ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
28 ივლისი, 2013


ნოსტალგია – წერილი ნიკუშას

ღამემ ფანჯარას შავი ხელისგულები დააფარა.
ყველა სატელევიზიო არხი „ხელისდაქნევით“ დაემშვიდობა, ძილი ნებისა უსურვა, თან სასტიკად გააფრთხილა, „ტელევიზორის გამორთვა არ დაგავიწყდეს“-ო.
მეტი რა გზა იყო, გამორთო.
ხელები თავქვეშ ამოიდო. თმა ოდნავ სველი ჰქონდა აბაზანის შემდეგ.
უყვარდა ოდნავ სველი თმის ლოყაზე შეხება.
ჭერს დაუწყო თვალიერება.
ყოველ ღამე ათვალიერებდა იმ ჭერს, ყველა წერტილი ზეპირად იცოდა. მობეზრდა.
ნათესავებმა „სიმწიფის ატესტატი“ მისცეს და უთხრეს: „აწი სრულწლოვანი ხარ და როგორც გინდა ისე იცხოვრე, თუნდაც კისერი გიტეხია. პირველად ვხედავთ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც საკუთარი თავისთვის ცხოვრება არ შეუძლიაო „
ყველას თავის საქმე აქვს!...
ფუნქცია დაკარგა.
ისიც კი არ იცოდა რას ნიშნავს „საკუთარი თავისთვის ცხოვრება“.
ასე ტკივილით არასოდეს უგრძვნია მარტოობა.
„მოკლედ, გვიან არასოდეს არის... საკუთარი თავისთვის ცხოვრება უნდა ვისწავლო.  როცა დავბრუნდები!... ისე არ იქნა ჩემი მტერი, მე იქ ვეღარ დავბრუნდები“.
კედლისაკენ გადაბრუნდა და თვალები დახუჭა. უნდოდა აღარ ეფიქრა და დაეძინა. დათვლაც კი დაიწყო, „ერთი, ორი, სამი...“ მერე ის ციფრები წარმოიდგინა და ისევ თვლიდა, აღარ უნდოდა ფიქრი...
არაფერი  გამოვიდა, არც კედელმა უშველა და არც წარმოდგენილმა ციფრებმა...
ფაქტი იყო, უძილობა გარანტირებული ჰქონდა.
შეიძლება, ყავა მოუვიდა მეტი!
რამდენჯერ დადო პირობა, ღამე ყავას აღარ დავლევო, მაგრამ, ჯერ-ჯერობით პირობას ვერ ასრულებდა.
ლოგინში დიდხანს იტრიალა.
მაცივარში ორი ბოთლი ღვინო ჰქონდა, საკუთარი დაბადების დღისთვის იყიდა, შეიძლება ვინმეს გავახსენდე და მოვიდესო. შენც არ მომიკვდე, არავის გახსენებია.
კიდევ კარგი, არავის გაახსენდა, „ახლა ის ღვინო ძილის წამლის მოვალეობას შემისრულებსო“. წამლების დალევა არ უყვარდა.
ამ ბინაში რაც ძალიან მოსწონდა, სამზარეულო იყო. დიდი, ნათელი სამზარეულო.
მაცივარი გააღო და მაშინ გაახსენდა, სულ თავისუფლად შეიძლებოდა ევახშმა კიდეც.
მერე რა, რომ ღამით ვახშმობა არ შეიძლება!
ქათამი შეწვა.
მაგიდა გააწყო.
ღვინო დაისხა.
„კახეთში ვახშმობისას ყველა სვამს, მადისათვის!...“
გაიმართლა თავი სამზარეულოს კედელზე დაკიდულ სარკეში.
-რა საკვირველია, შინაური ღვინო ჯობია, კახური, ქვევრის, მაგრამ ამასაც არა უშავს... მე გამიმარჯოს - თქვა და დალია - ყველაფერი კარგად იქნება. ლევანი რომ იყოს აქ, რაღაცაზე დავილაპარაკებდით.
ვახშმობისას მიხვდა,  ღვინომ იმოქმედა.
მეორე ჭიქა დაისხა.
- უფრო კარგად დამეძინება! - ისევ გაიმართლა თავი სამზარეულოს კედელზე დაკიდეულ სარკეში.
ვახშმობა გააგრძელა.
-თქვენ მართალი ბრძანდებით! - უთხრა თავის ორეულს სარკეში, არაფრით არ შეიძლება, ქართული წესის თანახმად, ნორმალურმა ადამიანმა მარტომ ივახშმოს, ან მარტომ დალიოს.
-რასაკვირველია, ისევ მართალი ბრძანდებით - ისევ უთხრა  ორეულს - ღვინო დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებაა, «Антидепрессант!»
მეორე ჭიქა ღვინის შემდეგ უკვე კარგ ხასიათზე დადგა.
-ახლა ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა!
ვახშმობა მოათავა.
მაგიდა აალაგა.
თეფშები გარეცხა.
და ისევ წამოწვა ტახტზე.
ღვინო მოეკიდა.
მაინც ვერ იძინებდა.
ვინმესთან დალაპარაკება ყვეყანას ერჩივნა, ვინმესთან, ვისთანაც რამე ექნებოდა სალაპარაკო...
„ოოო, კარგი რამ გამახსენდა... მოდი, ნიკუშას  წერილს მივწერ... როგორ გაუხარდება, რაც ჩამოვედი, სულ მინდა მივწერო და ვერ მოვახერხე...“
ისევ ადგა.
ფურცელი და კალამი მოძებნა. სამზარეულოში გავიდა, მაგიდას მიუჯდა და წერა დაიწყო.
მიხვდა, წერილის დასაწერად ის  ორი  ჭიქა ღვინო საკმარისი არ იყო... ბევრი ჰქონდა სათქმელი...

...  თვალები რომ გაახილა, ისე უცბად ამოტრიალდა ჭერი, თვალები ისევ დახუჭა და ძილი გააგრძელა. მხოლოდ იმის გაფიქრება მოასწრო „ნეტავ, რომელი საათიაო“
არ იცის, რამდენ ხანს ეძინა.
როცა გაიღვიძა, თავი სტკიოდა.
ვერ გაარკვია, თენდებოდა თუ ღამდებოდა. საათს შეხედა და მიხვდა, შუადღე იყო.
„ კარგად კი მეძინა!... საინტერესოა, გუშინ რომ არც არავინ დარეკა.. არც დღეს!“
ლოგინიდან ადგა.
სამზარეულოს იატაკზე ქაღალდების გროვა ეყარა.
მაგიდაზე ნიკუშასთან მიწერილი წერილი იდო გასაგზავნად გამზადებული.
გაეცინა.
იატაკიდან ქაღალდები აკრიფა.
სამზარეულო მიალაგა.
როცა შხაპი მიიღო, მაშინ გაახსენდა, ტელეფონი დაწოლისას გამორთო.
ტელეფონი ჩართო და ზარიც აწკრიალდა.
– გისმენთ!
–  გოგო, სად ხარ?!  ორი დღეა გირეკავთ. მოვედით, სახლში არა ხარ!... ახლა მილიციისთვის უნდა დაგვერეკა!... რა არ ვიფიქრეთ!...
რაა?!
ორი დღე?!
რა ორი დღე?!
ორი დღე როგორ დაიძინებდა!
„ღმერთო ჩემო!... ორი დღე!...“
კიდევ დიდხანს იყო გაკვირვებული.
         
– მათალი ხარ! – უთხრა თავის ორეულს სარკეში – ქალები ასე არ იქცევიან.
ჩაიცვა, სადღაც უნდა წასულიყო, თორემ მოკვდებოდა.
ნიკუშასთვის მიწერილი წერილი ჩანთაში ჩადო და კარი გაიხურა.
გვიანი ზაფხული და ადრეულო შემოდგომა  მოსკოვურ სიგრილეში  არეულიყო სასიამოვნოდ ...
„აქ რაღაც კაფეა!“
კაფეში შევიდა.
ასპირინი დალია.
ჩანთიდან ნიკუშასთვის მიწერილი წერილი ამოიღო.
„ნეტავ რა მივწერე?!“
კონვერტი გახია.
„კარგი დიდი წერილი კი გამომსვლია“, გაიფიქრა და გაეღიმა.
ოფიციანტმა ყავა და შემწვარი კარტოფილი მოიტანა. გაუღიმა და წავიდა.
„ასე ვერასდროს შევწვავ კარტოფილს, რამდენიც არ უნდა ვივარჯიშო“
წერილის კითხვა დაიწყო.
„ბატონო ნიკუშა,
არ მეგონა, წერილის წერა თუ გამიჭირდებოდა. უამრავი წერილი დავწერე და დავხიე. თითქოს იმას ვერ გწერთ, რისი მოწერაც მინდა.
არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ წერილის წაკითხვა, ალბათ, მაინცადამაინც დიდი შეწუხება არ უნდა იყოს. თქვენი დიდსულოვნების იმედი მაქვს,  არ დამძრახავთ, უბრალოდ, მინდა ვინმეს წერილი მივწერო, და ვის, თუ არა თქვენ?
ერთხელ ლევანმა მითხრა, „არ წახვიდე, თორემ ორ კვირაში ყველას დაავიწყდებიო“, მაშინ თქვენც ესწრებოდით ამ საუბარს, ალბათ, გახსოვთ.
მანდ რომ დავავიწყდებოდი, ფაქტია, მაგრამ აქაც რომ არავის ვჭირდები, საინტერესო ეს არის.
ამას წინათ მეტროში ვიღაც მივამსგავსე ლევანს, ლამის გამოვეკიდე და დავუძახე. კიდევ კარგი, იმ ვიღაცამ მოიხედა და დავინახე ლევანი არ იყო, თორემ შევრცხვებოდი.
თქვენთან ვამბობ, თორემ საერთოდ საკუთარ თავსაც არ ვუმხელ რომ წამოსვლას ვნანობ. ყველა თავისი საქმით იმდენად არის დაკავებული, დასალაპარაკებლადაც არავის სცალია. კიდეც რომ ეცალოთ, რა უნდა ელაპარაკო?!  რაც მე მაინტერესებს მაგათთვის უცხოა, რაც იმათ აინტერესებთ, ის ჩემთვის არის უცხო.
ვიდრე ირინა იყო აქ კიდევ არაუშავდა, სადღაც გავდიოდით ერთად. თეატრშიც ვიყავით. შექსპირი იდგმებოდა. უამრავი თეატრია და ყველგან იდგმება შექპირი. ადრე მეგონა, თეატრში ვინც დადის ყველას უყვართ–მეთქი თეატრი და შექსპირი. არც იფიქროთ. ხალხს დრო როცა აქვთ, ფიქრობენ სად წავიდნენ და მიდიან თეატრში, ისევე როგორც ჩვენთან. ეს არის და ეს.
ირინას აქ სასაცილო ამბავი დაემართა. დიდი იმედებით ჩამოვიდა. თავისი ნახელავი ფარდაგები ჩამოიტანა. თვითონ, შენც იცი, ЦДХ-ზე გამსვლელი არ იყო და გაზეთში გააკეთა განცხადება: «Хуложник-дизайнер предлогает  грузинский  «Пардаг». ვერაფრით  გავიხსენეთ ფარდაგი როგორ არის  რუსულად და გაზეთშიც პირდაპირ «Пардаг» დაწერა. დაურეკეს და რა უთხრეს იცით?!  «Девушка, не надо нам предлогать грузинский бардак, нам свой до горла!». ორი დღე ხელები უკანკალებდა ნერვიულობისაგან. მერე ვეღარ გაძლო და დაბრუნდა.
მეც მარტო დავრჩი.
ბატონო ნიკუშა, საშინელი ცხოველი ყოფილა მარტოობა. ადამიანმა თავისი ბოროტი ბუნების გამო ხომ ცხოველების უამრავი ჯიში  გაანადგურა.  აი მარტოობას ვერაფერიც მოუხრხა, მითუმეტეს დასაბამიდან ებრძვის. განსაკუთრებული ჯიშის ცხოველია, ვერსად გაექცევი, სადაც გინდა წახვიდე, ძაღლივით დაგდევს. თან რა სწრაფია, ყველგან გეწევა და ძვლებს გიღრღნის.
ურთიერთობების დიდი მოყვარული არასოდეს  ვყოფილვარ, მაგრამ მთლად მარტოობა საშინელებაა.
რამოდენიმე ხანს ცუდად ვიყავი. ქალი ვარ, ცილისწამების მეტი რა შემიძლია და სულ „რუსულ კლიმატს“ ვაბრალე ყველაფერი. საერთოდ კი უთქვენობა მაწუხებდა.
თუ გახსოვთ, ვამბობდი „დედამიწა წარმოუდგენლად პატარაა და საინტერესო მხატვრის გამოფენასავით ერთხელ დათვალიერება აუცილებელია“-მეთქი. ახლაც მაგ აზრზე ვარ, მაგრამ მტერმა იცხოვრა გალერეაში.
ორი სერიალისთვის ერთად გიყურებიათ?
არა?!
ბევრი დაგიკარგავთ.
აი, მე ორ და, ხანდახან, სამ სერიალსაც ვუყურებ ერთად.
როგორ?!
სულ უბრალოდ.
ერთი და იგივე დროს გადის რამოდენიმე სერიალი სხვადასხვა არხზე. ყველგან ერთი და იგივე სიუჟეტია და ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. დაიწყო რეკლამა პირველ ფილმზე არა?! გადავრთავ მეორეზე, დაიწყო კიდევ რეკლამა, გადავრთავ მესამეზე და ასე!  რაც მთავარია, სიუჟეტი არ აგერევა.
მერე, როცა სერიალები დამთავრდება, ვზივარ და ვაანალიზებ, როგორ შეუძლია ადამიანს ამდენი იდიოტობის მოგონება. თან საინტერესო რა არის, არ გაინტერესებთ?! სერიალებს ყველა ვლანძღავთ და მაინც ყველა ვუყურებთ. მერე უნდა განახა რუსი ბაბუშკები „ლავკაზე“ როგორ აანალიზებენ სერიალებში მომხდარ ამბებს. მოკლედ, ეგ საკითხი აქაც ისეა, როგორც მანდ იქნებოდა, შუქი რომ გქონდეთ. კიდევ კარგი,  არ გაქვთ. „ზოგი ჭირი მარგებელიაო“
ბატონო ნიკუშა, წერილის ბოლოს თარიღს რომ დახედავთ, ალბათ გაგახსენდებათ, დღეს ჩემი დაბადების დღეა.
დიახ!
დიდი მადლობა მოლოცვისათვის! გმადლობთ! თქვენც ასევე!...
ხოდა, ვიფიქრე ვინმეს ჩემიანს გავახსენდები და შემოივლის –მეთქი, ერთი თვით ადრე ორი ბოთლი შავი ღვინო ვიყიდე.
თქვენც არ მომიკვდეთ!
ის ღვინო ახლა გავხსენი და საკუთარ თავს მე თვითონ მივულოცე დაბადების დღე. ხანდახან მშურს საკუთარი თავის, ისე ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს ვიღებ. თქვენ წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, მე რომ მე არ ვიყო და ვიყო, დავუშვათ, ვინმე... ნათელა. ხომ დავრჩებოდი დაბადების დღის საზეიმო ცერემონიალის გარეშე?! დავრჩებოდი. ნათელა ამას ვერ მოიფიქრებდა.
არა უშავს, ბატონო ნიკუშა, მაგაზე როგორ დაგემდურებით, რომ არ მომილოცეთ. მანდ იმდენი პრობლემები გაქვთ, ჩემი დაბადების დღე კი არა, მე აღარ ვახსოვარ არავის. ამასწინად ნატოს დავურეკე, და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხმაზე ვერ მიცნო, ვიდრე არ ვუთხარი ვინც ვიყავი.
დარწმუნებული ვარ, თქვენ გახსოვართ!
ხომ გახსოვთ შარშანწინ ჩემს დაბადების დღეზე რამდენმა ვინმემ დამირეკა უნდა გამოვიდეთო.
არასდროს  დამავიწყდება, მეგობრების მიღების განწყობა არ მქონდა და სახლიდან გავიქეცი. მერე მე, თქვენ და ლევანმა ავღნიშნეთ ის დაბადების დღე. მაინც მომძებნეს და ზუსტად ერთი თვის თავზე ამაღნიშნინეს. თან, რა სიმღერით დამთავრდა ის დღე, ხომ გახსოვთ?
აქ ასე არ არის!
აქ დაბადების დღე ჩუმად უნდა აღნიშნო.
თორემ ათი საათის შემდეგ სიმღერა თუ დაიწყე,  მილიციას დაგაყენებენ  მეზობლები თავზე, „ნუ მღერით ქართველებო, რა გემღერებათო“
კიდევ კარგი მილიცია ყველგან ერთი ეროვნებაა, მისცემ ფულს და წავა, მაგრამ სიმღეით კი ვეღარ იმღერებ!
თავიდან ჩვენებს ძალიან უკვირდათ „რატომ, ბატონო მილიცია, ცუდად ვმღერით ქართველები? ბოლოსდაბოლოს გაზმანოვს ამღერებთ კრემლში და ჩვენ სახლში ვიმღეროთ, რა მოხდებაო?“, მაგრამ მერე გაჩუმდნენ.
ასეა ბატონო ნიკუშა, საქმე!...
ისე, საინტერესო რა არის, იცით?! აი, რაც მანდ არ მომწონდა, აქ ყველაფერი მენატრება, თორემ რა მედაბადებისდღევება, თუ ღმერთი გწამთ?!  ახალ წლებზე და დაბადების დღეებზე საცივი ყელში რომ მქონდა ამოსული და დედაჩემს ვებუზღუნებოდი, ერთი ახალი წელი მაღირსე, ამ საცივის გარეშემეთქი, აქ ვცდილობ გავიხსენო, ზუსტად როგორ აკეთებდა, იქნება და მეც გამომივიდეს–მეთქი, ისე გემრიელი. მაგრამ რად გინდა?! საცივი აქ „Куриный суп“ არის „с орехами“ და ჩვენი ძვირფასი მჭადი “кукурузные лепёшки”. გაგისკდება გული ადამიანს, აბა რა იქნება?! ... „
აქ ოფიციანტმა ლიას წერილის კითხვა შეაწყვეტინა:
-კიდევ ხომ არ ინებებთ რამეს?! - ჰკითხა ღიმილით.
-თუ შეიძლება მინერალური წყალი.
ლიამ ოფიციანტს შეხედა.
ლამაზი ახალგაზრდა ქალი იყო, სმისაგან ოდნავ შეშუპებული ქუთუთოებით.
„კიდევ ხომ არ ინებებთ რამეს?!“ ის შეკთხვაა, რომელიც გეუბნება „კაფეში თუ არაფერი საქმე გაქვს, წერილი სახლში წაიკითხეო“.
ოფიციანტმა მინერალური წყალი მიართვა.
„ისე სწრაფად მომიტანა შეკვეთა, ეტყობა, ახალია“, გაიფიქრა ლიამ. მინერალური წყალი დალია, წერილი ჩანთაში ჩაიდო და კაფედან გავიდა. დიდხანს იხეტიალა ქუჩაში. უნდოდა, წერილი ბოლომდე წაეკითხა და ისეთ ადგილს ეძებდა, სადაც ამას მშვიდად გააკეთებდა.  რუსული „სიგრილე“ იდგა. ერთ ღიმილს ვერ ნახავდი. ისევ კაფეში შევიდა, მხოლოდ, სხვა კაფეში. აქ დიდხანს ყოფნა შეიძლებოდა ერთი ჭიქა ყავის დასალევად. „თავიდანვე აქ უნდა შემოვსულიყავიო“ ,ინანა, თავიდანვე  რომ არ გაახსენდა.
„წარმოიდგინეთ, ბევრი ისევ სტალინს მისტირის „აი ახლა არის სტალინი საჭირო!“ გაიგებ ხშირად. სტალინი მაშინ არ იყო საჭირო, როცა იყო და ახლა რად უნდათ, ვერ გავიგე... მონური ფსიქოლოგია აქვთ, მბრძანებელი სჭირდებათ. შიში მართავს რუსეთს და შეჩვეულები არიან.
გამოთქმა „ძაღლური ცხოვრება“ აქ პირობითია. ზოგ ძაღლს აქ ისეთი ცხოვრება აქვს, შენატრებ.
საუზმე, სადილი და ვახშამი რომ საათობრივად აქვთ, და საკუთარ ხალიჩაზე ნებივრობენ, მაგაზე აღარ ვლაპარაკობ, ძაღლების ფსიქოლოგები და სექსოლოგები ყავთ, თერაპევტები და, მე მგონი, კბილის ექიმებიც...
... ვაჭარბებ ახლა, კბილის ექიმებზე და სექსოლოგებზე.
ჩემი დაბადების დღეზე რატომ მახსენდება ძაღლები, არ ვიცი.
ამას წინათ არბატზე ვიყავი, ძალიან სიმპატიური მაიმუნი გავიცანი, ფოტოგრაფთან ერთად იყო გამოსული. სურათი გადავიღე, ფოტოგრაფთან კი არა, მაიმუნთან ერთად. ცხოვრებაში იმდენ მაიმუნთან მაქვს სურათი გადაღებული, ამ ერთ ფოტოსაც აიტანს ჩემი ფოტოალბომი. მაგრამ მეორე დღეს სურათი რომ გამოვიტანე, ვინანე, ფოტოგრაფი მეუბნება, ნახეთ, რა ლამაზი ხართო. (ხომ წარმოგიდგენიათ ?!)
ისე, კაცმა რომ თქვას, ის მაიმუნიც სიმპათიური იყო, თან ძააალიან სერიოზული.,,
... ბატონო ნიკუშ, როგორ ძლებთ უჩვენოდ?  ყველა აქეთ–იქით დავიფანტეთ, ლევანიც წავიდა, ნატოც, მაიაც, ჩამოსვლა რომ გინდოდეს ადამიანს, შეიძლება ერთი მეგობარიც კი არ დაგხვდეს მანდ და ისევე მარტო იყო, როგორც აქ ხარ. ვერ გაძლებენ, მე მიჭირს გაძლება, ძალიან მომენატრეთ.
აქ ცა  დაბალია, „ხრუშოვკის“ დაბალჭერიანი ბინასავით.
ზამთარში, მითუმეტეს, თორმეტ საათზე თენდება და ოთხ საათზე ბინდდება უკვე.
აუცილებლად ჩამოვალ, ბატონო ნიკუშ, აქ ვეღარ გავძლებ. ჩემი მწვანე ბალახი მომენატრა, ჩვენი ლურჯი ცა, ჩვენი მოიასამნისფერო ღრუბელი. მერე რა, რომ ახლა,  ჩემები მანდაღარ არიან, ჩამოვლენ, სად წავლენ ?!
ამხელა წერილი მოგწერეთ და არც კი მიკითხია, თქვენ როგორ ხართ. არ გაგიკვირდეთ და არც დამძრახოთ, რაკი მანდ ხართ, მგონია, კარგად იქნებით, დალაპარაკება მაინც შეგიძლიათ ვინმესთან.

პატივისცემით, ლია.
27 აგვისტო, 2000წ.  „

„უჰ! რამდენი დამიწერა“  გაიფიქრა ლიამ და სკამიდან ადგა. გარეთ გამოვიდა. ფოსტა იქვე იყო, ახლოს.  გასეირნება შეიძლებოდა.
ფოსტაში კონვერტი მოითხოვა. წერილი ჩადო, ნიკუშას მისამართი დააწერა. „ბატონ ნიკუშას, საკუთარ ხელზე“ განსაკუთრებით ლამაზად დაწერა.  მარკა დააკრა, დააზღვია, წერილი ჩააბარა, ფულიც გადაიხადა და გადაწყვიტა, მაღაზიები შემოევლო, იქნებ რამე ეყიდა თავისთვის. ამ საკითხში ფრანგებს ეთანხმებოდა „ქალმა თვეში ერთხელ რაღაც უნდა იყიდოს თავისთვის, განწყობა მუდმივად ამაღლებული რომ ჰქონდესო“.
სახლში საღამოს გვიან დაბრუნდა და ნიკუშაზე დაიწყო ფიქრი.
ნიკუშა, ლევანის თუთიყუშს ერქვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები