ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინინინი123
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2013


ხმა სიკვდილის

უკვე რამდენიმე დღეა გაფუჭებული რადიოს ხრიწინი ჩამესმის ყურში. მართალია, რადიო არ გაფუჭებულა , მაგრამ ჩემს თავში სრული წესრიგი ნამდვილად არაა. ვხვდები, რაღაცას უნდა ნიშნავდეს ეს გაბმული წუილი, რომელიც ხანდახან შიშინს ემსგავსება.ვფიქრობდი, მალე გამივლის, ახლა გამივლის, აი ახლა თქო , მაგრამ ისე უსასრულოდ გაგრძელდა, გაგიჟების პირას მივედი. არ მიყვარს წამლები და მეშინია ექიმების. კი , ნამდვილად დიდი ბიჭი ვარ და ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მე ბავშვობიდან მეშინია მათი. ამიტომ არავის ვეუბნებოდი ჩემი უჩვეულო ხმაურის შესახებ. თუმცა ვეღარ ავიტანე ეს ჯოჯოხეთური შეგრძნება და ახლა უკვე ექიმის ზარს ველოდებით, რომ გამოკვლევის პასუხები გვითხრას.
ტელეფონით ვერაფერი გვითხრეს და საავადმყოფოში დაგვიბარეს. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.
საავადმყოფო. სა ავად მყოფო. თეთრი კედლები, თეთრი ხალათები, და აგერ უკვე თეთრი სახეები. ხმა ტირილის,ქვითინის,ოხვრის, კარის მოჯახუნების. გამოვარდი, წამოვედი. ეს გამიზნული ქმედება არ იყო. ალბათ უფრო ბუნებრივი ინსტიქტი. ინსტიქტი გავქცეოდი ამ უაზროებას, არ მომესმინა ეს დამამშვიდებელი თუ დამამწუხრებელი სიტყვები. ისე მივრბოდი, თითქოს ვერ ვამჩნევდი ვერც ხალხს და ვერც მანქანებს.
ქუჩა. ათხრილი ტროტუარები, ნახევრად დამჭკნარი ბუჩქები და ბუჩქებში შემალული ნაგავი. ხმა მანქანების, ხალხის,ჩხუბის, გინების, ფუსფუსის, მოძრაობის. ხმა ხმაურის. გავჩერდი და ჩემს გარშემო თითქოს ყველაფერი დატრიალდა, არც თუ ისე მკაფიო გამოსახულება, და აქა იქ ყვითელ–მწვანე ლაქები. ალბათ შეშლილს ვგავარ, რატომ მიყურებენ ასეთი თვალებით. მივბარბაცდი და რკინებ აცლილ, გაძარცვულ სკამზე ჩამოვჯექი. ასე ვიჯექი რამდენიმე საათი..
სახლში შევედი. შიშის მომგვრელად დუმდა ყველაფერი. სიღრმისკენ მივდივარ და ნელნელა იმატებს ტირილის ხმა. არა აქ რა მინდა. მიმართულება შევიცვალე, ჩემს ოთახში შევედი.
ჩემი ოთახი. ნახევრად გაღებული ფანჯარა, პატარა სივრცე, როკ ვარსკვლავების პლაკატებითა და ორიოდე დისკით. იძულებით დაკიდული წიგნის თაროთი და ტანსაცმლის კარადით, ჩემი კომპიუტერით, ჩემი ნივთებით. ჩემი ოთახი–ჩემი სამყარო.
დავწექი . ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თავით შევცურე ზღვაში და ნელ–ნელა ჩავდივარ ფსკერისკენ.მივდივარ კიდევ უფრო ღრმად, მაგრამ ვერ ვაღწევ ფსკერამდე. ახლა ზემოთ ამოსვლა ვცადე.ავდივარ , ავდივარ ,თუმცა ვერც წყლის ზედაპირს მივაგენი, სუნთქვა მეკვრის, ვიგუდები, ვიგუდები. თვალები გავახილე.
ჩემი ფიქრები. შავ–თეთრი, არეული, გადარეული. ჩემი გონება ჩაკეტილი, ჩარაზული. სურვილი გაურკვეველი. ხმა შიშინის და ხრიწინის.ხმა გაფუჭების. ხმა სიკვდილის.
ყველა ადამიანს თავისი მისია აკისრია. როცა მას შეასრულებენ, მერე ღმერთს თავისთან მიჰყავს ისინი. ამიტომაა რომ ზოგი ადრე მიდის, ზოგი კი გვიან. ეს ხომ ფაქტია, რომ ყველაფერი უფლის ნებით ხდება. უბრალოდ ის მაინტერესებს, მე რა მისია მქონდა. მე რა გავაკეთე ასე ადრე რომ მივყავარ ღმერთს. ეს როგორ უნდა გავიგო? მთელი ჩემი ცხოვრება თვალწინ დამიდგა, ვცდილობ დავადგინო როგორ ვიცხოვრე.
ჩემი ცხოვრება.ლამაზი ბავშვობით , ცელქობით, ოინებით. ბრაზით და ნერვიულობით. არშიყობით, სიყვარულით, ბლატაობით, ჩხუბით, ცემით. ჩემი ცხოვრება შენით. შენი ლურჯი თვალებით, წითელი ტუჩებით, შენი სურნელოვანი თმებით. ჩემი ცხოვრება შენზე ფიქრებით, სევდით. შენ რომ შემოხვედი ჩემში, მაშინ გავიზარდე. იმ დღიდან დიდი კაცი ვარ და იმ დღიდან შენს სიყვარულს ვატარებ გულით.
ჩემი ცხოვრება შენით. მღელვარებით , ნერვიულობით, სევდით, მოწონებით, სიყვარულით, სიყვარულით, სიყვარულით.. შენი დანახვით, გაღიმებით, შეხებით, კოცნით, ჟრუანტელით, ბაგა–ბუგით. ჩემი ცხოვრება შენით.
ალბათ ეს იყო ჩემი ამ ქვეყნად მოვლენის მიზეზი. იმიტომ რომ ახლა მარტო შენ გგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს ,თითქოს მარტო შენ გამაჩნიხარ, მარტო შენ მყავხარ. სხვას ვერავის და ვერაფერს ვგრძნობ.
ცხოვრებაში პირველად წავიქეცი. წავიქეცი და ვეღარ ავდექი. ისე გადის დღეები ვერაფერს ვგრძნობ. ერთმა დღემ დამასნეულა. ერთ დღეში ჩავვარდი ლოგინად, ერთ დღეში ჩავწექი. ეს ალბათ რეაქცია იყო. აქამდე მხოლოდ ხრიწინი მაწუხებდა, ახლა ფეხზე ვეღარ ვდგები,და ეს ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალა. ესაა ალბათ პანიკა. ხალხი შემოდის და გადის,მოდის და მიდის. მე უკვე ავადმყოფი ვარ, და ავადმყოფს მონახულება სჭირდება. ჩემთვის ძვირფასი ხალხი ჩემს გვერდითაა. თუმცა ვერ ვამჩნევ მათ . შეიძლება შენც აქ ხარ , ჩემო კარგო, მაგრამ ვერ გხედავ. მარტო ფიქრები მაქვს. მარტო მათ ვხედავ და მათ ვუსმენ. ჩემი ფიქრები შენით. ვიხსენებ შენს ღრმა თვალებს და თითქოს შიგ ვიძირები. ვიხსენებ დღეებს, როცა ერთად ვიყავით. ფიქრები შენით. ვებღაუჭები მათ.
ხმაური. ხმა ტირილის არა, სევდის. ხმა ოხვრის არა, უბედურების. ჩემი ფიქრები. შავ–თეთრი, არეული, გადარეული. ჩემი გონება ჩაკეტილი, ჩარაზული. სურვილი გაურკვეველი. ხმა შიშინის და ხრიწინის.ხმა გაფუჭების. ხმა სიკვდილის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები