ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2013


ღრენო

ღრენო


  ღრენოს შავები პატივს არ სცემდნენ, არც უბნის კაიბიჭებს მიაჩნდათ თავისიანად. მაგრამ ამას ნაკლებად განიცდიდა. მარტოხელა მგელი იყო.რასაც შოულობდა, არავის უყოფდა. ლაპარაკის დროს პირს თითქმის არ აღებდა, თითქოს ბგერებს კი არ წარმოსთქვამდა, კბილებიდან ცრიდა. ღმერთს რომ ძაღლებისთვის მიებოძებინა ლაპარაკის უნარი, უთუოდ ასე ამეტყველდებოდნენ. ამიტომაც შეარქვეს ღრენო.
  მამამისი- სტეფკო ჯანიანი მუშა კაცი იყო, სმაც ჯანიანად უყვარდა.. უფრო ხშირად გვიან საღამოთი ბრუნდებოდა შინ, შრომით ნაშოვნი ფულით დამსახურებულად დაკმაყოფილებული, ტალახში ამოსვრილი, ჩამოჯაჯული. მეზობლებმა იცოდნენ ,  რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდათ ამდროს.
  მალე, მათი დაფხაული სახლიდან ბრაგა-ბრუგის და გინების დახშული ხმები ისმოდა, რასაც  შიგადაშიგ ღრენოს დედის ხენეში წიკვინი და ქოქოლა ერთვოდა. როცა თვითონ ღრენო ბრუნდებოდა მთვრალი,, ამ ხმებს ჭურჭლის მსხვრევის ხმაც ემატებოდა. დილით ნაომარი მამაკაცები გვიან დგებოდნენ. მარტო თავშეხვეული მარუსა გადმოდგებოდა უსახური სახლის მორყეული აივნიდან და მეზობლების გასაგონად ხაფად გაჰყვიროდა:
  -დალიეს, მა რა კაცები იქნებიან თუ არ დალიეს. ვისი რა საქმეა ჩემ სახლში რას ვიზამ!- წინასწარ იჭერდა თადარიგს, თითქოს ვინმე შინ უვარდებოდა.
მორიგი ასეთი ნასმურევი ვიზიტის დროს ღრენომ თან ერთი გამხდარი, ჩაშავებული გოგო მოიყოლა და  "ჩემი ცოლიაო"- გამოაცხადა, ოღონდ იმ დღეს ტრადიციული ოჯახური აყალმაყალი არ შემდგარა. ცოლს მალე ბავშვიც მოჰყვა, როგორც მოსალოდნელი იყო. ამ ფაქტს ბევრი არაფერი შეუცვლია ღრენოს ცხოვრების წესში. ისევ იკარგებოდა სადღაც და დაბრუნებას ხმაურითა და ღრენა-გინებით აღნიშნავდა. მისმა გალეულმა ცოლმა ცოტახანს უყურა ამათ ყოფას, მერე ხელი დაავლო თავის გაყვითლებულ, ენაბრგვილ ბავშვს და სადღაც გარეკახეთში თავისიანებს შეაფარა თავი. ღრენომ ერთიორჯერ კი დააწიოკა ცოლოური და მერე ისინიც მიივიწყა. მალე სტეფკოც გარდაიცვალა, სადღაც ქუჩაში იპოვეს, უგონოდ მთვრალი ჩაჩეხილიყო.
  ცხოვრობდა ღრენო ასე არავისთვის საჭირო, ყველასათვის მობეზრებული და ყველასგან დავიწყებული. ვიდრე ისევ არ შეახსენა თავი. 
  ერთ დღეს საკაცით მიიტანეს სახლში. ვიღაცის ბინის გაძარცვის დროს ფანჯრიდან გადმომხტარი უხერხულად დაცემულიყო და ხერხემალი დაეზიანებინა. ასე ლაპარაკობდა ხალხი და არც არავინ ცდილა დაზუსტებას. მალე მოიკეთა , მაგრამ ინვალიდის ეტლს კი ვერ დააღწია თავი. მის ცხოვრებაში ახალი ხანა დაიწყო. აივანზე არასოდეს გამოდიოდა,.მეზობლებს ესმოდათ როგორ აგინებდა დედამისს, უმწეობით გაცოფებული, რაც ხელში მოხდებოდა, თავში ესროდა. ამიტომაც დადიოდა მარუსა სულ თავშეხვეული. ეს თავდაცვაც იყო და შენიღბვაც. თავის ამ ყოფაზე არასოდეს წუწუნებდა, -ეჰ, რა ქნას, ძაან ნერვიულობს ეგ უბედურიო- პასუხობდა მეზობლების მოკითხვაზე.  ხანდახან ხეიბარი დადუმდებოდა, ასეთ დროს მოწეული ბალახის აღმგზნებ მოთენთილობაში დაბორიალობდა. ეს წუთები მარუსასთვის ამოსუნთქვის საშუალება იყო.  ერთ ასეთ ბორიალის დროს (არ ვიცი, ბალახისა თუ ავადმყოფობის წყალობით) უფალს მიაბარა ცოდვილი სული.
  მოკვდა ღრენო. ბევრისთვის ისედაც მკვდარი. იწვა კუბოში უჟმური,ამრეზილი გრიმასით, თითქოს პანაშვიდზე მოვალეობის გამო მოსულ უბნელებს უღრენდა: ნეტა რას მოდიოდით, ვინ გეხვეწებოდათ თქვენი...
პანაშვიდებზე ცოტა ხალხი დადიოდა. ცნობისმოყვარე მეზობლის ქალებისთვის ბევრი არაფერი იყო საინტერესო. ერთ დღეს მისი უკვე წამოჩიტული შვილი მოიყვანა ვიღაც ნათესავმა, ეგ იყო და ეგ.
  იჯდა სახეგამტკნარებული მარუსა დაბალ ჯორკოზე და მოსთქვამდა: -რა ჭკვიანი ბავშვი იყავი ბიჭო ბესიკა! როგორ უყვარდი ბაღის მასწავლებლებს, როგორ პატივსა მცემდნენ. კარაქიანი პური რო მომიტანე ერთხელ ბაღიდან, მამამ  არ დაგინახოს, შენა ჭამეო! მიწა ჭამოს დედაშენმა. პატარა ლეკვი რო მოათრიე ერთხელ, რა ამბით დასთითინებდი, მამაშენმა რო გადაგიგდო, რა დღეში ჩავარდი, შვილოო, შენ დაგიმიწდეს დედა!- თითქოს მისი ბიჭი, რომლის ნამდვილი სახელი აღარავის ახსოვდა, ბავშვობაში ჩარჩენილიყო.
  -სულ გაგიჟებულა ეგ უბედური.- ჩურჩულებდნენ პანაშვიდიდან გამოსული დედაკაცები

          2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები