ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასკლიპიოდოტა
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2013


***

დაეხა სახეს ყველა ღიმილი,
სულს შემოაცვდა ცოდვებით ლანჩა
და რაც აქამდე გულს ახარებდა,
იმისგან მცირე კვალიც არ დარჩა.

ან ვისთვის ვწერო ეს სიმარტოვე,
ან ვის გავუყო დარდი და სევდა.
აქამდე რასაც ბედი მჩუქნიდა,
ყველაფერს უტყვი სისველე სდევდა.

უსუსური ვარ როგორც ფარვანა,
ან წვიმის წვეთი ფანჯრის მინაზე,
მაინც ვერ ჯდები, სულ უნდა იდგე,
სულ უნდა იდგე -  სხვების ჯინაზე...

და მე თუ ლექსი აღარ დავწერე,
ვინ თქვა, რომ ვინმეს გული დაწყდება?!
მაგრამ რა ვუყო, რომ ლაშქარივით,
ჩემს გარნიზონებს სიტყვა აწყდება.

მე ვხუჭავ თვალებს, მაქვს ილუზია,
მინდა სამყარო სხეულს გავხადო
და რისიც თვალებს დანახვა უჭირთ -
გონების თვალით, მაინც, დავხატო.

მე ვხუჭავ თვალებს და ჭუჭრუტანებს,
ყველა გისოსის, ვარგებ გასაღებს
და არ ვუტოვებ მე არცერთ მოკვდავს
ჩემი სულიდან რამეს წასაღებს.

მე ვხუჭავ თვალებს და ვცდილობ სული,
ამოვაყოლო პირიდან სუნთქვას,
რადგან ვერ ვამბობ ისეთს ვერაფერს,
იმას, რაც ჯერაც არავის უთქვამს.

რადგან არ მინდა, რომ ისევ ვნახო,
უკვე განცდილი და შემჩნეული,
რაც ამოკაწრა ცხოვრებამ თვალებს,
რასაც სხეულით ვარ შეჩვეული...

მე დავუმიზნე ფიქრები ნაპრალს
და წაწვეტებულს კანით ვაჭედებ,
იქნებ, როგორმე მიყუჩდეს ქარი,
იქნებ, როგორმე წვიმა გაჩერდეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები