დღევანდელ, 21-ე საუკუნის თითქოსდა პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებაში, იდეაც კი ამ უკანასკნელის სრულფასოვნებისა უტოპიაა. იმ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, რომ საზოგადოების ავკარგობა თითიოეული ინდივიდის ზნესრულობაზეა დამოკიდებული, მაშინ სწორედ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ამ სამყაროში ყველაზე არასრულყოფილი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი დაიღალა ამ უთავბოლო ერთფეროვნებით, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ყელში გვაქვს ამოსული ყოველდღიურობა. გავიფიქრებთ კიდეც-აი, ახლა ამოვაფრქვევ ყველაფერსო, მაგრამ რამდენიმე წამიც და ეს სურვილი უმალ ქრება. რატომ? უსაფუძვლო შიშის გამო! თითქოს რისი თქმის უნდა გვეშინოდეს მაგრამ ვაი, რომ ჩვენი სიტყვებისა და ქმედებების ნახევარიც ვერ ასახავს ჩვენს ნამდვილ გულის წადილს. აზრი რომ გამოვხატოთ გვეძრახისება. პირად კეთილდღეობაზე წინ, საზოგადოების დამოკიდებულებას ვაყენებთ! თითქოს არ არის ეს უშველებელი პრობლემა, მაგრამ არც საშველი ჩანს მაინც და მაინც. ძნელია ვიმსჯელოთ ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზებზე, რადგან ეს იმდენად ინერციით ხდება, რომ საერთოდ აღარ გვირტყამს გული მაშინ, როცა იმას კი არ ვაკეთებთ, რაც გვინდა, ვეპოტინებით იმას რაც სხვას მოეწონება. ერთი კარგი ფრაზა მახსენდება ფილმიდან ,,ქალის სურნელი’’, სადაც ალ პაჩინოს გმირი ამბობს: ,,ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ვიცოდი, რომელი იყო სწორი გზა, მაგრამ არასდროს გავყოლილვარ მას’’. ალბათ, დღეს სწორედ რომ ასეა. გონიერი ადამიანი ხვდება, რა არის კარგი, რა ცუდი და რა საჭირო, მაგრამ კიდევ უფრო გონიერი ამას მართლა აკეთებს. რატომ? იმიტომ, რომ არ სურს მისი ცხოვრება კაცობრიობის წიგნში კიდევ ერთ ნაცრისფერ ფურცლად ჩაეკეროს. გონიერების ხსენება თითქოს, იმედს მგვრის. დღევანდელ ახალგაზრდობაში ძალიან აქტუალური გახდა თვალშისაცემი ჩაცმულობა, ვარცხნილობა, აქსესუარები, საუბრის უცნაური მანერა და ა.შ. ცოტა სასაცილოდ მეჩვენება ამას თვითგამოხატვა და საზოგადოებისგან გამორჩეულობა ვუწოდოთ. ეს, ალბათ, იმის ნიშანია, ხშირ შემთხვევაში, რომ ვცდილობთ გარკვეულ წრეში თვითდამკვიდრებას და ამით სწორედ რომ პიროვნულ სისუსტეს ვუსვამთ ხაზს. არ შეგვიძლია, დავუპირისპირდეთ საზოგადოებას, როგორც მასას, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთ ხალხს გავიხსენებთ ლიტერატურის თუ ისტორიის გვერდებიდან, სილის გაწნა რომ მოგინდებათ ავტორისთვის. მერედა ჩვენ რა ამით?! კიდევ ერთხელ გადავიკითხავთ მათი სულის გაუტეხელობის ამბებს და აჰა, აშენდა ქვეყანა! ვხვდებით რომ ხალხი გვთელავს, მაგრამ ენა აღარ მოგვყვება ამის სათქმელად. თუ ენა მოვიბრუნეთ სხეული აღარ გვემორჩილება და ეგეც ჩვენი ,,მოძრაობა და მოძრაობა’’ ასე რომ სჭირდება ერის ხსნას. საკუთარი ცხვირის იქით რომ ვერაფერს ვხედავთ ეს არის ტრაგედია! ერთი ტკბილი სიტყვით ვკმაყოფილდებით, კიდევ ერთი საზოგადოების გაჩუმებული წევრი ვხდებით. ჩვენ გვეშინია სოციუმთან მკვეთრი დაპირისპირების. გვეშინია, ხვალ ან ზეგ მთელმა ქალაქმა ჩვენზე არ ილაპარაკოს; გვეშინია თითით საჩვენებლები არ გავხდეთ; გულს გვიხეთქს იმის გაფიქრებაც კი, რომ ხალხი აღგვიქვამს განსხვავებულად, მაგრამ ამავდროულად ყველას გვიყვარს ფერადი ცისარტყელა, მზის სხივებში რომ გამოიკვანძება წვიმის შემდეგ. ან არ გვინდა კიდევ ერთი აგური ვიყოთ ნაცრისფერ კედელში და შემდეგ მხოლოდ ,,60-იანების’’ როკში ჩავიკეტოთ.მაგრამ ზედმეტად გვაწვალებს ფიქრი-,,ღმერთო, ეს რა ვქენი, ხალხი რას იტყვის’’. გულის სიღრმეში მგონია, რომ ეს არც არავის ადარდებს, მხოლოდ იმიტომ შფოთდებიან ზედმეტი საყურის დანახვისას ადამიანის სხეულზე, რომ ერთმანეთს მომდევნო ერთი კვირა სიტყვა შეაწიონ. ცუდი ისაა, რომ გამბედაობა მაშინაც კი არ გვყოფნის, ვებრძოლოთ საზოგადოებას, როცა რეალურად ვხედავთ პრობლემას. ხალხი ბრბოა. მოქმედებს გაუაზრებლად. არ განიხილავს ქმედებებსა და შედეგს და ამდენად ბუნებრივიცაა, რომ არ ძალგვიძს თითოეული მათგანის განწყობას მოვერგოთ, მაგრამ ჭეშმარიტი ძალა ისაა, რომ იდეოლოგიური დაპირისპირებისას, ერთი შეხედვით უსუსურ ადამიანს, შუძლია დააჩოქოს საზოგადოება. ეს კი მარტივი სტრიქონებით, ნოტებით, ფუნჯის მონასმებითაც კი შესაძლებელია. შამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხს არ უყვარს მსგავსი გენიოსები, რადგან იციან რომ ბრძოლა ბუმბერაზებთან ნიშნავს დამარცხებას. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ რად გვინდოდა გრძნობის ორგანოები, თუკი ყველაფრის დაუნახავ-გაუგონრად, შეუგრძნობლად შეგვეძლებოდა, იმის მიღება, რაც წესით ყველას უნდა აკმაყოფილებდეს. განგებამ დაანათლა თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული ნიჭი და ჩვენ ვინ ვართ, რომ მისი ნება უარვყოთ და ერთმანეთს ვემსგავსოთ, როცა შეგვიძლია, საკუთარი თვითმყოფადობის მკაფიო გამოხატვით შევქმნათ ფასეულობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|