ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
3 ივლისი, 2013


გიდელქუდა

გიდელქუდა
გეგეს ნამდვილი სახელი მარტო დედამის და მასწავლებლებს თუ ახსოვდათ. უბანში ბიჭები გიდელას ეძახდნენ. ეს მეტსახელი, რახიტის ნაწყალობევი გიდელივით მოგრძო თავის, გამობერილი მუცლისა და მოკლე, დაგრეხილი ფეხების (ალბათ ხვდებით. უფრო პირველის) გამო შეერქვათ. ამ უსიამო თიკუნს” დიდიხანია უდრტვინველად იტანდა. ამის გამო, მასაც იოლად იტანდნენ, რადგან საზოგადოებას შეგუებული ადამიანები არ აღიზიანებს.  ბრიყვულად კეთილ სახეზე მუდამ მიმნდობი ღიმილი ეკერა. თაფლისფერი, წყლიანი თვალები მარადი დამნაშავის უპირობო მორჩილებას გამოხატავდნენ. უწყინარი იყო და მტერიც არავინ ჰყავდა. სკოლაში მუდამ ჩუმ და წესიერ მოსწავლედ ითვლებოდა, ამიტომაც სწყალობდნენ მასწავლებლები (მორჩილება ხომ ზოგჯერ ნიჭიერებაზე მეტად ფასობს), თუმცა მისი შესაძლებლობების პატრონისათვის სკოლა ზედმეტი ფუფუნება იყო. სადილობისას, როცა დედა მაგიდაზე ძველი, დაწნული საპურით დაჭრილ პურს შემოდგამდა, ის ყოველთვის სხვის მონატეხ ან უშნო ნაჭერს ირჩევდა. სცხვენოდა , კარგის დაუფლების სურვილის გამხელისა. „წესიერი ნაჭერი აიღე, შენ მოგიკვდეს, დედა ”- ტუჩებს იკვნეტდა დედამისი. „როგორ უნდა იცხოვროს ამისთანა თავისუბედურმა!”- სქელ წარბებს შეჰყრიდა მამა. პურის რიგშიც მუდამ ერიდებოდა იმათი, მის უკან რომ აღმოჩნდებოდნენ, თითქოს მისი ბრალი იყო, მათზე ადრე რომ მოუხდა მოსვლა. თამაშებშიც თითქმის არასოდეს ერეოდა, იმიტომ  კი არა, რომ წაგებას გაურბოდა, პირიქით- ეშინოდა, ვინმესთვის შემთხვევით  არ მოეგო და უპირატესობის პრეტენზია არ დაეწამებინათ. ნიკაპის მიდამოებში ოდნავშესამჩნევი ღინღლი რომ მოედო და სახეზეც მუწუკებმა დააყარა, სიზმრებიც რაღაც უცნაური დასჩემდა. ვითომ სადღაც, უკაცრიელ პლიაჟზე ლამაზ გოგონასთან ერთად იწვა ქვიშაზე. მთლად შიშველ, სილაში ამოგვანგლულ გოგოს მუცელზე გეგეს თითით გამოჰყავდა რაღაც ნიშნები. გოგო მის ხელს იღებდა და მკვრივ მკერდზე იხუტებდა. გეგეს პირი უშრებოდა, ხანდახან ის გოგო ფრთხილად ადებდა ხელს ამობერილ საცურაო ტრუსზე. ბიჭი უცებ თავისუფლდებოდა დაჭიმულობისგან და მოთენთილობის განცდაში იძირებოდა. გამოღვიძებული იმ ადგილას ბლანტ, წებოვან სისველეს გრძნობდა. ამ სიზმრებს, რა თქმა უნდა, არავის უყვებოდა.

      * * *
  გეგეს სახლის წინ, ვიწრო ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მასზე ორი წლით უფროსი კესო ცხოვრობდა. კესოს უკიდურესად მოდური, გამომწვევი ჩაცმულობა და თავისუფალი საქციელი მას თითოეული უბნის ბიჭისათვის სანუკვარ  გოგოდ ხდიდა, მის ამგვარ იმიჯს ის უფრო ამძაფრებდა, რომ უბნის მარაქაში არ ერეოდა. სახლში თითქმის ყოველთვის გვიან საღამოთი ბრუნდებოდა, მუდამ მანქანით აცილებდნენ, საიდანაც რატომღაც მოშორებით ჩიხში ჩამოსვამდნენ ხოლმე. გეგეს ესმოდა, როგორ თათხავდა დედამისი და როგორ აყრიდა ქოქოლას.მამამისი ერთი წყნარი, უთქმელი კაცი იყო (ყოფილი რკინიგზელი), როგორც თავად ამბობდა: ქალების საქმეში არ ერეოდა. გეგე გაურბოდა კესოს, ჯერ ერთი მასზე უფროსი იყო და მეორეც- მეტისმეტად ლამაზი იყო საიმისოდ, გეგეს ნდობა რომ დაემსახურებინა. ასე გრძელდებოდა იმ დღემდე.
  იმ დღეს კესო ძველი მურაბის ქვაბის სათხოვნელად გამოგზავნა დედამისმა. გეგეს დედამ შვილს სთხოვა სარდაფში ჩაყოლოდა. ბიჭს ეს დავალება მაინცდამაინც დიდ ხალისს არ ჰგვრიდა. ხმაურით გააღო მძიმე ბოქლომი, ხელისფათურით მოძებნა კედელზე ჩამრთველი, შუქი აანთო და გოგოს მკრთალად განათებულ, მტვრიან სარდაფის სიღრმეში შეუძღვა. სარდაფში ნესტის სუნი იდგა. ბიჭი იმ თაროსთან მივიდა, სადაც ქვაბი ეგულებოდა და დაიხარა, იმდენ ხარახურაში რომ გამოერჩია. მის ზურგსუკან მდგომი კესოც დაიხარა და მისი სავსე, მარჯვენა ძუძუ გეგეს მარცხენა მხარს  შეეხო. ბიჭი გაქვავდა, ზუსტად ისე იყო, როგორც იმ სიზმრებში.გოგო უფროდაუფრო ეკვროდა მის ზურგს და მკვრივ ძუძუს ზედ ასრესდა. გეგეს ყურთან ელამუნებოდა კესოს თბილი სუნთქვა. ვერ ინძრეოდა.
  -რა მოგივიდა გიდელ?- შეთქმულივით გამომცდელი, შემპარავი ხმით იკითხა კესომ. გეგემ რაღაც წაილუღლუღა. მოეჩვენა, რომ გოგოც თრთოდა, დაახლოებით ისე, შეკავებულმა სიცილმა რომ იცის.
  -კაი, ნუღარ წვალობ, სხვადროს იყოს.- თქვა და გასწორდა. გეგეს ძალიან გაუჭირდა გასწორება. ეს „სხვადროს” რაღაცნაირი იდუმალი მინიშნებით იყო ნათქვამი, როგორც გეგეს მოეჩვენა. გარეთ რომ გავიდნენ, გეგე მიხვდა, როგორ დასცხომოდა. გოგომ  ოდნავ შესამჩნევად მოუჭირა მკლავზე ცხელი ხელი, მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა და გაქრა.

          * * *
  იმ დღიდან ქვიშაში ამოგვანგლულ გოგონას გეგეს (სამეფო გზაზე) საიდუმლო სიზმრებში კესო ჩაენაცვლა. მასზე ფიქრისას ცხვირში გამაღიზიანებლად უღიტინებდა მტვრიანი სარდაფის სუნი და პირი უშრებოდა. ქუჩაში შეხვედრისას კესო ხელს აუწევდა და შეთქმულივით ჩაუკრავდა თვალს.მათ უკვე  საიდუმლო აკავშირებდა, რომელიც მთელ ქვეყანაზე  სხვამ არავინ უწყოდა. გეგემ სხვენზე, სამერცხლეში, რომელიც კესოს სახლს გადაჰყურებდა, საიდუმლო სამზერი მოაწყო. ეს სათვალთვალო საგულვებელია,თვალYთვალის ობიექტისთვისაც იყო ცნობილი. სხვანაირად გაუგებარი იყო,რატომ უნდა გაეწია წინასწარ ფანჯრის ფარდა სარკისწინ კეკლუცობის დროს. სამერცხლეში მოკალათებული  გეგე დაძაბული უჭვრეტდა, როგორ იცვლიდა და იზომავდა ბიკინებისა და აზღუდის ამარა გოგო სხვადასხვა კაბას. ერთხელ, როცა ქუჩაში გამვლელი არ ჩანდა, მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოყუდებულმა კესომ ჩუმად დაუქნია ხელი და მერე ორი თითი ტუჩებზე მიიდო. გეგემ უცბად გაშიფრა სიტუაცია- ეს ნიშანი ერთდროულად სიჩუმესაც ნიშნავდა და სიგარეტსაც. „მარტო მე მენდობა”-გაუელვა თავში. ეზოში ჩაირბინა, ჯერ აქეთ-იქით მიმოიხედა და კესოს ფანჯარას მიუახლოვდა. გოგომ ფული ჩამოუგდო და თვალების იდუმალი მინაბვით დააჯილდოვა. ბიჭი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ახლომდებარე ჯიხურისკენ, სიგარეტი იყიდა და საგულდაგულოდ დამალა უბეში. მერე კესოს ფანჯრიდან  შეუგდო. ეს საქმე მალე ყოველდღიურ მოვალეობად გადაექცა. მაისურში ჩადებული სიგარეტის კოლოფი კანზე შეხებისას რაღაცნაირ ჟრჟოლას გვრიდა. გეგე თავისთვის ოცნებობდა იმ დღეზე, როცა ერთ მთვარიან ღამეს კესო ფულის ნაცვლად თოკს გადმოუგდებდა და ის ქალის ოთახში აღმოჩნდებოდა. ამის იქით მისი წარმოსახვა აღარ მიდიოდა. 
ბიჭი მოუთმენლად ელოდა, როდის მოაკითხავდა მეზობელი ისევ მურაბის ქვაბისთვის.სარდაფის სცენას ცოცხლად წარმოიდგენდა, ოღონდ ახალი კორექტივებით: ახლა აღარ იბნეოდა და ქალს საალერსო სიტყვებს ეჩურჩულებოდა.
  ერთხელ თავისი სათვალთვალო კოშკიდან შეამჩნია, როგორ გაჩერდა შავი ჯიპი კესოს ფანჯრის წინ. მოკლე სიგნალზე კესოს ფანჯარაც გაიღო. იქიდან კესოს ხელები გამოჩნდა,რაღაც ანიშნა მძღოლს და ფანჯარაც მიიხურა. სათვალთვალოდან არ ჩანდა, რა უპასუხეს მანქანიდან. ეს კი იყო, ავტომობილი შებრუნდა და უკან გაემართა. „ძველ შეყვარებულს თავიდან იშორებს, მერე რატომ? ჩემი გულისთვის”- დაასკვნა გეგემ.
  ამ აღმოჩენამ უბიძგა, თავის გარეგნობის ცვლილებაზეც ეზრუნა. ძველ გარდირობში მიგდებული ძველი კეპი გაახსენდა, რომელიც მისი თავის ოვალს რამდენადმე სიმრგვალისკენ ექაჩებოდა. იმ დღიდან ეს კეპი მისი იმიჯის განუყრელი ატრიბუტი გახდა.ეს ამბავი არც უბანში გამოჰპარვიათ. შესაბამისად, მისმა მეტსახელმაც ცვლილება განიცადა და „გიდელქუდა” გახდა.ეს თიკუნიც ისეთივე განუყოფელ ნაწილად იქცა, როგორც მისი მაპროვოცირებელი კეპი.  მალე აღმოაჩინა, რომ უბნის ბიჭებიც რაღაც უცნაურად უყურებდნენ, მის დანახვაზე აღარ იღიმებოდნენ და როგორც მიხვდა, შურით სკდებოდნენ.
  გეგე უცნაურ დამცავ გარსში მოექცა აბრეშუმის ჭიის მსგავსად, რომელიც თავის გარშემო თავისივე ნერწყვით ნელნელა განცხრომის სავანეს იქსოვს, რათა კომფორტულად იგრძნოს თავი.

          * * *
  -რა მოგივიდა, რას იპრანჭები, შეჩემა, ფინთი გოიმივით. მაკოცე-მეთქი!
  -კაი, რა, ხო გაკოცე!
  -ეგრე არა, მაგრად!
  -შენ კიდე, რა გამიხურე, ხომ იცი, არ მევასება ამდენ ხალხში.
  -დავიჯერო, არ მოგენატრე?
  -მაგრა-თქო რომ გითხრა, დაიჯერებ?
  -შენი ამბავი რო ვიცი, ისე არ მოცდებოდი ამდენ ხანს.
  -რა დეგენერატი ხარ, ეჭვიანი ხომ არ გაგხადეს იმ ზონაში?
  -ზონაში კაცები არ იჭრებიან, დაიხსომე!
  -მეცოდინება.
  -ჰა ეხლა, გამოტყდი, ვისთან გულაობდი.
  -ძალიან გაინტერესებს? გიდელასთან, დაწყნარდი ეხლა?
  -აუ, ჩემი...შენი მეზობელი როა- თავგასიებული?
  -დიიახ! მართლა, იცი როგორ ვევასები, გიჟდება ჩემზე.
  -ცვეტში, რა იცი?
  -ვიცი, რომ ვამბობ.
  -შეეშვი რა, თავისი გაჭირვება ეყოფა, მაგას კიდე გაგიჟება უნდა!  წყვილი ნელა როკავდა ბოლით გაჟღენთილ კაფეში. მუსიკის მკვეთრი რიტმი უფრო ამძაფრებდა თრობას. ხმაჩახლეჩილი დიჯეის ენერგიული რეპი დინამიკებში ძლივს ფარავდა დინამიკებსგარეთა ხმაურს.


          2013 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს