| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 6 სექტემბერი, 2013 |
დასასრული
10. გაუჩინარებული ხაფანგი, ანუ საოჯახო ალბომი. სადაც გახსნილი საცავის ფონზე საგულისხმო ოჯახურ დეტალებსაც გაეცნობით.
ამ გაყვითლებულ ფოტოებს ანდეს მიძინებულთა განცდათა რიგი და სახლის უკვე გარდასულ ლანდებს განაცოცხლებდა ალბუმი იგი..
ზ. ნარიძის ლექსიდან
იმ დღესაც ჩვეულებრივად გათენდა თარხნიშვილების ოჯახში. მარიკამ სუფრა გაშალა. ბექა ჩვეულებრივ სიგარეტის რიტუალით იწყებდა. -ეს რა პური გიყიდია,- აიმრიზა ბექა, -ხომ იცი, ეგეთი არ მევასება! -რა მექნა, სხვანაირი არ ჰქონდათ. ის კი არა, ეგეც უფასოდ წამოვიღე. -უფასოდ თუ ნისიად? -ნისიად. რა მნიშვნელობა აქვს? -უფასოდ მხოლოდ ყველია, ისიც - ხაფანგში. მართლა ხაფანგზე გამახსენდა,- თქვა უცებ მარიკამ. -გახსოვს ჩვენს ძველ განჯინაში თაგვი რომ გაჩნდა და ხაფანგი რომ დააგე. -ეგ როდის იყო, არც მახსოვს. მერე და რა? -მეც გუშინ გამახსენდა, ვნახე და არც ხაფანგია და არც ყველი. -როგორ თუ არ არის, გამაგიჟებ შენ? -მართლა გეუბნები, თუ გინდა შეამოწმე. ბექა განჯინასთან მივიდა და გამოაღო. -ნაღდად თაგვმა გაათრია. -იმხელა ხაფანგი, არ არსებობს. -შენ რა გგონია, თუ კუდზე დაეცა, ან სადმე, მსუბუქად, ათრევენ ხოლმე.ოხერია ფიცხელა! -ფიცხელა ვინ არის? -კაი ტიპია, ვაჟას „სათაგური” არ გისწავლია? -არა. მე მგონი, მოზარდში მაქვს ნანახი. მაგრამ იმ ფიცხელას სად უნდა შეეთრია? -ნახე, აქ რამხელა ღრუ ყოფილა. ეტყობა, შპალიერით იყო დაფარული და თაგვებმა გახიეს. აუ, ჩემი! მოიცა, მოიცა, ეს ფუღუროს არ ჰგავს, უფრო სხვა რამე უნდა იყოს. -რა სხვა რამე? -შენადა, ჩემი ანკესი სად არი? -მე რა ვიცი, ვიღაცას არ ათხოვე ამასწინათ. ანკესი რად გინდა, ტბასაც ხომ არ მიაგენი? -და ჩვენი დროშა? -ეხლა არ მითხრა, აქციას ვატარებო. -სად არის-მეთქი?- რაღაც აზრით ანთებული ბექა პასუხს არ დაელოდა და კარადის უკნიდან თავად გამოაძვრინა გრძელტარიანი დროშა, ტარი გამოაძრო და სამალავში შეყო. ტარი საკმაოდ ღრმად შევიდა. -აზრზე ხარ, ე!- თქვა ბექამ, თან მეორე ხელით აბლაბუდებს ებრძოდა.ცოტა ხანში რაღაც საგანი გამოათრია, საგანგებოდ შეფუთული აბრეშუმის ლურჯ ნაჭერში და აბრეშუმისვე ძაფით შეკრული. -ეგ რა არის, ბექ? -ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვი, მაგრამ მე მგონი საიდუმლო სამალავს კი მივაგენით. -აუ ,რა მაგარია, გაგიჟდებიან გოგოები! -მოიცა, ეგ რა შუაშია ? ბექამ ხელის კანკალით შემოაცალა ჩვარი. სინათლის შუქზე სარკის დაორთქლილმა შუშამ გაიელვა. ეს იყო აღმოსავლური ორნამენტებით ინკრუსტირებული სარკე, რომელსაც ფარშევანგის თავის ოვალური ფორმა ჰქონდა. ტარად ფარშევანგისვე ფერადი კუდი, რომელიც არაბუნებრივად ბზინავდა.კარგა ხანი გაოგნებულები დაჰყურებდნენ. ბოლოს მარიკა ფრთხილად შეეხო უცნაურ მონაპოვარს. -რა მაგარია, არა,ბექ! ნაღდად დიდედას ნაქონი უნდა იყოს. -დიდედა ვინ არი? -ბებიას ასე ვეძახდით, თითონ ასე მოსწონდა. ფავლენიშვილის ქალი იყო, მაგარი ფრონცქი, ყოფილი გიმნაზისტკა. -აბა მაგარი ანტიკვარების მოყვარულიც იქნებოდა. -მარიამმა იცოდა ანტიკვარული ნივთების ფასი, მინდა გითხრა. მახსოვს, როგორ უვლიდა ძველ, ურჩხულებიან სავარცხელს, ანგელოზებით შემკულ საათს. მაგრამ ეს სარკე ნამდვილად არ მახსენდება. -ესე იგი, რაღაც განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა. -რატომღაც ბავშვებს ამ საგნებს გვარიდებდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ უცხოური საგნების შენახვა მაგათ დროს ციხეს ნიშნავდა. მაშინდელი შიში სიკვდილამდე გაჰყვა. -ბაბუაშენს არ ეშინოდა? -რამდენჯერ უნდა გითხრა, პაპა ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა-თქო. ლაიფციგის საინჟინრო უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. აღმოსავლური მისტიკით ყოფილა გატაცებული. ზაჰესის მშენებლობაში მონაწილეობდა. მერე ყველა მშენებელი დააპატიმრეს თურმე, პაპასაც მოაკითხეს დასაჭერად. -მერე დაიჭირეს? -საქმეც ის არის, რომ ვერ დაიჭირეს. -დავიჯერო, კაგებეს ეგ გაუჭირდა? -ვერ გეტყვი რამდენად კვალიფიციურად ირჯებოდნენ, მაგრამ გამიგია ჩეკისტები კუდამოძუებულნი ბრუნდებოდნენ უკან. მინდა გითხრა. -რაღაც არ მახსენდება შენ ეგ ჩემთვის გეამბა აქამდე. -ამაზე ლაპარაკი ჩვენს ოჯახში მიღებული არ იყო. ბექას ეს ოჯახური ისტორიები ნაკლებად აინტერესებდა, მის საოჯახო ემიგრანტობას რომ უსვამდა ხაზს, ალბათ იმიტომ.
11. გაუგებარი რემონტი, სადაც თქვენს მოსალოდნელ კითხვებს ვერ ვუპასუხებ.
ყოველი რემონტი ისევე აღადგენს ჩვენს შეგრძნებებს, როგორც ახალი ცოლი.
ფრთიანი გამოთქმა
მარიკას აგიჟებდა ქმრის არაადექვატური რეაქციები, როგორც თავად ფიქრობდა. აი ახლაც იმის ნაცვლად, რომ მიმდგარ-მომდგარიყო, ვიღაცები ჩაერია საქმეში, რემონტი წამოიწყო. ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულმა ბექამ ორი ცელოფანის პარკი შემოათრია და ხვნეშით დადო დერეფანში. მარიკას, რომელიც ამ გაუგებარი ჟესტის ახსნას მოელოდა, სახეზე კითხვა გამოეხატა. -რას მიყურებ, ? -შენ რა, ბაზარში გამოიარე? -არა, რა ბაზარი, ცემენტი და ქვიშაა. -ცემენტი და ქვიშა?- პირი ღია დარჩა მარიკას. -ხო, რა გაიკვირვე, რამდენი ხანია, რემონტის გაკეთება გვინდოდა. - -მერე ეგ რას უნდა ეყოს? -ყველაფერს ერთად ხომ არ გავაკეთებთ, ნელ-ნელა დავიწყოთ და ვნახოთ, თანდათან გამოჩნდება. მარიკას რაღაც ჭკუაში არ დაუჯდა ეს წამოწყება. -მერედა, ვინ უნდა გაგვიკეთოს ეს რემონტი? -კაი, რა, ამომასუნთქე, რას დამაყარე კითხვები. ვინ გააკეYთებს და მე. გამიგია, საკუთარ სახლში თავად პატრონებიც აკეთებენ რემონტებს. არ მითხრა, არ გამიგიაო. -გამიგია, მაგრამ შენისთანა პეწენიკისგან არა. ბექა არ შეპასუხებია, რაც მარიკას კიდევ ერთ უცნაურობად მოეჩვენა. მეორე დღეს ბექა ადრე დაბრუნდა სამსახურიდან და ხელაკაპიწებული შეუდგა საქმეს. ოღონდ მაინცდამაინც სამზარეულოში და მაინცდამაინც იატაკით დაიწყო. -ბექ, კი მარა ,ეს ვითომ ყველაზე საჩქარო წერტილია? -მაცალე, რა! ხო ხედავ, რა დღეში ვარ. -ვხედავ, მაგრამ, იქნებ ჩემთვისაც გეკითხა. -შენადა, არ გინდა რომ ანუკისთან გაიარო? -აჰა, თავიდან მიშორებ, არა! -თუ მოხმარება არ შეგიძლია, მომასვენე მაინც. -ძალიან კარგი!- გული მოუვიდა მარიკას. მაშინვე გადაიცვა და სახლიდან გავიდა. თუმცა გზაში ინანა. ისე გამოვიდა, რომ ქმრის წისქვილზე დაასხა წყალი. საბედნიეროდ ეს გატაცება ბექას დიდხანს არ გაჰყოლია, როგორც მარიკა შიშობდა. თუმცა რატომღაც მაინცდამაინც მაშინ მუშაობდა, როცა ცოლი იქ არ იყო.შესაძლოა, ასე მარიკას ეჩვენებოდა. სამზარეულოს კი ბევრი არაფერი დასტყობია რემონტისა, მხოლოდ ოდესღაც აყრილი პარკეტი მოჩანდა უფრო გაპრიალებული. მაგრამ ყოველივე საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაქალებთან მარიკას ქმარზე ღადაობის წრე კიდევ ერთი თემით გაზრდილიყო. უცნაური ის იყო, რომ ბექა ცოლის ამ გამოწვევებს ყურს უყრუებდა.
12. საბედისწერო მისია. სადაც გელით მთავარი მინიშნება.
ამაოებას ემსგავსება ყოველი ცდა, როცა ბედისწერის მშვილდი მოზიდულია.
უცნობი არაბული მანუსკრიფტიდან
ხელის თითები სწრაფად, საქმიანად მოძრაობდნენ. მიზანსწრაფულად , განწირული თავგამოდებით ფათურობდნენ ბნელში.რეზინის თხელი ფენით შემოსილი თითები ოფლს დაეცვარა. მიზანი თანდათან უფრო შორეული და საბედისწეროდ მიუღწეველი ჩანდა. მისი მიზანი შედარებით მცირე და კონკრეტული იყო, მათი დიდი და ბუნდოვანი.ამდენად საშიშიც თავისი ბუნდოვანებით. მაგრამ სხვა გზა არ იყო.სული ეხუთებოდა. დაწოლილს უჭირდა მოძრაობა. მტვერი სულს უხუთავდა. მაგრამ დავალება უნდა შესრულებულიყო, ეს კანონი, უფრო ზუსტად, სასიცოცხლო პირობა იყო. ისინი ჩავარდნას არ აპატიებდნენ. მათი ყოვლისშემძლე ხელი ყველგან მისწვდებოდა. -ბექა, გესმის რა დღეში არიან ვირთხები სხვენზე?- მარიკა საწოლზე წამომჯდარიყო და მლოცველივით ჭერს მიშტერებოდა. -რა ვირთხები, არ გამაგიჟო. -ეხლა არ მითხრა, არაფერი მესმისო. -შენ მგონი , უკვე ნევროზული მოლანდებები დაგეწყო. სულ ვირთხები და ვირთხები გელანდება. -ნუ იცი რა ყველაფრის გატრიზავება! - სხვათაშორის, ვირთხები ცარიელ ადგილას არ ჩნდებიან. დაიძინე,რა! -შენ ხომ ძილის მეტი არაფერი გახსოვს!- ეს ქალის ყველაზე ულმობელი ბრალდება იყო, რომელსაც კრიტიკულ მომენტებში იყენებდა. ბექამ წაუყრუა.
13. ძარცვა. სადაც კიდევ ერთი მინიშნება იქნება.
ძარცვა- სხვისი ქონების ძალადობრივი გზით მითვისება.
იურიდიული ლექსიკონი
ნელა აუყვა კიბეს. კარის წინ დაგებული ფეხის საწმენდიდან , რომელიც შეთავსებით სამალავის ფუნქციასაც ასრულებდა, გასაღები გამოაძვრინა და ის იყო, ჭრილისთვის უნდა მოერგო, რომ კარი თავისით შეიღო."ნუთუ დაკეტვა დამავიწყდაო"- გაიფიქრა, რადგან ეს ყველაზე მარტივი ახსნა იყო. მაგრამ ოთახის თვალის ერთი მოვლებითაც ჩანდა, რომ იქ ვიღაც ყოფილიყო. პირველი, რაც მარიკამ გააკეთა, გარდირობის კარი გამოაღო და თეთრეულის ქვეშ შეაცურა ხელი, სადაც სამკაულის ზარდახშას ინახავდა.სამკაულები ადგილზე აღმოჩნდა. დედის გამოგზავნილი ორასი ევროც ადგილზე იყო. ბოლოს წაქცეულ სკამებს გადააბიჯა და ტრილიაჟის ქვედა უჯრა გამოაღო. როცა სანუკვარ საგანს ვერ მიაგნო, უჯრა მთლიანად გამოაძრო და ისე დაუწყო ძებნა, მაგრამ იქ აშკარად არაფერი იყო. მარიკა გაოგნდა, არ იცოდა რა მოემოქმედა.ასეთ შემთხვევებში , მღელვარებისას მისი პირობითი რეფლექსი მობილურის უაზრო წვალება იყო, ამჯერად უკვე- აზრიანი. -ბექა,- ჩასძახა მან რაც შეიძლებოდა შეშფოთებული ხმით, -სადა ხარ?სასწრაფოდ უნდა მოხვიდე... საქმე მოიცდის... ასე ტელეფონში ვერ გეტყვი, სერიოზული საქმეა... ვერ გეტყვი-მეთქი, არ გესმის? მოკლედ მგონი გაგვძარცვეს... როგორ და ისე. უცებ მოვარდნილი ბექა მარიკასდა გასაოცრად, წაქცეულ სკამებს, იატაკზე მიმობნეულ წიგნებს და აწეწილ ლოგინს კი არ მივარდნია, სამზარეულოში შევარდა. მთლად დაბნეული მარიკაც უკან მიჰყვა. მაგრამ ბექას კარის ჩაკეტვა მოესწრო. მარიკა გაწიწმატდა, მაგრამ მიხვდა, პანიკის აწევის დრო არ იყო. მალე სახეაწითლებული ბექა ამაყად გამოჩნდა ღია კარში. ხელში შავ ცელოფანში გახვეული რაღაც ეჭირა. მარიკა მიხვდა, ეს სარკე იყო, რომელსაც ამაოდ ეძებდა გარდირობის სამალავში. -აჰა!- თქვა ბექამ ერთდროულად გამარჯვებულისა და შეშფოთებული იერით, -ესე იგი, ჩემი ვერსია გამართლდა. -რა ვერსია, ბექ? - ისინი ამას ეძებდნენ. ესე იგი, სწორად მოვიქეცი... -ვინ ისინი? -ეგ ნამდვილად არ ვიცი. -კი მაგრამ, აქ რა უნდა ამას, ნუთუ ქურდებმა გადამალეს? -მათ რო ენახათ, ისე გადამალავდნენ, საეჭვოა ვინმეს მიეგნო. -ესე იგი, შენ შეუცვალე ადგილი. მერედა მე რატომ არ მითხარი? -კაი, რა, კონსპირაციას თავისი წესები აქვს. -აჰა, აი თურმე რას მოასწავებდა შენი თათარიახნი რემონტი! ტყუილად არ მეუბნებოდა ნუცა, მანდ რაღაც სხვა ამბავიაო. -და ანუკი? -რა ანუკი? -ანუკი რაღას გეუბნებოდა? -რა მაინტერესებს იცი,- სხვა ღარში მიუშვა საუბარი მარიკამ, -საიდან იცოდნენ ჩვენთან რომ იყო? ბექამ გამომცდელად შეხედა. -კაი, რა, ეგრე ნუ მიყურებ. შენს თავს გეფიცები, მეთუ ვინმესთვის მეთქვას!
14. ვერ შემდგარი გატაცება. სადაც მოწმე გახდებით წარუმატებელი (საკითხავია ვისთვის) საიდუმლო ოპერაციისა.
ხანჯარს მაიქნევს უშიშა იღბალს მიანდობს ლაშარსა. სიკვდილი თავად მასძებნის თავისავ ლუკმას- ლაჩარსა.
ხალხური
უცნაური განცდა დასჩემდა ბოლო დროს. სულ ეჩვენებოდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა.უფრო მეტიც, ეს „ვიღაც” სულ კუდში დასდევდა და აყურადებდა. ეს განცდა განსაკუთრებით მაშინ უმძაფრდებოდა, როცა მარტო იყო ქუჩაში. იმ დღესაც გვიან მოუხდა ბექას სახლში დაბრუნება მორიგი ტუსოვკიდან.ბინდდებოდა. ზუბალაშვილზე რომ აუხვია, შეამჩნია, როგორ მიჰყვა კვალში შავი, მინებდაბურული აუდი. ეს უკვე აღარ ჰგავდა აკვიატებას. ბექას არ მოუხედავს, ფრთხილად, დაძაბული სიმშვიდით განაგრძო გზა, თან მანქანის ხმას აყურადებდა. ძრავის ხმა შესუსტდა, შეიძლება სულაც გამორთეს. ბექას ტვინი ექსტრემალურ რეჟიმში მუშაობდა. საფიქრებელი იყო, რომ მისი მანქანაში ჩატენვა სურდათ. გული თითქოს ყურებში ჩასახლებოდა. უცბად გაიაზრა , სულ ახლოს, მარცხნივ ძველი, ჩაშავებული ჭიშკარი ეგულებოდა. ეს ეზო კარგად იცოდა ბექამ, ბევრჯერ ყოფილა იქ, მალიარი ვალერას ლუდის კამპანიებში. იცოდა ამ ეზოს უკანა გასასვლელიც ჰქონდა. თან იმის იმედიც ჰქონდა, ეზოში ვერ შემოჰყვებოდნენ. ტანმა უგრძნო უკან ვიღაც, თუ ვიღაცები მოსდევდნენ. სწრაფად ეცა რკინის კარს და შევარდა.ბნელოდა, ეზოში არავინ ჩანდა. ბექამ იგრძნო , როგორ მიჰყვა ლანდი. თავი მოაბრუნა, კედელზე აწოწილ ჩრდილს არაფერი უჩანდა ხელში. „იარაღი არა აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ხელში,- გაიფიქრა ბექამ, -ეტყობა, ჩემი შეპყრობა უნდათ!. რაღაც პატარა, გაურკვეველ ნაგებობას შემოუარა და კედელს აეკრა. აქედან თვალთვალიც შეეძლო. შეამჩნია, ორნი იყვნენ, სხვადასხვა მიმართულებით იყურებოდნენ.„ხომ არ მეყვირაო!- ის იყო გაიფიქრა, რომ მიხვდა,მისი სამალავი შეემჩნიათ. სიბნელეში რაღაც არმატურის ნაჭერს წამოედო, დასწვდადა მოიმარჯვა.ლანდები სადღაც გაქრნენ.ის იყო თავი სამშვიდობოზე დაიგულა, რომ ერთერთი მათგანი სრულიად მოულოდნელად მეორე მხრიდან მიეპარა. ბექა მიხვდა, შეცდომა დაუშვა, უკანა მხარე უსაფრთხოდ რომ დაიგულა. არმატურიანი ხელი გაურკვეველი მიმართულებით მოიქნია. ლანდმა უკან დაიხია. ბექამ ამით ისარგებლა და უკანასკნელი იმედის- მეორე გასასვლელისკენ გადახტა.ხმაურით, წიხლით შეანგრია ხის ძველი კარი. ხმაურზე ვიღაცამ გამოსძახა სახლიდან. სინათლე აანთეს. ეს შუქი ხსნის მაცნედ აენთო. მდევარი ამდენ რისკზე არ წავიდოდა. სავარაუდოდ წინა შესასვლელისკენ დაიხევდნენ. ბექა ვიწრო ქუჩაში გამოვიდა, სხეული უცახცახებდა. შიში ახლაღა გააცნობიერა. იქაურობა მოათვალიერა. ფიქრები ისე ბზრიალებდნენ მის თავში, როგორც ციფრები დენის მრიცხველში. რა იყო ეს, მოჩვენება, უნებლიე შეცდომა თუ შეპყრობის ცდა? რა კავშირი ჰქონდა ამ დევნას ძარცვის მცდელობასთან? რა უნდოდათ მისგან?ეს კითხვები უტრიალებდა გახურებულ თავში, თუმცა პასუხი ვერ მოეძებნა.
15. შავი ღილის ქარაგმა. სადაც გელით სისხლი და გვამი.
ადამიანი კლავს, რადგან ეს არის მისი გადარჩენის გზა. პირველი, ვინც ადამიანმა სასიკვდილოდ გაიმეტა, მისივე ძმა იყო.
თხზულებიდან „ჰომო მილიტარის”
დილით, სახლიდან გამოსულმა ბექამ ქუჩაში, ეზოს წინ შეკრებილი მეზობლების შეშფოთებული სახეები შენიშნა. ისინი რაღაცას მისჩერებოდნენ. ახლოს მისულმა პატრულის სამიოდ თანამშრომელი გაარჩია ,რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანას შემორტყმოდნენ და ხალხს უკანდახევას სთხოვდნენ. ბექამ ასტყიკა ტოტას- მათ ქვემოთ მცხოვრებ ენამრავალ ქალს მიმართა, რომელიც აშკარად მსმენელს ეძებდა: -ასტყიკა ბაბო, რა ხდება? -ე, ბექაჯან, ამხელა ქალი ვარ და ჩვენ Qქუჩაზე ეგეთი რამეს არ მახსომს. -რა მოხდა? -დილას მაწონზე გამოვედი, ხო იცი, ჩემი სილვას ბავშვი სხვას არა სჭამს. ერთიც ვნახოთ, ანიჩკა მეუბნება, ანიჩკა, ჩვენი ვალოდასი, რა...- შორიდან დაიწყო მსმენელის გამოჭერით გახარებულმა ქალმა. -ნახე ვიღაც მთვრალი აგდია ქუჩაშიო. ახლოს მივედით, რა მთვრალი, რის მთვრალი, კვდარი კაცი არა წევს. პირიდან სისხლი აქს გადმოსული, სულ შემხმარი, ეტყობა ღამე მოკლეს თუ შაიძლება მანდ დააგდეს. ჩემმა მზემ, კინაღამ გავგიჟდი. დავლენიამ ასოთხმოცი გამიხდა. მეთქვი, ემსააჩი პატრულს დავურეკოთ-მეთქვი.აბა მაბილნი ჩვენ არცერთს არა გვაქ. ვხედამ, აისორის პავლიკა მორბის, იმასაც დაუნახნია. ვეუბნები, თუ ბიჭო, დაურეკე პატრულს, ვინ იცის ვინ არის-მეთქვი.- პირაქაფებული ასტყიკა კიდევ დიდხანს აპირებდა ნებაყოფლობით ჩვენების მიცემას. ბექა ჩამოშორდა და მოკლულთან ახლოს მისვლა სცადა, მაგრამ ამაოდ. ორი სანიტარი გვამს მანქანაში დებდა. ბექამ თვალი მოჰკრა გარდაცვლილის შავ ლაბადას, რომლის საყელო სისხლით მოსვრილიყო.რატომღაც საყელოზე აწყვეტილი ღილი დაამახსოვრდა.უფრო ქვემოთ შავი, ფართო ღილი მოჩანდა მხოლოდ. სასწრაფო დაიძრა. ბექა მძიმე განწყობით დაუყვა ქუჩას. რაღაც ფორიაქს გრძნობდა. ეს არ იყო სხვისი სიკვდილით გამოწვეული აფორიაქება.ეს ღილი უცნაურად აეკვიატა თავისი უმწეობით. უცბათ გონება გაუნათდა, ეს ზუსტად ისეთივე ღილი იყო, სარდაფის კიბეზე რომ აღმოაჩინა. გამოდიოდა, რომ ამ ლაბადის პატრონი მათ სარდაფს სტუმრებია. იქნებ ეს კაცი და ის მოთვალთვალე ერთიდაიგივე ტიპი იყო. მერედა, ვის უნდა მოეკლა, ან რატომ? ვის აინტერესებდა ასე საბედისწეროდ მათი სარდაფი, რა ვერ შეძლო ამ ტიპმა ან რატომ მოიშორეს? ბექას პასუხგაუცემელი კითხვები კლავდა.ისედაც ახლართული გორგალი კიდევ უფრო აბურდულიყო.
16. საიდუმლო მანუსკრიფტი. სადაც საქმის კვალი იკვეთება.
მაგიური ძალა აქვთ სიტყვებს, ისინი სულში გიძვრებიან, გზას გიჩვენებენ, გაჯადოებენ. ძველი სკანდინავური სწავლება
ბოლო დროს მარიკამ შენიშნა, რომ ბექა რაღაც საეჭვოდ ირჯებოდა. ოთახიდან საათობით არ გამოდიოდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, რაღაც ქაღალდებში იქექებოდა. იმისი მუდმივი შიში, რომ არაფერი გამოეპარებინათ, მარიკას არ ასვენებდა, თავმოყვარეობა კი ნებას არ აძლევდა რამე ეკითხა.იყო ასე მდუმარედ და იბოღმებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, როცა მოთმინების მდინარემ ნაპირები გადალახა, მოულოდნელად თავზე წაადგა ქაღალდებში ჩაფლულ ქმარს. ბექამ ფაციფუცით მიმალა ფურცელი და ცოლს დაბნეულმა ამოხედა. -ხომ არ გეჩვენება, რომ ძალიან უცნაურად იქცევი ამ ბოლო დროს?- რაც შეეძლო სერიოზული დატვირთვა მისცა სიტყვებს მარიკამ. -ბატონო?!- გულუბრყვილო ტონით იკითხა ბექამ. ასე მაშინ იცოდა, როცა ირონიის მოძალებას გრძნობდა. -შენ რა, სატრფოს საიდუმლო ბარათებს მალავ , თუ რა ხდება? -როგორ გითხრა,- დაიბნა ბექა, -არც მთლად უმაგისობაა. -რაა?- გაწიწმატდა მარიკა. -არა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ... საიდუმლო ბარათის ნაწილში სწორი ხარ, მაგრამ სატრფო არაფერშუაშია. -ხო, არა! კიდევ კარგი. მე მგონი, ნორმალურ ოჯახში დაფარული არაფერი უნდა იყოს. შენ როგორ ფიქრობ? -რა საინტერესოა, მეც ზუსტად ეგრე ვფიქრობ, მაგრამ არ მინდა იმაზე ვისაუბრო წინასწარ, რაც მე თვითონ ვერ გამირკვევია.- ბექამ დათმო. ინციატივა მარიკას ხელში გადავიდა. -და იქნებ ერთად უკეთ გაგვერკვია, ამაზე არ გიფიქრია , ჰა?- მარიკამ თვალები მიწკურა და ტუჩები გამომწვევად გამობზიკა. -როგორ არა, ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი შენს შემოსვლამდე, უბრალოდ დამასწარი. =-ხო, არა.- მარიკა ქმრის კაპიტულაციის მისაღებად მოემზადა. ბექამ საწერი მაგიდის უჯრიდან უცნაური ფურცელი ამოიღო. მარიკას მოეჩვენა, რომ ეს ფურცელი სადღაც უკვე ენახა. -ეგ რა არი, ბექ?- დატკბა ქალი. -ქალბატონო, მარიამ, იქნებ გაგეხსენებინათ თქვენი ვიზიტი ჯურღმულში! -კაი, რა. არ მითხრა ეხლა, ეგ ის ფურცელიაო, სარდაფში რომ ვიპოვეთ. -დიახ, თქვენი მიხვედრილობა არ გატყუებთ.- ბექა რატომღაც თეატრალურ ტონს არ სტოვებდა. -მერედა რა აღმოაჩინე, მითხარი ჩქარა! -ნუ იჩქარებთ, აჩქარებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიღოს. -კაი, რა, ნუ მაიმუნობ, ხომ იცი, მოთმენა არ შემიძლია! -აი,შეხედე. ტექსტი მარჯვნიდან მარცხნივაა დაწერილი. -და შენ საიდან იცი?-ჩვევას არ უღალატა მარიკამ. -ჩემი მცირე გამოცდილება არაბულში ამის საშუალებას მაძლევს.მაგრამ ეს ჩვეულებრივი ლოცვის ტექსტია. ამან დამაეჭვა. ვის სჭირდებოდა ლოცვები. ერთი თვე ვსწავლობდი ტექსტოლოგიის კანონებს, დაშიფრვის წესებს. არაბული მანუსკრიფტების თავისებურებებს. -აა, ამიტომ დარბოდი თემურასთან ინსტიტუტში წარამარა? -მაცალე! მივხვდი, რომ ეს საიდუმლო ინსტრუქცია უნდა ყოფილიყო. საჭირო იყო გასაღების პოვნა. წავიკითხე უკუღმა- მარცხნიდან მარჯვნივ, ზევიდან ქვევით და როცა იმედი გადამიწყდა, მაშინ მივხვდი ჭეშმარიტ გზას.- ბექა დადუმდა. -ანუ... ამოღერღე ჩქარა, ნუ გამაგიჟე! - თუ ტექსტს დიაგონალზე წავიკითხავთ მარჯვნიდან მარცხნივ,- და ბექამ თითი გააყოლა ფურცელს მეტი დამაჯერებლობისათვის, -მაშინ გამოდის სიტყვები: "თასლიმ ალ მაყათ" -მერედა ეს რას ნიშნავს? -ეს ნიშნავს- გადმოაბრუნე სარკე. არ გამაგიჟო, ჩვენს სარკეზეა საუბარი, აუ, რა მაგარია! ეხლაც არ დაიჯერებენ გოგოები? ბექა დაიხარა, საწერი მაგიდის ქვედა უჯრიდან სარკე გამოაძვრინა და საქმიანად განაგრძო: -საერთოდ სარკე ყველაზე იდუმალი რამაა საოჯახო საგნებს შორის. როგორ გგონია, რატომ ითვლება სარკის დამსხვრევა უბედურებად? -მე რა ვიცი. -სარკეში მარტო ჩვენი სილუეტი არ აისახება, მინდა გითხრა. ის ჩვენს აურასაც იმახსოვრებს, ყოველ განწყობას აფიქსირებს. ოჯახში უარყოფითი განწყობით მოსული ადამიანის სტუმრობაც ცვლილებას იწვევს, თუ სარკეში დაფიქსირდა.ამიტომ არ შეიძლება მისი გატეხვა, რადგან განწყობათა ბალანსი ირღვევა. -და ეს ყველაფერი შენ იცოდი და მე მიმალავდი?- მადლიერებაშეპარული კმაყოფილებით იკითხა მარიკამ. -მოიცა, ეს ყველაფერი არ არის. დიდხანს ვფიქრობდი, რას უნდა ნიშნავდეს ეს ისრის მაგვარი ნიშანი. ასეთი ასო ან სასვენი ნიშანი არ არსებობს. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ უბრალოდ მიმართულებას უნდა განსაზღვრავდეს. თუ ამ ისარს მივყვებით, ხედავ პატარა განკვეთის ნიშანს,- ბექამ თითი გააყოლა, - კუთხეში, არშიაზე თითქოსდა გაკრულად წერია: წინა სიტყვა არ იკითხება"ყასმაჰა ქულ შაიყ ალრამად". (...ყველაფერი იქცევა ფერფლად). -და ეს რაღას უნდა ნიშნავდეს? -წარმოდგენა არა მაქვს. -ჩემი ჭკვიანი პუარო!- მარიკა საწერი მაგიდის კუთხეზე შემოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და კაბა ზემოდ დემონსტრაციულად აქაჩა. იცოდა, როგორ აღიზიანებდა მის ქმარს ფეხის სწორედ ეს მონაკვეთი- მუხლიდან უღელტეხილამდე. ეს მადლიერებისა და შერიგების გამოხატულება იყო.მერე სარკეს დასწვდა და გადააბრუნა. უცნაურად გრეხილ ხაზებში რაღაც ნიშნები ჩანდა. -ახლა რა უნდა ვქნათ? -არ ვიცი, მე ის გითხარი, რაც გავარკვიე. ამის იქით ჩემი ცოდნა ვერ მიდის. ბექამ სარკე თავისკენ მიაჩოჩა და სიგარეტს მოუკიდა. მარიკას გაახსენდა, რომ ასე იქცეოდნენ დეტექტივები ფილმებში გადამწყვეტ მომენტში.
17. იდუმალი სტუმარი. სადაც ბევრი რამ ირკვევა და ყველაფერი იკარგება.
„ყველაფერი იქცევა ფერფლად”.
ამავე თავიდან
ბექა ღრმა ნაფაზებს არტყამდა თან მზერას ცოლის ფეხებისკენ აპარებდა. მოულოდნელად სიგარეტის ფერფლი გადმობრუნებულ სარკეს დაეცა. სარკე თითქოს ცოცხალივით შეტოკდა. მარიკამ მექანიკურად ხელი დასტაცა და გულზე მიიხუტა. უცებ დაიგრგვინა. გრგვინვას რაღაც სიგარეტის ბოლის მსგავსი ნისლი მოჰყვა. ნისლი ნელ-ნელა გაიცრიცა და უცნაური არსება გამოიკვეთა, რომელიც ასე წააგავდა ბავშვობაში ნანახ მულტფილმების პერსონაჟს. ვიდრე ცოლქმარი გონზე მოვიდოდა, უცნაურმა არსებამ რაღაც მოუქნელი რევერანსის მაგვარი გააკეთა და თავად ამეტყველდა: გისმენთ და გემსახურებით! -ვაიმე, ბექა,რა ხდება, ეს ვინ არის? -მოვედი თქვენი ბრძანების შესასრულებლად.- თავაზიანად განმარტა სტუმარმა. -მერე და ვინ გთხოვათ, ძალიან მაინტერესებს?- შიში თანდათან დაძლია მარიკამ, თან სარკეს ხელს არ უშვებდა. -განა თქვენ არ მიხმეთ ამ წუთას. მე ხომ ამას დიდიხანი ველი. ბევრი წელი გაილია მოლოდინში. -და რა გრჯიდათ, არ მესმის.- გაწიწმატდა მარიკა. -ეს ჩემი ვალდებულებაა, ხანუმ, მბრძანებლის წინაშე. ოდესღაც ამ სახლის ბინადართათვის ბევრი სამსახური გამიწევია. დამიცავს ისინი ხელჯოხიანების ტყვეობისგან.!. -მერე და ვინ არის თქვენი მბრძანებელი? -ის, ვინც ჯადოსნურ ნივთს ფლობს. მე ვიცი კაცი, მის ხელში ჩასაგდებად არაფერს რომ დაიშურებს, არც ჯადოს გამოყენებას და არც თავისი ხალხის გაქრობას. -აზრზე ხარ, რა პონტი გაეძრო.- ჩაერია ბექა. -არ გვინდა რა ეს უფასო რეკლამა. ვერ ვიტან ამ შავ მაგიას და ბოშების ღადაობას. ეხლავე მოიხადეთ ბოდიში! როგორ შეიძლება სხვის სახლში ასე გაუფრთხილებლად შეჭრა. გსმენიათ რამე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე? ბექა შეეცადა სიტუაცია განემუხტა, გამოცდილებით იცოდა მისი ცოლის ამგვარი გააქტიურება კარგად არ დამთავრდებოდა. -აცალე რა კაცს თავისი საქმის გაკეთება. -მაპატიეთ ხანუმ, თუ ცუდად ვერკვევი თქვენს წესებში, ჩემი საქმე მორჩილება და ლოდინია. ჩემი მორჩილება მტკიცეა, მოლოდინი- სასტიკი. -ა, ეს თქვენ ღმუოდით ღამღამობით? -ღამე ჩემი სარბიელია. მარიკა წინასწარ ტკბებოდა იმ წუთის წარმოდგენით,, თუ როგორ უამბობდა ხვალ დაქალებს ამ ამბავს და ცდილობდა ორიგინალური მოეფიქრებინა რამე: -ეხლავე დასტოვეთ აქაურობა, არავის ჭირდება თქვენი გოიმური სერვისი! -GGგისმენთ და გემსახურებით! ისევ ისე დაიგრგვინა, როგორც მის გამოჩენაზე. შემცბარი ბექა უცებ წამოხტა: -მოიცა, მოიცაე, აზრზე ხარ, რა ჰქენი!- უკვე გვიან იყო, უცნაური სტუმარი სამუდამოდ გაუჩინარებულიყო.სარკეც სადღაც გამქრალიყო. მხოლოდ ფერფლის ნაკვალევი მოჩანდა მარიკას კაბის კალთაზე. -"ქულ შაიყ ალრამად"- ჩაილაპარაკა ბექამ.
18. სამი ტანჯული სულის არაკი
ბაღდადის გარეუბანში, ერთი დანგრეული, მიტოვებული სასახლის ნანგრევებიდან, მთვარიან ღამეებში უცნაური კვნესა ისმოდა. ამ ადგილს ყველა ერიდებოდა, განსაკუთრებით ღამით.ეს იყო სავანე სამი დაკარგული სულისა. ისინი მთვარის აღვსების დღეს ყვებოდნენ თავიანთ ასავალ-დასავალს. პირველმა სულმა თქვა: ვაგლახ! სხეული, რომელშიც მე ვემკვიდრე, მიწიერი ცოდვებით იყო სავსე. არ იყო ცოდვა, მას რომ არ ეტვირთა ან არ განეზრახა. არც ნამაზს ასრულებდა და არც აიების კითხვით იწუხებდა თავს; არც ღატაკთ განიკითხავდა და არც ღვინოს ერიდებოდა. ბოლოს ფრანგული სენი შეეყარა და ზეზეულად დაიწყო ლპობა. მაშინ ალაჰმა ტანჯვა მოუვლინა- განძარცვა ჩემგან, ისე, რომ მისი სხეული მიწისთვის არ მიუბარებია. დაეხეტება ახლა ის სულის გარეშე უსაფლაოდ და უღმერთოდ. მე კი ვიტანჯები, როგორც გარდაუცვლელი სხეულის დაკარგული სული! მეორე სულმა თქვა: ვაგლახ! მე მდინარის სული ვიყავი ოდესღაც. ამაყად მივაგორებდი ჩემს ზვირთებს. მრისხანე და გოროზი ვიყავი. ერთხელ ავდარში, ლაშქრიდან მობრუნებულმა ძლევამოსილმა ფადიშაჰმა ინება ჩემი გადალახვა მცირე რაზმით. განვრისხდი, ავი ნიშანი მივეცი. გაკერპდა ფადიშაჰი, არ დაიშალა. თავისი არაბული ქარფეხა ულაყი ტალღებში შეაგდო. მეც ავიყალყე.მოკლედ, ფადიშაჰი ძლივს გადაარჩინეს მხლებლებმა. ორი დღის შემდეგ ნაპირზე გავრიყე მისი ულაყის გაბერილი ლეში. ამ ცხენზე პატრონი ჭკუას ჰკარგავდა. ფადიშაჰმა თავის კაცებს უბრძანა მთებში მდინარის სათავე მოეშალათ, გადაკეტეს ყველა წყარო თუ პატარა შენაკადი, რუც კი. მალე მდინარემ მომაკვდავივით დაიწყო ხრიალი ქვებზე და ბაყაყების გუბეებად იქცა. მე კი დავეხეტები-უმდინარო მდინარის სული. მესამე სულმა თქვა: ვაგლახ! მე ოდესღაც ჯინი მერქვა. ჩემი ძალა ჯადოსნურ სარკეში იყო, რომლის მფლობელ ერთ მართლმორწმუნე მუსლიმს ვემსახურებოდი. ეს სარკე ცილობისა და სისხლისღვრის საგანი იყო. მას ხან დიდებულები იგდებდნენ ხელთ, ხან ავაზაკები, ხანაც შემთხვევითი ადამიანები. ლაშქრებიც გამინადგურებია, ტევრებიც მიშენებია და ჩემი ბატონებიც დამიცავს ბოროტ მტერთაგან. ბოლოს ეს სარკე ერთ ურჯულო ხათუნს ჩაუვარდა ხელთ. მან უმეცრებითა თუ ბოროტგანზრახვით სამუდამოდ ამაღებინა ხელი ჩემს სამსახურზე. საგანი, რომელშიც ჩემი ძალა იყო დაუნჯებული, განადგურდა. დავძრწი ახლა ასე მიუსაფარი და უსარგებლო!
ათასერთი ღამე
2012-2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ეს ჯინიანი ფანტასმაგორიაც შესანიშნავი იყო, ბავშვობაში რომ გატაცებით ვკითხულობდი, ზუსტად ისე წამეკითხა!
ეს ჯინიანი ფანტასმაგორიაც შესანიშნავი იყო, ბავშვობაში რომ გატაცებით ვკითხულობდი, ზუსტად ისე წამეკითხა!
3. არაჩვეულებრივია :) არაჩვეულებრივია :)
2. თუმცა ამ გასაიდუმლოებული სარკის ამბავს, ზედმიწევნით კარგი დასასრულ ჰქონდა...რეალობასთან მიბმული...:) კითხულობ მისტიურ ამბებს და კითხვისას რეალობის შეგრძნება არ გეკარგება მკითხველს... უდავოდ კარგი ავტორი...:-* თუმცა ამ გასაიდუმლოებული სარკის ამბავს, ზედმიწევნით კარგი დასასრულ ჰქონდა...რეალობასთან მიბმული...:) კითხულობ მისტიურ ამბებს და კითხვისას რეალობის შეგრძნება არ გეკარგება მკითხველს... უდავოდ კარგი ავტორი...:-*
1. ეს უკვე წაკითხული მაქვს... კომენტარიც მახსოვს...:) შეეძლო ავტორს "ათას ერთი ღამის " მსგავსად აეკინძა სარკეში დანახული ამბები...:) თუკი მოინდომებდა...:-* მე სიამოვნებით წვიკითხავდი, რადგან ძალიან მიყვარს ეს ავტორი, თავისი მრავალფეროვანი პროზით და ყოველთვის ველოდები, ახალს როდის დადებს რამეს...:-* 555 ეს უკვე წაკითხული მაქვს... კომენტარიც მახსოვს...:) შეეძლო ავტორს "ათას ერთი ღამის " მსგავსად აეკინძა სარკეში დანახული ამბები...:) თუკი მოინდომებდა...:-* მე სიამოვნებით წვიკითხავდი, რადგან ძალიან მიყვარს ეს ავტორი, თავისი მრავალფეროვანი პროზით და ყოველთვის ველოდები, ახალს როდის დადებს რამეს...:-* 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|