსახვევს მიეფარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები