ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2013


უთუოდ მოთოვს

ზამთარი დაეტყო სოფელს. აღარსად ჩანდნენ სოფლის შარაზე მორბენალი ბავშვები, სათიბში მიმავალი ყმაწვილები და კაკლის ხესაც არავინ აფარებდა თავს, ჭორაობით გართული.
-ბებია, მალე მოთოვს?
-მოთოვს შვილო, სად წავა აბა.
-მე მინდა ახალ წელს მოთოვოს.
-ახალ წელსაც მოთოვს... -უპასუხა მოხუცმა და სიბერეშეპარული ხელები შეშის ღუმელს მიაფიცხა. ცეცხლს გაუშტერა მზერა, მერე თითქოს დაბრუნდაო დედამიწაზე, ფიქრებში სადღაც შორს წასული.
-ბუნება კაცსა ჰგავს ზოგჯერ შვილო.
-ეგ როგორ? გაოცებული მზერა მიანათა თხუთმეტიოდე წლის გოგონამ, ბებიას ნებიერამ, როგორც ის მოიხსენიებდა ხოლმე ცრემლით სავსე თვალებით.
-როგორ და ბუნებაც გვაღალატებს ხშირად კაცის მსგავსად, გაგვწირავს, ბედს მიანდობს ყველაფერს და ვაი, რომ ბედიც არ არის მოწყალე.
-დედა და მამა, რომ წავიდნენ ჩვენგან მათაც დაგვაღალატეს ხო?
-არა შვილო, ისინი ბედმა დააღალატა, იმ უკუღმართმა. მათ კი უნდოდათ ამ ტიალ მიწაზე დარჩენა. შვილი უნდა აყრიდეს მშობელს მიწას, მე კი ჩემს დედისერთას დავაყარე. ქვაა ადამიანი ქვა, თორემ რა გული გამიძლებდა.
მოხუცი წამოდგა, მუხლის თავზე აკოცა შვილიშვილს, მერე ისევ ღუმელს მიუბრუნდა და მზერა ცეცხლის მკრთალ ალს გაუშტერა.
"უთუოდ მოთოვს. არ უნდა დამაღალატოს ბუნებამ. დედამ მითხრა, როცა ითოვებს ფიფქებით გაკოცებო. უთუოდ მოთოვს."
დასაძინებლად დაწოლილი გოგონა ლოცვასავით იმეორებდა.
დილით ბებიას ხმამ გააღვიძა.
-ადექი ნინიკო, თოვლი მოვიდა.
გახარებული წამოდგა და გარეთ გაიქცა, კარის ზღურბლთან მისულმა  კედელზე ჩამოკიდებულ დედის სურათს ახედა და გაუღიმა.
"ბევრი მაკოცე დე, ძალიან ბევრი." -ჩურჩულებდა და ფიფქებს სახეს უშვერდა.
-70 წელს მივაღწიე შე ქალო და ასეთი თოვლი არ მახსოვს.
ბუზღუნებდა მეზობლის ქალი და ხელით ფანჯრის მინას ფიფქებს აშორებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები