| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 27 თებერვალი, 2013 |
გულისაჩუყებამდე სუსტი
კაცი მძიმედ, ნელი ნაბიჯით შეუდგა აღმართს. უჩვეულო ქოშინი მოეძალა. ადრე ასეთ დაღლას არ გრძნობდა. „გუშინდელი ლაღობის გამოყოლილიაო„ - გაიფიქრა. ეს მერამდენედ დაიფიცა, უბნის ლოთებს არ გავეკარებიო.მაინც ჩაითრიეს. არყისა და ლუდის ნაზავის შედეგებს მეორე დღეს იმკიდა. „აღმართიც ცხოვრებასავითაა, ხან მძიმედ მდიხარ, ხანაც ღიღინ-ღიღინით, გააჩნია რა გულით მიუყვები, რა გულით და რა ტვირთით”. რამდენი დრო გასულა მას შემდეგ, უფრო სწორად რა მოკლე და რა ძნელი დრო. მარცხნივ აღმართს მაღალი გალავანი მიუყვებოდა, მტკივნეულად ნაცნობი, ალაგ-ალაგ მორღვეული. გალავნის შიგნიდან მაღალი, გახუნებული ნაძვები მოჩანდა. „რა უადგილოდ და მოწყენილად გამოიყურებიან ნაძვები ზაფხულშიო” - გაიფიქრა. უკან მოიხედა. ვიღაც მოხუცი ქალი საქმიანი, შეწუხებული სახით მოუყვებოდა აღმართს. „ალბათ ესეც იქ მოდისო” - არ მოეწონა. თითქოს მოწმის დასწრება არ სურდა, დანაშაულზე წასწრებულივით. ქალმა მარჯვნივ შეუხვია. შვებით ამოისუნთქა. როგორც იქნა დამთავრდა ღობე. აი, ძველი რკინის ჭიშკარიც, საღებავწაშლილი, მუდამ ღია, რაღაც იდუმალად მომლოდინე და სევდიანი. „ლოდინიც ხომ ყოველთვის სევდითაა მოცული” - გაიფიქრა. ზღურბლს გადააბიჯა. აქედან მოკლე გზა იყო შენობამდე. აქეთ-იქით მიმოიხედა დამნაშავესავით. არავინ ჩანდა, არც ბავშვების ჟრიამული ისმოდა. უჩვეულო სიმშვიდეს დაესადგურებინა ირგვლივ. „ეტყობა ადრე მომივიდა, ასე სჯობიაო” - გაიფიქრა. ნაცნობი ვიწრო ხუთი საფეხური აიარა. შესასვლელში კერამიკის უშნოდ დიდი ლარნაკი დაედგათ ხელოვნური ყვავილებით. ალბათ რომელიმე აქტიური მშობლის ინიციატივით და არააქტიურთა სახსრებით. დერეფანში ჩვეული სუპის სუნი იდგა, თბილი და მოსაბეზრებლად მშობლიური. მეორე სართულის კიბეებს აუყვა. ხელმარცხნივ შემინულ კარს მიადგა. რამდენჯერ მდგარა ამ კართან ადრე, ოღონდ ახლა სხვა, დამნაშავის მძიმე განცდით. თვალებით დაუწყო ძებნა. ისიც შეამჩნიეს. უამრავი პატარა, ცნობისმოყვარე და მომლოდინე თვალი მიაჩერდა, მაგრამ ამჯერად ერთი მისამართით არ მიმართულან ისინი, როგორც ხდება ხოლმე. ეტყობა ვერ მიხ-ვდნენ, ვის მიაკითხეს ამჯერად. ის ერთი კი პატარა მაგიდასთან იჯდა მხიარული და შეუფერებლად დინჯი, როგორც მოეჩვენა. ბიჭმა ამოხედა, სიხარულისა და გაოცების ელდამ გადაჰკრა სახეზე. შუბლი ცვარმა დაუნამა. ასე იცოდა მღელვარების დროს. ანგარიშმიუცემლად მიაგდო სათამაშო და მისკენ გამოექანა, რაღაცნაირად დამორცხვებული და შემწყნარებელი ამავე დროს. კაცის ხილვადობის არეალში მასწავლებელი, სიმკაცრემდე სერიოზული ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა. როგორც ჩანდა, შეამჩნიეს. კარს უკან დგომას აზრი აღარ ჰქონდა, ნელა შეაღო და შევიდა. ბიჭი მივარდა და ლოყა მკერდზე მიადო, კაცურად, თავშეკავებით, როგორც მოეჩვენა. მაგრამ ჯერ მასწავლებელთან ჰქონდა ურთიერთობა გასარკვევი. აღარ ახსოვდა, ენახა თუ არა ეს ქალი როდისმე. მაინც ძველი ნაცნობივით მოიკითხა: - გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? ქალმა გაუღიმა, სერიოზულობის გრიმასა გაქრა. როგორც ჩანდა, სიმკაცრე მისი პროფესიული ატრიბუტი იყო. - თქვენ გიოსთანა ხართ? - დიახ! - გამოგონილი მხნეობით უპასუხა. ეს „გიოსთანა ხართ” რაღაც არ მოეწონა. - უნდა წაიყვანოთ? - დიახ... - კაცმა აღარ იცოდა, რა ეთქვა. „ალბათ ყველაფერი იცის”, - გაიფიქრა, „ქალები ასეთი რამეებით ყოველთვის ინტერესდებიან”. - იცით რა? - დაიწყო ქალმა, - ჩვენ ხანდახან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ხოლმე... ხშირად მშობლები პრეტენზიებს... (მშობლები, როგორც ჩანდა, ამ შემთხვევაში დედებს ნიშნავდა). - მესმის, მესმის! - გააწყვეტინა კაცმა. - იციან, ყველაფერი შეთანხმებულია. ასე რომ, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. - იცით, თქვენც უნდა გაგვიგოთ. ხშირად მშობლები უხერხულ მდგომარეობაში... - გასაგებია, გასაგებია. ეს ის შემთხვევა არ გახლავთ, ასე რომ... კარგად ბრძანდებოდეთ! - აუდიენცია დასრულდა. გიო აწურული უსმენდა. - ნახვამდის! - თქვა მორჩილად. - ნახვამდის გიორგი! - ამჯერად უფრო ლმობიერი ღიმილი მიადევნა ქალმა. - აბა ბავშვებო, კარგად! - ხმამაღლა, უფრო ბიჭის გასაგონად, საკუთარი შელახული ავტორიტეტის განსამტკიცებლად თქვა კაცმა. - ნახვამდის! - გაისმა კანტიკუნტად. - რამე ხომ არა გაქვს წამოსაღები? - არა. ჩუმად, მდუმარედ დაუყვნენ კიბეებს. ეზოში ისევ არავინ იყო. - იცი? ჩვენთან ახალი სოკოები მოიტანეს! - მარჯვნივ მიახედა ბიჭმა. - რა სოკოები? - სახლი სოკოები. შეხვალ, დაჯდები. სკამიც არის და მაგიდაც. - ვა, რა მაგარია. ჩემ დროს ასეთი რაღაცეები სულ არ იყო. - გინდა გაჩვენო? - არა, სხვა დროს იყოს! ჭიშკარს გასცდნენ და დაღმართს დაუყვნენ. ახლა უკვე მსუბუქად მიდიოდა. ხელში ბიჭის სუსტი, გულის აჩუყებამდე პატარა ხელი იგრძნო. არ იცოდა, რითი დაეწყო. - აუ, მართლა! - თითქოს ახლა გაახსენდაო, - ნახე რა მოგიტანე? ბიჭი შედგა და ინტერესით შეხედა. - ჯიპი - კარებიც ეღება და საბარგულიც. ხომ მაგარია? - კი, თენგოსაც აქვს ასეთი. - თენგო ვინ არის? - ჩემი ძმაკაცია. ჩვენს ეზოში ცხოვრობს. (სიტყვა „ჩვენს” რაღაც ბორძიკით წარმოთქვა) - მამამისს მარშუტკა ჰყავს. - ჰოო! - თქვა კაცმა. ჩანდა, ეს ფაქტი ბავშვისთვის რაღაცას ნიშნავდა. - მერსედესიც ჰქონდა პულტით, იცი რა მაგარი? საითაც გინდა იქით უხვევდა. - მერე აღარა აქვს? - მე მაჩუქა. ოღონდ პულტი გაფუჭებული აქვს. მერე რა, მაინც დადის. - აბა რა. მე რომ ხელფასს ავიღებ, პულტიანს გიყიდი. - ოღონდ ბეემვე. ეგეც არის პულტით. - გიყვარს ბეემვე? - კი. ვასიკო ბიძიას ჰყავს. გვასეირნებს ხოლმე. - ვასიკო ბიძია ვინ არის? - დედას ამხანაგია. - ხშირად სეირნობთ ხოლმე? - არა. მარტო ერთხელ. ბიჭი მიხვდა, რაღაც ზედმეტი რომ თქვა. კაცი შეეცადა, სხვა თემაზე გადაეგდო საუბარი. - ისე, კაი გოგოები გყავთ? - სად? - ჯგუფში. ბიჭმა გაოცებით ამოხედა. „რა სისულელეებს ვეკითხები” - გაიფიქრა კაცმა. დაღმართი ჩაათავეს და ვიწრო, ძველ ქუჩას დაადგნენ. ძველებურ, სევდიანად გამომზირალ სახლებს შორის, ასე ჯიუტად რომ ახსენებდნენ წარსულს, ამაყად თავმომწონე კაფეები იჭყიტებოდნენ ცივილიზაციის ამბიციურ მაცნეებად. ევროპის გამონაცვალი მანქანები ყინჩად, პროვინციული ამპარტავნებით ზიმზიმებდნენ. - ისე, როცა გაიზრდები რა უნდა გამოხვიდე? - რა ვიცი, პატარა რო ვიყავი, პოლიციელობა მინდოდა. ეხლა - ჯარისკაცობა. ჯარისკაცი უფრო მაგარი არ არის? - აბა რა! ისე კიდე იფიქრე. მანამ ძალიან დიდი გახდები, დრო კიდევ გაქვს. დიდებმა იციან, რა უნდა გამოვიდნენ. - მა, შენ რომ დიდი ხარ, არაფერი გამოხვედი? - მე? მე დიდი ბანკის დაცვის პრეზიდენტი ვარ. ბიჭმა ეჭვით შეხედა. - დაცვას პრეზიდენტი არა ჰყავს. - არა, პრეზიდენტს ისე მეძახიან მეგობრები. სინამდვილეში დაცვის უფროსი მქვია. - ავტომატიც გაქვს? - აბა რა, სახლში. ორი, ფირმა. - ავტომატებს სახლში რომ არ ატანენ? - უფროსი ჩემი ძმაკაცია, მატანს. - უფროსი ხომ შენა ხარ? - უფროსებსაც ჰყავთ თავიანთი უფროსები, შენ რა გგონია?! - მოეჩვენა რომ მეტისმეტად ხმამაღლა და ყალბად ლაპარაკობდა. - შენ ეს მითხარი, ტირში სროლა თუ იცი? - არა. არასოდეს არ გამისვრია. - ხოდა აუცილებლად წაგიყვან მუშტაიდში და გასროლინებ. თუ ზუსტად მოარტყამ, შეიძლება პრიზიც მოიგო. თანაც კარუსელებიც არის, მატარებელიც. - გონკებიც არის პატარა მანქანებით. - შენ რა, ყოფილხარ? - არა, თენგომ მითხრა. - თენგო რომელი - მარშუტკიანმამიანი? - ბიჭმა არ უპასუხა. „რა იდიოტურად ვხუმრობო” - გაიფიქრა. - ცირკში რო უნდა წავსულიყავით... - ფრთხილად შეაპარა ბიჭმა. - როდის?... ააა! მაშინ განსაკუთრებული მდგომარეობა გვქონდა. ტერორისტების თავდასხმას ველოდით. დღე და ღამე მორიგეობდნენ დაცვის ბიჭები. სეიფის გატანა იყო ჩაფიქრებული. ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა. - ბიჭს ხელი გაუშვა და მეტი დამაჯერებლობისათვის ჟესტიკულაცია მოიშველია. ბიჭიც ინტერესით უყურებდა. -შემოცვივდა ნიღბებით წვერებიანი ბინ ლადენის ხალხი... - უცებ ბიჭის გამომცდელ თვალებს წააწყდა. შეცბა. - ბინ ლადენის ხალხს ჰგავდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი არ იქნებოდნენ. მოკლედ, სულ კუდით ქვა ვასროლინეთ. - დაამთავრა უცებ. - ისე, ნაყინი კარგი იქნებოდა ამ სიცხეში, შენ რას იტყვი? ხო გიყვარს? - როგორ არა. - ხალისით დაეთანხმა ბიჭი. კაცი ვერ მიხვდა, ბიჭი ნაყინის ხსენებამ გაახალისა თუ თემის შეცვლამ. - მერე, რომ დაგვაგვიანდეს - ფეხი აითრია ბიჭმა. „ეტყობა მე მიფრთხილდება”, - გაიფიქრა კაცმა. ხმამაღლა კი თქვა: - არა, ჯერ მზე არ ჩასულა, თანაც გაფრთხილებულები არიან. ფეშენებელურ კაფეში შევიდნენ. ხალვათობა იყო. აქა-იქ ახალგაზრდები მისხდომოდნენ მაგიდებს, უფრო თვალის სასეიროდ. - შენ აქ დამელოდე და მოვიტან! - კარებთან მაგიდაზე მიუთითა ბიჭს. -შენ რომელი გიყვარს: მარწყვის თუ ბანანის? - არ ვიცი. - არ იცი რომელი გიყვარს? - არ გამისინჯია. - ხოდა, მაშინ ახლა გასინჯავ ორივეს! - შეკრთომა არ შეიმჩნია კაცმა. ვიდრე ნაყინს შეუკვეთავდა, ბიჭს გახედა. მშვიდად იჯდა მაგიდასთან, მანქანა გვერდით დაედო და დარბაზს ათვალიერებდა. - ესეც ნაყინი, კოვზები და ხელსაწმენდები! - სწრაფად, ფაციფუცით ალაგებდა ლარნაკებს, ბიჭს ხელის კანკალი რომ არ შეემჩნია. ბიჭი ჩუმად შეუდგა ჭამას. - როგორია? - კარგი. - ტუჩები მოიწმინდე, თორემ თეთრი ულვაშები დაგეხატა.- ბიჭმა ფაციფუცით მოიწმინდა პირი. - აი ის ბიჭი ჩვენი მეზობელია.- თქვა ბიჭმა. - რომელი?
- მობილურზე რომ ლაპარაკობს. კავკასიური ნაგაზი ჰყავს. იცი რა მაგარია? სამი ქურდი ჰყავს დაგლეჯილი. - მართლა? - მალე მეც მეყოლება ნაგაზის ლეკვი, მამალი. მამალი ხო უფრო ჯობია, მამი? - აბა რა! - ოღონდ ჯერ არ გაუჩენია. მალე გააჩენს და მომიყვანენ. - ვინ უნდა მოგიყვანოს? - არ ვიცი, ვინმემ, - შეთქმულივით თვალი აარიდა ბიჭმა. „ალბათ ვასიკო ბიძიამ”, - გაუელვა კაცს. - კიდე ხო არ დაიმატებ? - რა ვიცი. - შოკოლადიანიც გასინჯე ბარემ. - მერე ბევრი ფული რო უნდა. - ფულის მეტი რა არის ბანკში. - უდარდელი კილოთი წარმოთქვა კაცმა. ადგა, დახლთან მივიდა. დილით ნასესხები ათი ლარიდან დარჩენილი ხუთლარიანით შოკოლადის ნაყინი შეუკვეთა. გარეთ გამოვიდნენ. ცხელი შუადღე თბილსაღამოვდებოდა. რატომღაც სევდა შემოაწვა. აქედან უკვე ცოტა გზაღა იყო დარჩენილი ბოლომდე. უნდოდა რაღაც მნიშვნელოვანი და სერიოზული ეთქვა, ვერაფერი მოიფიქრა. იქნებ სათქმელიც არაფერი ჰქონდა. მოეჩვენა, რომ მათ ურთიერთობას ბიჭი წარმართავდა. - ხელფასი მალე უნდა აიღო? - ახლა ბიჭი შეეცადა მხნედ წარმოედგინა თავი. - რატომ მეკითხები? - ისე. „ალბათ რაღაცას შევპირდი” - აღარ ახსოვდა. - მაინც? - აი, ახალ მაიკას იყიდიდი! უნებურად თავის დაჭმუჭნულ, გაურეცხავ მაისურზე დაიხედა. „ეტყობა ერცხვინება ჩემ გამოო” - თქვა გულში. - იცი, მე ბოღიშვილს ვერევი და გეჯაძესაც. - მართლა? - გეჯაძეს ადრე ვერ ვაქცევდი, მაგრამ ეხლა ვაჯობე. - ჩხუბში თუ ჭიდაობაში? - ბრძოლა წესების გარეშე! - გამოაცხადა ბიჭმა. „ახლა ტრაბახობს, რომ გამამხნევოს” - გაეცინა კაცს. - მეც ჯგუფში თითქმის ყველას ვერეოდი. რო გავიზრდები, დაცვა არ გამოვალ. - აბა? - ბანკის მმართველი, დაცვაც ხო მეყოლება. შორს ძველი, უსიამოდ ნაცნობი ალაყაფის კარი გამოჩნდა. მას შემდეგ უფრო გახუნებულიყო. აქამდე არასოდეს შეუმჩნევია, ასე ხმაურით თუ იღებოდა. ძველ, იტალიურ ეზოში სიმშვიდე და სიცარიელე იდგა. გრძელ თოკზე თეთრეული გაეფინათ. სარეცხი ეზოს რაღაცნაირ სიმყუდროვეს აძლევდა. დომინოს ტრადიციული პარტნიორები ჯერ არ შემოსხდომოდნენ გრძელ მაგიდას. მადლობა ღმერთსო- ძველი ნაცნობების ლაზღანდარობის თავი არ ჰქონდა.. - შემოდი, შემოდი! - ეპატიჟებოდა ბიჭი. - არა, მეჩქარება, მორიგე ვარ სამსახურში! - თქვა სხვათა შორის, რადგან იცოდა, ტყუილს აზრი არ ჰქონდა. მეორე სართულზე ნაცნობი ფანჯრის ფარდა ნელა შეირხა, ვიღაცის ჩუმი მზერა დაიჭირა. აივანზე დაბალ-დაბალი, სქელ-სქელი, ფართოყვრიმალებიანი ქალი გამოვიდა. - გიო, მოხვედი? - წარმოთქვა ისეთი ინტონაციით, რაც უფრო ნიშნავდა: „მალე ამოდი, სწრაფად” ან რაღაც ამგვარს. ბიჭი თავდახრილი, მორჩილი ნაბიჯით გაემართა ხის მოაჯირიანი კიბისაკენ, ოღონდ ჯიუტად, ნელა, აუჩქარებლად. ბაქანზე შედგა. „ნეტა თუ მოიხედავს?” - საკუთარი გულისცემა იგრძნო. ბიჭმა თავი მოაბრუნა. გაუღიმა. გაუღიმა შეთქმულის თანაგრძნობითა და შემწყნარებლური ღიმილით. ქალმა, რომელსაც ოდესღაც მისი სიდედრი ერქვა, ჯერ ბიჭი შეუშვა, შემდეგ თვითონ შეავსო კარი. ფანჯრის ფარდა დაეშვა. კაცი მობრუნდა, ხმაურით მიიჯახუნა კარი. „რა სასტიკნი ვართ ჩვენი შვილებისადმი და რა მიმტევებლები არიან ისინი ჩვენ მიმართ” - ეს აზრიღა უტრიალებდა გახურებულ თავში. ანგარიშმიუცემლად დაადგა გზას.საით? - არ უწყოდა. ერთი კი იცოდა დანამდვილებით, დღეს აუცილებლად დალევდა უბანში. 2005
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ემოციური, სევდიანი მოთხრობაა. ავტორი კარგად იცნობს ბავშვის ბუნებას. ემოციური, სევდიანი მოთხრობაა. ავტორი კარგად იცნობს ბავშვის ბუნებას.
6. კარგია, მომეწონა. კარგია, მომეწონა.
5. კარგი მოთხრობა, ყველანაირად კარგი. კარგი მოთხრობა, ყველანაირად კარგი.
2. :(( :(( :( ... :(( :(( :( ...
1. ჰო...კაცური ტკივილი....კარგად მოტანილი მკითხველთან...555 მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა.. ჰო...კაცური ტკივილი....კარგად მოტანილი მკითხველთან...555 მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|