ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2013


რაბუნი!

ჩამოვიტოვე მზის და მთოვარის,
ჟამია კაცის კვლავაც დაცემის, _
შუა მსგეფსი დგას, ვახშმის დრო არის
და ზღურბლზე მოჩანს ჩემი გამცემი.

უკან მოჰყვება გამცემს პილატე, _
პილატე, სულ სხვა გზით და სახელით, _
ქარი არ ცხრება, ჯიბრზე იმატებს
და მოქრის, მრავალ ცოდვის მნახველი...

და მოდის, მოდის ქორონიკონით _
ძველით თუ ახლით _ ბრბოა თუ ხალხი _
ძლივს მოაქვს ქისით ვრცელი სტრიქონი:
სული და გვამი, კარი და სახლი...

ბრძოლა და ლეში, ძრწოლა და შიში...
და გახრწნილ ქალაქს კვლავ ტოვებს ლოტი...
და მორევია ქვაზე მადლს გიჟი,
ვით მარგალიტებს _ ღორების კოლტი.

მოდის უფალი დღისა და ღამის,
რომ კვლავ სცენ ჯვარცმულს ფერდში ლახვარი.
მარჯვნივ ერია, რტოებით პალმის,
მარცხნივ კი _ ეშმას შლეგი ხარხარი.

გოლგოთას ადგას ბებერი ვირი,
ვირს უკან მისდევს დაღლილი მოდგმა...
დრტვინავს და კვნესის, მოთქვამს და ტირის, _
დღემდე ვერ ჯაბნის ღალატს თუ ბოღმას!

ჩამოვიტოვე მზის და მთოვარის,
ხვალ რას მიქადი, უფალო, ნეტა?..
ვერ შეგიცანი შენ, მაცხოვარი,
შენს გაწვდილ ხელში სულ ორი ლეპტა!

და მეც გშორდები ამ ბრბოსთან ერთად, _
აღარ სრულდება ეს ავი რბოლა...
რაბი, რაბუნი, ვერ ვაღწევ შენთან,
რადგან მეც გდევნი, უკვე მეც ბრბო ვარ!

მოვდივარ _ სული მთაზე მძიმეა,
შენი საფლავის ლოდი _ მსუბუქი.
რაბი, მომხედე, შენი შვილი ვარ,
მე ვარ ბეთლემიც, ადმაც, ურუქიც!..

ვარ დასასრული და ვარ საწყისი
ჩემი ვნების და შენი დიდების, _
ჩემშია სუნთქვა ოქროს საწმისის
და შენი მღვიმის სტალაქტიტებიც!

ცად მე აღვმართე პირამიდები,
ქალდეველი ვარ, შუმერი, კოპტი...
გზად უკვდავებას როგორ მპირდები?! _
მე უარგყავი და სამგზის მოვკვდი!

ახლა შორია იორდანემდე,
რა ბევრი დამრჩა შენკენ სავალი!
მოვდივარ, დრო-ჟამს როგორ დავნებდე,
ერთხელ არ შევსვა წმინდა გრაალი!

მოვდივარ სულზე რკინის ჯაჭვებით
და იზილება ტალახში თიხა.
ხარბი მევახშე, სულ ვევაჭრები:
თავი დაიხსენ, მართლა თუ ღვთის ხარ! _

რაბი, რაბუნი, ვგრძნობ, რომ ვერ მოვალ, _
უკვე მეც ბრბო ვარ, უკვე მეც გდევნი.
ფარაა ირგვლივ თუ მგლების ხროვა...
მე მიგატოვე და დავიბენი;

მიმოვაბნიე სული, ვით ვერცხლი,
და შიშთვილ იბა მთვარემ ღამეში,
ხელისცეცებით დავეძებ ბნელში...
მე ვარ თუთმოსიც და გილგამეშიც! _

ჩუმად ვაგროვებ ხვალისთვის ხურდებს,
ალბათ ეშმასაც გადავცემ თავანს...
ჩემს სავსე ქისას თავი მოუკრეს
და ახლა სული მეც ქისით დამაქვს! _

ფარას თუ ხროვას, მოდის და მოაქვს...
გზადაგზა ყველას თელავს და ქოლავს _
მღვდელსა თუ რაბინს, ლამას თუ მოლას _
წმინდანს და ცოდვილს...
მოდის და მოდის...
მოდის და მოდის...
მოდის და მოდის...
ელი, ელი, ლამა საბაქთანი?! _
ვეღარ ვბრუნდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები