ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყუფარაძე
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2013


იან

  ხელები მთელი ძალით შეუკრა ვიღაცამ, ისე რომ სისხლმაც კი შეწყვიტა მოძრაობა. სტკიოდა მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას, ზურგში ვიღაც შეუდგა, ხელი უკან შეკრულ ხელებში გაუყარა, კისერი უხეშად დაახრევინა ძირს და წინ უბიძგა. დიდი გაჭირვებით დაიძრა. სისხლიანი ფეხები საშინლად სტკიოდა და ცივი ტალახი ეამა. მის წინ ზუსტად ისევე შეკრული ადამიანები მიჰყავდათ, ყველას ედგა ზურგთან თითო იდუმალი არსება. ეს არსებები იყვნენ ტანით მძლავრნი, გრძელთმიანნი, ხოლო სახე საშინელი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.

  თვალები გაახილა... სიჩუმე ეამა, მზერა მოატარა ირგვლივ. დიდი თეთრი ოთახი, მკრთალად იყო განათებული. სარკმელზე ჩამოფარებული თეთრი ფარდები მცხუნვარე მზის სხივებს ფილტრავდნენ. მის გარდა კიდევ ოთხი ადამიანი იწყვა პალატაში. ყველაფერი საშინლად სტკიოდა. წამოდგომა სცადა მაგრამ ტკივილმა არ მისცა ნება, მშრალი ტუჩები ენით გაისველა და გონება დაძაბა, ცდილობდა გაეხსენებინა როგორ მოხვდა აქ.
  მოტოციკლი ახსოვს. სწრაფად მიდიოდა და ვერ შეამჩნია ქუჩაზე გადამსვლელი თხელი ტანის არსება. მოახეხა და აცდა... მერე? მერე აღარ ახსოვს. მხოლოდ ხმა ჩარჩენია მეხსიერებაში, საშინელი მსხვრევის ხმა.
  ისე მიმოიხედა ირგვლივ, ოთხივეს ეძინა, მშვიდი, უდარდელი ძილით. თეთრ ჭერს მიაჩერდა სიმშვიდით და სიჩუმით კმაყოფილი. სისუსტე იგრძნო. ქუთუთოები დაუმძიმდა.
   
  იდუმალი არსებები უხმოდ მიათრევდნენ მის წინ ჩამწკრივებულ, გაკოჭილ ადამიანებს, ზოგი ტიროდა, კვნესოდა. თუ რომელიმე წაიჩოქებდა მაშინვე მათრახს უთავაზებდნენ. ასე გაიარეს თითქმის ნახევარი კილომეტრი და ნისლით დაბურულ მთის აღმართს შეუდგნენ. ძლივს გაარჩია ნისლში მწკრივის ბოლო მთის წვერზე მთავრდებოდა, მაგრამ რა ხდებოდა იქ ამას ვერ ხედავდა. ფეხი წამოჰკრა ქვას და ფრჩხილამძვრალი თითი საინლად ეტკინა. შეჩერდა, მუხლები დაუსუსტდა და ამ დროს შოლტის საშინელი წუილი მისწვდა ყურს. ტკივილმა ზურგიდან მთელ ტანში დაუარა...

  თვალები გაახილა, ოფლში ცურავდა, ირგვივ მოავლო მზერა სასწრაფოდ და დამშვიდდა, პალატაში ისევ სამარისებური სიჩუმე სუფევდა. ხელის წამოწევა სცადა, სახიდან ოფლის მოსაწმენდად, მაგრამ კიდური არ დაემორჩილა. ყრუ ტკივილმა დაუარა ძვლებში. სწყუროდა, გამხმარი ტუჩები კიდევ ერთხელ გაისველა ენით და ხმის ამოღება სცადა. მხოლოდ არაბუნებრივი ოხვრა აღმოხდა. მთელი სხეულით დაიძაბა და კიდევ ერთხელ ამოიკვნესა. ხვდებოდა როგორ იბყრობდა სიცივე. ფეხებს ვეღარ გრძნობდა. თვალები მილულა, ძილი მოერია.

  იდუმალმა არსებამ, კიდევ ერთხელ შემოჰკრა შოლტი, ტკივილმა თავისი გაიტანა და ნაბიჯი გადადგა წინ. გაჭირვებით მიათრევდა დაღალულ ტანს აღმართში, ისე დაიღალა ლამის სული ამოსდიოდა სუნტქვისას. არაბუნებრივი ხრიალის ხმა მისწვდა ყურს და მზერა მომავალ ხმას გააყოლა. თავზარი დაეცა. მთის წვერძე მდგარი იდუმალი არსება უგულოდ უმზერდა როგორ ამოსდიოდა სული ყელგამოჭრილ ადამიანს. აგონია ისევ გრძლდებოდა მაგრამ არც ეს აცალეს საწყალს. იდუმალმა არსებამ ხელში აიყვანა და მთის მეორე მხარეს, ფრიალო კლდეზე გადაჩეხა.
    აკანკალდა მთელი ტანით, გულმა ისე დაუწყო ბაგაბუგი რომ, თავდახრილი მის გულისძგერას მკერდზე თავისუფლად ხედავდა. გადაავიწყდა დაღლაც, ტკივილიც, ნაგვემი სხეულიც. ღრმად ცაისუნტქა და სცადა ხელიდან დასხლტომოდა მის უკან მდგომს. უშედეგოდ. თითქოს ჩანაფიქრს მიუხვდაო, სანამ გვერდით გადადგამდა ნაბიჯს ფერდსი ისე მწარედ მოხვდა იდუმალი არსების რკინით დაფარული ხელი რომ ორად მოიკეცა.
 
    ამოიხრიალა. თვალები გაახილა. პალატაში ისევ ყველას ეძინა. არავინ იყო ხმის გამცემი. გრძნობდა დიდხანს ვერ გაძლებდა, საშინლად ემძიმებოდა თვალის გახელა. უიმედოდ მოავლო თვალი ოთახს.
    როგორი სიმშვიდეა, უცნაური გარემოა მაგრამ მშვიდი. აქ ურჩევნია... ნეტავ ვინმე გამოჩნდეს, მიეშველოს, გადაარჩინოს. იქ ხომ უთუოდ მოკლავენ.
    უიმედოდ მოატარა მზერა თეთრ ოათახს. ხმის ამოღება სცადა და კიდევ ერთხელ ამოიხრიალა. გვერდითა საწოლზე მყოფმა თვალები გაახილა, გაჭირვებით წამოჯდა და ყურადღებით დააკვირდა, ოფლში მცურავ, თვალებგაფართოებულ არსებს რომელიც საშინლად ხრიალებდა.
    თვალები გაუბრწყინდა, მუდარებით შეხედა, ხმის ამოღება სცადა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. თავის უსუსურობამ გააბრაზა. საშინლად დაიმანჭა და ისევ გახედა მის მშველელს. რაღაც უთხრა მაგრამ ვერაფრით გაარჩია სიტყვები. მთელი ენერგია დაეხარჟა ამდენ მცდელობაში. თვალები უნებლიედ დახუჭა და ღრმა ძილმა წაიღო.

    მის წინ მიმავალმა, საშინლად ამოიხრიალა და მიწაზე დაიწყო ფართხალი. თვალი მოარიდა, უკვე ყველაფერს დაკარგვოდა აზრი. მაინც გაექცა მზერა და დაინახა როგორ აგდებდა ჯალათი ჯერ კიდევ ცოცხალ, აგონიაში მყოფ ადამიანს კლდიდან. უკან მდგომმა ხელი შეუშვა და წინ უბიზგა, შეტორტმანდა და წაიჩოქა. უკანასკნელად ამოჰხედა ჯალათს. მის მძლავრ მკლავებში ავისმომასწავლებლად ელავდა შავი ქვისაგან დამზადებული, ალესილი დანა. საზარელ ნიღაბზე ორი დიდი წითელი თვალი დაეხატათ და მოცინარი პირი, რომლიდანაც ასევე წითელი კბილები მოუჩანდა.
    თვალები დახუჭა, ისევ იქ დაბრუნებას ცდილობდა, იქ, უცნაურ გარემოსა და სანატრელ სიმშვიდეში...
    ჯალათმა თავზე დაადო ხელი და სასწრაფოდ გამოუსვა დანა.
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები