ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
27 მაისი, 2013


ბარბარისის ხე

ბარბარისის ხე

-სკაიპი ჩართულია?- იკითხა ქალმა.
  -რად გინდა, ხო იცი, ასეთ დროს არ რეკავს.- მიუგო კაცმა.თუმცა კარგად იცოდა ქალის Aშეუვალი არგუმენტი.
  -მაინც ჩართული იყოს, რა იცი, როდის დარეკავს.
  -კი ბატონო, , ჩავრთავ.
  -საბანი ამიწიე!
  -გცივა?
  -რაღაც შემაცია.ოღონდ ფეხზე არ მინდა, მიხურს.  კაცმა საბანი გადაუწია ფეხებიდან. შეშუპებულ , მოყავისფრო კანჭებს თვალი აარიდა. ნუთუ ეს ფეხები იყო ოდესღაც გრძელი და ხორციანი, ვნებას რომ უღვიძებდა.
  -ჯერ ხომ არ გშია?
  -არა.
  -ფარდა გაწიე, ბნელა.ამ სოროში სულ ჩაბნელებულია ყველაფერი.ვერაფრით შევეჩვიე. სულ მგონია, სხვის ბინაში ვარ შეQჭრილი და სადაცაა პატრონი მომისწრებს. არ უნდა გაგვეყიდა ის სახლი.მას მერე დამეწყო ეს უბედურება.  ქალს ხმა გაებზარა. კაცმა იცოდა,ახლა შვილზე უნდა გადასულიყო.მექანიკურად პასუხობდა:
  -ნუ დაიწყებ ეხლა თავიდან. რატომაც გავყიდეთ, კარგად იცი.
  -ვიყოთ ახლა ასე გამოყრუებული. უმეზობლოდ, ღვთისგან და კაცისგან მიტოვებული.საკუთარი შვილის ერთი სიტყვა რომ გენატრება.
-აბა რა ექნა, არ წასულიყო? იმისი გამოგზავნილი ფული რომ არა, რა გვეშველებოდა?
  -ერთი კვირა ისე გავა, არ შემოგვეხმიანება, თითქოს არ იცოდეს ჩემი ამბავი.
  -შენ ხო არ იცი, იქ რა სიტუაციაა,სად სცალია. ან ეს კომპიუტერი ყოველთვის კი არ უვარდება ხელში. გასართობად ხო არ არის წასული. თუ რამე არ მოეწონათ, მაშინვე გამოაბუნძულებენ იქიდან, მე შენ გეტყვი და, მიზეზს ვერ მოუძებნიან.
ამ არგუმენტებს ქალი ვინ იცის მერამდენედ ისმენდა, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაცნაირად აწყნარებდა მათი მოსმენა.
  -ეჰ, ისიც მე გამექცა, ყველას თავი მოგაბეზრეთ, ყველას.
  -კარგი რა! ხომ იცი, არ მიყვარს ეგეთი ლაპარაკი.
-შენ სად აპირებ?
  -ბაღში გავალ ცოტახნით, ბალახია მოდებული.
  -გადი, ოღონდ კარი დატოვე, რა იცი, როდის დამჭირდები.
ერთციცქნა ბაღში ფუსფუსი კაცს სიამოვნებას არასოდეს ანიჭებდა. ის ძველი ქალაქელი იყო და ნაცრისფერი ასფალტი მისი ყოფის ატრიბუტი გახლდათ. მას შემდეგ, რაც მათი მერვე სართულზე განთავსებული ბინა ერთადერთი ვაჟის ევროპაში ბედის საძიებლად გამგზავრებას შეეწირა, ქალაქის გარეუბანში შეიძინეს ძველი ბარაკი თავისი პატარა ნაკვეთით. ბაღში საქმიანობას დროის მოსაკლავად ან ბინიდან გასვლის საბაბად იყენებდა.
  -იმ ხეს უკვე ნაყოფი გამოაქვს, ხომ იცი.- მოჩვენებითი მხნეობით თქვა კაცმა, სიტყვა სხვა სადინარზე რომ გადაეგდო.
  -რომელს?
  -აი.ჯიში რომ ვერ დავადგინეთ, ბარბარისია თუ კოწახური.
  -ვიღაცამ რომ დაგვირგა ჩუმად?
  -ხო.
  -მომისმინე!- ქალი ნელა, დაყოვნებით ლაპარაკობდა. ასე მაშინ სჩვეოდა, რაღაც განსაკუთრებულის თქმას რომ აპირებდა. -გახსოვს, რა თქვი,ერთ დილით ეგ ნერგი რომ დაგვხვდა დარგული, (მაშინ ჯერ კიდევ ფეხზე ვიდექი)?
  -არა.
  -ვინც ხეს რგავს, ცუდი ადამიანი არ შეიძლება იყოსო.
  -მერე?
  -მეც არაფერი გითხარი მაშინ. სინამდვილეში არ მომეწონა ეგ ამბავი. გულმა ცუდი მიგრძნო. თუ კარგი უნდოდათ, ჩუმად რატომ შემოიპარნენ?
  -კარგი რა, ვინ შემოიპარებოდა, ისიც ხის დასარგავად, რა ეჭვები გაწუხებს!
  -AAაბა, თვითონ ამოვიდოდა იმხელა ნერგი ერთ ღამეში?ცუდი აურა აქვს მაგ ხეს. მცენარეებიც ხომ ატარებენ უარყოფით ენერგიას. ასეთები ცუდ აურას ასხივებენ და გრთგუნავენ. რაც ეგ მოხდა, მას მერე დამეწყო ეს ამბავი.
  -კარგი რა, ეხლა მაგას დააბრალე ყველაფერი.
  -სადღაც წამიკითხავს, დათესვამდე თესლს რამდენიმე წუთს პირში იჩერებენ თურმე, რომ ნერწყვის გზით თავიანთი ენერგიით დამუხტონ და მერე თესავენ განსაკუთრებულ ადგილზე.
  -მოკლედ სრულ მისტიფიკაციაში ხარ გადავარდნილი. რას ამოიჩემებ ხოლმე!
  -შენ არაფერი გჯერა ჩემი, ყველაფერს ზერელედ უყურებ. ჩვენი საქმე კი სულ უკან მიდის, ვერ ხედავ?
  -დაწყნარდი ეხლა, დაწყნარდი! გავალ ცოტახნით.
  კაცი ფეხაკრეფით შევიდა სამზარეულოში. იცოდა, ქალი აყურადებდა, როგორც ყოველთვის. ძველი ტუმბოს ქვემოდან ფრთხილად გამოაცურა ნაჯახი, პირზე დახედა. კარი ჩუმად მიიხურა ზურგსუკან.
  ნაჯახის ტარს ანგარიშმიუცემლად გამწარებით უჭერდა ორივე ხელს. თანდათან  უფრო იპყრობდა სიშმაგე. გამეტებით ურტყამდა, გაბოროტებით. აღგზნებული ნეტარებით უმზერდა, როგორ თრთოდნენ ნახევრად მსხმოიარე ხის ტოტები, როგორ ცვიოდა მკვახე ნაყოფი. პატარა ხე უმწეო ჭრიალით წამოიქცა. წვრილი.მოწითალო კეკლები ავისმომასწავებლად იმზირებოდნენ მწვანე ფოთლების ღრიჭოებიდან. ძირს განრთხმული ხე ზიზღით გააჩოჩა ფეხით, როგორც უწმინდური რამ. ბოროტმოქმედის გაუცნობიერებელ კმაყოფილებასა და დანაშაულის გამო სინდისის ქენჯნას ერთდროულად გრძნობდა. ფრთხილად შევიდა სამზარეულოში და ნაჯახი ისევ სამალავში შეინახა. საწოლში გავიდა და უბრალოდ, რამე რომ ეთქვა,იკითხა:
  -წიწიბურა ხომ არ გაგიცხელო?
  -არ მინდა, უკვე გულს მირევს.
  -ხომ იცი, იმ წამლის მიღება უზმოზე არ შეიძლება.
  -ტყუილად ვიჭყიპები მაგ წამლებითაც, ყველა  ექიმი თვალთმაქცია.
  -ეხლა მაგათ მისდექი.- მოეჩვენა, რომ ქალი არ უსმენდა.
  -სად იყავი?- იკითხა უცებ გამომცდელად.
  -მე?- დაიბნა კაცი. -ბაღში, ხომ გითხარი. ვაზი იყო ჩამოვარდნილი, ავახვიე.
  -სამზარეულოში რა გინდოდა?
  -არაფერი.
  -აბა რატო შეხვედი?- გაღიზიანდა ქალი.
  -რა ვიცი, აღარ მახსოვს.

      2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები