ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუბა ხაინდრავა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2013


  ჩამოტვირთვა

ბოლო ლექსი

(კითხულობს თორნიკე ზოიძე)

არავინ არა ჩანს. წისქვილებს ატირებს სიბერე.
წვიმას გამაყოლე, რომ წმინდა მიწები მენახა
(სადმე აქ მოვკვდები) მახსოვხარ ენკენისთვისფერი.
და ის, ვინც ვერ ვპოვე, მუხლამდეც ვერ შევწვდი, შენა ხარ !

აქ, სადაც მთებია, თოვლიან ხიდების ამარა.
ხსოვნაა თმების და სითბოა თვალების, გიშერის.
გთხოვ, ჩემზე ნუ ეტყვი, ნურავის ნუ ეტყვი, დამალე.
შენ ჩემი მიწა ხარ, შენ სიყვარული ხარ, მიშველი.

და მაინც სიზმრმამდე, იქამდე მაცხოვრე. ქარიან
სიმღერას გავყვები შორ ზღვებში ჩაცვენილ ნავებთან.
(სადმე აქ მოვკვდები) შენს იქით, აღარსად არიან,
შენს იქით ტყე არის და ზამთრის პირველი წამება.

გზებია უფოთლო. მინდორთა, ნიავთა ღაღადი.
ხილვათა ბოლოა, წლების წინ ნაწერი სიტყვები.
(იესო შენ მაინც... შენ მაინც... აქა ვარ მარადის)
ვინც მუდამ მელოდა, ვინც ხელს მიწოდებდა, მივყვები

ბოლომდე, და შენი დაღლილი ხელების ლანდია
ბაღებთან და შენი მზისკარა თვალების ნოველა,
(სადმე აქ მოვკვდები) ჩემთანაც მოდიან, დადიან,
ვწვები და მათ გვერდით ღვთაებრივ აღსასრულს მოველი.

მერე კი დარდები ჩემს მხრებზე ეწყობა. თქორია,
თბილია ბალახი, ნაცადი ბედია, მივდივარ.
შორსა ხარ, შორსა ხარ !  ტოტივით მაქანებს ბორიო
და შენი ცხოვრების პატარა მოთხრობის გმირი ვარ.

აი, აქ მოვკვდები, ჩემო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები