ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
19 ივნისი, 2013


შანსი- ერთი პროცენტი

შანსი- ერთი პროცენტი


აღარ შემიძლია. ეს უკვე მესამედ შემოდის ეკას ზარი ამ კვირაში. ოთარი გკითხულობსო. როდემდე შეიძლება, არ ვუპასუხო, ნამდვილი იდიოტი ვარ! ხომ ვიცი, მაინც უნდა მივიდე ოპერაციამდე, რომელზეც მთელი მისი მომავალი ჰკიდია, როგორც მორყეულ ლურსმანზე ფაქიზი ტვირთი. რა უსუსურია ჩვენი წარმოსახვები- ვინმეს რომ ეთქვა გაჭირვებაში ჩავარდნილ ბავშვობის ძმაკაცის ნახვას თავს აარიდებო, დავიჯერებდი? არადა ნამდვილად ასეა... არ ვიცი, რატომ მაშინებს მისი გაქვავებული სახის ხილვა და რაღაცნაირად დაძაბული, მოყურადე სიმშვიდე. თითქოს ნაკვთებიც გაყინვიაო. სადღაა მისი ეშმაკურად მოჭუტული თვალები. რა ძნელია შეეგუო მოცემულობის რკინის გარდუვალობას. რა უნდა ვუთხრა, რითი ვანუგეშო. არადა ამდენი ფეხისათრევაც შეუძლებელია. მორჩა. დროის გაწელვა მხოლოდ ბრიყვებისთვის არის სასურველი ილუზია.
  ზარს ვრეკავ. ეკა მიღებს.
  -ო, როგორც იქნა,მადლობა ღმერთს! სადა ხარ, ოთარი სულ გკითხულობს?-დაღლილი, შეთქმულივით დაძაბული ტონი აქვს.
  -აქ არ ვიყავი, გეფიცები, თორემ არ იცი...
  მისაღებში შევდივართ.
  -სად არის, ხომ არ წევს?- ჩემდაუნებურად ჩურჩულზე გადავდივარ.
  -არა, ეხლავე გამოვიყვან. ოთარ! ნახე ვინ მოვიდა. დაკარგული კაცი!- ხმამაღლა, მხნედ აგრძელებს.  საწოლში შედის. იქიდან რაღაც ჩოჩქოლი ისმის. მეჩვენება, რომ მთელი საათი გავიდა.
  კარებში ოთარი გამოჩნდა. ისევ ისეთი ათლეტური, ოღონდ უფრო მოშვებული, ზანტი. თვალები ღია აქვს, ჩამქრალი, დაბურული და ერთი მიმართულებით მომზირალი.
  -სადა ხარ , ბრატ, ეგრე უნდა?- ხელს გაურკვეველი მიმართულებით იწვდის. უცბად ვართმევ.განზე ვდგები.
  -მივლინებაში გამაგზავნეს,აქ არ ვიყავი.თორემ რაზეა ლაპარაკი.- უნდილად ვცრუობ. არ ვიცი, ახლა რა ვქნა. ეკა სკამს უდგამს. ისიც რაღაცნაირად შეცვლილი მეჩვენება- ხაზგასმულად მორჩილი, უხმაურო. ჩემი მეგობარი ჯერ სკამის ზურგს კიდებს ხელს , ამოწმებს და ჯდება. მეც მის წინ ვეწყობი, სადაც ეკა ჩუმად მითითებს. ოთარი სადღაც შორს , ჩემი თავის ზემოდ იმზირება თვალდაუხამხამებლად. თავს საერთოდ არ აბრუნებს.
  -აბა, როგორ არის საქმე?- ვცდილობ ხალისიანად გამომივიდეს. -ვემზადებით?
  -მე კი ვემზადები, მარა იმათი რა მოგახსენო.
  -ვინ იმათი?
  -ექიმების.
  -კაი, რა, მე თვითონ არ ველაპარაკე ომიაძეს, სანერვიულო არაფერიაო.
  -აბა ეგენი სხვას რას იტყვიან.- ხმაც რაღაცნაირი, მონოტონური გახდია.
  -ეხლა შენ ნუ ახურებ!
-დეიდა ანეტა რას შვრება, ისევ აწუხებს მარილები?- მეხმარება ეკა.
  -აბა რა იქნება, მაინც არ იშლის თავისას, ხომ იცნობ.
  -ეგენი სხვა თაობაა, სხვა.ისე, შენ მშვენივრად გამოიყურები, მოგხდომია ანტალია.
  -კაი, რა, მაშაყირებ? დოღის ცხენივით გადარბენაზე ვარ მთელი დღე. ღამე უკვე მოლანდებები მაწუხებს. ნევრასტენია ავიკიდე, მგონი.- ვწუწუნებ. მესირცხვილება ლაღად და ბედნიერად გამოვიყურებოდე.
  - -სიგარეტი არა გაქვს?- მეკითხება ოთარი.
  -როგორ არა.- სიგარეტს ვუდებ ჩემსკენ უხერხულად გამოწვდილ ხელში. ტუჩებთან ნელა მიაქვს და მელოდება. სანთებელას განზრახ ხმამაღლა ვაჩხაკუნებ. ოდნავ იწევა ჩემსკენ. ვუკიდებ. რაღაც უგერგილოდ აბოლებს. მერე ორივე ხელს აფათურებს მაგიდაზე. ვერ ვხვდები, რა უნდა. ეკა დგება. საფერფლეს უჩოჩებს პირდაპირ ხელებში.
  არ ვიცი, რაზე ვილაპარაკო. მიჭირს საუბარი, როცა მოსაუბრე თვალებში არ მიყურებს. არ მჯერა, რომ ეს ოთარია. რამდენ რამეს ცვლის თურმე ადამიანის სახეზე თვალები. თითქოს შენი ნაცნობი სახლის ფანჯრებზე სქელი ფარდები ჩამოუფარებიათო. ეკას შევყურებ.მის მიმიკებს მივჩერებივარ და ვცდილობ ამოვიცნო, როგორ მოვიქცე.
  -ბიჭები დადიან?
როგორ არა.- ასწრებს ეკა.
  -დამიჯდებიან ტო, თითქოს პანაშვიდზე არიანო.
  -საპანაშვიდე რა გჭირს, რას ახურებ!
  -მეც მაგას არ ვამბობ?
  -თვალის ოპერაცია ვის უკვირს დღეს.
-ჩემი ამბავი სხვაა, ბადურის ამბავი პრაწივნი რამეა.
-შენ რა, ჩამოშლილი ხო არა გაქვს, რა პრობლემაა?
  ეკა რაღაცას მანიშნებს, ეტყობა,ეს არ უნდა მეთქვა. რა ოხრობამ წამომაცდინა, მოვინდომე ჩემი ცოდნის გამომჟღავნება ოფთალმოლოგიაში. ნეტა ვინმე მაინც დამირეკავდეს, წასასვლელი მიზეზი რომ ვიპოვო.ოთარს ცალი ხელი საფერფლეზე უკიდია,, მეორეთი აფერფლავს. ხელები თითქოს უფრო მეტყველი გახდომია.იქნებ სიბრმავე იწვევს, როგორც ამბობენ. თვალს ვხუჭავ, ოთარს ჯოხით ხელში წარმოვიდგენ, ან გამცილებელი ძაღლის ქამარს ხელჩაჭიდებულს. სასწრაფოდ ვახელ.როგორ მიჭირს გაძლება ხოლმე აბაზანაში საპნით რომ ვიფარავ თვალებს. სულ ორი წუთითაც კი. და წარმოიდგინე მთელი ცხოვრება.
  ნეტავ , რატომ არ მირეკავს ვინმე!
რატომ გვიჭირს ურთიერთობა ამ ადამიანებთან? იმიტომ, ხომ არა, რომ ჩვენგან განსხვავდებიან (ადამის მოდგმას უჭირს განსხვავებულთან შეგუება), თუ იმიტომ, რომ ჩვენი შესაძლო მომავალი გვაშინებს.რატომ ბადებს თანაგრძნობის გაცემა ეგოისტურ სიამეს და ჩვენი სიჯანსაღე- დანაშაულის განცდას?
  რა სისულელეებს ვბოდავ. მაგარი დავირეხვე , რა!
  -ოპერაციაზე ხომ მოხვალ?
  -მა რას ვიზამ. მანქანით მოგაკითხავ.
  -არა , მანქანით გია გამომივლის.
  -ვა, მერსედესი რომ არა მყავს, იმიტომ.- ეს ხუმრობაც როგორ არ გამომდის.
  -შენი ფოტო გამოფენის საქმე როგორ არის.
  -გადასარჩევი მაქვს კიდე. ოპერაციის შემდეგ მივხედავრა.
  ეკას თვალები უცრემლდება.ამაზე უადგილო კითხვას თუ მოიფიქრებდა ვინმე. ნამდვილი იდიოტი ვარ.
  -ხო, აბა რა.- ვატყობ, ყალბად გამომდის.
როცა გინდა, მაინცდამაინც მაშინ არავინ დაგირეკავს.
  -მოიცა, რატომ ყვირიხარ? ყურს კი არ მაკლია. (იცინის). მეც ვცდილობ გავიცინო.
  -ეკა, ძვირფასო, მოგვიტანდე, შეგვასმევდე, ეგებ ცოტა მოვჯობინდეთ!
-ეხლავე.- ეკა გადის.
  -მერე შენთვის შეიძლება?
  -რა მნიშვნელობა აქვს, - მერე ხმას უწევს, -მაგის გამო დავთანხმდი ოპერაციაზე,- თავს სამზარეულოს კარისკენ აბრუნებს, -თორემ... შანსი თითქმის ნულია.
  გავშრი. კიდევ კარგი ეკა შემოდის. შეთქმულებივით ვდუმდებით. მაგიდაზე პატარა ჭიქებს აწყობს. ნამცხვარს ჭრის.
  -ო, რამდენი ხანია შენი გამომცხვარი ნამცხვარი არ მიგემია!
  -სულ ტყუილად გიხარია,, ნაყიდია, სად მცალია გამოსაცხობად.- ამბობს ეკა.
  მესიჯია. მეშველა.მობილურს დავხედე, გიაა. "ბიჩო, სადა ხარ? ოტარტან ხომ არ გაგვევლო!"
  -სახლიდან მწერენ, თამრიკოა, ბავშვს სიცხე ჰქონდა.- ვცრუობ უნამუსოდ.
  -რატო?-წუხდება ეკა.
  -რა ვიცი, ჭირიანია ეგ მაიმუნი.
  -დაერეკა მერე, ამიკოს ვაჩვენებდი.
  -რა ვიცი, ვიცი? უნდა გავიქცე. აბა, დაგლოცავთ!კარგად იყავით, დანარჩენი მერე იყოს.- ვდგები.
  -ეხ, ესეიგი, სუფრაზე  წიხლი გვიკარი.- ისიც დგება ჭიქას იმ მიმართულებით იწვდის, სადაც ვეგულები. მაშინვე ვბრუნდები , ჭიქას მაგიდიდან ვიღებ და ვუჭახუნებ..
  -კაი, რა, ხომ იცი მანქანითა ვარ. ვეხვევი, ძლიერად, კაცურად. კიდევ კარგი, ვერ ხედავს ჩემს აწყლიანებულ თვალებს. გავდივარ. ის დგას სკამთან ფეხებდაბორკილივით, ნაბიჯის გადადგმის ეშინია. ეკა მაცილებს.კარს მიღებს.
-თამრიკო მომიკითხე.
  -ისა, რამე ხომ არ არის საჭირო?
  -არა, რა უნდა იყოს, ჩემმა ამიკომ დარეკა, ქვეყანას იცნობს,, ხომ იცი.
  -მერე რაო?
  -არაფერი, შანსი ერთი პროცენტია, მაგას ხომ არ ვეტყვით, მაინც უნდა გაიკეთოს.
  -ყველაფერი კარგად იქნება!...- მექანიკურად ვამბობ და მხოლოდ მერე ვფიქრდები ამ ცარიელი სიტყვების უაზრობაზე. ეკას გამოწვდილ ხელს ორივე ხელში ვიქცევ და მსუბუქად ვუჭერ. მეჩვენება, რომ იმ ერთი პროცენტის  მორყეულ სოლზე ჰკიდია იმედი ალპინისტების თოკივით.

    2012     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები