ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახელი
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2013


კახეთის აჯანყება (ადაპტირებული ტექსტი)

თავი IV
მეორე დღეს საღამოხანს დავითი თავის მცირე არმიასთან ერთად ახმეტაში მთავარ ჯარს შეუერთდა. ქართველ რჩეულ ვაჟკაცთა შემხედვარე ყველაზე მშიშარა ლაჩარიც კი, რომელსაც გულში პატრიოტობის რაიმე ნატამალი მაინც შერჩენილი ჰქონდა, ხელში ფარ-ხმალს აიღებდა და თათრების ბატონობას წინ აღუდგებოდა. მეთაურებმა ჯარი სამ ნაწილად დაყვეს: თუშ-ფშავ-ხევსურთა არმია ბახტრიონის ციხისკენ დაიძრა, ქართლ-კახელთა ჯარის ნახევარი ალავერდისკენ, ხოლო მეორე ნახევარი მცირე არმიებად დაიყო და სოფლების განსათავისუფლებლად დაიძრა. თავდასხმა შუაღამისას, მტრისთვის მოულოდნელად დაიწყო. ქართველებმა ორივე ციხეში გამაგრებული თურქმანები სასტიკად დაამარცხეს, გადაწვეს დამპყრობელთა დასახლებები. გაცოფებულმა ალი-ყული-ხანმა მთელს კახეთში თათრების დიდძალი ჯარი შეკრიბა და აჯანყებულთა შესაჩერებლად გაგზავნა. დავითი და ლევანი შუაგულ ქარ-ცეცხლში იბრძოდნენ, ყველას აკვირვებდა მათი ვაჟკაცობა, მოყვარე მხნევდებოდა და მტერს შიშის ზარი ეცემოდა, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო სისხლსა და ოფლს არ ზოგავდნენ, გმირებს ხმლებიც კი ვერ უძლებდათ. მოულოდნელად ლევანს ზურგში მომხდურად ისარი გაარტყეს, დავითმა დაჭრილი აზნაური ზურგზე მოიგდო და ბრძოლის ველიდან გაყვანა სცადა.
-დამსვი, მე აღარაფერი მეშველება და შეც თავს დაიღუპავ. - ძლივს ამბობდა ლევანი.
-რას ბრძანებთ, აქედან უნდა გაგიყვანოთ.
-ვცდებოდი შვილო, მაპატიე, შენ ჩემი შვილის ღირსი ხარ. ვერავინ, ვერავინ გაუწევს ჩემს ქეთევანს ისეთ ქმრობას, როგორც შენ. - ბოლო სიტყვები ამოიხვნეშა ლევანმა.
დავითს ჭრილობამ თავი უხსენა, მარცხენა ფეხის  გადადგმა ვეღარ შესძლო და ძირს დავარდა. ლევანს ჯაჭვის პერანგში ხელი მოჰკიდა და იქვე ერთ დიდ ლოდთან მიაჩოჩა, თვითონ კი გვერდით მიუჯდა. ჭრილობიდან სისხლი სდიოდა, ხელით მთელი ძალით აწვებოდა, მაგრამ ამაოდ. ერთ მიწაზე დაიღვარა დავითისა და ლევანის სისხლი, ერთი ქვა ედოთ მათ გვამებს თავთან.
აჯანყებულთა ბრძოლა წარმატებით დამთავრდა, ქართველთა ჯარს დღითიდღე ემატებოდნენ გაგულადებული მეომრები, რამდენიმე კვირაში მთელი კახეთი თათრებისგან გაიწმინდა, ერი გადაჯიშებას გადაურჩა, კვლავ აღდგა მონასტრებში წირვა-ლოცვა, სამრეკლოებში სიხარულის ზარს რეკდნენ, ალავერდი დაუბრუნდა თავის ღვთიურ დანიშნულებას. კახეთი საუკუნეების განმავლობაში არ ყოფილა ასეთი ერთიანი და ბედნიერი. თუმცა ყოველ სიხარულს ტრაგედიაც თან სდევს ხოლმე, შახ-აბას II-მ ქართველებს წერილი გამოუგზავნა, სადაც იტყობინებოდა, რომ კახეთის აჯანყების გმირებს: ბიძინა ჩოლოყაშვილს, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებს თავისთან უხმობდა, თითქოსდა დიდი პატივის მისაგებად. ყველამ იცოდა შაჰის ნამდვილი განზრახვა, მაგრამ ომის გმირები სიკვდილსაც გმირულად თავისი ფეხით ეახლნენ. აბას II-მ მათ გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარის მიღების შემდეგ, გმირები თურქმანთა ტომების მიერ წამებით დახოცა. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.
რაც შეეხება ქეთევანს, მან ვერ შესძლო დავითისთვის მიცემული პირობის აღსრულება, ბევრი ხელის მთხოვნელი ჰყავდა, მაგრამ ყველა უარით გამოისტუმრა, მისი გული კვლავ დაღუპულ გმირთან რჩებოდა. ერთი წლის შემდეგ იგი შუამთის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და მთელი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა.
ხალხი ამბობს, რომ იმ ლოდის გვერდით, მიწაზე, სადაც გმირთა სისხლი დაიღვარა, ერთი უცნაური ხე ამოვიდა, რომელიც სისხლივით წითელ ნაყოფს იბამდა. კაცი, რომელიც ამ ნაყოფს მოსწყვეტდა და შეჭამდა დავითისა და ლევანის ძალას მიიღებდა, მათსავით ვაჟკაცი და პატრიოტი გახდებოდა, ბრძოლებში თავს გამოიჩენდა. მაგრამ ამ ნაყოფის ჭამას ბევრი ვერ ბედავდა, გმირებს ხომ სიკვდილიც ადრეულად ეწვევათ.

დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები