 | ავტორი: ბექზა ჟანრი: პოეზია 4 სექტემბერი, 2013 |
#1
ხასიათის პატრონი გავხდი - ძალზედ უჟმურის, რაც დრო გადის (მით უფრო), ყურს არავის ვუგდებ; გულში ვყურყუმელაობ, ზარის ხმა მდის წურწურით... ხასიათის პატრონი გავხდი - ძალზედ უჟმურის: მზის დღესასწაულზეც რომ ისევ მთვარეს ვუყმუი; ზანტი მოსიყვარულე; მეგობარი - მრუდე. ხასიათის პატრონი გავხდი - ძალზედ უჟმურის, რაც დრო გადის (მით უფრო), ყურს არავის ვუგდებ...
#2
თუმცა ის არ იფიქრო - შენს ტკივილს რომ ვიყრუებ (შენც კი, ჩემო ძვირფასო, ვერაფრით გცემ ნუგეშს...), როცა ბოლთას სცემ ჩემს გულს, როგორც ფანჯრის რიკულებს. თუმცა ის არ იფიქრო - შენს ტკივილს რომ ვიყრუებ: მე, ყოველთვის დავრჩები შენი მესაიდუმლე! - მეგობარი - მუდო და მეგობარი - მრუდე... თუმცა ის არ იფიქრო - შენს ტკივილს რომ ვიყრუებ (მესმის, ჩემო ძვირფასო), როცა ვერ გცემ ნუგეშს...
#3
ჰოდა, რა პატრონობა?.. ხასიათის? – ღმერთმანი... რაც დრო გადის (მით უფრო) გულს ვერავის ვუღებ. დღიდან დღემდე დავათრევ: ღელვას, სევდას – ერთნაირს, თუმცა რა პატრონობა?.. ხასიათის? – ღმერთმანი... გულში ვყურყუმელაობ, სისხლადაც კი, სევდა მდის: რა უჟმური ძმა გერგო – მეგობარი მრუდე. ჰოდა რა პატრონობა?.. ხასიათის? – ღმერთმანი... რაც დრო გადის (მით უფრო) გულს ვერავის ვუღებ.
#4
შენ კი, ჩემო ძვირფასო, ასე ნუღარ ინაღვლებ, – იშვიათად (არცთუ), ლექსებში ხომ გიხსენებ? მერე რა რომ ლექსებსაც სულ აკლიათ სიმაღლე?.. შენ კი, ჩემო ძვირფასო, ასე ნუღარ ინაღვლებ, იცოდე რომ ჩემს გულში, მარად დაგაბინავე! ვარ მუდო ძმა, შენი და უჟმური ისევე... შენ კი, ჩემო ძვირფასო, ასე ნუღარ ინაღვლებ, – იშვიათად (არცთუ), ლექსებში ხომ გიხსენებ?...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|