ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2013


გენეალოგიის ხე

 

    მთელ ზაფხულს დედულში ვატარებდი,იმერეთის ერთ ლამაზ სოფელში.თუმცა რა სოფელში.  ჩვენთვის სიქთარვა მხოლოდ ბებიაჩემის მაღალი ტრიფოლიატის ღობით შემოსაზღვრული ვეებერთელა ეზო და კარმიდამო იყო,ორსართულიანი ხის სახლით  და უზარმაზარი მუხის ხის ჩრდილით. სახლი კი მართლაც დიდი გვქონდა, ორსაუკუნეს მიღწეული,ყველა ოთახში ბუხრითა და  გუგულიანი საათით.თუმცა, მაგ  ბუხარში დანთებული ცეცხლი იშვიათად მინახავს,რადგან ძირითადად ზაფხულში ვსტუმრობდით აქაურობას.    იშვიათად , შობას, როცა ღორს დაკლავდნენ ხოლმე,  გაახურებდნენ  ბუხრებს და შიგ მწვადებს ააშიშხინებდნენ.

        არდადეგები დაიწყებოდა თუ არა მშობლები მაშინვე სოფლისაკენ გაგვაქანებდნენ. დედაჩემი სამსახურით დაკავებული იყო და ჩვენთვის არ ეცალა.თან უფრო საიმედო  აგარაკს ვერავინ ინატრებდა.თუ ბიძაშვილებიც იქ დაგვხვდებოდნენ,  ხომ ნამდვილი საგიჯეთი გახდებოდა, გვიანამდე სირბილით და გრძელ მაისურებში    აფოფრილი მოჩვენებებით....

      დედას    მასზე ხუთიოდე წლით უფროსი ძმა ჰყავდა,დათუნა ბიძია.    მისი შვილები  ჩემზე უფროსები იყვნენ. ამ "ბანდაში" ერთადერთი გოგონა ვიყავი და  ვერაფერი მოსაწონი საქციელი იყო,მაგრამ მეტისმეტად ვცელქობდი.გოგონასათვის შეუფერებელ თავგადასავლებზე უარს არ ვამბობდი და მუხლისთავებიც მეტისმეტად ხშირად მქონდა გადაყვლეფილი,თუმცა ამას მნიშვნელობას არ ვანიჭებდი.ისევ და ისევ დავძრებოდი ღობეებზე და ხეებზე.

      დედას და დათუნა ბიძიას მშობლები ადრე ჰყავდათ  გარდაცვლილი  და მათი გამზრდელი მარიამ ბებია იყო.მისი იმედით დავდიოდით ჩვენც სოფელში.მარიამი დედაჩემის ბებია  და ჩემთვის დიდი ბებია იყო.

    განსაკუთრებული ქალი იყო მარო ბებია.  ხიდირბეგიშვილის ქალი გახლდათ  და ამაყობდა თავისი წარმომავლობით .თვითონ  ხომ  თავადური წარმოშობა ჰქონდა და იაშვილის ოჯახში  გათხოვებითაც არანაკლებ ამაყობდა.  ლამაზიო,ვერ იტყოდი,  მაგრამ ეს თხელი და სიფრიფანა ქალი ისეთი  იერით დადიოდა,  წელში გამართული, 80 წლის  ასაკში რომ იშვიათობაა და ყველას,  მის შვილსაც და შვილიშვილსაც დიდად  გვიყვარდა და  გვეამაყებოდა .თავზე  მუდამ თეთრი თავსაფარი ეხურა.ისეთი სისუფთავის მოყვარული იყო ,მჭადი ფეხით რომ მოეზილა,შეჭმა არ დაგეზარებოდა.....

    დამხმარე ქალი ყავდა,ხაშურელი ვარა,უთვისტომო და ობოლი გოგო.ბებიას  ახალგაზრდობაშივე  წამოუყვანია ბავშვთა სახლიდან და ახლა საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.თავზე ვარას მუდამ გახამებული თეთრი ქუდი და წელზე  ასევე თეთრი წინსაფარი ეკეთა.მისი საქმიანობა მხოლოდ ოჯახში სისუფთავე და სადილის გაკეთება იყო.ბებია და ვარა საყანე მიწას არ ამუშავებდნენ და  მაინცადამაინც ქალისათვის შეუფერებელ ,  დიდ ჯაფაში არ იყვნენ.  აი, როცა ზაფხული დადგებოდა,მაშინ კი თავის მოსაფხანად არ ეცალათ,რადგან ოთხი გადარეული და ცელქი ბავშვი  მათი მოსავლელი და საპატრონო ხდებოდა. ფაქტიურად იქ ვიზრდებოდით. 

    ბებია  თავადის ქალი იყო და  ცდილობდა,  ყველაფერი ძველებურად ჰქონოდა.მეზობელს უპატივცემულოდ არასდროს გაუშვებდა და ჩაის მიართმევდა ხოლმე. ასეთი დროისთვის სულ ჰქონდა ჩურჩხელა  , ხილი და შაქარყინული..  ამ დროით    ჩვენც  მოგებული ვიყავით,  რადგან ჭამას არავის ვაცდიდით და სხვებზე    მეტსაც ვჭამდით.

      თუმც მკაცრი ქალი არ იყო,  ოჯახში განსაკუთრებული წესრიგი ჰქონდა  .შუადღეს, ორი საათისთვის გვასადილებდა და ნასადილევს აუცილებლად დასვენებას მოგვთხოვდა ხოლმე.ყველაზე მეტად ხელების დაბანა და ეს "მკვდარი საათი" მეჯავრებოდა.ხელების დაბანა იმიტომ,რომ ამას გარკვეული რიტუალით გვასრულებინებდა.არც მგონია ქირურგი იმდენ ხანს იბანდეს ხელს ოპერაციის წინ,როგორც ჩვენ გვთხოვდა.  დასვენება ხომ საერთოდ...რა დასვენება მინდოდა ენერგიით სავსე 8-10  წლის ბავშვს.
    კვირაში რამდენჯერმე კი დაბანა- გატყავება  გარდაუვალი იყო .მე გრძელი თმა  მქონდა, რაც  დიდი პობლემა იყო,  ამიტომ თან ლამაზთმებიანი ასულის ამბავს მიყვებოდა , რომ არ მეკივლა და თან აყალოსმაგვარ მიწას თმებში მიზელდა,  ასე უფრო  ლამაზი და მბზინვარე თმები გექნებაო.არ მჯეროდა,მაგრამ სანამ მერეოდა და მარტოს არ შემეძლო,კი ვემორჩილებოდი,რა მექნა.

    მარო ბებიას სასტუმრო ოთახში,კედელზე  გენეალოგიის ხე ჰქონდა დახატული,მასზე ყველა მისი წინაპრის  და  ახლობლის  სახელი იყო მითითებული. თუ რომელიმეს გარდაცვალების ამბავს შეიტყობდა,ჯერ  დასაფლავებაზე წასვლით დააფასებდა და მერე,  სახლში დაბრუნებული წითელი ფანქრით მის სახელს ჯვრით გადაშლიდა,ხოლო თუ შვილი ან ვინმე ჰყავდა გვარის გამგრძელებელი  დარჩენილი, ახალ ტოტს გააკეთებდა და მის სახელს მიაწერდა. კედელზე დაკიდებისა    და მზის  სხივისაგან  რამდენჯერმე გადახუნებულა ეს ხე.....ჩემს მახსოვრობაში ორჯერ გადაახატინა ჩემ ძმას და გააახლა.  ჩემი გათხოვების  მერე , როცა მოვინახულე, ჩემი შვილებიც ჰქონდა დამატებული და ვიცოდი,როგორ ეხალისებოდა ჩემი შვილები და უფრო მეტად კი წყვილი ვაჟი.

როცა აღარ შეეძლო,ხან ჩვენთან იყო ქუთაისში და ხან ბიძაჩემთან ,წყალტუბოში. ვარა კი საკმაოდ მოწიფულ ასაკში გაათხოვა.მას თავისიანები  გამოუჩნდა  და ოჯახით რუსეთში წავიდა.

    ვერ ვიტყვი,რომ ბედნიერი ქალი იყო.მეუღლის გარდაცვალებაც ქონდა გადატანილი , ობლობაში გაზრდილი შვილიც და მალე მისი მეუღლეც ,საყვარელი რძალიც თვითონ მას ჰყავდა დამარხული.მერე კი ობლად დარჩენილი შვილიშვილებიც ,  დედაჩემი და ბიძაჩემი,  მარტომ გაზარდა. 

  ცხოვრებაზე გულდაწყვეტილი თუ  კმაყოფილი, თითქმის ასი წლის ასაკში გარდაიცვალა.ბოლო ორი წელი ჩაწოლილი იყო და ვერ მოძრაობდა,თუმცა  საღ გონებაზე იყო და მის სიბრძნესა და გონებას  პატივისცემით ეპყრობოდნენ ბიძაცა და ბიცოლაც.დასაფლავებაც და ქელეხიც ჩვეული,იმერული წესით გაიმართა.მეორმოცე დღეს კიდევ შევიკრიბეთ შთამომავლები და სტუმრების წასვლის მერე ბიცოლამ  გვერდზე გამიხმო:
----მარი,ბიცო,რაღაც მინდა გითხრაო---წამოიწყო უცნაური ხმით.
-----რა  იყო, ბიცო, მეთქი----გაკვირვებული ვკითხე მეც. –
----ბებიაშენის ნივთებს,რომლებიც მის ჩემოდანში არისო, რას მირჩევ , რა ვუყოო?  შენ გეკუთვნის მაინცო,ჯერ მისი მოსახელე  და ისედაც, მისი საყვარელი შვილიშვილი ხარ და ძალიან გავხარო.
  აი, თურმე რა ყოფილა.  იაშვილების  საგვარეულო ბეჭედი,ზურმუხტისთვლებიანი , გათხოვებისთანავე მაჩუქა ბებიამ .ახლა კიდევ ეს. მე წავიღებ მეთქი---არცდავფიქრდი.  მომცრო ჩემოდანი,ცოტა შელახული  იყო, მაგრამ მაინც პეწიანად გამოიყურებოდა.მხოლოდ გასაღები ჰქონდა ჩაჯანგებული.თავი ავხადე და ბებიაჩემის ნაქონი,თითქმის უხმარი, ძვირფასი მაქმანებიანი ბატისტის საღამოს პერანგები,ცხვირსახოცები ,  ერთი წყვილი , მძივებიანი , ნაქარგი  ქოში და ძველი გაზეთის ქაღალდში ტკბილიკვერივით გადახვეული რაღაც იდო.  არც დავფიქრებულვარ , წამოვიღე და მანქანის საბარგულში ჩავდე. ჩემმა ქმარმა იხუმრა,  მეორედ გამზითვებენო? პასუხი არ  გამიცია,  მანქანაში დავჯექით და სახლისაკენ,ბათუმში წავედით.

      სახლში მივედი და ჩემოდანი კარადაში შევდე.  რამდენიმე დღის განმავლობაში აღარც
გამხსენებია.    ერთი კვირის მერე,  სახლში მარტო ვიყავი და გამახსენდა ბებიაჩემის
ჩემოდანი.ვიფიქრე თან გავამზეურებ და თუ საჭიროა გავრეცხავ  კიდევაც მეთქი. ჩემოდანი 
გავხსენი და პერანგები გადავათვალიერე,  ნესტისა და ცოტა ობის სული ქონდა
თეთრეულს, ცოტა სიყვითლეც აჩნდა.მოსაწესრიგებელი იყო.რად მინდოდა,ჩასაცმელად არ
მიფიქრია, მხოლოდ ბებიის სუნის გამო ღირდა მისი შენახვა.  რელიქვია იყო....
    ახლა გაზეთში  გახვეულ გრაგნილს დავხედე. გავხსენი.სამი ძველებური სქელი
ქაღალდის წერილი იყო,ბებიაჩემისთვის მოწერილი.ერთი საერთოდ არ იკითხებოდა და
ხელში დაიფშვნა.  მეორე გავშალე,  ბებიაჩემის დის წერილი იყო,  ნინა ბებოსი,  მარიამისათვის  მოწერილი.

                          მარიამ დაო!
                    შენი მოწერილი წერილის მერე ვდარდობ ძალიან.
                    შეშფოთებული ვარ ,  რა    აზრი გაგივლია თავში. იცოდე,
                    კარგად იფიქრე,მერე არ ინანო.
                    კაი ქალია შენი რძალი და მე მგონი უფრო ჩავარდება უხერხულად,
                  მაგ საქმის გამო.
                  ისე მე როგორც მთხოვე,გავიკითხე მაგნაირი კაცი ,თანახმაცაა შენ
                    რძალზე  დაქორწინდეს  ოჯახსაც და დათუნასაც    მიგიხედოს  და
                    თქვენთანაც იცხოვროს. გვარიც კაი  აქვს გოგო,  არეშიძეა.
                                            შენი    დაიაქალი    ნინო.

                                              მკათათვის 15(ძველით) 1937 წლისა


    ეს კი წავიკითხე ,მაგრამ კარგად    ვერ გავაცნობიერე,რას წერდა ბებიაჩემი მის დას,  ამ
წერილით რა წერილზე უპასუხა.....მეორედ  წავიკითხე...სკამზე ჩამოვჯექი,თვალები ამიჭრელდა,
ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა,  რამდენიმე წუთს იტრიალა და თავის ადგილზე დადგა.

თანახმააო,რომ შენ რძალზე,ეკაზე იქორწინოსო....

დათუნას მამობა გაუწიოსო......

დედაჩემი არეშიძე იყო,დათუნა ბიძია კი იაშვილი....
აქამდე რატომ  ვერაფერს ვხვდებოდი....

თავდაყირა დადგა ,  დადგა  და აღარ გასწორდა ....

------ ნუთუ ჩემი მარო ბებო მის დას ამას  თხოვდა? მისი რძალი,  ეკა ოცი წლისაც არ
იქნებოდა,როცა დაქვრივდა....ბებიას კი  რძალთან ერთად ოჯახის ფეხზე  დადგომის ეჭვი
გაუჩნდა?  მისი შვილიშვილის ,  დათუნას მარტო გაზრდის შეეშინდა უკაცოდ დარჩენილ
ოჯახს? თავისნაირად  , უბედური ქვრივობისთვის ვერ გაიმეტა საყვარელი რძალი და 
როგორც საკუთარ შვილს,ისე მოექცა? როგორც საკუთარი ქალიშვილი,ისე გაათხოვა და სიძეც
სახლში შემოიყვანა?
      ნუთუ ? 

  ჩემ  მდიდარ წარმოსახვასაც  კი    ვერანაირად ვერ შეეძლო ბებიაჩემის სახე წარმოედგინა მისი
რძლის ქორწილში....
  დედაჩემმა ყველაფერი დამიდასტურა.....
  მარიამ ბებოს თურმე შეეშინდა,რძალი ახალგაზრდაა,გათხოვდება, დათუნასაც წაიყვანს და
  ოჯახი უკაცოდ დამირჩებაო. მისთვის ძლიერი ოჯახი მთავარი იყო.
    ეკაც  შვილივით  უყვარდა.  შვილი ეტირა თუ რძალი.

          მაროს  დიდსულოვანი ბუნება    ეკას უფრო ინაღვლებდა,  ოცი წლის ასაკში რომ ჩაუქრა სიყვარული...

და მე  ვინ  გამოვდივარ???
ერთი წვეთი სისხლიც კი არ გვაქვს მე და მარიამს საერთო?
მე მისი ღვიძლი შვილთაშვილი არა ვარ?

მიხაროდა,  როცა მეუბნებოდნენ,  შენ მარიამივით ჭკვიანი ხარო...
მას ძალიან გავხარო....
იაშვილების ქალის ხაზით გამგრძელებელი ხარ და საგვარეულო ,ზურმუხტისთვლიანი, ბეჭედი შენ გეკუთვნისო....

  მინდა საფიცრად გავიხადო    მისი შრომისგან  დამჭკნარი ხელები,რომლებმაც მისი შვილის 
სახელი, გენეალოგიის  ხეზე დასამთავრებლად და ჯვრის დასასმელად  ვერ გაიმეტა და
დათუნა ბიძიასთან ერთად დედაჩემი  და  მისი    შვილები    ისე მიაწერა,  როგორც ღვიძლი
შვილის, სინამდვილეში კი რძლის,    ეკას შთამომავლები.  ჩვენთვის არაფერი დაიშურა, სიცოცხლის    უკანასკნელ
    წუთამდე  უთქმელად გვემსახურა  და  მისი დედობრივი თუ ბებიობრივი  სითბო    თანაბრად გაგვინაწილა.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები