ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წყალწაღებული
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2013


5:48

ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, რას ნიშნავს იყო თავისუფალი.
ჩვენ არ ვართ შავკანიანები, მაგრამ ვიყავით მონები.
ვართ მონები.. ალბათ ვიქნებით კიდეც.
''შიში შეიქმს სიყვარულს''-ო
-ორატორულად მიმეორებს პაპაჩემი. მე მას არ ვეთანხმები
და ის ''უწიგნურს'' მეძახის.
მე ''უწიგნური'' ვარ ვიმეორებ და ერთ მწკრივად ვაწყობ ასანთის ღერებს და საათს ვუყურებ.
5.48 წუთზე აინთება ლამპიონი.
მგონი აუტიზმით ვარ დაავადებული, მაგრამ ''მამშვიდებს'' ის ფაქტი, რომ არავითარი განსაკუთრებული ნიჭი არ მაქვს.
და მაინც, მეასედ მინდება ვუყურო ''წვიმის კაცს''.
მანამ, სანამ ლამპიონი აინთება, მე მოგიყვებით სხვადასხვა ადამიანების შესახებ.
ჩემი მეზობელი ნიკა- რომელიც ბებიაჩემისთვის ფანტომია, ჩემთვის კი ჩვეულებრივი ჰომოსაპიენსი. სხვები კი თვლიან, რომ ის ეპატაჟურია, რადგან ხმამაღლა საუბრობს თავის სექსუალურ ცხოვრებაზე.
მე არ მომწონს მისი ნახევრადგადაპარსული თმა, ის კი მეუბნება, რომ მე ''გოიმი'' ვარ.
მას არ ესმის ჩემი, რადგან მე არ მესმის მისი მეგობრების, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, რა ჩაიცვან ხვალ.
მე მაღიზიანებს მათი ფამილარობა და სიცილს მგვრის მათი რეაქცია, როდესაც ისინი ქუჩაში ხედავენ ძაღლს.
მათ ეშინიათ.
''შიში შეიქმს სიყვარულს''ო - ისევ პაპაჩემი.
და მანამ, სანამ აინთებოდა ლამპიონი, გამოჩნდა ბავშვი.
ის სადღაც მიდის. იღლიაში პურამოჩრილი, ლანჩგამძვრალი ფეხსაცმლით.
კმაყოფილი.
        ალბათ შია, რადგან სწრაფად მიდის და რცხვენია. მას შუშის თვალები აქვს.
შუშის თვალები, რომლებშიც ჩანს შიმშილი, ზიზღი და შიში.
მის თვალებში ჩანს იმ ათასობით ბავშვის თვალები, რომლებიც კვდებიან იმხელები, რამხელებიც იბადებიან .
          ქუჩაში მშვიდად მიჰქრიან ჯიპებში მსხდომი ბიძიები.
მათ თავი მიაჩნიათ ''ელიტად'' და უსმენენ ყველაფერს, მუსიკის გარდა.
        ერთ-ერთის ცოლი კი სადღაც, ფეშენებელურ კურორტზე შეზლონგზე გართხმულა და იღებს მზის აბაზანებს. მისი წონა არაპროპორციულია აღნიშნული შეზლონგისა,და შეგრძნება გეუფლება, საცაა ჩატყდება, მიწა გაიპობა და ქვესკნელში ჩავა ჰადესთან.
ის კი გემრიელად მიირთმევს ანანასის წვენს, სადღაც ვიღაცამ რო შთააგონა კალორიებს წვავსო და ისიც ამ ილუზიით შეპყრობილი
უკვე მესამე ლიტრს ცლის.
და ალბათ აზრდაც კი არ მოუვა, და ვერც იფიქრებს იმაზე, რომ იქვე, ღარიბთა კვარტალში 5 ბავშვი შემომსხდარა ერთ ჯამთან და თავიანთი პატარა, ჭუწყიანი ხელებით ჭამენ რაღაცას, რაც ოდნავ გავს საჭმელს. სუნთქავენ იმას, რითიც ჩვენ ფეხსაცმელს ვაწებებთ და ''კაიფობენ'' გარშემორტყმული ილუზიების ლაბირინთებში.
მათ არ იციან, როგორ დაიცვან თავი, ამიტომაც მრავლდებიან.
კვდებიან და მრავლდებიან..
ანდა პირიქით.
        საღამოს, მეგობრებთან ერთად ჩვენ ვსხდებით ტელევიზორის ცისფერ ეკრანთან, ვრთავთ საინფორმაციოს სადაც გამუდმებით საუბრობენ შიმშილზე, ძალადობაზე, ომზე..
ეს ყველაფერი ჰგავს ბატალურ ჟანრს.
სიგარეტით და ყავით ხელში ვბჭობთ,
ვლაყბობთ და ერთმანეთს თავს ვაჩვენებთ, რომ გვტკივა.
მოგვიანებით მივდივართ ბარში, ვსვამთ ვისკის და თვითკმაყოფილების ზენიტში მყოფთ გვავიწყდება ყველაფერი..
        ბავშვებს კი ღარიბთა კვარტლიდან დამტვრეულ მაჯებიდან ძლივსღა უცემთ პულსი და ითვლიან დღეებს დაბადებიდან გარდაცვალებამდე..
5:48

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები