ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთაიუნი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 მარტი, 2013


ჯორჯ ორუელი და

ჯორჯ ორუელი _ ინგლისელი მწერალი და პუბლიცისტი ჯორჯ ორუელი (ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ არტურ ბლერი) 1903 წელს დაიბადა ინდოეთში. მან განათლება იტონის კოლეჯში მიიღო და 1922 წლიდან ბრიტანეთის კოლონიურ პოლიციაში დაიწყო სამსახური ბირმაში, საიდანაც 1927 წელს დაბრუნდა ევროპაში და შემთხვევითი შემოსავლებით ცხოვრობდა. ორუელი მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში.
მწერალი ნაწარმოებებს თავიდანვე ფსევდონიმით აქვეყნებდა. მის შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია რომანები: „1984“ და „ცხოველების ფერმა“. ამჯერად მხოლოდ "1984"-ს მიმოვიხილავთ.
რომანმა თავიდანვე აღძრა "გონივრული ეჭვი", რომ იგი წარმოადგენდა საბჭოთა რეალობის ალეგორიას. ჩვენთვის, "ჰომო სოვიეტიკუსებისათვის", ძალიან ნაცნობია აქ მოთხრობილი ამბები. რომანს ფანტასტიკის ჟანრს მიაკუთვნებენ, მაგრამ აქ ცოცხლადაა აღწერილი ადრინდელი სოციალისტური რეალობა, უფრო სწორად, ტიპიური ტირანიული სახელმწიფო. მოდი, მე მოგიყვებით მოკლე შინაარსს და დასკვნები თავად გამოიტანეთ.
ჯორჯ ორუელის "1984”-ის მთავარი გმირი 39 წლის უინსტონ სმიტია, რომელიც იმ დროს არსებული სამი მეგასახელმწიფოდან ერთ–ერთის _ ოკეანიის დედაქალაქ ლონდონში ცხოვრობს და ჭეშმარიტების სამინისტროში მუშაობს. იგი გარეგნულად განუხრელად ცდილობს ინგსოცის (ინგლისური სოციალიზმი _ ახალმეტყველების ენაზე) პრინციპების დაცვას, მაგრამ გულს უღრღნის ეჭვი იმისა, რომ პარტიული ლოზუნგები არასწორია. მაგალითად,  ვერაფრით დაუჯერებია, რომ „ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა”, როგორც ამას ხელისუფლება ქადაგებს.
ოკეანიის მმართველ აპარატს ოთხი სამინისტრო წარმოადგენს: ჭეშსამინი(ჭეშმარიტების სამინისტრო _ ეხება ახალი ამბების „კეთება”, საზოგადოებრივი გართობა, განათლება და ხელოვნება), მშვიდსამინი(მშვიდობის სამინისტრო _ დაკავებულია ომის საკითხებით), დოვსამინი(დოვლათის სამინისტრო _ ეკონომიკაზე აგებს პასუხს) და სიყვასამინი( სიყვარულის სამინისტრო _ იცავს კანონსა და წესრიგს).
ქალაქი მოფენილია დიდი ძმის პლაკატებით _ ეს არის პარტიის ერთპიროვნული ლიდერი ტვინისგამბურღავი გამოხედვითა და ირონიული ღიმილით, რომელსაც მალავს შავი ულვაშის სიღრმეში...  „დიდი ძმა გითვალთვალებს” _ წერია პლაკატებზე და ყველამ იცის, რომ მის თვალებს ვერსად დაემალება. ეს იცის უინსტონმაც, რომელიც მაინც ცდილობს განსხვავებული აზრი შეინარჩუნოს, თუმცა ისიც მშვენივრად უწყის, რომ  აზრის პოლიციას არც ეს „კრიმინალი”  გამოეპარება. იმისათვის, რომ თავისი გულისწუხილი  ქაღალდს მაინც გაანდოს, უინსტონი ყიდულობს ახალი რეალობისათვის შეუფერებელ ლამაზყდიან და პრიალაფურცლებიან წიგნაკს. ასეთი ნივთის აღმოჩენა პარტიული მუშაკის ხელში ისჯება სიკვდილით ან ოცდახუთწლამდე პატიმრობით, რადგან ითვლება წარსულის გადმონაშთად _ იმ წარსულისა, რომლის გადაკეთება  ყოველდღიურად ხდება. უინსტონი თავისუფლად წერასაც ვერ ბედავს საკუთარ ოთახში, რადგან ბინაში დამონტაჟებული სათვალთვალო ეკრანით პარტია ყველა კუთხეს აკონტროლებს, გარდა პატარა ნიშისა, სადაც მას საწერი მოწყობილობა აქვს დამალული. ეკრანის წინ უინსტონს სახეზე მუდამ წყნარი ოპტიმისტური განწყობა აქვს გამოსახული _ ასეა საჭირო.
უინსტონის სამუშაოს დოკუმენტაციის გადაკეთება და დროის შესაფერისად გადასწორება წარმოადგენს. ამით ყოველდღე, ყოველ წამს იცვლება ისტორია. მაგალითად, დღეს, 1984 წელს თუ ოკეანია ეომება ევრაზიას და ალიანსში გახლავთ აღმოსავლეთაზიასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ წინა პერიოდის ბეჭდურ გამოცემებში უნდა ჩასწორდეს, რომ ევრაზია არის მარადიული მტერი ამ ქვეყნისა, ხოლო აღმოსავლეთაზია _ კეთილი მოკავშირე. მართალია უინსტონს ახსოვს, რომ სულ რაღაც ოთხი წლის წინ მისი სამშობლო აღმოსავლეთაზიას ეომებოდა, მაგრამ სანთლითაც რომ გეძებნათ, ვეღარსად იპოვიდით ასეთ ინფორმაციას _ ყველაფერი ხსოვნის ნახვრეტებში(სპეციალურ მილებში, რომელიც ერთ დიდ აგიზგიზებულ ქურას უერთდებოდა) იწვებოდა და კაცის ეს საეჭვო ცოდნა მისი მეხსიერების გაუკონტროლებლობით აიხსნებოდა. მოცემული მომენტის მტერი აბსოლუტურ ბოროტებად  ცხადდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამოირიცხებოდა ნებისმიერი თანხმობა მასთან წარსულსა თუ მომავალში. თუკი პარტია იტყოდა, რომ ესა თუ ის მოვლენა არასოდეს მომხდარა, მაშინ ყველასათვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ არასოდეს მომხდარა და თავიდან ამოეგდოთ საწინააღმდეგო აზრი.
უინსტონს არ ყავს ახლობელი ადამიანები _ მშობლები რევოლუციისშემდგომი პერიოდის პირველმა დიდმა წმენდამ იმსხვერპლა, მეუღლე _ ქეთრინი კი უკვე კარგა ხანია, მასთან არ ცხოვრობს, რადგან კაცმა ვერ აღასრულა „პარტიის წინაშე თავისი მოვალეობა” _ ვერ ჩასახა ბავშვი. უინსტონი სრულიადაც არ განიცდის მასთან განშორებას, რადგან ეს ქალი არც ქორწინებამდე აღელვებდა. უბრალოდ, საგანგებო კომისიამ რეკომენდაცია მისცა მათ წყვილს ქორწინებისა, ასეთ უფლებას კი არ აძლევდნენ იმ ადამიანებს, ვისაც ფიზიკურ ურთიერთლტოლვას შეამჩნევდნენ. პირიქით, ასეთი რამ დასჯადი იყო.
ადამიანები ერთმანეთს აღარ ენდობიან. ამის მიზეზიც აქვთ _ პარტია ბავშვებსაც კი მოუწოდებს დაასმინონ მშობლები(ასე ხდება უინსტონის მეზობლების, პერსონსების შემთხვევაში). ამიტომ უფრთხის სმიტი ფიქციის განყოფილებაში მომუშავე ყმაწვილ ქალს _ ჯულიას, რომელიც საეჭვო დაჟინებით შესცქერის ხოლმე. ქალიშვილს ახალგაზრდული ანტისექსუალური ლიგის სარტყელი აქვს შემოჭერილი წელზე _ ესაა ერთგვარი „უბიწოების ქამარი” და სმიტს მის დანახვაზე სურვილი უჩნდება, გააუპატიუროს და მოკლას.
ჯულიას კაცი ხშირად ხედავს სიძულვილის ორწუთეულზე _ ესაა ღონისძიება, რომელიც რევოლუციის მტერთა წინააღმდეგაა მიმართული. ამ თავდასხმების მთავარი ობიექტი არის გოლდსტეინი, რომელიც დიდი ხნის წინ პარტიის ერთ–ერთი მოწინავე, თითქმის თვით დიდი ძმის რანგის ფიგურა იყო, მაგრამ შემდეგ კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ჩაება და სიკვდილი მიესაჯა, მაგრამ გაქცევა და მიმალვა მოახერხა.  იგი იატაკქვეშეთშიც კი არ წყვეტს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას.  აზრის პოლიცია ლამის ყოველდღიურად აპატიმრებს მის მომხრეებს. მეტად საშიშადაა მიჩნეული გოლდსტეინის თხზულებაც, რომლის სახელსაც არავინ ახსენებს და უბრალოდ, "წიგნს" უწოდებენ.  სიძულვილის ორწუთეული საკმაოდ ხშირად იმართება პარტიულ დაწესებულებებში (პროლებს _ პროლეტარებს შეუგნებელ ფენად მიიჩნევენ და მათ „მორალურ და გონებრივ აღზრდაზე” მთავრობა დიდად არ ზრუნავს). ხალხს სვამენ დარბაზში, სადაც დამონტაჟებული უზარმაზარი ეკრანიდან იყურება გოლდსტეინის სახე. იგი ბრალს სდებს დიდ ძმას პარტიულ დიქტატორობაში, რევოლუციის იდეალების ღალატში. ნელ–ნელა მისი სიტყვების გარჩევა შეუძლებელი ხდება, ხმა კიკინში გადადის და თავად გოლდსტეინის სახეც თხისას ემსგავსება. სწორედ ამის მერე იწყება საყოველთაო ისტერია _მაყურებლები ადგილებზე ხტიან და მთელი ხმით ღრიალებენ, რათა როგორმე ჩაახშონ ეკრანიდან მოკიკინე ეს ჭკუიდან გადამყვანი ხმა. რაღაც მომენტში სმიტიც აფიქსირებს, რომ თავადაც ცქმუტავს და სკამს აბრახუნებს. სიძულვილის ორწუთეულის მთელი საშინელება ის კი არ არის, რომ ადამიანებს ამ პროცესში მონაწილეობას ავალდებულებენ, არამედ ის, რომ შეუძლებელია მასში ჩაურთველობა.
ერთადერთი, ვინც უინსტონ სმიტს თანამოაზრედ მიაჩნია, არის შინაგანი პარტიის წევრი ო’ბრაიენი, რომელიც თითქოს შეთქმულივით ესვრის ხოლმე მზერას მას. საოცარია კონტრასტი ამ კაცის ნატიფ მიხვრა–მოხვრასა და ათლეტურ აღნაგობას შორის. ერთხელ ძილში სმიტს თითქოს მისი ხმაც კი ჩაესმის: „ჩვენ შევხვდებით იქ, სადაც არ არის სიბნელე!”
გადავიწყებული წარსულის ძიებაში, ქალაქის ძველ უბანში ხეტიალისას(ასეთ ადგილებში პარტიული ამხანაგები არ უნდა დადიოდნენ!) სმიტი გადააწყდება მისტერ ჩარინგტონის ძველმანების დუქანს, სადაც ოდესღაც წიგნაკი იყიდა. მეძველმანე მას უჩვენებს ერთ  მყუდროდ მოწყობილ ოთახს, რომელშიც ძველებური ავეჯი დგას, კედელზე ორასწლოვანი გრავიურა ჰკიდია და  ის მუდმივი მეთვალყურეობის აპარატი  არაა დამონტაჟებული, მთელ ქვეყანას შიშის ქვეშ რომ ამყოფებს. უკანა გზაზე სმიტი ჯულიას გადაეყრება და კიდევ უფრო უმტკიცდება იმის რწმენა, რომ ეს ადამიანი  უთვალთვალებს, მაგრამ მეორე დღესვე ქალიშვილი კორიდორში მის სიახლოვეს წაიფორხილებს და მისაშველებლად დახრილ კაცს ბარათს გადასცემს, რომლითაც სიყვარულს უმჟღავნებს. მათ შორის სწრაფად აეწყობა ურთიერთობა. ჯულია საკმაოდ მოხერხებული გოგონაა.  მალე ჩარინგტონისაგან იმ ოთახსაც იქირავებენ, მაგრამ კაცს მოსვენებას არ აძლევს აზრი, რომ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდება და რომ „ისინი უკვე მკვდრები არიან”. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს  შეაბიჯაო საფლავის სინესტეში.
ერთხელაც წყვილი გადაწყვეტს, რომ გულხელდაკრეფილი ჯდომა არ შეიძლება და  საჭიროა თავადაც ჩაებნენ დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის იყო, სმიტი ო’ბრაიენთან დაახლოებას განიზრახავს, რომ თავად პარტმუშაკი გამოელაპარაკება და მასთან მისვლას სთხოვს. სმიტი ჯულიასთან ერთად ებმება შინაგანი პარტიის ამ მაღალჩინოსნის მიერ დაგებულ ვერაგულ მახეში _ ო’ბრაიენი მას ჯერ გოლდსტეინის წიგნს აძლევს წასაკითხად, ხოლო შემდეგ ჩარინგტონის ოთახში აპატიმრებინებს. აღმოჩნდება, რომ მედუქნეც აზრის პოლიციის ჯაშუშია და  გრავიურის უკან სათვალთვალო ეკრანს მალავს.
სიყვარულის სამინისტროს უფანჯრო ოთახებში უინსტონ სმიტს საშინლად აწამებენ. მიდის მისი როგორც ფიზიკურ, ისე  სულიერ დეგრადაციაზე მუშაობა. ამ საქმეში მთავარ როლს ო’ბრაიენი ასრულებს. ისინი მართლაც ხვდებიან ერთმანეთს იქ, სადაც არაა სიბნელე _ სიყვასამინში შუქი არ ქრება. სმიტს ვერ გაურკვევია,  უბრალოდ რატომ არ კლავენ და რაში სჭირდებათ მისი ხელახალი აღზრდა. მაშინ ო’ბრაიენი უხსნის, რომ პარტია არასოდეს გაიმეორებს ისეთ შეცდომებს, რომელსაც წარსული დროს ინკვიზიტორები უშვებდნენ. „ინკვიზიცია თავის მტრებს დაუფარავად  ხოცავდა მანამდე, ვიდრე ისინი მოინანიებდნენ. არსებითად, კლავდა სწორედ მოუნანიებლობის მიზეზით. ადამიანებიც იხოცებოდნენ, რაკი თავის ჭეშმარიტ რწმენაზე უარს არ ამბობდნენ. ბუნებრივია, მთელი დიდება მსხვერპლის მხარეზე რჩებოდა, მთელი სირცხვილი კი _ მათთვის კოცონის შემნთები ინკვიზიციის მხარეზე... რაც შეეხება რუს კომუნისტებს, ვიდრე მორიგ მსხვერპლს საჯაროდ გაასამართლებდნენ, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მის ღირსებას, მანამდე ღლიდნენ მას წამებითა და მარტოობით, სანამ საზიზღარ მოკუნტულ არსებად არ აქცევდნენ... მიუხედავად ამისა,  რამდენიმე წლის შემდეგ გარდაცვლილები წამებულნი ხდებოდნენ, მათ დაცემას კი ივიწყებდნენ... ჩვენ არასოდეს ვანადგურებთ ერეტიკოსს, რაკი ის გვიპირისპირდება. ჩვენ მას ახალ რწმენაზე მოვაქცევთ, ვატყვევებთ მის შინაგან გონს, ახლიდან ვძერწავთ... სანამ მოვკლავთ, ერთ–ერთ ჩვენიანად ვხდით,” _ ეუბნება ო’ბრაიენი სმიტს. ეს უკანასკნელი მზადაა, რომ სიტყვიერად უარყოს საკუთარი პრინციპები, უარყოს ჯულიაც, სულის სიღრმეში კი შეინარჩუნოს მათდამი ერთგულება, მაგრამ ახალი დროის ინკვიზიტორებს არაფერი გამოეპარებათ და კაცი ასმეერთე საკანში გადაყავთ. ეს ის ადგილია, სადაც ყველას ინდივიდუალურ სასჯელს უწესებენ. სმიტის შემთხვევაში ეს იქნება მშიერი ვირთხებით სავსე გალიის თავზე ჩამოცმა, რადგან იციან, რომ მას არაფერი ზარავს ისე, როგორც ვირთხა, პანიკაში ვარდება მისი წრიპინის გაგონებისასაც კი. ასეთ წამებას სმიტი ვეღარ უძლებს და მზადაა, რომ ვირთხებს ჯულია მიუგდოს.
აქ ყველაფრი მთავრდება. უინსტონ სმიტი მორალურადაც დეგრადირებულია. საკუთარი თავისადმი სიძულვილის მეტს ვეღარაფერს გრძნობს, ასევეა გამსჭვალული ჯულიას მიმართაც, რადგან სწორედ მისდამი ღალატის გამო დაკარგა თავისი თავის მიმართ პატივისცემა. სმიტს ათავისუფლებენ და ასაქმებენ კიდეც. სამუშაო სულაც არაა რთული. შეიძლება ითქვას, რომ საქმე თითქმის არა აქვს, მაგრამ ანაზღაურება წინანდელზე უკეთესი ენიშნება.
დასასრულ, სმიტი ხვდება, რომ შორს აღარაა ის დრო, როცა სახალხო ტრიბუნალზე ყველაფერს აღიარებს და დიდი ხნის ნალოდინარ ტყვიას მიიღებს კეფაში, რადგან  უყურებს პლაკატზე გამოსახულ დიდი ძმის სახეს და აცნობიერებს, რომ სრულიად განიკურნა მეამბოხე აზრებისაგან,  რომ უკვე მართლაც გულწრფელად უყვარს დიდი ძმა.

პოსტსკრიპტუმ. ეს წიგნი გაფრთხილებაა ჩვენთვის და გვიჩვენებს იმას, თუ რა ემართება ადამიანს იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას ნებას მივცემთ ზომბებად გვაქციოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები