ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თინათინ დალაქიშვილი
ჟანრი: პროზა
28 აპრილი, 2013


ვირტუალური დედა

ვირტუალური დედა


- დილა მშვიდობისა, დედა.
- დილა მშვიდობისა, ჩემო ლამაზო.
- დედა, ახლა ბებო მასაუზმებს და გავიქცევი სკოლაში.
- რას გიმზადებს ბებო?
- გრეჩიხა ყველით, ჩაი და კარაქიანი პური.
- გრეჩიხა კი არა წიწიბურა.
- კარგი, რა? რა მნიშვნელობა აქვს რას დავუძახებ...
- ნია, ძალიან გთხოვ...
- ჰო, კარგი, ვეცდები. გავიქეცი ახლა, ბებო მეძახის.
- კარგი, შვილო. ვიდეო თვალი ისე დადგი, რომ გიყუროთ ორივეს.
- ახლავე დედა.


* * *

- გამარჯობა, შვილო.
- გამარჯობა, დედა. ნია წავიდა სკოლაში?
- კი. შენ როგორ ხარ?
-კარგად.
- ვივიენი როგორ არის?
- დღეს უკეთესადაა.
- ძნელია ავადმყოფის მოვლა. ალბათ, ძალიან გადაიღალე.
- არც ისე. შენ როგორ ხარ? წნევა დარეგულირდა?
- დღეს ოდნავ მაღალი მაქვს. ახლა ვისაუზმებ და წამალს დავლევ.
- გაუფრთხილდი თავს.
- ჰო, შვილო. შენი დარდი მკლავს... შენი ნახვა მინდა.
- აქ არა ვარ? - გაიცინა.
- ეჰ...
- ცოტა ფულს კიდევ მოვაგროვებ და ჩამოვალ. მეც ძალიან მენატრებით...
- ვიცი, გიჭირს უჩვენოდ...
- სიტყვა მიჭირს კიდევ რბილადაა ნათქვამი... დედა, დღეს არ დაგავიწყდეთ. სტომატოლოგთან უნდა წახვიდეთ.
- ჰო, სამ საათზე ვართ დაბარებულები.
- წავედი, ახლა ვივიენს უნდა მივხედო. ლეპტოპი როგორც ყოველთვის ჩართული იქნება. ზარი გამოუშვი, ხმას გავიგონებ და მოვირბენ.
- კარგი, შვილო... (შენ მოგიკვდეს დედა... როგორ წვალობ...)


* * *

- ნია, მოხვედით?
- ჰო, დედა.
- ხომ არ გეტკინა?
- არა. მარტო ნემსის ჩხვლეტა გავიგე. მეტი არაფერი. უბრალოდ, ამდენი ხანი პირღია ყოფნა ძნელია. ორი კბილი დამიპლ... ოი, ორი კბილი დამიბჯინა, - გაიცინა.
- კარგი გოგო ხარ. ცოტა დაისვენე და ვიმეცადინოთ.
- ახლავე დავიწყოთ. მერე ეზოში ჩასვლა მინდა.
- კარგი. ნოტებს ავიღებ, სამზარეულოს კარს გამოვხურავ. ვივიენმა დაიაძინა. თუ დავჭირდი ზარს დარეკავს... შენ ინსტრუმენტთან დაჯექი.
- ნახე ნოტები?
...
- აი, მეც მოვედი. დავიწყოთ.
- ბახის ინვენციას დავუკრავ.
- კარგი.
- ცალ-ცალი ხელით?
- რა თქმა უნდა. თავიდან ბოლომდე მომასმენინე და რომელი ნაწილიც არ გეცოდენება, ის ცალკე ვიმეცადინოთ.
...
- მარჯვენა ხელის პარტია კარგად გისწავლია. ერთი შენიშვნა მაქვს მხოლოდ. თემები გამოყავი. გასაგებია? აბა, კიდევ დავუკრათ...
...
- არა, არა! არ გესმის თემა. ყველა ნოტებთან შედარებით თემა ხმამაღლა უნდა ჟღერდეს. კიდევ დაუკარი.
- დედა, ძნელია...
- ძნელი რომაა, ამიტომ ვმეცადინეობთ. ყური მიეჩვევა და გამოვა. ამას დრო და მეცადინეობა სჭირდება.
...
- ახლა როგორი იყო?
- შედარებით კარგი. ამაზე იმუშავებ, ხომ? ახლა მარცხენა ხელის პარტია მომასმენინე.
...

* * *


- დედა, მუცელი მტკივა.
- რატომ, შვილო. ხომ არ გაცივდი?
- არ ვიცი...
- დღეს რა ჭამე?
- რძე და ყველიანი პური.
- ბებოს დამიძახე.
- ბებო! დედა გეძახის.
- აქ ვარ შვილო.
- დედა, რა სჭირს ბავშვს?
- არ ვიცი, დილიდან მუცელი სტკივა.
- მერე? ექიმი გამოიძახეთ.
- არ მინდაო, მითხრა...
- როგორ არ უნდა!
- შვილო, ძალიან ნუ აფორიაქდები. ცოტა დავაცადოთ, იქნებ გაუაროს.
- დედა, რას ამბობ! ლიას დაურეკეთ.
- კარგი. დავურეკავ.
- არ მინდა ექიმი, გამივლის! გუშინ ბევრი მზესუმზირა ვჭამე და ეტყობა მაწყინა.
- გუშინ?
- ჰო.
- არა მგონია, მაგის ბრალი იყოს.
- აბა, რამ ამატკივა. მე რაც ვჭამე, ბებომაც ჭამა. მას არ აწყინა...
- რა ქნა ბებომ, დაურეკა ლიას?
- ჰო, ახლა ურეკავს. როგორ იცი ხოლმე დაპანიკება...
- არა, შვილო. ასეა საჭირო. ბებო დამალაპარაკე.
- ბებო, დედა გეძახის.
- ლელა, აქ ვარ შვილო.
- დედა, რომელს საათზე მოვალო?
- ერთ საათში აქ იქნება.
- კარგია. ახლა ვივიენთან გავალ, ვასაუზმებ და მოვალ ისევ. ჩემი გვრიტი! ძალიან გტკივა, თუ ცოტა მაინც გადაგიარა ტკივილმა?
- არა, დედა. ისევ მტკივა.
- ნუ გეშინია. ექიმი მალე მოვა. წამალს გამოგიწერს და მალე მორჩები. გავიქეცი ახლა ვივიენთან.

* * *

- საბანი ამომიკეცე. აქ დაჯექი. ნუ დარბიხარ აქეთ-იქით!
- სამზარეულოში საქმე მაქვს...
- არა უშავს. როცა დავიძინებ, მერე მოაწესრიგე. ახლა აქ იჯექი.
- კარგი.
- გააგრძელე კითხვა.
- იცით, ამ წიგნის აუდიო ფაილი ვიპოვე ინტერნეტში. ახლავე დისკზე გადავწერ და მოუსმინეთ.
- მე მინდა, რომ შენ წამიკითხო!
- იქ, მსახიობი კითხულობს და ჩემზე უკეთესად...
- რამდენჯერ უნდა გითხრა...
- კარგით, კარგით... ლუიჯი სკამზე ჩამოჯდა და მზერა ძველებურ კარადაზე შეაჩერა. - ნენსი, ხომ არ გაგვეყიდა? - რას ამბობ... ეს ხომ ბებიის სახსოვარია...
- რაღაც აფორიაქებული ხარ. სხვა დროს უკეთესად კითხულობ ხოლმე.
- ჩემი შვილი ავადაა და ვერ ვისვენებ.
- რატომ?
- მუცელი სტკივა.
- რა მოხდა მერე! გაუვლის. გააგრძელე კითხვა...

* * *

- დედა, როგორაა ბავშვი? ექიმმა რა თქვა?
- კუჭი აქვს გაღიზიანებულიო. წამლები გამოუწერა. ხვალ ექოსკოპიაზე მივიყვან.
- ნია სადაა ახლა?
- წამოწვა. თავის ოთახშია. შენ ნუ ნერვიულობ. სერიოზული არაფერია.
- ძლივს დაეძინა ვივიენს. არ მომიშვა ლეპტოპთან, რომ დაგლაპარაკებოდით. ლამის გავგიჟდი. ორი საათი წიგნს ვუკითხვდი. ძლივს ჩაეძინა.
- დედა, აბა შეხედე ნიას. როგორ არის?
- ახლავე.
...
- ჩასძინებია.
- კარგია, ალბათ დაუამდა ტკივილი.
- ალბათ.
- კარგი დედა. ახლა ლიას გადავურეკავ.
- რად გინდა, ხომ გითხარი, რაც გვითხრა ექიმმა.
- ხომ იცი, ვერ მოვისვენებ.
- შენი საქმისა შენ იცი.
...
- გამარჯობა ლია. ნიას დედა ვარ.
- გამარჯობა.
- როგორ გიკითხოთ?
- მადლობთ კარგად. თქვენ როგორ ხართ?
- მეც არა მიშავს. ჩემი შვილის გამო დაგირეკეთ.
- ჰო, დღეს ვიყავი თქვენთან. არაფერი საგანგაშო არ სჭირს. რომელიღაც საკვებმა გაუღიზიანა კუჭი. შეიძლება რძის ბრალიც იყოს, ან მზესუმზირის. გამოვუწერე წამლები და მალე ყველა პრობლემა მოეხსნება.
- დავმშვიდდი, თორემ ისე ვნერვიულობდი...
- ხვალ ექოსკოპიის პასუხიც გვექნება.
- როდისთვის გეცოდინებათ პასუხი, რომ დაგირეკოთ?
- ხვალ საღამოს ექვსი საათისთვის დამირეკეთ.
- კარგით. მადლობთ.
- ძალიან ყურადღებიანი მშობელი ხართ. ზოგი შვილთანაა და ის ვერ აქცევს ყურადღებას, თქვენ კი ამერიკიდან ასე პატრონობთ...
- დედა ვარ... მადლობთYყველაფრისათვის. ხვალ დაგირეკავთ.


* * *

- ნია, ადექი უკვე, ჩემო გვრიტო?
- კი, დედა.
- ხომ კარგად ხარ?
- კი. გითხრა საიდუმლო? მხოლოდ ბებოს არ უთხრა, თორემ გულს შემიწუხებს საყვედურებით.
- აბა, მითხარი.
- მაშინ იმიტომ ამტკივდა კუჭი, რომ მზესუმზირა ქერქიანად ვჭამე.
- არ გრცხვენია? ამხელა გოგო ხარ და ეს როგორ გააკეთე?
- კარგი რა, დედა. ახლა შენ დამიწყე.
- მეორედ აღარ...
- რას ამბობ! არასოდეს! ისე ძალიან მტკიოდა კუჭი, რომ მეორედ აღარ მოვიქცევი ასე.
- ო, როგორი უცნაური ხარ.
- დედა, მათემატიკა დასაწერი მაქვს. მომეხმარე, რა?
- ნია, ახლა არ მცალია. ნახევარ საათში ვივიენს მოვაწესრიგებ და თავისუფალი ვიქნები. მანამდე კი სკანერზე ამოიღე მათემატიკის წიგნის ის ფურცლები, სადაც დავალება წერია და გამოაგზავნე.
- კარგი დედა.

* * *

- რატომ დაიგვიანე? ხომ თქვი ნახევარ საათში მოვალო.
- ვივიენმა არ გამომიშვა. სანამ ჩაეძინა წიგნს მაკითხებდა.
- დიდი საზიზღარი ვინმეა ეგ შენი ვივიენი. აი, ნონას დედას კარგი მოხუცი ჰყავს. ასე კი არ აწუხებს.
- ნონას დედა სადაა?
- ისიც ამერიკაშია.
- კარგი. მოდი ახლა მათემატიკას მივხედოთ...

* * *

- დილა მშვიდობისა, ჩემო ლამაზო.
- დედა...
- ტირიხარ? რაშია საქმე?
- დედა, შენთან მინდა!
- რა ხდება, ვინმემ ხომ არ გაწყენინა?
- არა დედა. არავინ არ მაწყენინა... შენთან ყოფნა მინდა დედა, ძალიან მენატრები. სამი წელია არ მინახიხარ...
...
- შენც ტირიხარ დედა?
- ჰო... მეც მინდა შენთან ყოფნა.
- მერე წამოდი! რა გინდა მანდ?! ძალიან გთხოვ, წამოდი. არაფერი არ მინდა, არც ტანსაცმელი, არც ნამცხვრები, არც შოკოლადები. აღარც ნაყინს შევჭამ დედა, ოღონც ერთად ვიყოთ!
...
- ნუ ტირი დედა, ნუ. ჩამოდი, რამენაირად გავიტანთ თავს.
- როგორ შვილო!
- აბა, სხვები როგორ ცხოვრობენ?
- არ ვიცი. მე სამსახური ვერ ვნახე. ხომ იცი რამდენი ვალი დაგვედო. ამას ხომ გადახდა უნდოდა.
- გადავიხადეთ ვალები?
- კი, დედა. მოვიცილე.
- მერე ჩამოდი.
- სამსახური რომ ვერ ვიშოვო, ამასაც დავკარგავ და მერე რა ვქნათ?
- რამდენიმე თვეც იმუშავე და ცოტა ხომ მოგიგროვდება.
- ჰო, ვნახოთ.
- დამიჯერე დედა, არაფერს არ მოგთხოვ!
- მე მტკივა გული, როცა ვხედავ შენ ბევრი რამ გაკლია!
- დედა, ახლა შენ მაკლიხარ. მე რატომ არ მეკითხებით, ჩემთვის რა არის მთავარი? არაფერი არ მინდა დედა, ოღონდ გვერდით მყავდე. რომ იცოდე, როგორ მენატრები. როცა დავწვები, სულ თვალწინ მიდგია, როგორ ჩამომიჯდებოდი ხოლმე საწოლთან და თმაზე ხელს მისმევდი. დედა, განა ამას შეცვლის რამე? ჩემთვის შენ ყველაზე ძვირფასი ხარ. ჩამოდი დედა, ძალიან გთხოვ...

* * *

- ბებო! რომელი საათია? სკოლაში ხომ არ მაგვიანდება?
- დღეს ნუ წახვალ. იწექი, ჯერ ნუ ადგები.
- რატომ, რა ხდება? რატომ იღიმები ასე ეშმაკურად? ბებო, ზარის ხმაა. კარი გააღე.
- ახლავე.
...
- დედა ჩამოვიდააა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები