 | ავტორი: ყარიბი ჟანრი: თარგმანი 20 ოქტომბერი, 2013 |
ღამე ნათელი. ყინვა და ქარი. თოვლი ალისფერ- ალმოდებული, ათასი გმირი ხელში მახვილით იქ უსაფლავოდ ველზე მძინარე, ღიად შთენილი მკაცრი თვალებით, ათასი გმირი გარინდებული, ზემოდან გუნდი შავი ყორნების დასტრიალებს და დასჩხავის არეს.
ირგვლივ იღვრება მკრთალი სხივები შორეული და ცივი მთვარისა. ჰა, ჰიალმარმა წამოიწია მკვდართა სისხლიან გორაკებიდან. ორივე ხელით ეყრდნობა ნატეხს ომში დამსხვრეულ სატევარისა და მოჩქეფს სისხლი, ვით ნაკადული, გადაჩეხილი მისი მხრებიდან.
-ჰეი, ნეტავი, ამდენ ვაჟკაცში ერთი მათგანი თუ სუნთქავს ახლა, დილით რომ იყვნენ მხიარულები, ბორგავდნენ რიხით და თავაშვებით, რომ იცინოდნენ და თან მთელი ხმით ბრძოლის სიმღერას მღეროდნენ ლაღად, ისე, ვით ტევრში არაკრაკებენ უდარდელ ჰანგებს ანცი შაშვები?
დამუნჯდა ყველა. დალეწილია ჩემი აბჯარი და მუზარადი. დაცვივდა ყველა ლურსმანი ჩუგლუგს, ნაგვემ- დამსხვრეულს ცხარე ბრძოლისას და მეშრიტება სისხლით თვალები და თან ჩურჩული მესმის მარადი, ვით ზღვის ღმუილი გაშმაგებული ანდა ყმუილი მგელთა ხროვისა.
კაციჭამია, მხნეო ყორანო, არ დააყოვნო, მოფრინდი ჩემთან! გამიხსენ მკერდი რკინის ნისკარტით, როგორც გჩვევია ომების ავსულს. ჩვენ აქ ვიქნებით ხვალეც და მერეც, დახოცილნი და მიყრილნი ერთად. ეს ჩემი გული, ასე მხურვალე, გასწი, მიართვი ილმერის ასულს.
იუპსალაში, იქ, სადაც წყურვილს იკლავენ ლუდით დამათრობელით, მღერიან ლაღად და ოქროს ტოლჩებს უჭახუნებენ ერთმანეთს რიხით. შენ იქ იპოვი საცოლეს ჩემსას, ბოლო სამსახურს შენგან მოველი_ მიართვი ჩემი გული მხურვალე. ფრთა გაშალე და გაფრინდი იქით!
იქ, კოშკის თავზე, სადაც ყვავები, დაბუდებულან მოსულნი ყოვლით, შენ მას იხილავ თეთრს და შავთმიანს, მდგარს და მაცქერალს განმარტოებით. ყურებზე ნაზად ჩამოქნილებზე, მას ვერცხლის ორი ჰკიდია რგოლი და აქვს თვალები ნათელი, ვიდრე მნათობი ლამაზ საღამოების.
მაშ, გასწი მისკენ, პირქუშო მაცნევ, უთხარ, რომ მიყვარს ტრფობით ძლიერით, ჰა, ჩემი გული! იგი მას იცნობს, უდრეკს, ვნებით რომ გიზგიზებს წითლად, თვით სიკვდილმაც რომ ვერ აათრთოლა, რომ ვერ უცვალა ძველი იერი და საფასურად ამ ძვირფას ძღვენის შენ გაგიღიმებს ასული ტკბილად.
ვკვდები და ღია ჭრილობებიდან აწ ჩემი სული გაედინება, მაშ, შესვით, მგლებო, სისხლი წითელი, შეურყვნელია,მე ვარ თავდები, მხნეს, ჭაბუკს, მცინარს და თავისუფალს არ დაუკარგავს ჟინი და ვნება, მე კი მზის წიაღ, მარად ნათელში, ჩემს ღმერთებს შორის დავბინავდები.
თარგმანი ბადრი თევზაძისა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. 1-2 სარითმო წყვილი არ მომეწონა, სხვა მხრივ კარგია. დასაფასებელია მთარგმნელის შრომა! წარმატებები მას :) 1-2 სარითმო წყვილი არ მომეწონა, სხვა მხრივ კარგია. დასაფასებელია მთარგმნელის შრომა! წარმატებები მას :)
2. ბრმად ვენდობი პატივცემულ მთარგმნელს, დაახლოებით ასეთი რომ იქნებოდა, მეცხრამეტე საუკუნე ში მოღვაწე ავტორის ლექსიკა. ქართულად - შესაბამისად და კარგად ჟღერს. სხვას ვერაფერს ვიტყვი, რადაგან ორიგინალთან შედარების საშუალება არ მოგვცა ბატონმა მთარგმნელმა. ეს რომ არ გამორჩენოდა, ალბათ უფრო მეტის თქმა იქნებოდა შესაძლებელი. ბრმად ვენდობი პატივცემულ მთარგმნელს, დაახლოებით ასეთი რომ იქნებოდა, მეცხრამეტე საუკუნე ში მოღვაწე ავტორის ლექსიკა. ქართულად - შესაბამისად და კარგად ჟღერს. სხვას ვერაფერს ვიტყვი, რადაგან ორიგინალთან შედარების საშუალება არ მოგვცა ბატონმა მთარგმნელმა. ეს რომ არ გამორჩენოდა, ალბათ უფრო მეტის თქმა იქნებოდა შესაძლებელი.
1. მართლაც უმადური საქმეა მთარგმნელობა! ან შეიძლება პოეზიამ მოგვჭამა ჭირი დედამიწაზე... ან საქართველოში იქნებ? რავიცი რავიცი. ლიტერატორებმა მაინც ხო უნდა იკითხონ? არ მითხრათ ახლა ფრანგული კლასიკური პოეზიით ისე ვართ განებივრებულები სად გვცალია ამისთვისო... მართლაც უმადური საქმეა მთარგმნელობა! ან შეიძლება პოეზიამ მოგვჭამა ჭირი დედამიწაზე... ან საქართველოში იქნებ? რავიცი რავიცი. ლიტერატორებმა მაინც ხო უნდა იკითხონ? არ მითხრათ ახლა ფრანგული კლასიკური პოეზიით ისე ვართ განებივრებულები სად გვცალია ამისთვისო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|