ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რჰაეგარი
ჟანრი: პროზა
3 დეკემბერი, 2013


ამელი და ჰიუგო

      დეკემბრის სუსხიანი ღამეა. ზამთრის ანგელოზები ცის კამარაზე იკრიბებიან, ემზადებიან რომ ძველი წლის მოგონებები ჰაერში მიმოფანტონ. ახალი წლის სურნელი და ჟღერადობა ქუჩებს ყოველი მხრიდან იპატრონებს. ციდან ჩამოცვენილი ფიფქები მიწას თითქოს რაღაც ახალს, რაღაც განსაკუთრებულს, რაღაც ჯადოსნურს მატებს...
      ამელი იტალიური ეზოს წითელ კიბეზე ზის და ქუჩიდან შემოსულ საახალწლო მელოდიას მთელი არსებით შეიგრძნობს.
      - როცა თოვს, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივზე მეტად მტკივნეულია. ახალი წლის მოახლოებისას ყველა დავიწყებული მოგონება გონებაში ხელახლა გიტივტივდება.
      მომღიმარი ჰიუგო ამელის გვერდზე ჯდება და თავისი ხელებით ამელის ცივ ხელებს ათბობს.
      - ხელები გაყინული გაქვს...
      - არა უშავს, - ამბობს ამელი და ჰიუგოს თვალებში უყურებს. მას ისეთი თვალები აქვს, თითქოს სიღრმიდან ლურჯმა ტალღებმა ამოხეთქეს და ერთ ადგილზე გაიყინენ, - სიცივე ვეღარაფერს მავნებს.
      - დღეს წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი დღეა, ამელი, - ამბობს ჰიუგო და საშობაოდ მორთული სახლებისკენ ანიშნებს, - არ უნდა მოიწყინო. ორ დღეში ახალი წელია...
      შორიდან საშობაო მელოდია ისმის, თუმცა სიჩუმეში მალევე იკარგება.
      - ძველი დრო მენატრება, - ამბობს ჰიუგო და მაღლა იყურება, თითქოს ცაში მოგონებების ახლიდან აღმოჩენას ცდილობს.
      - მაინც რომელი?
      - როცა ვიგონებდით, ვეძებდით და ვპოულობდით. როცა სამყაროს კარგად არ ვიცნობდით და მასზე საკუთარი ილუზიები გვქონდა შექმნილი.
      - მეც მენატრება, - ამბობს ამელი და ჰიუგოს მხარზე თავს ადებს, - შეიძლება ვერასდროს ხვდებოდი, მაგრამ შენ ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი ჩემს ცხოვრებაში.
      - ახლა აღარ ვარ?
      - შენ სამუდამოდ იქნები ჩემი საუკეთესო მეგობარი.
      - შენ კი - ჩემი, - ამბობს ჰიუგო და ამელის იხუტებს.
      დილა თენდება და ყოველი მხრიდან გაჟღერებული ასაფეთქებლების ხმაური ჩაძინებულ ქუჩის კატებს აფრთხობს. ჰიუგო იქვე დგას, ხელში ჰამბურგერი უჭირავს და ლუკმას ნელ-ნელა ღეჭავს. ამელის გაღვიძებას ელოდება, რომ ერთად ჭამონ.
      ამელი თვალებს ახელს, ზამთრის მზე თვალებში უჭვრიტინებს. არც ამელის უყვარს მზე და არც მზეს უყვარს ამელი.
      - აქ გაათენე ღამე?
      - ჰო, - პასუხობს ჰიუგო, - მერე რა მოხდა?
      - დედაშენი ინერვიულებდა! ქუჩაში ღამის თენებას მიჩვეული არ ხარ, მითუმეტეს - ზამთარში...
      - სანერვიულო არაფერია, ამელი. დედა გუშინ გავაფრთხილე, რომ მეგობართან დავრჩებოდი.
      - მეგობართან? - გოგონა ირონიულად იცინის, - წარმოიდგინე, რამდენად ცუდი მეგობარი ვარ შენთვის. ჩემ გამო ქუჩაში ათენებ ღამეს...
      - არ ინერვიულო.
      ჰიუგო ამელის უღიმის და ჰამბურგერს აწვდის. გოგონა ჰამბურგერს სიამოვნებით ყნოსავს და მოშიებული დაუფიქრებლად იწყებს ჭამას. ჰიუგო იცინის და თვალები უბრჭყვიალებს.
      - რატომ დამცინი? - ამბობს და თავადაც იღიმის, - რამდენი ხანია ჰამბურგერი არ მიჭამია. მათხოვრობით ფულს ვშოულობ თუ არა, მაშინვე დედინაცვალთან მიმაქვს ხოლმე.
      - მასთან ისევ უთანხმოება გაქვს?
      - აღარ. ცუდი ადამიანი არ არის, უბრალოდ ვერაფრით შევძელი მისი შეყვარება.
      ჰიუგოს ეღიმება.
      - რატომ ართულებ ყველაფერს, როცა შეგიძლია მარტივად შეხედო? ეცადე უკეთესად დაელაპარაკო, გაუგო...
      ახლომახლოს მდგარი ნაგვის ყუთიდან კატების კნავილი ისმის. ჰიუგო იქით იყურება და ამელისაც ანიშნებს, რომ ნაგვის ყუთისკენ გაიხედოს.
      - იმ კატებს ხედავ?
      - კი, ვხედავ, - პასუხობს ამელი.
      - ისინი ყოველ ახალ წელს მარტონი ხვდებიან. თუმცა მაშინაც კი, როდესაც სანაგვეში იქექებიან, ისინი ერთად არიან და სიამოვნებას ერთად ყოფნისგან იღებენ. როდესაც ახალი წელი დადგება, მინდა აქ მოვიდე და მათ ჩავუსაფრდე - მინდა გავიგო, თუ როგორ ეგებებიან ისინი ზარების რეკვას, ფეიერვერკების გასროლასა და საქვეყნო მხიარულებას...
      - შენ სულ გაგიჟდი, - იცინის ამელი და თან ჰამბურგერს კბეჩს.
      - შეიძლება, - თავს უქნევს ჰიუგო, - თუმცა კატების ამბავი მაინც მაინტერესებს...
      ჰიუგო ამელის უღიმის. ამელი ჰიუგოს. მართალია, ამას არც ერთი აღიარებს და არც მეორე, მაგრამ გულის სიღმეში ორივე ხვდება, რომ წარსულის ტკბილი მოგონებები, რომლებიც ფიფქებს მოჰყვება, სწორედ მათ მეგობრობას უკავშირდება.
      - დღეს მინდა ნაძვის ხის სანახავად წავიდეთ, უკვე ორი დღეა რაც მორთვა დაასრულეს. მე უკვე ვნახე, მაგრამ შენ ჯერაც არ გინახავს...
      - იმდენი სანერვიულო მაქვს, მსგავს რაღაცებზე ფიქრს ვეღარც კი ვასწრებ, - თითქოს თავს იმართლებს ამელი, - თუმცა შენთან ერთად დიდი სიამოვნებით წამოვალ.
      ჰიუგო რაღაცის თქმას ცდილობს, თუმცა შესაფერის სიტყვებს ვერ პოულობს.
      - არ გინდა თავშესაფარში წასვლა და ცხოვრების შეცვლა გეცადა? როდემდე უნდა იმათხოვრო? შენ ამას არ იმსახურებ, შენ ამაზე ბევრად, ბევრად მეტს იმსახურებ...
      ამელი იცინის.
      -ალბათ, ასე ადვილი არ არის თავშესაფარში მოხვედრა. თანაც ჩემზე მეურვეობა ჩემს დედინაცვალს აქვს აღებული და ვერ გავექცევი.
      - თუ საჭირო გახდება, ერთად გავექცევით.
      - კარგი... - პასუხობს ამელი, თუმცა ჰიუგო ხვდება, რომ მისი პასუხი არაფერს ნიშნავს, - მოდი, წავიდეთ ნაძვის ხის სანახავად...
      მოედანზე მდგარი ნაძვის ხე უზარმაზარია და ფერად-ფერადი სათამაშოებით და ნათურებითაა მორთული. ნათურები ნათდებიან თუ არა, ამელის თვალწინ მთელი ბავშვობა გაუელვებს - მამა, დედა და უცნობი ბიჭუნა, რომელიც მშობლებთან ერთად, შორიდან უყურებს...
      ნაძვის ხე სხვადასხვა ფერებს იღებს, ისევე, როგოც ამელის ცხოვრების ბნელი და ნათელი დღეები. თუმცა ნაძვის ხე მაინც მშვენიერი რჩება, მისი სათამაშოები კი, იმის მიუხედავად რომ დაძველებულები არიან, ჯერაც თვალისმომჭრელად ბზინავენ.
      - ძალიან ლამაზია, - ამბობს ამელი და ჰიუგოს ხელს ჰკიდებს. ჰიუგო ამელის უყურებს და თვალები სიხარულისგან უბრწყინავს. მის თვალებში ფერად-ფერადი ნათურები ირეკლება, მის ფიქრებში კი პატარა, წითელქურთუკიანი და კიკინებიანი ამელი ჩნდება, რომელიც ნაძვის ხის გარშემო მოურიდებლად ცეკვავს...
      - მოდი, სკოლის დაწყებამდე ვეცადოთ, რომ სულ ერთად ვიყოთ, კარგი?
      - კარგი, - პასუხობს ამელი. თავი ბინძური აქვს, ტანსაცმელი - დასვრილი. ჰიუგო სულ სხვანაირია. ჰიუგო ამელის კი არა, სხვებსაც კი არ ჰგავს. ამელი ვერაფრით ხვდება, რატომ შეიძლება მეგობრობდნენ ის და ჰიუგო. თუმცა მასთან მეგობრობით სიამოვნებას იღებს და ყოველ ღამით, დაძინებისას სულ მის სახეს ხედავს...
      როდესაც დღე იწურება და ჰიუგო სახლში მიდის, ამელის ჰპირდება, რომ მეორე დღეს ერთმანეთს აუცილებლად ნახავენ.  ხვალ ახალი წელია. მართალია, ახალი წლის გახსენება ამელის გულს უსიამოვნოდ უჩქარებს, თუმცა ამის მიუხედავად, მას ერთი სული აქვს როდის დაინახავს „კოკა-კოლას“ საახალწლო სატვირთო მანქანას და ცაში გასროლილ ფერად-ფერად ფეერვერკებს...
      ამელი დედინაცვლის ნახვას ახალ წლამდე არ აპირებს. გოგონა მათ საცხოვრებელ სარდაფში რომც არ დაბრუნდეს, ქალი მის არყოფნას ვერც კი შეამჩნევს. ისედაც ულევი პრობლემებით გადაღლილს, რატომ უნდა აინტერესებდეს ამელი, მისი ოცნებები და მწვანე თვალები, რომლებიც ჯერაც გაუნელებელ ტკივილს მალავენ.
      ამელი ღამეს ქუჩაში ატარებს. დილით საშობაო მუსიკა აღვიძებს და საახალწლო და საშობაო სიხარული წამიერად ავიწყდება. დღეს ჰიუგოს ისევ უნდა შეხვდეს, ყოველ შემთხვევაში, მათ ასე მოილაპარაკეს. ამელი სანაგვესთან ახლოს მოსეირნე ჭრელ კატას ხედავს და თავისთვის ეღიმება. „თუმცა კატების ამბავი მაინც მაინტერესებს“...
      გადის წამები, წუთები, საათები... უკვე რამდენი ხანი გავიდა, ჰიუგო კი არ ჩანს. ასაფეთქებლებს ყოველი მხრიდან აფეთქებენ, ბავშვების ყიჟინი და მხიარულება ყოველ გამვლელზე გადადის. ფეიერვერკები ჯერ არ გაუსროლიათ, თუმცა, ალბათ, მალე გაისვრიან.
      ჰაერში დამწვრის სუნი დგას და ამელი ფიქრობს - იმედგაცრუებას რომ სუნი ჰქონდეს, სწორედ ასეთი იქნებოდაო.
      ცოტა ხანში ამელი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჰიუგოს სახლში ავიდეს და გაიგოს, თუ რა დაემართა. მართალია, თავიდან ძალიან ეუხერხულება, თუმცა შემდეგ თავს ძალას ატანს და მის კორპუსს უახლოვდება.
      ამელის ხელები უკანკალებს, ყელში ბურთები ეჩხირება, თუმცა ჰიუგოსთან შეხვედრის დიდი სურვილი ამ ყველაფერს უმნიშვნელოს ხდის. ამელი კარზე აკაკუნებს.
      - ვინ გნებავთ? - ისმის ხმა და სასიამოვნო გარეგნობის ქალი კარს აღებს.
      - მე ჰიუგოს მეგობარი ვარ, - ამბობს ამელი და ხვდება, რომ მისი ნათქვამი არადამაჯერებლად ჟღერს, - დღეს ერთმანეთს უნდა შევხვედროდით, თუმცა არ გამოჩენილა. მხოლოდ ის მაინტერესებს, სად არის..
      - უმმ,- ამბობს ქალი და ამელის გაკვირვებული აჩერდება, - მითხრა, მეგობრებთან მივდივარ, ახალ წელს ერთად უნდა შევხვდეთო.
      ამელის გულში თითქოს რაღაც სწყდება. ერთდროულად ქრება ყველა ის ნათურა, რომლებიც ნაძვის ხეზე აქამდე ლამაზად ბრწყინავდა. ამელი ქალს მადლობას უხდის და დაბლა ჩარბის. ფიქრობს, იქნებ თოვლმა და სიცივემ ტკივილის გრძნობა დამაკრგვინოსო, თუმცა მშვენივრად იცის, რომ თოვლი ტკივილს უფრო მძაფრად განაცდევინებს.
      მის ფიქრებში პატარა ჰიუგო ჩანს: თავზე წითელი, სანტა-კლაუსის ქუდი ახურავს, მისი ქურთუკიც წითელია, მისი ლოყებიც წითელი... თავისი ლურჯი თვალებით ამელის აკვირდება, ამელი კი ნაძვის ხის გარშემო მოურიდებლად ცეკვავს...
      ფერწაშლილი ამელი გარეთ გარბის და ტირილს იწყებს. ცრემლები ყვრიმალებს ნელ-ნელა შორდებიან და თანდათან მთელ სახეს ედებიან. ცოტაც და სულ დაბნელდება. ამელის წამიერად აშინებს სიბნელე, თუმცა მალევე გადაუვლის. რა მნიშვნელობა აქვს, სად დაიძინებს -  ქუჩის თავში თუ ბოლოში, იქითა სიბნელეში, თუ აქეთა სიბენელში... ორივეგან მხოლოდ წყვდიადს თუ დაინახავს...
      თუმცა შემდეგ ახსენდება ჰიუგოს ნათქვამი კატების შესახებ. გადაწყვეტილებას იღებს, რომ თუ ჰიუგო არა, თავად მაინც ნახავს როგორ ეგებებიან კატები ახალ წელს: ზარების რეკვას, ფეიერვერკების გასროლასა და საქვეყნო მხიარულებას.
      ცა უკვე მრავალ ფერს იძენს, თუმცა ახალი წელი ჯერ არ დამდგარა. სწორედ ის სიმღერა ისმის, ამელის ბავშვობაში ყველაზე ძალიან რომ უყვარდა, მის მოსმენას ყოველთვის ცეკვით რომ ხვდებოდა ხოლმე. მართალია ტკივილს გრძნობს, თუმცა გულში სიღრმეში, ამ ტკივილს თითქოს სითბოც თან ახლავს...
      ჰიუგო იტალიური ეზოს წითელ კიბეზე ზის და ორივე ხელში ჰამბურგერები უჭირავს, ამელის ელოდება, რომ ერთად ჭამონ. ამელის ჯერ უკვირს, შემდეგ კი ყველაფერს ხვდება და სახეგაბრწყინებული ჰიუგოს უახლოვდება.
      - შენთან ვიყავი, სახლში... დედაშენმა მითხრა, რომ მეგობრებთან წახვედი...
      ჰიუგო უხერხულად იცინის. როგორც ყოველთვის, თვალები ახლაც უბრწყინავს.
      - მეგობრებში შენ გიგულისხმე.
      - მე და კატები, - ეცინება ამელისაც.
      ჭრელი კატა ჟღალბეწვიან კატას გვერდით უწვება და საშობაო მელოდიას მასთან ერთად უსმენს. მათ სხვა კატებიც უერთდებიან - შავი კატა, მეორე ჭრელი და კიდევ ერთი ჟღალბეწვიანი. ჰიუგო მართალი იყო, ისინი ისევ ერთად არიან და როგორც ყოველთვის, სიამოვნებას ახლაც ერთად ყოფნისგან იღებენ.
      კატები ასაფეთქებლების ხმაურზე კნავილს უმატებენ, თუმცა ვერც ჰიუგო და ვერც ამელი ვერ ხვდება, ეს კნავილი სიხარულისგან არის გამოწვეული, თუ შიშისგან.
      - მათთვის ეს სრულიად ჩვეულებრივი დღეა, - ამბობს ჰიუგო, - თუმცა ადამიანებისთვის - განსაკუთრებული, რადგან გვინდა, რომ ასე იყოს. ერთი შეხედვით რა ადვილია ვიფიქროთ, რომ ყოველი დღე გასაოცარია, არა? როგორც ბავშვობაში...
      ცა მრავალფრად ნათდება. ამელის თავი სასიამოვნო სიზმარში ჰგონია. შემდეგ ჰიუგოს მხარზე თავს ადებს და ცაში იყურება, თითქოს მოგონებების ახლიდან აღმოჩენას ცდილობს.
      ამელის ბევრი რამ აქვს სათქმელი, თუმცა არაფერს ამბობს, რადგან იცის, რომ ჰიუგო მის ყველა გრძნობას ისედაც გაიგებს. იმის მიუხედავად, რომ ცივა, ამელი ისეთ სითბოს გრძნობს, როგორიც დიდი ხანია, აღარ უგრძვნია.
      ზამთრის სუსხიანი ღამეა. ანგელოზები ცაში ბრუნდებიან და ჰაერში ახალ სასიამოვნო მოგონებებს აფრქვევენ. ზარები რეკენ, ფანჯრებიდან ქუჩებში სიცილის და ჟრიამულის ხმა აღწევს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები