ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2013


_ _ _

შემოგვაცვდება უდარდელი ღიმილი მალე,
გაგვიხუნდება ჭრელაჭრულა თვალის ფერები,
მინდა ვიცოდე, იმ დროისთვის ჭაღარა ნაღველს,
დაფენილს თმაზე, შენთან ერთად შევებრძოლები.
გადაიკარებს ჩაწოლილი ნაოჭში სევდა,
რომ გადაივლის ტალღებს თმისას თითების გემი,
აქოჩრილ დარდებს, ჩაშავებულს ღრუბლებად ავდრის,
ვერა უშველის შენი თბილი ხელების მეტი.
ოღონდ არ გაცვდე მანამდე და არ განაცრისფრდე,
ოღონდ ნუ მოვა მობეზრების ბლანტი ჰაერი,
ნუ გამაღვძებს ღამით ცივი მხარე საწოლის,
ნუ ჩააკვდება შენი მზერა ჩარჩოს დამტვერილს...
ნუ გამომართმევს ნაწილ-ნაწილ შენს თავს დღეები,
ნუ მიმიტოვებ შემოწოლილს გარშემო ღამეს,
დე, შემომაცვდეს უდარდელი ღიმილი ტუჩზე,
დე, გაუხუნდეთ ჭრელაჭრულა ფერები თვალებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები