ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2013


რა ფერისაა ღალატი?

                                      ძალიან გთხოვ:  ამიხსენი, გამაგებინე,
                                      როგორც გინდა ,ისე იმოქმედე,
                                      ოღონდ მიპასუხე ერთ შეკითხვაზე -
                                      რა ფერისაა ღალატი?
                                              / მარი ნაცვლიშვილის წერილიდან /

ღალატის ფერზე იმდენი ვიფიქრე,
იმდენი ვითავცემე უაზროდ მის ძებნაში,
ყველგან მას ვუჭვრეტდი –
თმებში,
თვალებში,
ღიმილში,
ალერსსა თუ
ხვევნაში.
რამდენი წელი გავიდა
ამ კითხვის პასუხის ძებნაში?
მაშინ ,
ჯერ კიდევ ბავშვმა,
სიყვარულიც კი რომ არ ვიცოდი რა იყო,
(ისე ,კაცმა რომ თქვას, არც ახლა ვიცი, მგონი),
ხეირიანად ცისარტყელაც რომ არ მქონდა ნანახი,
თვალები დავითხარე და დავიღალე –
ნეტა რა ფერია ღალატი?
მეც რამდენჯერ მიკითხავს სხვისთვის
და პასუხისთვის არც დამიცდია,
ისევ ჩავძირულვარ ჩემი დარდის კიდობანით
დარდების დასახარისხებლად,
გამანეიტრალებელი ან დასაკონსერვებელი წამლები რომ შემეზავებინა…
ასაკი და გამოცდილება არ მყოფნიდა,
უებარი შემექმნა რამე…
იქნებ ფერის ძებნით ტვინშეჭმულს
ძალა აღარ მყოფნიდა?
არ ვიცი!!!!
არ ვიცი!!!
რაც არ ვიცი, ყოველთვის შემიძლია ,ვაღიარო…
მაგრამ ვერასოდეს ვისვენებ ცნობისწადილს აყოლილი,
ვიდრე რომლიმე გრძნობის
რომელიმე საცეცით
არ მივწვდები საწადელს
ისე გაჭიანურებული იყო ძებნა ...
ისე მიუგნებელი ფერი ...
ვგრძნობდი – ანაზდად შევეჩეხებოდი 
                    და..
ისევ გამიშრებოდა ყელი
გაოცებით
აღტაცებით
სიხარულით
ან ბრაზით –
როგორ თუ ეს ამდენ ხანს ვერ შევამჩნიე?!
ატყობ ურითმობას და დაწყვეტას სათქმელს?
ატყობ გაბზარულ – დაწიწილაქებულ ცემას გულისას?
გრძნობის საცეცებს წებო ისე გაუშრათ,
ისე დაუჩლუნგდათ მყესები,
ფიქრი,
სიტყვა და
სათქმელი
თავის ნებაზე
გაუშვეს და
ხედავ ალბათ,
მეც როგორ ვეშვები...
მაინც რა ფერია ღალატი, მარი ?
რატომ შეგწუხა ამ კითხვამ მაშინ,
როცა მართლა ქუდში გქონდა თავი?
ახლა ვიცი, ჩემო ზღვისფერო მეგობარო,
ჩვენს მეგობრობას დავიწყების ფერმა რომ გადაჰკრა ლამის...
ახლა ვიცი და
მტკივა უშენობა,
მაკლია პოეზია და მუსიკა...
ძალიან პროზაული გავხდი და
მიწის გემო და ფერი გამიიგივდა
დაჩლუნგებული გრძნობის საცეცების წყალობით,
მზისფერმოძალებული ღამეები შემომელია...
მთვარისფერი სიცივე შემომეპარა ჟანგისფერ თმებში
და თუ ამ ტემპით გაგრძელდა ჩემი გათეთრება,
(არა და მეგონა, ყორანი არ  გათეთრდებოდა),
თეთრი ბაირაღივით გადმოვფენ თავს
სიყვარულის ორთაბრძოლის ველზე და
ცრემლისფერ წერტილსაც დავსვამ.
მაგრამ, ჯერ შენ უნდა გიპასუხო, მარი,
საყვედურნარევი,
დამრიგებლური პასუხით:
აღარავის ჰკითხო ჩემო ოცნებისფერო მეგობარო,
რა ფერიათქო ღალატი...
არც მეგობარს და არც მტერს,
არც ჭკვიანსა და არც ბრძენს,
არც დიდს და არც ბავშვს,
არც ქალს და არც კაცს,
არც მე და არ სხვას,
მე გიპასუხებ
მხოლოდ მე
და
იკმარე!!!
შენ ხომ ჩემი გეჯეროდა,
ახლაც დამიჯერე და თუ
მაინც და მაინც ეჭვი შეგეპაროს მიგნებაში ,
მე მეკამათე!
მე მითხარი საყვედური!
შენ მაინც ნუ ჩამარტყამ ზურგსუკანნათქვამ სიტყვებს ზურგში...
მენანება სიმართლის თქმა, მარიტა .
ისე მწარეა ეს ფერი,
არ მინდა დაგაფიქროს და
აგეწვას.
ბრმად მიიღე :
თვალი დახუჭე!
გულის კარიც ჩარაზე და
როგორც ყველაზე საზიზღარი და შეუყვარებელი
ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვა –
,,მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ “
ისე გაატარე ,
გულის,
აზრის და
გონის მიღმა
რვა წლის  წინ უნდა მივმხვდარიყავი
რა ფერიც ქონდა ღალატს...
შენ რომ მკითხე ,
მაშინ არც ვიცოდი
და
არც უნდა მცოდნოდა.
რვა წლის წინ კი უტყუარი პასუხი უნდა გამეცა ...
მაპატიე დაგვიანება,
შენ მაინც მაპატიე!
რადგან ჩემში პატიების გრძნობა არ არსებობს და
გაწირული მყავს შენი ლიკა ამ დაგვიანებისთვის...
შენ მაინც მაპატიე ...
დამპირდი,  რომ მაპატიებ და
გეტყვი –
შენ ქალი ხარ და იცი - ქალი რა ფერია,
შენ მეუღლე ხარ და იცი მეუღლის ფერიც,
შენ დედაც ხარ და არც ეგ ფერია შენთვის სახელდაურქმეველი...
მაშინ კი ,  შენ ვერ იტყოდი ღალატის ფერს.
არ იცოდი ,
არც უნდა გცოდნოდა
და
არც არასდროს უნდა იგემო,
მე გეტყვი და ისე დამიჯერე –
გულს გარეთ,
შიშს გარეთ,
ფიქრს გარეთ ,
სიტყვაზე მენდე,
მხოლოდ სიტყვაზე...
და ეს სიტყვები ისე გაატარე -
არც გულს მიაკარო,
არც სისხლს ,
არც გონს!!!
,,ეს ვინ შეგყვარებია?!“ –ო
არც შენ გითქვამს
და
არც სხვას,
მე თვითონ ჩავაცვი ეს ლექსი ჩემს ამბავს
და სიყვარულშიც ამით გამოვუტყდი ,,ჩემს გმირს“
მერე ფერების წვიმაში,
თოვლში
და
დარებში,
მრავალჯერ ავეშვი და დავეშვი,
დავეშვი და ავეშვი –
მის თვალებს ვუწოდე ფერი,
მის ხელებსაც ვუწოდე ფერი,
მის გრძნობასაც ვუწოდე ფერი,
მის ნიჭსაც ვუწოდე ფერი ,
რადგან მე, ბუნებით მხატვარი,
ფერებთან ვიყავი თამამი
ბრაილივით ვკითხულობდი თითებით ფერებს
და მზიან ღამეებსა და დღეებს თვალით ვისუნთქავდი...
ეტყობა დამეღალა თვალი სუნთქვით,
ხელი – კითხვით...
ეტყობა ჩამთვლიმა,
გადამავიწყდა
ან
სულაც გამომრჩა,
რომ ხილულსა და შეგრძნებაში შეხებით მოსულს გარდა,
არსებობს კიდევ რაღაც სხვა –
არხილული,
ვერშეხებული,
შეგრძნებაში მოუმწყვდეველი,
რაღაც –  არამატერიალურ განზომილებაში მოსახელთებელი
და თანაც, საოცრად მატერიალური,
მუდმივმოსახმარებადი,
არაერთჯერადი,  თანაც არარეცხვადი –
ერთხელ გარეცხვაც კი
იმდენად ალაქავებს ,
მერე საერთოდ ვეღარ მოარგებ ფერს –
მიმიხვდი ალბათ,
სინდისზე მოგახსენებ
და ფიცი ცოდვა რომ არ იყოს,
სინდისზევე დავიფიცებდი,
მე სინდისის ფერი არ ვიცი,
მისი სინდისის ფერი მით უფრო,
მაგრამ...
კოცონზე  დაწვაც რომ მელოდეს ,
მაინც გავიმეორებ:
ღალატს მისი სინდისის ფერი აქვს,
სინდისს კი თვალების, მისი თვალების....
ვისაც ,
მე – ჯერ არც მეუღლე და ჯერ არც დედა –
გადრეული სურვილებით ვესტუმრე !!!
ჩემთვის აღმოჩენილი ეს აქსიომა
იმ კითხვის პასუხია,
შენ რომ გეგონა წაგიყრუე და
არ გიპასუხე...
ახლა მაინც ხომ გჯერა
მაშინ არ ვიცოდი
მართლა არ ვიცოდი
ახლა კი,
შენ რომ დედა არ იყო უკვე და მეუღლე
განა გეტყოდი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები