ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: დრამატურგია
13 ივლისი, 2013


თავისივე ცოლის საყვარელი

თავისივე ცოლის საყვარელი

პიესა ერთ მოქმედებად და ოთხ სურათად

  მოქმედი პირები:
  ბაია- ახალგაზრდა დიასახლისი
  აჩი- მისი ქმარი
  ნარგიზა- მათი მეზობელი
  ალეკო კამკამიძე- ინკასატორი


        სურათი I

  ტიპიური ოროთახიანი ბინა. სცენაზე  მოჩანს პატარა მაგიდა. პირდაპირ დივანი, იქვე ტელევიზორი. მარცხნივ გასასვლელი კარი.ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი ყავას მიირთმევენ. მამაკაცი თან გაზეთს კითხულობს.
  აჩი: ორი ხომ არ ჩაგიყრია?
  ბაია: არა რატო მეკითხები?
  აჩი: რაღაც ზედმეტად დაშაქრული მომეჩვენა.
  ბაია: არა, ჩემო კარგო, შენი ნორმა დიდიხანია ვიცი. ისე, “ყავა რძით” გამიგია, მაგრამ “ყავა გაზეთით”-არასოდეს.
  აჩი: რატომაც არა, ყავა გაზეთზე (თუ ახალია), ძალიან კარგად მიდის. (ყავას ხრუპავს).
  ბაია: ახალი ყავა თუ გაზეთი, რაღაც ვერ გავიგე?
  აჩი: ორივე.
  ბაია: (ირონიულად) მართლა?
  აჩი: აბა შენ რა გეგონა, კაი ყავა ინფორმაციას სიმძაფრეს მატებს. აი, ნახე, რა წერია!
  ბაია: რა წერია ასეთი?
  აჩი: რა და, მე-19-ე საუკუნეში, საქართველოში ერთი მდიდარი გვამი- პრინცი  ოლდენბერგი მოღვაწეობდა თურმე.ფოთიდან თბილისში რკინიგზა გაჰყავდა. ქუთაისის პროვინციულ ბომონდში დიდი გამავლობა ჰქონია, ჭკუას ჰკარგავდნენ  თურმე ქუთათური ლამაზმანები. Hჰო და  ამ პრინცს  პეტრე დადიანის მეუღლე კეკლუცი აგრაფინა შეჰყვარებია.                                   
ბაია: ნამეტნავად?
  აჩი: ვაი, რომ ნამეტნავად. იმდენად რომ დადიანისათვის დიდი ფული შეუთავაზებია და იმასაც დაუთმია.
  ბაია: ვინ, ცოლი?
  აჩი: ცოლი, შენ წარმოიდგინე. ამაზე მოქილიკეებს შეუთხზავთ ლექსი:                            ,,აგრაფინა კისკისაო                                                                დადიანმა პრინცს მისცაო.”
  ბაია: საინტერესოა აგრაფინას არჩევანი რომელი იყო?
  აჩი:ვერ გეტყვი, ეგ არ წერია.
  ბაია: თუმცა ქმარი რომ ფულზე გაგყიდის, იმაზე გული როგორ უნდა დაგწყდეს.
  აჩი: ეტყობა არც ის იყო გულგრილი.
ბაია: პრინცის მიმართ?
აჩი: უფრო პრინცის ფულის მიმართ. სხვანაირად გარიგება ვერ შედგებოდა.
  ბაია: ისე, რა უცნაურია არა, აჩი რაინდების ხანაში ასეთი ამბავი?! რომანტიული საუკუნე, ფრეილინები, პაჟები, დუელიანტები, სეკუნდანტები და ასე შემდეგ (ღიღინებს ძველებური ვალსის მელოდიას).
  აჩი: ამ გადარეული სიყვარულის ნიშნად პრინცს თავისი სატრფოსათვის თბილისში ევროპული სტილის სასახლე აუგია . ( ახლა თეატრის, კინოს და რაღაცის  მუზეუმი  რომაა კარგარეთელზე).
  ბაია: ვიცი, ვიცი.
  აჩი: (ხმამაღლა კითხულობს, პარალელურად სცენის სიღრმეში ორი ლანდი მოძრაობს ნეაპოლური მელოდიის ფონზე ) მუზეუმის თანამშრომლები- არქივის მცველი ჯულია ქაროსანიძე და უფროსი სპეციალისტი ციალა ოთხმეზური  ირწმუნებიან, მთვარიან ღამეებში აივანზე ორ ლანდს ვხედავთო.  როგორც კი ვინმეს შეამჩნევენ, იმ წუთში ქრებიან თურმე. Yყარაული- ვალო აბეწვაშვილი კი ამტკიცებს- ღამღამობით ფანჩატურიდან  ძველებური რომანსების ხმები მესმისო.
  ბაია: ჩემო კარგო, რაინდების დრო უკვე წავიდა.
აჩი: შენ  ასე  გგონია? რას გვერჩით ბატონო. 
ბაია: ძალიან გაინტერესებს ?  უკანასკნელად როდის მაჩუქე ყვავილები თუ გახსოვს?
აჩი: რაღაც არ მახსენდება. ხომ იცი ასეთ რამეებს ვერ ვიმახსოვრებ. თანაც რადროს ყვავილებია.
  ბაია: ამაშია საქმე.
  აჩი: ისე მეგონა, შენი გული ვარდების გარეშეც მონადირებული მქონდა. ვერ ვიტან ამ ყვავილების სუნს და მომკალი.
ბაია: სიყვარული ერთჯერადი საქმე არ არის, მინდა გითხრა. ქალს მუდამ უნდა ახსენებდე, რომ გიყვარს; თორემ იმას დაემსგავსები, აი... რა ქვია... „მოსიარულე ვიბრატორს”
აჩი: ვერ გამიგია, რას უწუნებენ ამ ვიბრატორს? თუ დენი არ ითიშება.
ბაია: ეგღა დაგრჩა, შენი ფუნქცია რომ გადააბარო, სხვა ხომ ყველაფრისაგან გათავისუფლდი!
აჩი: მოიცა, მოიცა! მაინც რისგან, ძალიან მაინტერესებს?
ბაია: იცი, რომ ძეხვს ნისიად აღარ იძლევა რობერტა. გაზს მალე გაგვითიშავენ, დავალიანების გამო.
აჩი: ასეც ვიცოდი, იწყება ლირიკით, მთავრდება პროზით.
  ბაია: შენ არც ერთი გაწყობს და არც მეორე, ვატყობ.
  აჩი: ამ გაზზე რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
  ბაია: რა უნდა მოვიფიქროთ?
  აჩი: იქნებ მრიცხველი შეგვეჩერებინა.
  ბაია: ბეზარაშვილებმა რო ქნეს?
აჩი: თუნდაც
  ბაია: მერე იცი, რომ მაგისთვის ექვსასი ლარი აახიეს.
  აჩი: ეჰე! მაშინ ინკასატორთან უნდა ვიჩალიჩოთ.
  ბაია: მიდი და ეჩალიჩე.
  აჩი: ეგ შენ უკეთ გამოგდის. ხომ იცი, ქალების მიმართ უფრო ლმობიერები არიან.
  ბაია: რაც გინდა, ის ქენი, მე თავი დამანებე.
  აჩი: მაშინ გადაიხადე.
ბაია: როგორ გადავიხადო, ჯერ ფულის ხატვა არ დამიწყია.
აჩი: მე კი როგორი იმედი მქონდა, იქნებ გეცადა, ჰა! შენ ხომ ყველაფერი კარგად გამოგდის?!
ბაია: სულ ტყუილა ოცნებობ, ჩემო კარგო!
აჩი: ჰო, ავიღებ რა მალე იმ გაყინულ ხელფასს  და ფულიც გვექნება.
ბაია: მაგ ფულს ერთი წელი ელოდები.
აჩი: რა ვქნა, თუ უპირო ხალხი გაცილებით მეტია ამ ქვეყანაზე, ვიდრე პირიანი.
ბაია: სხვათა შორის, უპირობაზე გამახსენდა, გუშინ ეზოში ნარგიზამ გამომიჭირა.
აჩი: ქალბატონმა ნარგიზამ? რაო მერე?
ბაია: რაო და, შენმა ქმარმა ვალის დაბრუნების ყველა ვადა ამოწურაო. (ბაძავს) მე გენაცვალე, რომ გენდობოდით, ის 100 დოლარი იმიზა მოგეცით, თვარა ქველმოქმედება რომ მდომებოდა, უპატრონოთა სახლების მეტი რააო. არ იცი, რა ტიპია? თანაც ხალხში მეუბნება ასე ხელებით. არ ვიცოდი სად დავმალულიყავი.
აჩი: ვახოს შინაბერა მამიდის დედა ვატირე მე!
  ბაია: ვახოს მამიდა რა შუაშია?
აჩი: მამიდა ბინას ყიდის და ვახოს მაყუთი უნდა დაუადოს, ვახო ტოკლიკას თავანს აუტანს, ტოკლიკა ვალს გამისტუმრებს და მე ნარგიზას ჩავაბარებ.
ბაია: მოკლედ რწყილი და ჭიანჭველას პონტია.
აჩი: რას უწუნებ მაგ ზღაპარს არ მესმის.ნორმალური პრაქტიკული მორალია და მშვენიერი ,,ჰეფი ენდითაც” მთავრდება.
ბაია: არ ვიცი მე, მოიფიქრე რამე - ხვალ ამოვალო.ჰეფი ენდი მაშინ ნახე. 
აჩი: რა მოვიფიქრო, შენ ხომ არ ჩაგაბარებ ლომბარდში.
ბაია: ისე, მალე ალბათ მაგასაც იზამ.
აჩი: პრინციპში გამორიცხული არ არის, ოღონდ ერთი პირობით...
ბაია: მაინც რა პირობით, საინტერესოა.
აჩი: გამოსყიდვის გარეშე.
ბაია: ხო არა? კარგად დაიმახსოვრე.
აჩი: (იცინის) ისე სულ ტყუილად შიშობ, არა მგონია ვინმემ ჩაგიბაროს.
ბაია: დარწმუნებული ხარ?
აჩი: არა, პრინციპში შეიძლება ჩაგიბარონ კიდეც, რა არ ხდება  მარკეტინგში.
ბაია: გასაგებია! (მუქარის ტონით)
გაბმული ზარი კარზე.
აჩი: მოვიდა.
ბაია: ვინ?
აჩი: ის-  ქალბატონი ნარგიზა. რა ვქნა? მაგის თავი არა მაქვს. (აჩი დივნის ქვეშ იმალება).
  ბაია: სად მიძვრები, გაგიჟდი?
  აჩი:აბა რა ვქნა, მითხარი!
  ბაია: მე პირში მატოვებ? ვაი შენ თუ კაცი ხარ?!
  აჩი:  (დივნის ქვეშიდან) შენ ვერ გაგიხურებს!

        სურათიII 
  ბაია კარს აღებს. შემოდის უცნაურად გამოწყობილი მამაკაცი ხელში ქეისით. რევერანსს აკეთებს.
სტუმარი: შეიძლება? მაპატიეთ ჩემი ასეთი დაჟინებული ზარისთვის. ეჭვი მქონდა, რომ მემალებოდით.
  ბაია: როგორ გეკადრებათ, რისთვის?
  სტუმარი: ეს არც თუ იშვიათად ხდება. რას იზამ, ასეთია ჩემი პროფესია, სამწუხაროდ- არავისთვის სასურველი სტუმარი არა ვარ.
ბაია: ბოდიში, თქვენ პოლიციიდან ბრძანდებით?
  სტუმარი: (იცინის) როგორ გეკადრებათ, გაზის ინკასატორი ნომერი 728. ალეკო კამკამიძე. ინებეთ, შეგიძლიათ შეამოწმოთ.(უწვდის მოწმობას)
ბაია: არ არის საჭირო, მობრძანდით. აი აქ დაბრძანდით, სკამზე.
ინკასატორი: არაუშავს, დივანზე ჩამოვჯდები, უფრო კომფორტულია.
  ბაია: იცით, მე სკამზე გირჩევდით, ჯანმრთელობისათვის უკეთესია... ხერხემალს არ ამრუდებს.
  ინკასატორი: ნუ ნერვიულობთ, არაფერი მომივა.
    დივანზე ჯდება. ქეისს მაგიდაზე დებს. ინკასატორი:  მაპატიეთ თქვენი სახელი?ბაია: ბაია ! ინკასატორი: ღმერთო ჩემო, რა ლამაზი სახელია. რატომღაც ვფიქრობდი,რომ სწორედ ასეთი პოეტური სახელი უნდა გრქმეოდათ.
ბაია: მართლა,როგორთუ პოეტური?
ინკასატორი: თქვენ ჭიამაიების მწყემსი ხომ არ იყავით ოდესღაც?
ბაია: რისი?
ინკასატორი: ყვითელკაბიანი ბაია, რომელსაც მზე არასოდეს ენახა.                            ბაია: ბატონო, ვერ გავიგე.
  ინკასატორი  ნუ დაიბნევით დიდი ხანია ზღაპარს თავი დააღწიეთ?
  ბაია: იცით, არცკი ვიცი, რა გიპასუხოთ.
  ინკასატორი: რა გაეწყობა, ნუ მიპასუხებთ, თქვენი ნებაა. თუ შეიძლება მიჩვენეთ თქვენი გადახდილი უკანასკნელი ქვითარი.
ბაია: იცით... მე თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს! იქნებ... ასე ვთქვათ... საერთო ენა გამოგვენახა. ხომ ხვდებით?...
ინკასატორი: მე მგონი, კარგად, მაგრამ ეს ისე მოულოდნელია!
    ბაია: მესმის, თქვენთვის ადვილი შეიძლება არც იყოს, (სამსახური, მოვალეობა),  მაგრამ უნდა გაგვიგოთ.
ინკასატორი: მე თქვენ წაგიყვანთ ყველაზე მაღალ მწვერვალზე ზღაპარეთში, რათა მზის ამოსვლა გაჩვენოთ.
ბაია: არა... მე ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი მაგრამ იმედი მაქვს... თქვენთვისაც
სასურველი იქნება. ისე, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩეთ, თუ...
ინკასატორი: (აწყვეტინებს)           
                ,, რა საჭიროა სიტყვები, მჯერა
                  რაღაც წყურვილით და გაგიჟებით,
                  როგორც სიცოცხლე და ბედისწერა
                  თქვენ გაზაფხულზე მეპატიჟებით”
  ბაია: არა, თქვენ ვერ გამიგეთ. ამ წუთას ჩვენ ძალიან გვიჭირს. ჩემი ქმარი ხელფასს ელოდება და..…
ინკასატორი: როგორ, თქვენ ქმარი გყავთ?
ბაია: რა უპატრონოს ვგავარ?
ინკასატორი: არა, უბრალოდ… (პათეტიკურად)
                ,,უხერხულია თქვენ გერქვათ ცოლი,
                თქვენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვეთ,
                აჰა დამბაჩა და სველი თოვლი,
                მე თქვენს მეუღლეს დუელში ვიწვევ.”
ბაია: რა მშვენიერია! თქვენ რა ლექსებსაც წერთ?
ინკასატორი: სამწუხაროდ არა, მე მხოლოდ ლექსის ნამცეცებით ვიკვებები.
  ბაია: რა საინტერესოა!
  ინკასატორი: რა უცნაური ფერის თვალები გაქვთ, რაღაც მომწვანო და იდუმალი. ისინი ჭაობის სივერაგით გითრევენ სიღრმეში დასახრჩობად. B                     
ბაია: რატომ ასე სასტიკად?
ინკასატორი: როგორ, თქვენ არაფერი იცით? (ხმას უდაბლებს) ჩვენ ხომ სისასტიკის ტყვეობაში ვიმყოფებით. ისინი, შეთქმულები ისევ გვდევნიან. მათ რომანტიზმის საბურველი ჩამოგვაშორეს, რათა სერიალების კომერციულ მასალად აქციონ. მათ უნდათ დრო და სივრცე სასრულ, მყარ მასად გახადონ, რომ მისი წარმოება შეძლონ.
  ბაია: ვინ ისინი?                                                   
  ინკასატორი: პრაგმატისტი რაციონალისტები. ჩვენ რომანტიკოსები სამწუხაროდ უმცირესობაში აღმოვჩნდით. ისინი ძლიერნი არიან, ფლობენ ხელისუფლებას, ფინანსებს, მასმედიას, სოციალურ ქსელებს, რაც მთავარია აქვთ ჭკუა, რომელიც გრძნობებს გამორიცხავს. მაგრამ მერწმუნეთ, გაზაფხულზე პაწია კვირტის გაღვიძებაში მეტი მისტიკაა, ვიდრე მთელ მათ მოტორიზებულ ყოფაში. ბეტონის ბზარში ამოსული ბალახი უფრო ძლიერია ვიდრე მათი სამხედრო ტექნიკა. თქვენ ხომ გჯერათ ეს?            ბაია: დიახ... რა თქმა უნდა. ბალახები... ასფალტი...  რა საოცარია... მაგრამ ამაზე არასოდეს მიფიქრია. ინკასატორი: ისინი მართავენ სამყაროს, ჩვენს ცხოვრებას, უმრავლესობის  აზროვნებასაც კი თავიანთი ობობასავით ყოვლისდამჭერი  პულტების საშუალებით. სურთ ყოველივე ციფრულ კოდებში დაწნეხონ, მაგრამ, იცით, ვინ უშლით ხელს?
  ბაია: ვინ?
 
  ინკასატორი: ამორფული მეოცნებეები, რომლებიც რაციონალურ სქემებში არ თავსდებიან.  ისინი ჩვენ ბრიყვებს გვიწოდებენ, მაგრამ გულის სიღრმეში შურთ ჩვენი. მათ შურთ ჩვენი ფერადი სიზმრებისა, ჩვენი ოცნებების, რადგან თვითონ ცხრილებისა და ფინანსური ანგარიშების მეტი არაფერი გააჩნიათ. სიზმრებსაც კი რუხ ფერებში ხედავენ. მათ ვარდის სურნელს სუნამო ურჩევნიათ; ლექსებს-  რესტორნის მენიუ. მათი ყოველი წუთი გათვლილია და განსაზღვრული.
  -ბაია: რა საშინელებაა, მაგრამ არ მესმის, მე რა შუაში ვარ?
  ინკასატორი: რამდენი ხანია კოშმარები გაწუხებთ და რომანტიული სიზმარი აღარ გინახავთ. იცით რატომ? (ხმას უდაბლებს) მათ მთვარეც კი შეგვიცვალეს. ჩვენი მშობლიური, ეკოლოგიურად სუფთა თითბრის მთვარე ხელოვნურით ჩაანაცვლეს. არასოდეს დაინტერესებულხართ რატომ აღარ მღერიან სერენადებს მთვარის შუქზე..
  ბაია: სხვათაშორის ძაღლებიც აღარ ღმუიან მთვარიან ღამეში.
  ინკასატორი: აი ზუსტადაც. ცხოველებს ვერაფრით მოატყუებ. ცხოველის გეშს შეცდომაში ვერ შეიყვან. შეხედეთ ვარსკვლავიან ღამეში როგორი შავი ნისლი აკრავს მთვარეს - ეს მხრჩოლავი მაზუთია.
  ბაია: ვაიმე მართლა?!
  ინკასატორი: მეტსაც გეტყვით (ჩურჩულზე გადადის) მე მათ გამომამწყვდიეს. სახელიც კი წამართვეს და ნომერ 728-ედ მომიხსენებდნენ. ეგონათ ,,მომაშინაურებდნენ”. შეგუების მდნარ ლითონს მიწვეთებდნენ საჭმელში. ჩემი სიზმრების მოპარვა სურდათ და შავ-თეთრი სიზმრების შეპარება. როგორც კრუხს შეაპარებენ ხოლმე იხვის კვერცხებს. თვალებს კი უხვევენ.  მაგრამ ვერ მივართვი. ძილის წინ სიფხიზლის აბებს ვყლაპავდი ჩუმ-ჩუმად.
  ბაია: და, იხვის კვერცხებს?
  ინკასატორი: რა იხვის კვერცხებს?
  ბაია: რას უშვებოდით?
  ინკასატორი: წყალში ვყრიდი, მათთვის ხომ ცურვის პრობლემა არ არსებობს.  მაგრამ ეს არავინ უნდა გაიგოს გესმით?.. მათ გონიათ, რომ ისევ იქა ვარ, ჩემი მეორე ,,მე” იქ დავტოვე, მწვავეებში,  ყოველი შემთხვევისათვის.
  ბაია: რა?
  ინკასატორი: მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ. იმას ვერაფერს მოუხერხებენ.
  ბაია: რატომ?
  ინკასატორი: ვირტუალურია ხომ გესმით?
(ყრუ ჩახველების ხმა.)

  ინკასატორი: რა ხდება?
  ბაია: (დაბნეული) იცით მე უფლებას არ მოგცემთ ასე მელაპარაკოთ?! მე ქმარი მყავს.
  ინკასატორი: იცით, ქმარი სულაც არ არის პრობლემა, პირიქით, სასურველიც კია.
ასეთ დროს საფრთხე განცდებს ამძაფრებს.
  ბაია: უკაცრავად, ხომ არ გეჩვენებათ, რომ მეტისმეტად გაუწონასწორებლად იქცევით?!
  ინკასატორი: ცხოვრებაში არასოდეს მიოცნებია მოწესრიგებული იდიოტი ვყოფილიყავი. აბა წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა მშვიდი ბეთხოვენი, დალაგებული გალაქტიონი:
                  ,,სარკოფაგიდან დგება მუმია,
                  რა სიჩუმეა
                  ჰაერი ლურჯი აბრეშუმია.”
  აჩი გამოძვრება, ინკასატორი წამოხტება. გაოცებული იყურება ფეხებთან.
  აჩი: უკაცრავად, თქვენ აქ დიდხანს აპირებთ ლექსების კითხვას?
  ინკასატორი: თქვენ რა პოეზიის საწინააღმდეგო გაქვთ რამე?
  აჩი: პოეზიისა არა, თქვენი- კი.  ეხლავე დაახვიე აქედან, თორემ...
  ინკასატორი: სხვათაშორის, თქვენს გამოჩენამდე ჩვენ პრობლემა არ გვქონია. მოითმინეთ, იქნებ ჩამოვყალიბდეთ. რა უფლება გაქვთ ხელი შეგვიშალოთ. ეს ხომ ელემენტარული უზრდელობაა.
  აჩი : ესა ნახე , ტო, რა დღეშია ! შენი…  (აჩი ინკასატორზე იწევს, ბაია შუაში დგება)
  ბაია: აჩი არ გინდა! ბოლოსდაბოლოს რა დააშავა. ჩვენ თითქმის უკვე შევთანხმდით.
  აჩი: ეხლა არ გამაგიჟო!
  ბაია: რა მოგივიდა, ხომ მოვილაპარაკეთ.
  აჩი:მორჩი,  თორემ შენც ზედ მიგაყოლებ.
  ინკასატორი: როგორ ელაპარაკებით ქალბატონ ბაიას, მე თქვენ ამის უფლებას არ მოგცემთ.
  აჩი: აზრზე ხარ რას ბოდავს? მე ქმარი ვარ, გესმის?
  ინკასატორი: სხვათაშორის ქმრები დივნის ქვეშ არ იმალებიან; როგორც წესი ეს საყვარლების ჩვევაა. ესეც არ იყოს, ჭეშმარიტი ქმარი დივნის ქვეშ ამდენ ხანს ვერ გაჩერდებოდა.
  ბაია: ის ნამდვილად ჩემი ქმარია. გეფიცებით ის ჩემი ქმარია. უბრალოდ იძულებული იყო დამალულიყო...
ინკასატორი: გასაგებია, თქვენ ქმარს ელოდით და მე კი შეგრჩით ხელში.
  ბაია: არა, ეს სულ სხვა ისტორიაა.
  ინკასატორი: ქალბატონო ბაია მე მესმის თქვენი! თქვენ გაცდუნეს, თქვენს ქმარს რქებს ადგამენ. თქვენ კი უნებლიე თანამზრახველად გაგხადეს.
  აჩი: ბოლოსდაბოლოს დატოვებთ თუ არა ჩემს სახლს, თუ მაინცდამაინც გაგაპანღურო?
  ინკასატორი: უნდა აღიაროთ, რომ ჩვენ ამ სახლში ერთიდაიგივე იურიდიული უფლებები გვაქვს, იმ განსხვავებით რომ მე კონსპირაციას არ მივმართავ.
  აჩი: ეს ვინ ყოფილა, სუფთა გიჟ-პოეტა.
  ინკასატორი: უმორჩილესად გთხოვთ პოეტს ნუ მეძახით. მე მხოლოდ ბეღურა ჩიტი ვარ პოეზიის ზეციური საკენკით რომ იკვებება.
  ბაია: (ტირილით) წადით აქედან, ძალიან გთხოვთ!
  ინკასატორი: კეთილი თუ ასე გადაწყვიტეთ ქალბატონო ბაია მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს. ალბათ მზის ამოსვლას ერთად ვერასოდეს ვიხილავთ:
                ,, მე ვერ მოგიტან რტოს იასამნის,
D                და ვერც გაზაფხულს ვერ დაგპირდები.
                  შორია ზეცა და წვიმასავით
                  შუბლს უგრილებენ შენი თითები...”
  აჩი: ბოლო-ბოლო მიდიხარ თუ არა?! ვიდრე მრიცხველზე არ ჩამომიკიდიხარ ფეხებით.
  ინკასატორი: თქვენ კი როგორ გაუსწორებთ თვალს ქალბატონ ბაიას ქმარს?! თქვენს სინდისზე იყოს (ინკასატორი გადის)

      სურათი III

ბაია კარს კეტავს.
  აჩი: მაგრად გადამირჩა რა, კიდე კარგი, დროზე გამასწრო! გიჟია ვიღაცაა! ვინ კითხავს მაგას ქმარი ვარ თუ საყვარელი.
  ბაია: გამომივიდა აქ ქმართა უფლებების დამცველი.
  აჩი: ჩემი პრობლემაა, ვის როგორ შევხედავ თვალებში.
B ბაია: მოიცა როგორ თქვა? მწერების ნახირში ხომ არ გიმუშავიაო. – ნორმალურია ეხლა ეგ?
  აჩი: ისე, ძალიან კი გაგართო მაგის გიჟურმა ბოდვებმა.
  ბაია: ამას ჩემზე ამბობ? შენი აზრით, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ძალიან მაინტერესებს. სკანდალი ხომ არ ამეტეხა? თუ სწორად მახსოვს, შენ მომეცი სპეციალური დავალება.
  აჩი: მე ის კი არ მითქვამს, პოეზიის საღამო მოაწყვეთ-მეთქი.
  ბაია: შენადა რა მაინტერესებს იცი? როგორ გრძნობდი  თავს იქ?
  აჩი: სად  იქ?
  ბაია: დივნის ქვეშ.
  აჩი: მადლობთ, კარგად!
B ბაია: როგორ მოახერხე, რომ არ გამოხვედი?
  აჩი: ველოდი როდის შედგებოდა თქვენი შეთანხმება. კიდევ კარგი, მრიცხველის ჩვენების ნახვა ვერ მოასწრო.
  ბაია: ესეიგი იყავი შენთვის ანკესმომარჯვებული და ელოდი როდის გადასანსლავდა შენს ჭიაყელას ღლავი.
  აჩი: აბა, რა უნდა მექნა, გამაგებინე!
  ბაია: გამოდის, რომ შენც იმათგანი ხარ.
  აჩი: ვინა?
  ბაია: აი... ყველაფერი გამოთვლილი რომ აქვთ.
  აჩი: შენ სულ გამოგათაყვანა იმან, ხომ იცი.
  ბაია: (ჩაფიქრებული) იცი, რა აღმოვაჩინე?
  აჩი: რა?
  ბაია: შენ ხომ ჩემთვის ლექსები არასოდეს წაგიკითხავს.
  აჩი: შენ ხომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო!
  ბაია: ისე, რა უცნაურად ლაპარაკობდა, არა?
  აჩი: ვინ, ის? თუ უცნაურში სულელურს ვიგულისხმებთ, კი.
  ბაია: სულელურად, მაგრამ აი როგორ ვთქვა.. რაღაც სხვანაირად.
  აჩი: რა სხვანაირად არ გამაგიჟო. ჩვეულებრივი გიჟის ბოდვა იყო რა.
  ბაია: მითხარი, გინახავს ოდესმე მზის ამოსვლა?
  აჩი: შენი აზრით, აბა რას ვაკეთებ ყოველდღე.
  ბაია: მე მაგაზე არ გეკითხები.
  აჩი: მე მგონი შენც მაგრა გაუტიე.
  ბაია: შეიძლება.
  აჩი: ისე, შენც კარგად დაუტკბი, ხომ იცი!
  ბაია: (ნიშნისმოგებით) შენ რა, ხომ არ ეჭვიანობ? 
  აჩი: ვისზე? კაი რა, ნუ მაცინებ! მაგ იდიოტზე? მე შენს გემოვნებაზე გაცილებით მაღალი აზრისა ვარ. ისე, მაგრა დამანდრაჟდა, ხო იცი.
  ბაია: მე ვერ ვიტყოდი. უბრალოდ გაგვეცალა მას შემდეგ რაც მე ვთხოვე, როგორც რაინდს ეკადრება.
  აჩი: დარწმუნებული ხარ?
  ბაია: ყოველშემთხვევაში, დიდი ეჭვი მაქვს.
  აჩი: მე ვფიქრობ უბრალოდ მიხვდა,  ის კაცი არ ვიყავი რამე შემერჩინა.(თვალებში მისჩერებია) მოიცა, თვალები მართლა რა ჭაობისფერი გქონია!
  ბაია: კიდევ კარგი, ახლა მაინც შეამჩნიე.
  აჩი: ისე, მაგარი საყვარელი იქნებოდი, ცოლი რომ არ იყო, ხო იცი. სწორი უთქვამთ, კარგი მხოლოდ სხვისი ცოლი შეიძლება იყოსო.
  ბაია: ნუთუ, ისე მახსოვს ცოტახნის წინ ლომბარდში ჩაბარებას მიპირებდი.
  აჩი: სხვათაშორის, ლომბარდში მხოლოდ ძვირფას ნივთებს აბარებენ.
  ბაია: (ირონიულად) ხო, არა!
  აჩი: დღეს რა მიმზიდველად გამოიყურები, რაღაც შორეულად მომხიბვლელად!
  ბაია: გაგახსენდა არა, რომ მესაკუთრე ხარ? მაშინ დააფასე, როცა წართმევის საფრთხე იგრძენი. (იცრემლება).
  აჩი: აუ, მორჩი ეხლა, ხომ იცი, ცრემლებს ვერ ვიტან, მაღიზიანებს. რაღაც ინტიმურობას გმატებს. მოდი ჩემთან! (თავისკენ იზიდავს).
  ბაია: რას შვები? ხელი გამიშვი! 
  აჩი: არ გინდა ეხლა, მოდი რამდენი ხანია... (ვნებიანად)
  ბაია: თავი დამანებე,რა მოგივიდა, არ მინდა!
  აჩი: კარგი ეხლა, გეყოფა.
  აჩი საკინძეს უხსნის. ტახტზე გადააწვენს.ბაია უძალიანდება.
ინტიმური მელოდია, რომელსაც მოსდევს გაბმული ზარი კარზე.
  აჩი: (შეშფოთებით). მოვიდა.
  ბაია: ვინ?
  აჩი: შენი ქმარი!
  ბაია: როგორ თუ ქმარი?
  აჩი: ის.
  ბაია: (გაოგნებული) ჩქარა, ჩქარა..
  აჩი მექანიკურად დივნის ქვეშ ძვრება.

        სურათი IV
 
ბაია კარს აღებს.
  ნარგიზა: კარს არ მიღებთ?
    ბაია: როგორ გეკადრებათ, ნარგიზა დეიდა... ვიცმევდი... მობრძანდით... ახლა ავდექი და...
  ნარგიზა: (დაეჭვებული) რავა,, აქამდე გძინავენ?
  ბაია: ხო, წუხელ სერიალს ვუყურებდით და...
  ნარგიზა: რაის სერიალს?
  ბაია: ,,იდუმალი სტუმარი” ფანტასტიურია…თქვენ არ გიყურებიათ?
  ნარგიზა: არა.ღამე მძინავს.მაგიზა ძილს რავა დავიკლებ, მეტი საქმე არა მაქვს!
    ბაია: სწორი ხართ, ჯანმრთელ ძილს რა სჯობია. ამასობაში კი მათ ჩვენ რომანტიზმის გრძნობისაგან გაგვძარცვეს.
  ნარგიზა: რაო, გაგვძარცვესო? (ნარგიზა გაღეღილ საკინძეზე მისჩერებია) ისე საკინძე შეგეკრა მაინც. არ გეწყინოს, არაა ლამაზი ასე შიშველი გადარეულივით რომ გამოიყურები. მე კაი შინაური ვარ. ვინცხამ რაცხა ფარსაგი არ იფიქროს, ჩემი გოგო!(მრავალმნიშვნელოვნად იღიმება).
შემცბარი ბაია სასწრაფოდ იკრავს საკინძეს.
  ნარგიზა: დაუძახე შენს ქმარს, გამევიდეს!
  ბაია: გამოვიდეს?.. საიდან?
  ნარგიზა: კარგად იცი საიდანაც, მე ვერაფერს გამომაპარებთ.
  ბაია: რას ბრძანებთ, რა უნდა დივნის ქვეშ. იცით, ის ეს-ესაა გავიდა.
  ნარგიზა: როდის გოგო, არ გადამრიო, ახლა არ ლაპარიკობდი, აგერ ამ წუთში გევიღვიძეთო?
  ბაია: სულ ერთი ფეხით გაგასწროთ.აგვიანდებოდა.
  ნარგიზა: პადიეზდიდან რომ გამევიდა პაპკით ხელში, ზურგს მოვკარი თვალი, ვითამ ის იყო?
  ბაია: კი, ეგ იქნებოდა.
  ნარგიზა: ესეიგი ისევ გამასწრო.
    ბაია: როგორ გეკადრებათ, სამსახურში ეჩქარებოდა.
  ნარგიზა: (დაეჭვებული) რავა, სამსახურიც დაიწყო?
  ბაია: კი, გაზის სისტემაში.
  ნარგიზა: გაზის სისტემაშიო? გაზზე გამახსენდა, ვინმე საეჭვო ყაზილარს ხომ არ მოუკითხავს თქვენდა?.
  ბაია: არა. მხოლოდ ბეღურა ჩიტი შემოფრინდა, ლაღი და უცნაური. Lლექსის ნამცეცებით რომ იკვებება.
  ნარგიზა: რაოო? რაის ჩიტი, გადამრევთ მე თქვენ გადამრევთ. ჩიტისა რა გითხრა და ვინცხა გადარეული საგიჟეთიდან გამოქცეული ყოფილა ერთი. ოჯახებში დეიარება თურმე და თავს ინკასატორად ასაღებს, მარა ფულს არ თხოვნილობს, ლექსებს კითხულობს თურმე ის უბედური. ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭივრებულს!
                                                                                                                                          დასასრული  2010, IX

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები