 | ავტორი: ცალუღელა ჟანრი: პროზა 19 ნოემბერი, 2008 |
ჩვენი ნიშნობის დღეს მთელი მეზობლობა შაიყარა. ვანოს ცოლმა ნინომ ინდაური დაკლა. პური ჩემმა რძალმა, მაშომ გამოაცხო. ქორწილის სუფრაზე ბევრი კი არაფერი გვქონდა, შვილო, მაგრამ რაც ელაგა, ღვთით ბოძებული იყო. ყველა ცნობისწადილით მიყურებდა, ამხედ-ჩამხედდნენ, აბა ერთი როგორია ეს ჩვენი თბილისელი პატარძალიო. მეც თავი მორცხვად მეჭირა. ეჰ, მაშინ ამათ რა იცოდნენ, რა ოჯახის შვილი ვიყავ. დედაჩემი ქართულ კაბაში რომ გამოეწყობოდა, ჩიხტიკოპს დაიდგამდა, კავებს გაისწორებდა, იმისი ბადალი მთელ ძველ თბილისში არ დაიარებოდა. საღამოს დაბრძანდებოდა ხოლმე ჩვენს დიდ საქანელაზე, მაშინ “კაჩალკას” ვეძახდით, მამაჩემი ღონივრად გააქანებდა და თან ალერსით მიაძახებდა − “უჰ, შენი გულისაო”. ამ ცხრა მთას აქეთ ჩემმა დამ გარიგებით გამათხოვა. მაშინ თექვსმეტი წლისა ვიყავი, რა მესმოდა. თან ზედაც ომი დაიწყო, ცხოვრება ძალიან გაჭირდა, მაგრამ დღეს უარესი ბეჩაობაა, შვილო... ჰოდა, იმას გიამბობდი... ახალი პატარძალი ვიყავ, სოფლის ზნე-ჩვეულებისა არა გამეგებოდა-რა. არც ქსოვა ვიცოდი, არც დაფქვა, არც წეწვა-ჩეჩვა. ყველაფერი აქ ვისწავლე. ჩემი დედამთილი და რძლები კი ამბობდნენ, ხელთუყარი პატარძალი გამოგვადგაო, მაგრამ გამგები დედაკაცი იყო თეკლე, ის ცხონებული. სულ იმის თქმა იცოდა, სუთ, დედის მუცლიდან არავის რა დაგვყოლიაო. ერთხელ, ზაფხულის გოლვაა. შინა ვარ. ჯალაფობა მთაში გავისტუმრე, კარზე მარლა ჩამოვაფარე და ტახტზე წამოვწექი. ვისვენებ. ჩემ დედამთილს კორკოტი გაუფენია, მზემ დახედოსო. მე არაფერი მითხრა. ჰოდა, ქათმები შესევიან ამ შენ საკორკოტე ხორბალს და პირწმინდად კენკავენ. უცებ კარსიქიდან ხმა მესმის: − მარიამო, შინა ხარ?!.. გამოველ, თამარა იყო, იარაჯულთ რძალი. რა გნებავს-მეთქი. − რაღა რა მნებვას, პატარძალო, ე კორკოტს ყურადღება არ უნდა მიაქციო, ქათმებს რო სულ გაუვერანებიათო?! − იი, მაგათ გულისთვის მაშ, მზეზე დავჯდე, ქა?! − შევიცხადე. აი, ასეთი თავმომწონე და უკადრისი პატარძალი ვიყავი. ახალი მიყვანილი პატარძალი სიდუხჭირემ წისქვილის გზას გამიყენა. მას მერე ხან გეგენაანთ ლევანას წისქვილში დავდიოდი, ხან მამუკაანთასა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს იმათი სულები. რიგს არ დამაჭერინებდნენ, დროზე დამიფქვავდნენ. იცოდნენ, მაზლისშვილები შვილებივით მიყვარდა და არ მინდოდა, იმათ რამე დაჰკლებოდათ. მამა ომში დაეკარგათ. ჩემმა რძალმა დიდი ჯაფითა და წვალებით გამოზარდა ობლები. საღვთო დღესასწაული მოატანდა თუ არა, დავტრიალდებოდი, დავაცხობდი ქადა-ნაზუქებს, ნამცხვრებს. პირჯვარს გადავიწერდი და დავილოცებოდი − ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულსა, მშიერს ლუკმა-პური მიეცი, ტიტველს − ტანისამოსი, შენი წყალობის კალთა გადმოგვაფარე, დიდება შენი ყოფილიყვეს, შენითა ვართ და ისევ შენით ვიქნებით, შენი მოიმედე და შენი ხელის შემყურენიო. აი, ასე ვლოცულობდი, ჩემი სიტყვებით, როგორც შემეძლო. ომი დამთავრდა და ჩემი ზაქარა შინ მშვიდობით ჩამოვიდა. ავაშენეთ ეს ქვის სახლი, გავიჩინეთ ცხვარ-ძროხა, დავმკვიდრდით, შეგვეძინა ექვსი ვაჟი და აი, დღეს ამდენი შვილიშვილები და შვილთაშვილები გარს მახვევია, ღმერთმა ამათი თავი მიმრავლოს!
* * * ბაბო ახლაც ლოცვით ეგებება განთიადს. ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავს თვალს შეავლებს, პირჯვარს გადაისახავს და თბილის-ქალაქელი პატარძალივით კი არა, უბრალო ფშაველი ქალივით დაილოცება: − ღმერთო, გვიშველე, შენითა ვართ და ისევ შენით ვიქნებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ვაუუუუ. კარგიააა ვაუუუუ. კარგიააა
8. აქ სხვა ემოციაა თბილიბუბუნა:):) აქ სხვა ემოციაა თბილიბუბუნა:):)
7. გაიხარეე :) გაიხარეე :)
5. არაჩვეულებრივია! არაჩვეულებრივია!
4. ყოჩაღ, ლევან! ნაღდად მომწონს შენი ნაწარმოებები! 10 ყოჩაღ, ლევან! ნაღდად მომწონს შენი ნაწარმოებები! 10
3. ყოჩაღ ძმაო! :) ყოჩაღ ძმაო! :)
2. ლევან, ძალიან მომწონს შენი ნაწერები, ამას გვიმალავდი ამდენი წლების მანძილზე? 555555555555555555555555555 ლევან, ძალიან მომწონს შენი ნაწერები, ამას გვიმალავდი ამდენი წლების მანძილზე? 555555555555555555555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|