ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახელი
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2013


სოფელი

ივლისის ცხელი დღე იდგა. პაპანაქება მზისგან და გოლვისგან ბალახი გაყვითლებულიყო და თავები ჩამოეყარათ თითქოს ცხოვრებამ იმდენად დატანჯა, რომ სიკვდილს ნატრობდა. თუკი სადმე წყლის წვეთი იყო, მზის სხივებმა შეუპოვრად ამოაშრეს. იქვე ბეღურები ჭიკჭიკებდნენ, შემდეგ ერთი აფრინდა და მთელი გუნდი მას გაჰყვა. გავიფიქრე "ალბათ იმან გუბე იპოვა და თავისი დამწყურვალებული მეგობრები დაპატიჟა", გამეღიმა, ნეტავ ადამიანებიც ასე ვუყოფდეთ ერთმანეთს სარჩო-საბადებელს, შური და სიხარბე არ გვახრჩობდეს.
გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში გახლდით, მე და ჩემი მეგობარი დავითი ვენახის გათოხვნით ვიყავით დაკავებული. მე ერთი მოკლე პლანი ძლივს გავთოხნე და იქვე შიფრებისგან შეკრულ პატარა ქოხში მივეგდე, მზე აქაც სასტიკად უტევდა, თავი გახურებულ თონეში მეგონა, ოფლი წყალივით ჩამომდიოდა შუბლზე. "არა ისევ ხის ჩრდილი ჯობია" ვთქვი ჩურჩულით და გარეთ გავედი. დათო გამალებით ურტყამდა თოხს გოლვისგან გამხმარ მიწას.
-თქვენ ქალაქელები შავებს გვეძახით არა? - ღიმილით მკითხა დათომ, ისე რომ თოხისთვის თავი არ დაუნებებია.
პასუხის მაგივრად გავიღიმე.
-არ შეგიძლიან ქალაქელო, არა - ახლა უკვე მის ხმაში დამცინავი კილო იგრძნობოდა - შენ კაბინეტი გჭირდება მეგობარო - ცოტა ხნის პაუზის შემდეგ კვლავ განაგრძო - იმის ... (გვარიანად შეიგინა) ქალაქელები ათასებს ზღვაზე ყრით ზაგარისთვინ, ჩამაიყვა აქ ვამუშაო უფასოდ უკეთესად არ გაიშავდებიან? - თქვა ღიმილით და ცოტა გაბრაზებითაც. - და ჩვენი სიშავის მიზეზსაც მიჰხვდებიან.
-მარტო გარუჯვა ხო არ არის, იქ ერთობა კაცი...
-აქა ვერ გაგართობთკე? იგეთ სუფრას გავშლი. - მიწით ამოვსებულ თითებზე იკოცა.
-ქალაქელებს სუში უყვართ - ვეცადე ისეთი სიტყვა მეთქვა, რომ დათო ვერ მიხვედრილიყო მის მნიშვნელობას და ამით ჩემი უპირატესობა მეჩვენებინა საუბარში.
-სუში რას მიქვიან, მწვადს და ხაშლამას დააბრუნებენ თუ? - როგორც ჩანს მიხვდა - ჩვენი სიძე ხო გახსოვს?  სასისკი მირჩევნია ხაშლამასო, აბა ეხლა ჰკითხე.
-კაი, კაი მოდი შეგეცვალო - გულში ვნატრობდი უარი ეთქვა
-გაიწი იქით, ქალაქელო... - ისე მითხრა თითქოს "ქალაქელი" დამამცირებელი სიტყვა არისო, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, მთავარი იყო, რომ სურვილი ამიხდა და კვლავ ჩიტებს დავუწყე დაკვირვება.

* * *
საღამოხანს სოფლის "ბირჟაზე" გავედი, ხალხი, როგორც ყოველთვის, მრავლად იყო, ბავშვები წყაროზე წუწაობდნენ მოზრდილები კარტსა და ნარდს თამაშობდნენ, დედაკაცები მეზობლებს ჭორავდნენ, ერთი ქალი ფანდურს ამღერებდა და ცოტა არ იყოს უხამს შაირებს შემოსძახებდა ხოლმე, თუმცა ასეთი სიტყვებს ბევრი ბავშვი უსმენდა, მშობლები მაინც არ უშლიდნენ. ვიცი ამაზე რასაც ფიქრობდნენ: "კახელ კაცს შაგინება უხდებაო".
მე იმ "საბჭოსკენ" გავწიე სადაც სოფლის პრობლემებს განიხილავდნენ. განიხილავდნენ, მაგრამ მოგვარებას კი სხვისგან ელოდნენ.
-რა იყო ნუკრი რა დაღონებული სახე გაქვს? - ვკითხე ერთ-ერთ "საბჭოს წევრს".
-რა არი გენაცვალე და ჩემი მიწები სარწყავშია, იმ (შეიგინა) ოლეში რაღაცეები გაიჩხირა და წყალი ჩემკენ აღარ მოდის, თუ არ მოვრწყე ე გოლვა იგეთია, მთელ მოსავალ გამინადგურებს.
-მერე გამგეობაა თუ ვინაა იმათ მიმართე, უთხარი გამიწმინდეთ თქო.
-ეე, კარგი რა გიო, ვინ რას მოგხედავს - და კვლავ გინება მოაყოლა.
იქვე ქვაზე ჩამოვჯექი აღარაფერი მითქვამს, აზრი არ ქონდა. როგორც ცხონებული პაპაჩემი იტყოდა: "ხე ხეა რაც არ უნდა თალო და გააშალაშინოო". შეუგნებელს ვერაფერს შევაგნებინებდი და გავჩუმდი. ეს კი ჩავიბუტბუტე "ცდა ბედის მონახევრეა თქო".
-ბიჭო შენი შვილი რამდენი წლისაა? - მივმართე იქვე მდგომ გოჩას და მის ბიჭს თავზე ხელი გადავუსვი.
-ცხრისა, რაა რო?
-მერე რას ფიქრობ არ წავიყვანოთ სექტემბერში სანადიროდ? - ბავშვს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა და მამამისის პასუხს დაელოდა.
-წავიყვანოთ, მა რაა მაგის (გვარიანი გინება), ამ ცხოვრებას მეტს ვერაფერს გამორჩებია კაცი, უნდა იხალისო კე.
-იხალისო? - ხმა ამიოღო იქვე მდგარმა წყალობა პაპამ, ეს კაცი ერთ-ერთი ყველაზე მოხუცი კაცი გახლდათ სოფელში. ყველა პატივს სცემდა, როგორც ცნობილ მონადირესა და მეთევზეს. - იცი შვილო, ახალგაზრდობაში მეც ვხალისობდი ნადირობაზე, ყოველ კვირა წავიდოდი და ისე კი არა თქვენ რომ მწყერით კმაყოფილდებით და ერთი კურდღელი დიდი რამე გგონიათ, არა მე არჩვი, ირემი, ტახი, დათვიც კი მომიკლავს, გაღმა მხარეს გავიდოდი ხოლმე იქ კიდე ჯიხვებს ვხოცავდი, სამი მყვას მოკლული. ყოველთვის ვფიქრობდი რომ ნადირობა გასართობი იყო, მემრე ომი დაიწყო, გამიწვიეს, მოსკოვთან დამჭრეს და უკან გამომაბრუნეს. აქ ჩამოსულს უკვეე სულ სხვა სიტუაცია დამხვდა: ქალები, ბავშვები, მოხუცები მშივრები იყვნენ, ფრონტზე ბევრი საჭმელი იგზავნებოდა სალდათებისთვის. ავიღე ჩემი თოფი და კვლავ ნადირობა დავიწყე, დინამიტითაც ვთევზაობდი, მაგრამ ეს ის გართობა აღარ იყო, ეს ლუკმა-პურის შოვნა იყო. ომი რომ დამთავრდა და ყველაფერი წესრიგში მოვიდა, ცოტა ხანი აღარ მინადირნია. მერე ჩემმა მეგობარმა იმერლებში (ასე ეძახიან ლაგოდეხის იმერლებით დასახლებულ სოფლებს) დამპატიჟა, დილით სანადიროდ წავედით. ჭიუხებზე ჯიხვები გვეგულებოდა, ბევრი ვიარეთ, ჩემ გარდა სიარული ვეღარავინ შესძლო. ჯიხვს სათოფე მანძილზე მივუახლოვდი და მავჰკალი, თუმცა ვაი იმ მაკვლას, საწყალი ისე ფართხალებდა ლამის ტირილი დავიწყე ამხელა კაცმა და მეორე ტყვიაც მივაყოლე. მას მერე ვთქვი, რომ აღარ ვინადირებდი ხოლოთ გართობის გულისთვის. საკვების პრობლემა აღარასდროს შეგვქმნია, მაგრამ მე კვლავ ვნადირობდი - გართობისთვის. სისასტიკე ართობს ადამიანს, სისასტიკე.
გავიღიმე, მომეწონა წყალობა პაპის ნათქვამი. სწორედ ეს არის ხალხური სიბრძნე, აზრი რომელსაც პირდაპირ ეუბნები მსმენელს, არ წერ, არ შეგიძლია შემდეგ გადაასწორო, რამე შეცვალო - დედიშობილა აზრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები