ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2013


ღვინობისთვე

ყოველ ღვინობისთვეს
გავცოცხლდები მკვდარი,_
ყურძნის მტევნებს შუბლზე
რომ მოვწმინდო ცვარი!

შემოვირბენ ვენახს,
როგორც ნიავ-ქარი;
გადავკოცნი მტევანს,
გადამკოცნის ზვარი.

მერე ღვინობისთვე,
ღვინის მადლით მთვრალი,
ჩამომისხავს რითმებს,
საწნახელში მდგარი.

ტკბილ ბადაგით სავსე
თიხაძერწილ თასით,
ვადღეგრძელებ, ავწევ,
სულმოუთქმლად დავცლი!

შევიმშრალებ მაჯით,
როგორც ბალღი_ ბაგეს,
ზენას შევთხოვ აჯით
ქვეყნად სიბადაგეს!

სამრეკლოში სულის
მსურს ჩამოვკრა ზარი,
რომ სიკვდილ-სიცოცხლის
არ არსებობს ზღვარი!

წელიწადში ერთხელ
კვლავ აღვდგები მკვდარი,
რომ ერთხელაც მოვკვდე
ღვინობისთვით მთვრალი!

წელიწადის თვეთა
დავესწრები ნადიმს,
ყოველი თვე თვრება,
ღვინობისთვის მადლით.

წელიწადში ერთხელ,
არც ადრე, არც გვიან,
ჩემს ლოთ ძმაკაც ერთ თვეს
ღვინობისთვე ჰქვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები