ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟაკი
ჟანრი: პროზა
17 ივნისი, 2013


პანაცეა - სიკვდილია?!

  პანაცეა მჭირდება... პანაცეა. თორემ სხვაგვარად ამ ავადმყოფობას რას დავაკლებ. ვიწვი და ასე მგონია ეს ცეცხლი სირცხვილმა გააჩაღა ჩემს ირგვლივ. რამდენი წელი მქონდა რომ გამოვჯანმრთელებულიყავი, მაგრამ სარეცელზე რას ვიპოვნიდი ასე სანუკვარ პანაცეას.
  მასზე ფიქრში მითენდებოდა, მიღამდებოდა... კვლავ მითენდებოდა და კვლავ მიღამდებოდა. მაგრამ ფიქრი რას დააკლებდაა ჩემს ავბედით ყოფას! ვნატრობდი მხსნელს და ვერც ერთხელ ვერ მივაკვლიე მას სარკის ნამსხვრევებში.უმოქმედობაა ჩემი მკვლელი! ნუ ეძებთ მას ცოცხლებში! ნურც - მკვდრებში! ადამიანს სად შეუძლია ამდენი.
  არავინ შემიწუხებია და არც მე მაწუხებდა ვინმე. ვიწექი და დაუსრულებლად ვითვლიდი  ერთიდან ასამდე და შემდეგ - უკუღმა.
  უთავჟამო იყო ჩემი გაჩენა...
  დედაჩემიც მიხვდა ამას და წავიდა. ვინ იცის სად?! ათასი გორი და ტყე გადაიარა. რაც შეეძლო შორს მიდიოდა და როგორც იზრდებოდა ჩვენს შორის მანძილი, ისე ეფინებოდა მის სახეს ავადმყოფური ღიმილი. უკან არ მოუხედავს, მაგრამ რას დავეძებ... განა ვინმემ მის განმსჯელად დამნიშნა? - არა. მე უფრო სასჯელი ვიყავი, ტვირთი და არ მაშფოთებს ამის თქმა. ყოველთვის მზად ვიყავი მისთვის მიმეხალა ეს სიტყვები, მაგრამ სასაცილო გავხდი, როცა გავაცნობიერე, რომ ამაოდ ვფიქრობდი მის დაბრუნებაზე.
  ...შემდეგ შიში დამჩემდა. უცნობების მოახლოებას გავურბოდი. ოფლად ვიღვრებოდი საუბრისას როდესაც ჩემს აზრს მთხოვდნენ და ვხვდებოდი თუ რამდენად მჭლე იყო ის.
  შემდეგ საუბარიც მივატოვე და უცნობებთან შეხვედრაც. რა საჭირო იყო მათი შეწუხება... ექიმმა მითხრა სოციოფობი ხარო. თავი დავუქნიე და გავეცალე. შემდეგ მითხრა, რომ იპოქონდრიკი ვხდებოდი - ამჯერად ფსიქოლოგმა და მასაც ასევე გავეცალე.
  მას შემდეგ კი მე, მარტო ვებრძვი ავადმყოფობას. მას ჩემთვის არც სახელი სჭირდება და არც წოდება. ვერაფერი დავაკელი, თუმცა ბევრი კი ვეცადე და საბოლოოდ სხვა თუ არაფერი იმას მაინც მივხვდი, რომ ჩემი თავის ისეთივე ღირსი ვიყავი, როგორიც თქვენ - ადამიანებო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები